ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2008


შეჩვენება

( ძველად საქართველოს არა ერთ კუთხეში შეჩვენება, ხატზე გადაცემა იცოდნენ, რომელიც, სამწუხაროდ , ჯერ კიდევაა  შემორჩენილი სამეგრელოში. ერთი ასეთი ამბავი უდევს საფუძვლად ამ მოთხრობასაც.)

    სოფელი ბროლია არც ისე მრავალკომლიანი სოფელი იყო, თუმც ტერიტორიულად საკმაოდ დიდ მანძილზე გადაჭიმული გახლდათ. ძირითადად გორაკებზე ცხოვრობდა ხალხი,თუმც გაშლილი ადგილი ძალზე ცოტა მოიძებნებოდა სოფელში და ისიც სახნავ-სათესად გამოიყენებოდა.
    შინავების ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახთაგანი გახლდათ თავისი სიპატიოსნითა და სტუმართმოყვარეობით. რძალიც კარგი შეხვდათ, ჭკვიანი, თვალტანადი, განათლებით ეკონომისტი, რომელმაც მაშინვე მუშაობა დაიწყო(მართალია, არა სპეციალობით,მაგრამ...) მაშინდელი სოფლსაბჭოს მდივნად. მალევე ალღო აუღო, გაიწაფა და ისეთ საქმეებს აკვარახჭინებდა, სხვას შეუძლებელი რომ ეგონა.. ამ მოკვარახჭინების დროს ძალზე ხშირად ერთ-ერთი მხარე განაწყენებული რჩებოდა. ხანდახან საქმე აყალმაყალამდეც კი მიდიოდა ხოლმე. მაწყევარიც ბევრი გაუჩნდა ნაზოს,მაგრამ ის ამას აინუშშიც არ აგდებდა:
  – წყევლამ რა უნდა მიქნასო - იტყოდა უდარდელად.
    მართალია, ადრევე დაქვრივდა, მაგრამ ეს უბედურ შემთხვევას მიაწერა და კიდევ უფრო გააქტიურდა „ლევი“ფულის საშოვნელად. ორი ვაჟს გაზრდა ხომ უნდოდა?
    ერთ-ერთ ასეთ მაქინაციას მეზობლად მცხოვრები ქვრივი, წვრილშვილიანი თებროს მიწის კარგა მოზრდილი ნაკვეთი შეეწირა.
    თებრო, გარდა სიღატაკისა, შვილის ავადმყოფობითაც იყო გაწამებული. უფროსი ვაჟი თხუთმეტის რომ გამხდარა, მამის მეგობრებს სანადიროდ წაუყვანიათ მთაში. იქ გზა დაბნევია და ღამე ტყეში დარჩენილა მარტო. მთელი ღამე ეძებდნენ და გამთენიისას უპოვნიასთ, მაგრამ... ყველაფერზე უაზროდ იცინოდა და ხმას არ იღებდა თურმე. რა არ სცადეს მამის მეგობრებმა, ექიმი არ დაუკლიათ და მკითხავი, გამოლოცვა, შეშინება, კრავის შეწირვა, მაგრამ არაფერმა უშველა და დარჩა ასე.
    ნაზოს გულის სიღრმეში კი ეცოდებოდა თებრო, მაგრამ სიხარბემ გადასძლია.
    თებრომ ჯერ არ დაიჯერა ნაზოს სიმუხთლე, შემდეგ კი სახლში მიუვარდა. ლანძღა, წყევლა და ამით რომ ვერაფერი დააკლო, ყოველ შაბათს სასაფლაოზე მდგარ ცაცხვს(რომლის გვერდით ეკლესია მდგარა) ლურსმანს აჭედებდა, შავნაჭერშემოხვეულ სანთელს თავდაღმა წვავდა და ნაზოს ოჯახს შეაჩვენებდა:
    „მის შთამომავლობაში  ყველა ჩემი ბიჭივით გასულელებულიყოს, რათა გვარის გამგრძელებელი არ დარჩესო“.
    ნაზოს რამდენჯერმე ურჩიეს, მისულიყო და როგორმე შემოერიგებინა თებრო, თორემ მისი შეჩვენება უწევდა, მაგრამ ის მხოლოდ იცინოდა:
    - ღმერთს კომუნისტების ეშინია, ვერას დამაკლებს. იმ გამოსულელებული თებროს პურტყუნმა რა უნდა მიქნასო.
    დაცოლშვილდნენ ნაზოს ვაჟები. უფროსმა, იქვე, ეზოში ჩადგა ოდა. უმცროსმა მამისეული ძველებური ოდის ადგილზე ორსართულიანი, უზარმაზარი სახლი წამოჭიმა.უფროსს ოთხი ვაჟი ყავდა, უმცროსს ორი გოგო და ნანატრი ვაჟი.
    უმცროსი რძალი, როცა გაიგო იმ შეჩვენების ამბავი, ძალზე შეწუხდა (ჭორიკანა მეზობლებისგან). სულ ცდილობდა, რამეთი დახმარებოდა თებროს ოჯახს. ისინი ახლ;აც ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. თებროსაც ძალზე შეუყვარდა კეთილი გულის ცისანა.ეტყოდა ხოლმე:
    -შენი სიკეთის გამო, ღმერთს შევთხოვ, შენს შვილებს ააცილოს ჩემი წყევლაო.
    გადიოდა დრო და აი, საოცრება! უფროსი შვილის ოთხივე ვაჟი, თხუთმეტი წლის დამთავრების შემდეგ გასულელ-გაგიჟდნენ(არა და გამორჩეულ მოსწავლეებად ითვლებოდნენ). ერთი სულ ჩუმად იყო და სახლიდან არ გადიოდა. მეორე პირიქით, სულ იცინოდა და დღე და ღამ სოფელ-სოფელ დადიოდა, მესამემ სმა დაიწყო. სოფელში დადიოდა და ყველას სასმელს თხოვდა. მეოთხე კი პატარა ბავშვებს დასდევდა, ამიტომ საგიჟეთში ყავდათ.
    უმცროსი ვაჟის ოჯახში სიმშვიდე იყო, თუმც ცისანას სულ ეშინოდა და ღმერთს ევედრებოდა, მისი ალეკოსთვის აეცილებინა თებროს შეჩვენება.
    წლები მიდიოდნენ. ალეკო ოცდაშვიდის გახდა. საოცრად ზრდილი, განათლებული, კარგი შესახედაობის ვაჟი ბევრ გოგონას უჩქროლებდა გულს. დედ-მამაც  ევედრებოდნენ: აირჩიე ვინმე, გვაღირსე გვარის გამგრძელებელი, თორემ კი ხედავ, შენს ბიძაშვილებს რა ჭირთო , მაგრამ ვაჟი არ ჩქარობდა. ღიმილძვირი, გულჩათხრობილი გახდა. დედა შეუჩნდა და ათქმევინა, რომ მეზობელი სოფლიდან შეყვარებოდა გოგო, მაგრამ ვერ ამბობდა, რადგან იმ გოგონას დედას და დას არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდათ და იცოდა, მამისაგან რა რეაქციაც მოჰყვებოდა ამას.
    მართლაც, მიუხედავად ცისანას მუდარისა, მეუღლემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:
    - ისეთი რა ჭირს ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს, გალანძღული ოჯახიდან არ მოვიყვანო რძალიო.
    ცისანა ხედავდა შვილის ტანჯვას. ამიტომ არა ერთხელ ურჩია:
    „მოიყვანე, ფულს მე მოგცემ, ცოტა ხნით თბილისში წადით, მერე მამაშენსაც მოუბრუნდება გულიო,“  მაგრამ... ალეკო იმდენად დამჯერე გახლდათ მამის ნათქვამისა, რომ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. თვითონაც არ იცოდა, რა იყო ეს: გაუბედაობა, შიში თუ მორიდება.
    ჩაიკეტა თავის თავში. მთელი დღეები იწვა და კითხულობდა. საჭმელზეც არ გამოდიოდა, თუ დედა არ შეუტანდა იქით, იყო მშიერი. მამას ყოველნაირად არიდებდა თავს. რა არ უთხრა, როგორ არ მოეფერა, როგორ არ გაუწყრა დედა, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა.
    მამის მძვინვარება თანდათან ზენიტს აღწევდა. ერთ დილით მამის ყვირილმა გამოაღვიძა:
  - შენ გააფუჭე, გაანებივრე, გაათავხედე. ამხელა ვაჟკაცი მთელი დღე აგდია და ჭამის მეტს არაფერს აკეთებს. საიდან მოვიდეს იმ მუქთახორას საჭმელი, იმას არ კითხულობს. არაფერი ადარდებს. მე ზედაც არ მიყურებს. მამა ვარ თუ ჩუჩელა? ცუდი მინდა მისთვის? მიწაში წავიღებ რამეს? არა! არ მოვაყვანინებ მაგ ბოზების ნაშიერს ჩემს ოჯახში, არა! მიბრძანდით, ორივე მიბრძანდით. ასეთი არც შვილი მინდა და არც ცოლი!
    დედის ქვითინი შემოესმა. შემდეგ აკანკალებული, ტირილნარევი ხმა, რომელიც ისევ მამის ღრიალმა გადაფარა.
    წამოხტა. კარადის კარი გამოაღო. თოფს სტაცა ხელი და...
    მამას ღრიალი თოფის ხმამ შეაწყვეტინა...
    დაიზაფრა მთელი სოფელი. ცისანას ნერვებმა უმტყუნა და გაგიჟდა.
    ის ჭორიკანა ქალები კი ჩუმ-ჩუმად ჩურჩულებდნენ: "შეჩვენებამ უწიათ, შეჩვენებამო."
    ვინ იცის, იქნებ მართლაც?...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები