ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიტყვის კაცი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2022


მზეგარეთა

შავ კატებს ლანგრით მივართვი, რძეში
ამოვლებული სიზმრები, მთვრალმა.
აღარასოდეს შემოვა მზე შინ,
შინ იქნებიან ქარები, მრავლად.

თუ, ეს ქალაქი, შემიკრავს სუნთქვას,
ვერ დაგიგულებ აირწინაღად.
აუ, რამდენი ღმერთით ვარ უკან,
აუ, რამდენი ღამით წინა ვარ...

ვინ შემიცვალა ნაცნობი ზღვები,
ან ჩემი ნავი ვინ ანანავა?
ძაღლების დაღრღნილ ძვლებითღა ვძღები,
განგაში - ჩემი იავნანაა.

საკუთარ დღეებს ვმარხავ გარშემო,
თითქმის გავავსე გარეუბნები.
დიდი ხანია, აღარ ვარსებობ,
ოღონდ, დედაჩემს არ ვეუბნებით.

საუკუნოა ცისფერი სევდა:
აღარასოდეს შემოვა მზე შინ!
თავადვე მივალ, ამაღამ, რძეში
ამოვლებული სიზმრებით მზესთან.

მეც მომბეზრდება წყლიანი მიწა
და სულს დავიწვავ!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები