შიშებია-გჭამენ... შიშები, თავად უნდა შეექციო. შიშებია, საკუთარ თავს გაგიმხელენ. ახლოვდება ღამეების დემენცია. შენი გული, შენი გული-მინდვრის თაგვისხელა, გამალებით იკუმშება. წამში რამდენიმეს ასწრებს. სარკმელთან ჭადრის ფოთოლი ეცემა. უძარღვო. ნიკოტინისგან გაყვითლებული თითების ფერი. შემოგაქვს, როგორც ნიშანი, რაიმე გარდაუვალი ტკივილის ან გადარჩენის. საწერ მაგიდასთან დებ, ფურცლებს შორის. რთავ ტორშერს და წერას იწყებ. ბარგის ჩალაგება არ გადადო. ხვალ დატოვებ მლაშე ზღვის სუნიან ქალაქს.