ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2022


ფარმაცევტის ვნებანი

ღამის მორიგეობიდან შინ დაბრუნებული ფარმაცევტი,
საკუთარ ოთახში იკეტება და კიდევ ერთხელ კითხულობს ლექსს,
რომლის პერსონაჟის მიბაძვაც, აუცილებელ პირობად მიაჩნია
საკუთარი არსებობის გადასარჩენად,
რადგან კადრები, რომლებსაც ცხოვრება ქმნის,
სამყაროს თვალში მას ისე წარმოაჩენს, როგორც უგულოს,
და სწავლობს კიდეც ფარმაცევტი, როგორ გახდეს უგულო,
რადგან უბრალოდ მოხუცი ქალი,
არ იქცეს მისი ფსიქიკის ნგრევის საბაბად,
მოხუცი ქალი,
რომელიც დღეს აფთიაქში ფულს ითვლიდა,
ფულს, რომელსაც ისედაც იცოდა რომ არ ჰყოფნიდა დანიშნულ აბებს,
თუმცა ითვლიდა იმ იმედით რომ
საბოლოოდ ეტყოდა ფარმაცევტი _
საუკეთესო შემთხვევაში _ „წაიღეთ ბებო“
ხოლო უარეს შემთხვევაში _ „წაიღეთ და ხვალ მოიტანეთ“
და სწორედ ამ და მსგავს კადრებში,
ფარმაცევტი, როგორც უგულო,
არც კი უყურებს რიგით მოხუცს,
და აფთიაქის კომპიუტერულ პროგრამაში ნახულობს წამლებს,
რომლებიც გამოილია და შესაკვეთია.
ტირის მოხუცი,
ლანძღავს მთავრობას, ძველსა და ახალს,
მობილურში ჩაცვენილ ბავშვებს,
საკუთარსა და უფრო სოგად სიბერეს ლანძღავს,
გამწარებულ სიბერეს,
ღმერთსაც ლანძღავს, ოღონდ შეფარვით,
უფრო კი გამჩენს,
ლანძღავს და მიდის.
ფარმაცევტი კი ახალ კლიენტს უღიმის, რადგან
„იცის, იცის ფარმაცევტმა, როგორც უნდა, როგორც ხდება!“
* * *
ამგვარი, იდენტური დღეები შეადგენს სწორედ ესოდენ მძიმე რუტინას,
რომელთა მთავარი მოქმედი გმირებიც არიან:
პენსიონერები, _ რომლებსაც არ ჰყოფნით ფული,
მარტოხელა დედები _ რომლებსაც არ ჰყოფნით ფული,
დაკარგული მამები _ რომლებმაც წააგეს ფული,
და ყველა, _ ვისაც არააქვთ ფული.
და ფარმაცევტი,
რომელიც თითქოს მდიდარია და მეცენატია,
მეპატრონეა და მფლობელი ამ აფთიაქის თითქოს,
სჩანს ამ სცენარში როგორც უგულო, ბოროტი გმირი
და რომელიც თითქოს მართლა ვალდებულია
წინაშე პენსიონერისა,
წინაშე მარტოხელა დედისა,
წინაშე მოთამაშე მამისა
და
წინაშე მრავალთა სხვათა,
რომლებსაც მედიკამენტებისთვის საკმარისი ფული არ აღმოაჩნდათ
და ლანძღვითა და გინებით „იჯახუნებენ“
აფთიაქის მინის კარს, რომელიც წინაც იღება და უკანაც,
და არც „მოჯახუნების“ ხმას გამოსცემს რაც მთავარია.
ფარმაცევტი კი, დამონტაჟებული ღიმილით,
ქაღალდის პაკეტში, ფლაკონზე მოჭრილ სამ აბ მედიკამენტს დებს,
„დებს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება“
რადგან ისინი ბევრნი არიან,
ძალიან ბევრნი,
და ისინი რიგში დგანან,
ხოლო ღამის მორიგეობიდან შინ დაბრუნებულ ფარმაცევტს,
რომელიც დღის რაფსოდიამ უგულოდ გამოიყვანა,
სხვა რაღა დარჩენია,
გარდა იმისა რომ იკითხოს მესაფლავე,
და შეეჩვიოს ამ ყველაფერს, არსებობის გასაგრძელებლად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები