15 სექტემბერია. ამ დღეს შევუღლდით მე და ჩემი კაცი. სულ ახსოვდა. მოვიდოდა და ხან იყო და გულის ჯიბიდან მინდვრის ყვავილებს ამოიღებდა, ხან იყო და ხილაბანდს მაჩუქებდა... კანფეტი მაინც ექნებოდა, დავიწყებით კი არა და არა, არას დიდებით არ დაივიწყებდა. მე კიდევა, ისეთი ცხოვრება მქონდა, ეგეთები სადღა მახსომდა, ხან სულაც გადამქართულდებოდა ხოლმე. შეხედული გოგო ვიყავი, მთხოვნელები ბუზებივით მეხვივნენ, მაგრამ არავისკენაც არ გამიხედავს. ახლა რო ვთქვათ, არც თვალი ეკლდა და არც ტანი, მაგრამ არც მთლად გასაგიჟებელი შეხედულებისა იყო. ჩვეულებრივიო რომ იტყვიან, ეგ ეთქმოდა. იქნებ და ხალხში სულაც ვერ შეგემჩნია, ვერ დაგემახსოვრებინა, მაგრამ მე კი შევხედე და ვფიქრობ, მაგაზე სწორი არც რა გამიკეთებია ცხოვრებაში. არც ქონება ჰქონდა და არც სიმდიდრე. გაჭირვებით მივათრევდით ცხოვრებს, ერთი წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, სხვა კი ყველაფერი გავიარეთ. ჰოდა, რომ ვფიქრობ, რათ მიყვარდა-მეთქი ასე, აი იმ ყვავილების გულობაზე იყო მგონი. განა რამე იყო, არც რა ჰქონდა და რას მიყიდდა დიდსა და გასაოცარს, მაგრამ ქა, სამოცდაათის რომ მოიყრები და შენი კაცი ისევ ჯიბეში მალავს შენთვის ტყის ყოჩივარდებსა, თითქოს არც ბერდები, ისევ ცამეტის ხარ და ისევ გელამაზება შენი თავი. ქალისთვის კიდევ მაგაზე დიდი და მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ფიქრობდეს, რომ ისევ სასურველია, ისევ არის ვიღაც, ვისაც გული უჩქარდება მის ხილვაზე... ჩემს კაცს კიდევ სულ ვუყვარდი. სანამ პირში სული ედგა, სულ შეყვარებული იყო და აბა რა ვიცი, იქით რაღა ღმერთი გაუწყრებოდა. წასვლაზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია ისევ მიცდის-მეთქი სადღაცა. მაშინ როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, აღარც ღმერთი იყო და არც ეკლესია, მაგრამ იქნებ ამაების გამო მიგვიწევდა სულ გული ტაძრისკენ. ეს გაუცნობიერებელი ჯანყი იყო, ღმერთს სულაც არ უნდა ვიმეს დასტური, გულში თუ გრძნობ. როგორც იყო, მოკლეთ უნდა ითქვას, რომ სულ ეკლესიისკენ მიგვიწევდა გული. რიდიც მეტი გვქონდა და რწმენაც. ახლა კიდევ, ვითომ რომ მოდაში შემოვიდა ლოცვა, დაირაზმებიან ყოველ კვირა დილას და ენის ლესვით მიდიან სალოცავში, ეგრე კი არ ვიყავით ჩვენა... ჩვენი სოფლის სალოცავი წმინდა გიორგი იყო და კიდევ შიო მღვიმის მონასტერი. ჰოდა, არ იქნებოდა ისე დღესასწაული, რომ არ წავსულიყავით. იმ წელსაც შიო მღვიმობას მთელი ახალგაზრდობა შევიყარეთ და გავუდექით გზასა. იმ გზამ ყველაზე წმინდა ტაძრამდე კი მიგვიყვანა ორივე, ერთურთს შეგვყარა და ნახევარ საუკუნეზე მეტი გვალოცინა იმ ტაძარში მხარდამხარ. შემოფეთებაო რომ იტყვაინ ეგრე იყო. რაღაც ასხმარტალდა მკერდში, სისხლიც სხვანაირად ადუღდა, ღიმს ვერ ვიშორებდი, თითქოს თვალი გვინდოდა აგვერდებინა ერთი მეორესთვის, მაგრამ მაინც არ გვემორჩილებოდა მზერა, თავის ჭკუაზე გარბოდა და სასურველის თვალებს ეძებდა. ამ ვაჟმატონს კიდევ მანამდე თურმე ერთი გოგო ეკურკურებოდა. ამას არ ჰყვარებია, ახლა რა ამდენი წელი გვიდა, რაღა დროს ეგენი იყო, ხომ გამოტყდებოდა მერე მაინც, მაგრამ არაო, არ მიყვრდაო. რომ მყვარებოდა წინ ვინ დამიდგებოდაო. ეს ომიდან ის-ის იყო დაბრუნებულიყო. ის ქალბატონი კი, ხან ომში სწერდა წერილებს, ხან კიდევ დედამისთან მიდიოდა ტირილით. კარს უტალახებდა, თავი უკვე იმ კარ-მიდამოს ბატონ-პატრონი ეგონა. ჰოდა, მერე ერთი ცისმარე დღეც არის და ვარდიკო მეძახის საიდუმლოდ, წერილია შენთვისო. რასა ვხედავ, ის ქალბატონი არა მწერს?! ისაო, მე დიდი ხანია მიყვარს და განზე გადექო შენ. შენ რა სულ ახლა გაგიცვნია, ისე არ გეყვარებაო. მე კიდეო, ბავშვობიდან მიყვარსო, ბავშობიდან კი არა, მთელი ცხოვრებაა მიყვარსო. შენ თურმე ათას ბიჭს მოსწონებიხარ, რაღა ჩემი კაცი აარჩიე, წადი და სხვას დაადგი თვალიო. იცოდე მაინც არ გაპარპაშებ მის გვერდით, გირჩევნია შენით თქვა უარიო. უიმე, ისე გავბრაზდი, ისე გავბრაზდი რომა. სულ ერთი ციდა ვიყავ და იქიდან არ მიყვარდა, ვინმე რომ თითს მიქნევდა, ახლა კიდევ ამას ავიტანდი?! ჯერა, ქალო, რა ძალით ხომ არ შეერთვებოდა? ძალით მისთხოვდებოდა თუ რა. მე ნაძალადევი სიყვარულის არ მწამს და არც მსმენია ვინმეს ვინმე ძალისძალათ შეჰყვარებოდა. არ დავუთმე, რას დავუთმობდი, ერთმანეთი გვიყვარდა. ახლა დრო რა შუაში იყო, შეიძლება კაცსა ერთ წუთში უფრო შეუყვარდეს ადამიანი, ვიდრე ვიღაცის საცოდავი ურთიერთირთობა, რომელიცა რომა იქნება და მთელი ცხოვრებაც კი გრძელდება. სულაც ასე მგონია მე, რომ ერთი ნახვით სიყვარული არსებობს მხოლოდ. დაინახავ და შეგიტოკლდება გული. აი ესაა ნამდვილი სიყვარული. რომც წლები იცნობდე, მაშინაც რაღაც წამია, როცა თითქოს სამყარო დადგება თავდაყირა, როცა თითქოს მხოლოდ ახლა დაგინახავს, ახლა აღმოგეჩინოს. ჰოდა, ასეთ მეწყერივით თავს დამტყდარ სიყვარულზე უარს ვინ ამბობს? არც არავინ! არ მჯერა მე მაგისი, რომ ასე შეგიყვარდეს და ზურგი აქციო. რომ ამბობენ, ხოლმე უყვარდა და უარი თქვაო, არ მჯერა მაგისი, არ ჰყვარებია სათანადოდ ალბათ. ან კი რა არის ცოტათი და ბევრათ სიყვარული? სიყვარული სიყვარულია, ან გიყვარს, ან- არა. მორჩა და გათავდა. ჰოდა, ჩვენ კი მართლა ძალიან გიყვარდა ერთურთი. და რომ ვფიქრობ ხანდისხან ჩემს გაძაღლებულ ცხოვრებაზე და ვწუწუნებ, მერე საკუთარ თავს შემოვუძახებ ხოლმე, რა უმადური ხარ-მეთქი, ქალო, ღვთისა არ გცხვანია? როგორ ამუნათებ ცხოვრებას, ასე გიყვარდა-მეთქი. ასე გიყვარდა და ასე უყვარდი. ამაზე მეტი რა არის ეს ცხოვრება თორემ, ჰა?... ესაა თავიდათავი, მთავარი ბრძოლაც, მთავარი გამარჯვებაც... ესაა ცხოვრება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნ-ი-კ-ი
მადლობა, ნიკი, რომ კითხულობ. ვიფიქრე დასასრული უკეთესი როგორ შეიძლება გავხადო. ნ-ი-კ-ი
მადლობა, ნიკი, რომ კითხულობ. ვიფიქრე დასასრული უკეთესი როგორ შეიძლება გავხადო.
3. კარგად დაიწყო ძალიან და უკეთეს გაგრძელებას თუ დაბოლოვებას იმსახურებდა
ასე მეჩვენება მე, თუმცა ვინ იცის?
ესეც დადებისთანავე წავიკითხე შორიდან
წარმატებები ქეთი კარგად დაიწყო ძალიან და უკეთეს გაგრძელებას თუ დაბოლოვებას იმსახურებდა
ასე მეჩვენება მე, თუმცა ვინ იცის?
ესეც დადებისთანავე წავიკითხე შორიდან
წარმატებები ქეთი
2. ქალბატონო მანანა <3 ქალბატონო მანანა <3
1. ბედნიერებაა ასეთი სიყვარული 5 ბედნიერებაა ასეთი სიყვარული 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|