ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2022


კუ g4-ზე

თამაში,  გერმანელ გოგონასთან.


პორტუდან 45 წუთის სავალზე, პორტუგალიაში, პატარა ძირძველი ქალაქია - გიმერეში. ერთგვარი, ჩვენებური მცხეთაა, ძველი სამეფო ქალაქი (დედაქალაქი).
მე და ირაკლი, ნუნუ ანდრადემ მიგვიწვია. გიმერეშის ღია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე, ჩემნაირი მოჭადრაკეების სამოთხეზე. 300 მდე მონაწილით, კარგი საპრიზო ფონდით და რაც მთავარია - ყველაფერი უფასოდ!
პირველ ტურში - რაფაელ მანუელ მარია არეზ დე ვილიენა და გვარში თითქოს რაღაც აკლდა, ბოლოს დიდი ასო A-ს შევხვდი.  უბრძოლველად გავიმარჯვე.
მეორე დღეს ორი ტურის თამაში გვიწევდა, შესაბამისად პირველი პარტია მაქსიმალური ძალების დაზოგვით უნდა მომეგო...
ფრანგი რაფაელ ერვინი დავდე ბეჭებზე ამჯერად. ძალიან მარტივად, არადა ბოლოს კინაღამ ტურნირი მოიგო ამ ბიჭმა (ჩემს მერე ზედიზედ ყველა პარტიში ივაჟკაცა და მხოლოდ ბოლოს, გადამწყვეტში დამარცხდა).

გიმერეშის სპორტული ცენტრის მოპირდაპირე მხარეს, საფუნთუშეში. ცივ ყავას ვსვამ და თბილ კრუასანს ვაყოლებ. ირაკლის ველოდები, კმაყოფილი, დასვენებული. ასეთ მარტივ გამარჯვებას არ ველოდი.
მოდის ირაკლი, საშინლად უხასიათოდ, იუგინა მარინას ვერ მოუგო... ფრე! გიჟს გავს, ძალიან დაბალრეიტინგიანს და თანაც ქალს ვერ მოუგო.
იფურთხება, იგინება...
მეც რა თქმა უნდა დავცინი (ნუ რბილად).

ნომერში წავედით. ჩვენი კლუბის ხელმძღვანელის წყალობით, ისეთ სასტუმროში ვცხოვრობდით თუკი გიმერეშში რაიმე აღმართი, გორაკი ან წინაღობა იყო, ყველაფერი უნდა გადაგველახა, რომ მივსულიყავით.
ყოველჯერზე ქოშინით ავდიოდით ოთახში და უვიწროვეს, ძველ და მაინც გენიალურად სადა ოთახში, გენიალურად სადა საწოლზე დავწვებოდით და კედელზე უშველებელ, ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს მივაშტერდებოდით.
ძალიან მორწმუნე ხალხი არიან - პორტუგალიელები.
მაგრამ ამხელა ჯვარი და ასე თვალებში ჩამხედავი ღმერთი, ცოტა ზედმეტი იყო არათუ ჩვენთვის, კარგი ღვთისმოშიში ფანატიკოსი მორწმუნესთვისაც.
---
კენჭისყრაც გამოჩნდა. სულ რაღაც 2 საათში გერმანელს, მუთშ ანამარიას ვხვდები!
ანამარიას წაკითხვაზე სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა. ქალი! იდეალურია...
ორი პარტია უმარტივესად მოვიგე, ფორმაში ვარ! მშვენივრად ვთამაშობ და ესეც არც ისე მაღალ რეიტინგიანი ქალი!
თანაც გერმანელი.
გერმანელებმა რა იციან ჭადრაკი?! მაქსიმუმი არი ბადმინტონი, ფეხბურთი და მერსედესი (მორჩა!). რომ იცოდეთ, გერმანიაში საუკეთესო საჭადრაკო მწვრთნელი ქართველია! გვარად ლობჟანიძე.
გავხსენი ყველა მოჭადრაკის ბიბლია - Chessbase, ანუ საჭადრაკო ბაზა და ანამარიას პარტიების განხილვა დავიწყე.
- ბიჭო! ვეუბნები ირაკლის, - მე მგონი ძალიან კარგად იცის დებიუტი (დასაწყისი, თეორიული ნაწილი).
-კარგი რა, შემეშვი! რამე გადაუხვიე ძირითადი ვარიანტიდან, დაიბნევა და მოუგებ.
- გეუბნები, მგონი ყველაფერი იცის ამ ალქაჯმა!
- სქანდინავიური დაცვა ცადი (ჩვენი მწვრთნელის, ლეონიდ ალექსანდროვიჩის პაროდიით მითხრა, ანუ საშინელი რუსული აქცენტით).
ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა.
გავაგრძელე ძებნა, ვეძებ ანამარიას სუსტ წერტილს და ვერაფერს ვპოულობ. ფრანგულზე თითქოს ყველაფერი იცის, სიცილიურსაც მაქსიმალურად აგრესიულად თამაშობს, რამდენჯერაც ვიღაც ეცადა "დაებნია", ყველა იქეთ დააბნია. თეორია კარგად იცის ამ გოგომ, აუცილებლად უნდა ავიცილო თავიდან! თუნდაც ცუდი პოზიცია მივიღო და მერე თამაშით მარტივად მოვუგებ!
- ბიჭო! ისევ მივუტრიალდი ირაკლის - სკანდინავიური რომელი წავიდე, ლაზიერი a5-ზე გავწიო თუ d6-ზე?
- d8-ზე!
- ჰა? მომამზადებ?
- ოოო რა მომზადება უნდა?! ჩაწევ ლაზიერს d8-ზე, გამოგყავს მხედარი f6-ზე და a4-ს თუ მოვიდა, კუ გაგყავს g4-ზე და "აწვები" d4-პაიკს.
ბაზა გავხსენი, მსგავს განლაგებაზე 2 პარტია ჰქონდა წაგებული ანამარიას! გენიოსი ხარ მეთქი ირაკლი! მინდოდა მეთქვა, მაგრამ იშვიათად ვაქებთ ჩვენ ერთმანეთს, უფრო ხშირად დავცინით.
- ჰოო მართლა, მომიტრიალდა - კუ-ს გაყვანა g4-ზე არ დაგავიწყდეს!
- ოკკ
- არ დაგავიწყდეს გაიგე?
-ოკკ მეთქი  გავიგე :))

ტურზე მივდივართ, მაღაზიაში შევედი, რომ ორივესთვის "გამაფრთიანებელი" რედბული ვიყიდო. ირაკლიმ იცის, მაგრამ მაინც მომაძახა:
-რედბულის წამოღება არ დაგავიწყდეს
- მაგისთვის შევდივარ
- მაშინ კუ-ს გამოყვანა g4-ზე.

სათამაშო დარბაზზში შევედით.
- ვახ! ოღონდ ეს არა, ჩემი იღბლიანი კალამი დამავიწყდა - თითქმის აცრემლიანებული თვალებით ვეუბნები
- არაუშავს! მთავარია კუ-ს გამოყვანა არ დაგავიწყდეს g4-ზე!
ორივეს გაგვეცინა!
და ეს იყო ჩემი უკანასკლელი გაცინება იმ დღეს... :))

-----
ანამარია უკვე დაფასთან დამხვდა.
სავარაუდოდ ჩემი გვარი ვერაფრით დაიმახსოვრა, ამიტომ  სადემონსტრაციო აბრა ეჭირა ხელში და დიდი მოწიწებით იწერდა გვარს.
ერთიციცქნა იყო.
ხუჭუჭა.
პირდაპირ შუაგულ დარბაზში იდგა ჩვენთვის განკუთვნილი მაგიდა. კიბიდან უნდა ავსულიყავი და პირდაპირ ბოლო საფეხურიდან 20 სანტიმეტრში.
კიბიდანვე დავინახე და პირველი რაც აზრად გამკრა - ნეტა კაბა ეცვას!
შორტები ეცვა (აფსუს).
პატარა, სწორი, ლამაზი ფეხები მოუჩანდა მაგიდის ქვევიდან...
მადისააღმძვრელად.
ფითქინა, ქათქათა...
ფეხზე სანდლები  და ლამაზი ფეხის თითები, შავი ლაქით.
მარჯვენა ფეხი ძალიან უცნაურად  ედგა, მოღუნული, თითქოს ბალერინა იყო.
მივედი ახლოს და როგორც კაცს, ისე გავუწოდე ხელი.
ამომხედა და სულში ჩაწვდომამდე გამიღიმა. თითქოს პატარა ბიჭი ვყოფილიყავი, 19 წლის, ისე მომნუსხა.
თავბრუდახვეული "დავეგდე" სკამზე და თან თვალს ვერ ვწყვეტ.
ისიც მიყურებს, მიღიმის და თითქოს მათვალიერებს კიდეც.
- ღმერთო! რა ლამაზია ... წამოვიყვირე, რადგან მივხვდი ირაკლი მედგა უკან.
- იფ იფ! ჩაილაპარაკა ისევ რუსული აქცენტით, ლეონიდ ალექსანდროვიჩის პაროდიით.
- მიმიხედე ერთი წუთით! არავინ გამიბრაზოს, - და კალამის მოსატანად წავედი
- შენ კუ-ს g4-ზე დადება არ დაგავიწყდეს ეგ ჯობს!
------
ისევ ყურებამდე გამიღიმა, ისევ მომნუსხა... ბაჭიასავით ჰქონდა კბილები, წინა ორი ოდნავ დიდი ...
ხელი მეორედ გამომიწოდა და ამჯერად ძალიან ნაზად ჩამოვართვი, რომ შემეგრძნო მისი კანი.
დიდხანს არ გავუშვი.
ამაზეც ეღიმებოდა.
ისეთი პატარაა, ამან როგორ უნდა მომიგოს? იქნებოდა მაქსიმუმ 20 წლის.
ისეთი ერთი ციცქნაა, ამან ჩემს ენერგიას როგორ უნდა გაუძლოს? ალბათ დაფიანად წავლეკავ! გავიფიქრე და ხელიც გავუშვი (ალბათ არ უნდა გამეშვა, არასდროს!).
1.e4 - გადმოდგა მეფის პაიკი. მხოლოდ ახლა დავაკვირდი, რა ლამაზი და გრძელი თითები ჰქონდა ხელზეც. ისე შეეხო პაიკს, თითქოს ნეტარებას განიცდიდა.
1... d5 - ესეც შენი სკანდინავიური დაცვა! ლეონიდ ალექსანდროვიჩ, არ მიღალატო! ღრმა ბავშვობის შემდეგ აღარ მითამაშია.
ოდნავ შეიშმუშნა...
არ ელოდა...
ჩემი მზაკვრული გეგმა იდეალურად დაიწყო!
პირველი რამდენიმე სვლა ძალიან მორცხვად გაითამაშა, თითქოს გოგო "კაფეში" დაპატიჟე და მხოლოდ სალათი ჭამა. რცხვენოდა ალბათ.
მე, ჩავწიე ლაზიერი d8-ზე, გამოვიყვანე მხედარი f6-ზე... გამოვაწევინე პაიკი a4-ზე და აი ერთი სვლაც - კუ უნდა გავიყვანო g4-ზე.
სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებდა, ლამაზი გრძელი თითები დაფის მარჯვენა კუთხეში წაიღო და -
h3! პაიკი h3...
ჩავწერე სვლა ბლანკში და წერის პროცესსშივე ელდა მეცა.
კუ ვეღარ გამყავს g4-ზე.
ირაკლიიიი!!! არ დამვიწყებია კუ g4-ი, მაგრამ თუ თვითონ არ მომცემს ამის საშუალებას - არ განვიხილეთ.
მეკიდე წარმოდგენა არ მაქვს რა ვქნა.
ჩავფიქრდი.
ძალიან დიდი ხნით.
თითქოს ახლოს არ მიმიშვა.
თითქოს გოგონა იყო, რომელმაც ურთიერთობის დასაწყისსშივე მაგრძნობინა, რომ შანსი არ მქონდა!
ზუსტად 30 წუთი ვფიქრობდი. თითქოს საუკუნე გავიდა...
მალევე მობეზრდა ჩემი ლოდინი, წამოდგა და სხვა პარტიების ყურება დაიწყო.
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სად ჯანდაბაში წამეყვანა კუ!  g4-უჯრა დაცულია, ირაკლიიი!!! სად წავიყვანო კუ? წარმოდგენა არ მაქვს...
სულ გადამავიწყდა ჩემი ხუჭუჭა გოგონა.
დავიწყე სხვა მოწინააღმდეგეების გახსენება, პარტიების გახსენება... მსგავსის. გავიხსენე ერთი, ორი, სამი... ბევრი!
ძალიან ბევრი ვიჭოჭმინე და ჯანდაბას! იყოს ისე როგორც მას უნდა, დაე მე ჩემს საქმეს მივხედავ დაფაზე და ის თავისას.
კუ f5-ზე გავიყვანე.
-------
ნახევარი საათი, ფაქტობრივად არ მინახავს... თითქოს 10 წელი გავიდა.
ჩემი სვლა ჩაიწერა, გამიღიმა და თვითონაც ფიქრი დაიწყო.
ვუყურებ...
თითქოს უფრო ლამაზია, ვიდრე წინა რამდენიმე სვლის გაკეთების დროს იყო.
თმა გაუშლია და ხუჭუჭა კულულები მხრებზე ჩამოჰყროდა.
ალბათ ნერვიულობისგან, მაგრამ ძალიან მადისაღმძვრელად აეკვნიტა ქვედა ტუჩი.
უჰჰ! - გავიფიქრე, ნეტა მხოლოდ ერთი მაკოცნინე და მაშინვე მოგირჩენ...
სვლებს საკმაოდ ნელა აკეთებდა.
თითოეულზე ბევრს ფიქრობდა.
ხშირად მიღიმოდა და ხშირად მნუსხავდა. ფიქრის საშუალებასაც არ მაძლევდა ნორმალურად.
ვგრძნობდი, რომ თითოეულ სვლაზე უფრო და უფრო მიჭირდა... უფრო და უფრო კარგად თამაშობდა, შანსს არ მაძლევდა.
იმდენად ახლოს არ მიშვებდა, თითქოს ვინმე სხვა უყვარდა(თ), მის ფიგურებს...
მეკიდე ძალიან მინდოდა მესამე ქულა.
ძალიან მინდოდა მისი დამარცხება.
თავის მოწონება, სვლების სიძლიერით, ფიგურების გადაადგილების ელეგანტურობით და არც დამიკლია მცდელობა. თუმცა...
ყველაფერი ვცადე!
პოზიციურადაც გამართულად ითამაშა და ვერაფერი დავაკელი, თითქოს მიხვდა, რომ პოეზიაში ძალიან ცუდი ვარ და ჩემი ლექსები სერიოზულად არც აღიქვა.
მეფეზე შეტევაც ვცადე, რაც ყველაზე მაგრად გამომდის!, მაგრამ ჩემი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი პროზითაც ვერ მოვხიბლე, ბოლომდე...
მოკლედ ვაგებ!
ვგრძნობ, რომ ვაგებ :)
მჯობნის...
ეს ერთიციცქნა გერმანელი გოგონა, მოკლე შორტებში, სანდლებში და ორი წინ, ბაჭიისებრი კბილით - უშანსოდ მიგებს!
---------
თამაშის დროს, როცა აზარტში ხარ... ყველაზე რთული იმის გაცნობიერაბაა, რომ შენზე აღარაფერია დამოკიდებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებ, თუკი მოწინააღმდეგეს თავში თვითმფრინავი დაეცემა.
ალბათ მთელს მსოფლიოს გავწირავდი ამისთვის, თუმცა მას არა (ვერა).
დაე მომიგოს, გავიფიქრე!
და მიუხედავად იმისა, რომ ემოციები სისხლისდენით მომადგნენ თვალებთან და ფანტანივით აპირებდნენ ამოხეთქვას, მშვიდად მივეცი საშუალება დავეშამათებინე.
მოჭადრაკეები , კარგი მოჭადრაკეები, ნაადრევად ვხვდებით, რომ გვაშამათებენ და უბრალოდ ვნებდებით...
ამით მოწინააღმდეგისაც და საკუთარი თავის პატივისცემასაც გამოვხატავთ.
თუმცა მე არა... მე ვერ შევძელი.
ის, ასე მომღიმარი და მშვიდი სახით, ნაბიჯ-ნაბიჯ მაშამათებს და დამაშამათა...
ზუსტად არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ დღემდე ვერაფრით ვისწავლე "დაუმსახურებელ" მარცზე შეგუება. თანაც იმდენად მჯეროდა, რომ აუცილებლად მოვიგებდი... ჩავთვალე, რომ დაუმსახურებლად ვაგებდი და...
ჩემს ფიგურებს მთელი ზიზღით ვკარი ხელი! ხის ფიგურები მომენტალურად ბოულინგის თეთრი "კოლონადებივით" დაეძგერნენ ერთმანეთს და რამდენიმე მათგანი პირდაპირ კისერსა და მკერდს შორის მოხვდა.
ამომხედა გაფითრებულმა...
ისეთი სიყვარულის თვალებით მიყურებდა.
მე კი მთელი ზიზღით ჩავხედე!
მოვტრიალდი და გიჟივით წამოვედი სასტუმროში!
----------
ირაკლი სასტუმროს ფოიეში დამხვდა, იუგინა მარინას და მიხეილ მარინთან ერთად.
დავინახე თუ არა, გული მომეცა... მივტრიალდი და მთელი ძალით დავიწყე კედელზე მუშტის ბრახუნი!
თან ვიგინებოდი ბოლო ხმაზე, ეს ვისთან წავაგე!! ეს ვინ იდიოტტთან წავაგე!!
----------
ტურნირის ბოლო დღეს...
მოვდივართ მე და ირაკლი დამწუხრებულები.
მე-18-ზე გავედი.
შორიდან ვხედავთ, ჰანს ნიმმანი, მაქს ვარდარმარი და ... კიდევ ორნი მოდიან.
ხელჩაკიდებულნი...
შეყვარებულები...
უღიმიან ერთმანეთს...
ესიყვარულებიან...
ანამარია და - რაფაელ მანუელ მარია არეზ დე ვილიენა და გვარში თითქოს რაღაც აკლდა, ბოლოს დიდი ასო A
- hey! შევძახე პირველივე წამს, როცა მისი მზერა დავიჭირე - მაპატიე ჩემი რეაქცია, ძალიან გთხოვ!
- არაუშავს, მეც ემოციური ვარ - და ისევ კბილებამდე გამიღიმა, ისევ მთელი ეგზოტიკითა და ეროტიკით. სიყვარულით სავსე თვალებით! (თუმცა ხელი არ გაუშვია A-სთვის).
- ჰო არაუშავს, ოდესმე ჩამოვალ გერმანიაში და მოგიგებ! 
- ვერ მომიგებ! - და ისე გემრიელად აკისკისდა...
- მაგასაც ვნახავთ!  - და მეც მთელი პოზიტივით გავიცინე (თუმცა ჩემი უშნო კბილები, ხელის აფარებით დავმალე).
- კარგი
  ჰოო!!
  მოგაგებინებ ...
ოღონდ შემდეგზე კუ ცოტა ადრე გამოიყვანე g4-ზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები