ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2022


წერილი მთიდან

„ჩვენო ბიჭო, ჩვენო თვალისჩინო!
  მოგელით მე და ჩემი კაცი. მოგელის სახლის ბებერი კედლებიც,  მოგელიან აბალახებული საფეხურებიც, ეს მთებიც მოგელის, წყაროც თითქოს წვეთ-წვეთობით ითვლის უშენო წუთებს... მამაშენიც გელოდება - მამის საფლავი.
  რაღა საკვირველია, აქეთობის დანახვაც რომ გზარავს. ვინ იცის, ის დღე არ გავიწყებს თავს, ის ავბედითი დღე, კარს რკინის კუბოში ჩაჭედილი მამის  სხეული რომ მოგვაყენეს. უკანასკნელად თვალიც ვერ ვკიდეთ. გახსნა არ შეიძლებაო. ალბათ ნაღმზე აფეთქებული მისი სხეული, ვეღარ თუ შეართეს, ვეღარ თუ ააწყეს... ის დღე თუ იყო, მეც რომ დამეფლითა სხეული, მეც მზესუმზირის ყვავილივით დავიმარცვლე, ცარიელი ჩენჩოღა დავრჩი, მტვერსა და შარდში გადაფურთხებული.  ის დღე თუ იყო, პაპაშენს რომ მზერაში წითელი ბზარები გაუჩნდა. ის დღე თუ იყო, შენც რომ ზურგი გვაქციე...
  რაიღა ჩვენი ცხოვრება იყო, მაგრამ აქ შენ იყავი. და სულ ვფიქრობდი, ჩემი შვილის თოლებით  ახლა შენ უნდა გემზირა, შენთვის უნდა დაეკრიფა ჩემს კაცსაც  ტყეში გაბნეული სოკო, შენთვის უნდა გვებალახებინა ხბორები, შენ გამო უნდა გვეპატრონა ამ კარ-მიდამოსთვის. და მართალია, მე ჩამოვღამდი, ჩემს სულში ჩავიდა მზე, მაინც ყოველ დღე ვთენდებოდი, სულში იმედის ჭრაქს ვანთებდი ყოველ ცისკარზე და გზას გავცქეროდი. ვერ იქნა და იმ გზამ შენ ვერ მოგიყვანა. ამ მოლოდინში კართან დაბერტყილი თოვლივით დაგვცვივდა წლები.
  უწინ რომ  ცხორს ვაბალახებდით, ახლა იმ მთებს წლები შესევიან. ერთი კია, მაშინ გორაკის თავზე მოვექცეოდით და ზევიდან დავყურებდით, ახლა კიდევ ჩვენ დაბლა  ვართ და წარსული მშიერი ფარასავით გაშლილა ფერდობზე. ე ტიელი მუხლებიც აღარ გვერჩის, რომ გავედევნოთ და ერთად შევყაროთ. ანაბარი ფარასავით ვითვლით და სათვალავი გვერევა, ისევ ვითვლით და რაღაც ისევ გვენაკლისება. ადრე ამ მთებს ედგა ხოლმე ნისლი ქოჩორზე, ახლა და ახლა ის ნისლი ჩვენს მზერას ედება და სულ უფრო გვიჭირს წინ რაიმე დავინახოთ.  ალბათ ეს თუა გზის ბოლო, როცა წინ აღარაფერი ჩანს, უკან კიდევ სავალი რა ხანია ჩახერგილია. ყველაფერი სრულდება ბოლოს, ჩვენც დავსრულდებით. ჩვენი ძალის-ძალად გათენებული დილებიც დასრულდება, ჩვენი ამაო მოლოდინიც დაიწრიტება და  სულზე ვარსკვალებივით დაყრილი ოცნებებიც გაბაცდებიან... მანამდე კი მინდოდა მეთქვა: ყველა მცდელობა გაექცე შენს თავს, ამაოა, რადგან წინ კი არ მიიწევ, წრეზე ტრიალებ. ისევ შენსავე თავს უბრუნდები, შენ კი მხოლოდ სახელი და გვარი არ ხარ, შენ ის ფესვები ხარ, რომელზეც ამოიტოტე, შენ ეს მორყეული კბილივით ცალ მხარეს გადაწოლილი სახლი ხარ, შენ ეს მთები ხარ, პაპაშენის დაკოჟრილი ხელები და მამის საფლავი ხარ. ამიტომ თუა ეგ ყალბი ნათებები, შენს სულში სინათლეს რომ ვერ შემოიტანს. დაიღლები, გვალვიანი მიწასავით დაშრები და დაიბზარები. შველას ითხოვ, დარწყულებას ინატრება და ვერ კი შესძლებ. რადგან მხოლოდ იმ წყაროს შეუძლია შენი წყურვილის მოკვლა, რომელიც მამაშენის ეზოში მოედინება. ჩვენ აღარც რა გვჭირდება, შენ გამო დაბრუნდი, დაბრუნდი დასარწყულებლად... ოღონდ ეცადე, შენს მოლოდინში წყალიც ჩვენსავით არ დაშრიტოს...
  სიყვარულით შენი ბებრები“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები