ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგული
ჟანრი: საბავშვო
14 ნოემბერი, 2022


ევას ყვავილი

ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული, თვალუწვდენელი მყინვარების ძირში ვერცხლისფერი ტბის პირას ხელისგულივით მოჩანდა პატარა მდელო. გვიან შემოდგომას, როცა ბარში ჯერ კიდევ ფერადი ფოთლებით იწონებდნენ ხეები თავს, მდელო თოვლით იფარებოდა,ხოლო  გვიან გაზაფხულზე, როცა ქალაქელი ბავშვები მოკლემკლავიან მაისურებში გამოეწყობოდნენ, მაშინღა დნებოდა. დნებოდა თოვლი და თეთრი არემარე მწვანედ იმოსებოდა. ნელ-ნელა ფერადი ყვავილებიც წამოყოფდნენ თავს და მდელოც ათასფრად იწყებდა ელვას. მაშინ, როცა დღე ყველაზე დიდი იყო, ხოლო ღამე კი, იმაზე მოკლე,  ვიდრე წინათ,  მდელოს შუაგულში ნაზ, ღია მწვანე ფოთლებიდან აღმოცენდებოდა მაღალი, ლამაზი და საოცრად სურნელოვანი ყვავილი. არც სახელი იცოდა ვინმემ და არც სახეობა, რადგან მისი მსგავსი მთელს დედამიწაზე არც ერთი ყვავილი არ ყოფილა არასდროს. ბევრ მეცნიერს ჰქონია სურვილი, მისთვის სახელი დაერქმია,  მაგრამ ის ისეთი საოცარი, გამორჩეული და იშვიათი იყო, შესაფერისი სახელის შერჩევა სულაც არ იყო მარტივი.
    საუცხოო სურნელი ჰქონდა უსახელო ყვავილს, მუდამ პეპლები ეხვია გარს. მისი უტკბილესი ნექტარი ფუტკარსაც კი თავბრუს ახვევდა.
    ერთხელ შორეული ქვეყნის ექსპედიცია ესტუმრა მდელოს, განსაკუთრებულ მცენარეებს იკვლევდნენ თურმე. მკვლევარები უსახელო ყვავილის გარშემო შემოიკრი      ბნენ და გულდასმით ათვალიერეს მისი ნაზი ტანი, ღია ფერის ფოთლები და იასამნისფერი ყვავილები. სურნელითაც მოიხიბლნენ.
          - ვანილის ტკბილი სურნელი აქვსო თითქოს - თქვა ერთმა ახალგაზრდამ,   
          -არაო,- არ დაეთანხმნენ დანარჩენები ,-  ეს სურნელი ამქვეყნიურს არ გავსო, ალბათ სამოთხიდან წამოიღო მისი ნერგი პირველმა ადამიანმაო.
      იქვე ბანაკიც დასცეს და ერთი კვირა იკვლევდნენ, ბჭობდნენ, კამათობდნენ ყვავილის წარმოშობასა და მის თვისებებზე. წამოსვლისას გადაწყვიტეს, რადგან სახელი ჯერ ისევ არ აქვს, მოდით ჩვენ დავარქვათო და "ევას  ყვავილი" უწოდეს. მწვანე პერანგიანმა, წვეროსანმა ბიჭმა უამრავი ფოტოც გადაუღო ყვავილს, სამეცნიერო ჟურნალისთვის სჭირდებოდათ ალბათ. ბოლოს ბარგი ჩაალაგეს და მდელო დატოვეს.
      ექსპედიციის წასვლის შემდეგ მცენარე შეიცვალა. თუ აქამდე ბედნიერად ეგებებოდა მისკენ სიხარულით მოფრენილ პეპლებს და ფუტკრებს, ახლა ფოთლები ფარივით ააფარა თავის უნაზეს ყვავილს და ახლოსაც არ გაიკარა ძველი მეგობრები.
  - მეცნიერებმა თქვეს, რომ ძალიან იშვიათი და ნაზი მცენარე ვარ, განსაკუთრებული მოფრთხილება მჭირდება, რომ არ დავზიანდე- თავმოღერებით გამოუცხადა მწერებს.          -საკმარისია, გეყოთ რაც ჩემი ტკბილი წვენი სვით, უკვე ფურცლებიც შემილახეთ, სულ გამომაშრეთ და გამომფიტეთ, დღეიდან გიკრძალავთ ჩემს საუცხოო ყვავილზე ფრენას და ჩემი უტკბესი წვენის სმას. აი, იქით, მდინარის პირას უამრავი ფერადი ყვავილია, რომელიმე მათგანი რომც გახმეს, დიდი არაფერი დააკლდება სამყაროს, მე კი განსაკუთრებული ვარ, სულს უნდა მიბერავდეთ, მიფრთხილდებოდეთ, თქვენ კი დანარჩენი მდაბიო მცენარეების მსგავსად ნექტარს მწოვთ და ფოთლებს და ყვავილს მისვრით. ახლავე მომშორდით,  მაცალეთ საკუთარი თავით ტკბობა-  თქვა ეს და თავი კიდევ უფრო მაღლა ასწია.
  ეწყინათ მწერებს.
      -რა უმადურია- თქვა ბებერმა ფუტკარმა, ვერც ხვდება რამხელა სამსახურს ვუწევთ... ჰოდა იყოს ახლა მარტო და დატკბეს თავისი თავით, იქით გავფრინდეთ ძმებო.
  თქვა ეს ფუტკარმა და ზურგი აქცია "ევას ყვავილს", დანარჩენებიც მიყვნენ და სხვა ყვავილებისკენ გაფრინდნენ. გულნატკენმა პეპლებმაც მიბაძეს ფუტკრებს და იქაურობა დატოვეს.
          დარჩა ყვავილი მარტო, ფოთლები არისტოკრატულად გაისწორა და სიოს მონაქროლს ნაზი რხევით ააყოლა ტანი.
  თავმომწონე ყვავილი ერთხანს მართლაც კეკლუცობდა და ტკბებოდა თავისი განსაკუთრებულობით. თავი მდელოს დედოფლად წარმოიდგინა და თუმცა, მისი ხმა აღარავის ესმოდა, ამაყად იძლეოდა ბრძანებებს.
      - დაე, ინათოს!- იტყოდა გამთენიისას და კმაყოფილებისგან სახე ენაბებოდა,როცა მზის პირველი სხივები გამოკრთებოდა მთის მწვერვალებზე.
        - დაე, იწვიმოს!- იტყოდა, როცა შავ, ბნელ, და უსახურ ღრუბლებს შენიშნავდა ცაზე, შემდეგ კი ამაყად უშვერდა ფოთლებს წვიმის პირველ წვეთებს.
წვიმის შემდეგ გუბურები ჩნდებოდა. თავკერძა  ყვავილი თვითკმაყოფილი მზერით ათვალიერებდა გუბურაში თავის ანარეკლს და სიამოვნებისგან ცრემლებიც კი სდიოდა ბედნიერს.
    -ნეტავ ცა სარკე იყოსო! რომ შეღამებულზე მილიონ ვარსკვლავს შორის ჩემი მშვენევაც ჩანდესო- ნატრობდა.  ფიქრობდა, რომ მისი ადგილი უბრალო მოკვდავთ შორის სრულებითაც არ იყო.
    - ოდესღაც რომელიმე მამაცი ვარსკვლავი აუცილებლად გაბედავს, დედამიწაზე დაეშვება და თავისთან წამიყვანს. აი, მერე კი, ვარსკვლავებთან ერთად მოკიაფეს ქვეყნის ყველა კუთხიდან დამინახავენო.
        ამგვარ ფიქრებში გაჰყავდა დრო თავმომწონე ყვავილს და ვერც კი ამჩნევდა, როგორ მძიმდებოდა დაუცლელი ნექტრისგან მისი ყვავილები.
          უწინ, როცა მწერებს სიამოვნებით უთმობდა თავის ტკბილს წვენს, ისე მსუბუქად გრძნობდა თავს, რომ ნიავის დაქროლვაზე ნარნარი და ცეკვაც შეეძლო, ახლა კი ისე დამძიმებულიყო, თავის ჭერაც კი უჭირდა.
        -არაფერია, მალე მივეჩვევი- ფიქრობდა და თავს იმშვიდებდა.
    ზაფხულის მიწურულს წვიმებმა იმატა, თავმომწონე ყვავილი ნექტარს ვეღარ იტევდა, ვეღარც წვიმის წვეთებს უმკლავდებოდა და ნელ-ნელა თავს ძირს ხრიდა.
              -უკვე ძალიან დავიღალე, ალბათ ნაადრევი შემოდგომა გვეწვია,თანაც დედოფლობა ხომ არც ისე მარტივია, ამხელა მდელოს პატრონობა სრულიად მარტოს მიწევს- ფიქრობდა იგი.
          თუმცა შემოდგომის მოსვლა მდელოზე ჯერ არც ერთ ყვავილს არ ეტყობოდა.ისინი ისევ ისე უხვად გასცემდნენ ნექტარს და ნაირფრად ამშვენებდნენ მიდამოს.
              თავმომწონე ყვავილი თანდათან ხმებოდა, ჯერ ფურცლები მოუჭკნა, შემდეგ ფოთლები შეუყვითლდა და ჩამომხმარი მის ფერხთით დასცვივდა. ახლა ის ყავისფერ, გამხმარ ღეროდ იქცა. მისი ძველი სილამაზისგან აღარაფერი დარჩა.
            ერთხელ, როცა ძლიერი ქარი ქროდა, ყვავილს ყავისფერი ღეროც გადატყდა და სრულიად გაქრა. მისი არც წასვლა გაუგია ვინმეს, თავისი სიამაყისა და თავკერძობის გამო ყველას გულიდან ამოშლილიყო დიდი ხანია.
    იმ წელს დაგვიანებით მოთოვა. დიდხანს ხარობდნენ სითბოს მოყვარული მცენარეები მდელოზე. შემდეგ კი, როცა სუსხმა იმატა და პირველმა თოვლმა შეათეთრა მიდამო, მინდვრის ყვავილები მიწაში ჩაესვენნენ და ზამთრის ძილს მისცეს თავი.
        დიდხანს ბობოქრობდა ზამთარი, მთა ხომ განსაკუთრებით უყვარს მის გაყინულ გულს. დიდხანს თარეშობდა მყინვარებიდან ჩამოქროლილი გამყინავი ქარი და ნამქერით ავსებდა მდელოს.
      ბოლოს გაზაფხულმა მაინც იმძლავრა, მთელი არსებით შეერკინა ზამთრის მსუსხავ ძალას და როგორც სიკეთე საბოლოოდ მაინც იმარჯვებს ბოროტებაზე, ისე იმარჯვა გაზაფხულმაც და თოვლი გაადნო.
        მიძინებულმა ყვავილებმა მაშინვე იგრძნეს მიწის დათბობა. ნელ-ნელა ამოჰყვეს თავი, წელში გასწორდნენ და მონატრებულ ცხრათვალა მზეს სალამი უბოძეს. ვერცხლისფერ ტბაშიც გამოცოცხლდნენ თევზები. ფსკერზე მიძინებულები ზამთრის ძილისგან გამოფხიზლდნენ და  ტბის ზედაპირზე ამოცურდნენ. ჩიტებიც მოფრინდნენ და ტბის პირას ეულად ამოსულ ბებერ რცხილაზე ბუდეები აიშენეს.
        თავმომწონე ყვავილის ადგილასაც გაჩნდა პირველი ყლორტები, ნელ-ნელა სიმაღლეში გაიზარდა, უხვად შეიმოსა ფოთლებით და საყვავილე კოკრებიც დაებერა. წინანდელივით ლამაზად გაიშალა "ევას ყვავილი". მისმა სურნელმა კვლავ დაატკბო გარემო, მაგრამ შარშანდელივით ვეღარ კეკლუცობდა. სახეზე სინანულის გრძნობა აღბეჭდვოდა. თავსაც აღარ წევდა ამაყად.
      მინდვრის ყვავილებში მოფუსფუსე მწერებს ჯერ კიდევ ახსოვდათ "ევას ყვავილის" ამპარტავნება. როდესაც დედა ფუტკარმა ახალბედა, მუშა ფუტკრებს ყვავილებისკენ გზა ასწავლა, მკაცრად გააფრთხილა, არ მიკარებოდნენ თავკერძა ყვავილს, რადგან მათაც ისევე არ სტკენოდათ გული, როგორც შარშან მათ მამებს და ბიძებს. პეპლებსაც კარგად ახსოვდათ ყველაფერი, არც ისინი ეკარებოდნენ თავმომწონე და ამპარტავან ყვავილს.
  "ევას ყვავილი" კი დიდი ხანია მიმხვდარიყო თავის შეცოდებას. ზამთრის ძილიც სულ ფიქრში გაეტარებინა. კარგად გაიაზრა ნაადრევად დაჭკნობის მიზეზი. სილამაზესთან ერთად ხომ არც ჭკუის ნაკლებობას უჩიოდა იგი. ნანობდა, მაგრამ მის დაგვიანებულ სინანულს უკვე ვეღარავინ იგებდა.
      ერთ მშვენიერ დილას, როცა მზის სხივებმა ვერცხლისფრად ააბრჭყვიალეს მყინვარზე შემორჩენილი თოვლი, ერთმა ცელქმა ფუტკარმა ყვავილთან მიფრენა გაბედა. იგი ისეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, რომ ჯერ კიდევ მტკიცედ სჯეროდა სიკეთის და ფიქრობდა, მარტო დარჩენილი ყვავილის გაყინულ გულს ადვილად მოიგებდა, თუკი თანაგრძნობას გამოიჩენდა მის მიმართ. თავიდან შორი-ახლოს დაფრინავდა იგი, შემდეგ გაბედა და ახლოსაც მიფრინდა. ფიქრებში წასული ყვავილი მოულოდნელმა ბზუილმა გამოაფხიზლა და როდესაც პატარა, კეთილშობილთვალება ფუტკარს მოკრა თვალი, იმედის სხივი ჩაუდგა გულში და სიყვარულით გაუღიმა თვითონაც.
          ფუტკარმა იგრძნო, რომ ძველი ამპარტავნება სრულიად მოეშორებინა ყვავილს, ბზუილით დააფრინდა და ხარბად დაეწაფა მის უტკბილეს წვენს.
    პატარა ფუტკრის გამბედაობამ და ყვავილის სინანულმა დანარჩენ მწერებსაც დაავიწყა ძველი წყენა და სულ მალე უწინდებურად თავბრუდახვეულნი, სიხარულით დაფრინავდნენ ყვავილის თავზე და მის არაამქვეყნიურად გემრიელ ნექტარს სიამოვნებით წოვდნენ.
    სიკეთის კეთებამ ყვავილს ძველებური სიდიადე დაუბრუნა, უფრო გაიშალა მხრებში, ფურცლებიც უფრო ხასხასა და პრიალა გაუხდა.
      ამის შემდეგ დიდმა დრომ განვლო "ევას ყვავილის " სილამაზე კვლავ ატყვევებდა იშვიათ მგზავრებს, მასზე კვლავ წერდნენ სამეცნიერო ჟურნალებში.თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმა პოეტმა ლექსიც კი მიუძღვნა მის ბრწყინვალებას. მიუხედავად ამისა ყვავილის გულს ამპარტავნება აღარასოდეს მიჰკარებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები