ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 იანვარი, 2023


სიყვარულზე

ერთხელ ერთმა ქალბატონმა - ჯანსუღ ჩარკვიანს უთხრა:

,,ბატონო ჯანსუღ, რა კარგი ყოფილა პოეტებთან ჯდომა!“

,,თქვენ პოეტებთან წოლა უნდა ნახოთ ქალბატონო!“ - მიუგო ჯანსუღმა.

ძველი თაობის წარმომადგენლებმა ყველაფერი იცოდნენ: ხუმრობაც, მეგობრობაც, ერთგულებაც. დღეს კი... დღეს თითქოს გაუფასურებულია ეს ყველაფერი.

არ მიყვარს სამყარო, სადაც ქმრები - ცოლებს უფლებას აძლევენ გამომწვევად ჩაიცვან და გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ. სამყარო, სადაც ქალებს მხოლოდ სექსი უნდათ და დედობის ინსტინქტი საერთოდ არ ამოძრავებთ. ასეთი ადამიანების კატეგორია არ მიყვარს. მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვცემ პატივს, რომლებსაც სწამთ სიყვარულის, არ ფარისევლობენ, ღვრიან გულწრფელ ცრემლებს, არ ღალატობენ თავიანთ მოყვასს, უყვართ საკუთარი ოჯახი, შვილებს გულში იხუტებენ და მკლავზე იწვენენ.

აი, ასეთი ადამიანები მიყვარან, აი, ასეთი ადამიანობის მწამს, ასეთი სიყვარულის მჯერა

სიყვარული ჩემთვის იგივეა, რაც ფრანგებისთვის ედიტ პიაფის შემოქმედება!

სიყვარულზე ყოველთვის გალაკტიონის ლექსი „უსიყვარულოდ“ და პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის ეს სიტყვები მახსენდება:

„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს,
უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.

პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო, რომელსაც ,,პოეტის მკლავზე ნაწოლი“ დავარქვი. ლექსს პოეტ ანზორ სალუქვაძის სიტყვები წარვუმძღვარე:

,,ლამაზი ქალის ძუძუზე
ცეცხლმოდებული ძნა მინდა!“

ანზორ სალუქვაძე

მეც მინდა, მაგრამ სად არი?
თუმც არ მაქვს ყოფა მარტივი,
ქალი - შვლის ნუკრის სადარი
მიზიდავს ანდამატივით.

მიზიდავს, მაგრამ არ მინდა
ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი...
არც ღვინო - მისი ჯამიდან,
არც მისი თბილი საწოლი.

მე ყველაფერი - ჩემი მაქვს,
თუმც არც შვილი მყავს, არც ცოლი...
ჩემთან ნაწოლ ქალს ერქმევა -
პოეტის მკლავზე ნაწოლი.

გრძნობას ვუმღერებ კუნძულზეც,
თუმც გვიდგას მძიმე ჟამი და...
,,ლამაზი ქალის ძუძუზე
ცეცხლმოდებული ძნა მინდა!“

მეც მინდა, მაგრამ სად არი?
არ მაქვს სურვილი მარტივი,
ქალი - შვლის ნუკრის სადარი
მიზიდავს ანდამატივით.

მიზიდავს, მაგრამ არ მინდა
ქალი - სხვის მკლავზე ნაწოლი...
არც ღვინო - მისი ჯამიდან,
არც მისი თბილი საწოლი.

აქ ყველაფერი ჩემია,
თუმც არც შვილი მყავს, არც ცოლი...
ჩემთან ნაწოლ ქალს ერქმევა -
პოეტის მკლავზე ნაწოლი!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები