ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2022


არყოფნის ანგელოზი

როცა არყოფნის ანგელოზი ჩამოფრინდება
და შენს ლოგინთან წამოჯდება, სანამ სიზმარში
დედა-ზამთრისთვის მურაბების შეკვრას გიხარშავს,
კომშებსაც კოხტად ჩაამწკრივებს ოქროშინდებთან,
ნუ გაიღვიძებ, ნუ იჩქარებ, გთხოვ, ნუ შეკრთები,
ეცადე დიდხანს გაიგრძელო ბოლო სიზმარი,
ფერიცვალების მზეც დაგიცდის-ნაივლისარი,
კიდევ სამი დღე დაიძინე, რადგან ეკვდერი
სავსეა ჯერაც სხვა გვამებით, ჭირისუფალით,
სავსეა ჯერაც სხვა არყოფნის ანგელოზებით,
სავსეა ეზოც-ტირიფებით და მიმოზებით
და ყველა ტირის. ტირის. ტირის. ტირის უფულო
და ფულიანიც. ყველა ტირის. ტირის და ტირის.
მშვიდად იძინე. დაისიზმრე შენი არყოფნა.
შენივე თავი არყოფნაში კარგად ამყოფე.
სავსეა ეზო. მიმოზები უმზერენ ტირიფს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები