ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 იანვარი, 2023


პირველ სიყვარულზე

სიყვარული ჩემთვის იგივეა, რაც ფრანგებისთვის ედიტ პიაფის შემოქმედება!

სიყვარულზე ყოველთვის გალაკტიონის ლექსი „უსიყვარულოდ“ და პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის ეს სიტყვები მახსენდება:

„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს,
უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.

პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. ჩემი თანაკლასელი - ანა მამალაძე შემიყვარდა. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება!

კარგი რამ არის ახალგაზრდობა: ბავშვობა, სკოლა, ინსტიტუტი, შეყვარებულობის პერიოდი, სიყვარულის ცეცხლი, მეგობრები, ცეკვები, ტემპერამენტი. სანამ ახალგაზრდა ხარ, ცა ქუდად არ მიგაჩნია, დედამიწა ქალამნად.

შოთა ნიშნიანიძის სიტყვები მახსენდება:

,,სანამდე ახალგაზრდა ვარ, სანამდე მუხლში ძალა მაქვს,
ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად“.

საოცარი რამ არის პოეზია, ანდამატივით იზიდავს ადამიანს, ისევე როგორც სილამაზე...

ეს ლამაზი მანდილოსანი - ანა ქირია გახლავთ...

მიყვარს სილამაზე, ანდამატივით მიზიდავს, განსაკუთრებით ლამაზი მანდილოსანი. როდესაც ლამაზ მანდილოსანს, ლამაზ ქალს ვხედავ, გული სიამით მევსება. არაფერი სჯობს სილამაზის ცქერას. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს ნათქვამი:

,,სილამაზე ცქერით როდი გაცვდება“... მართლაც ასეა!

სიტყვა „ლამაზმანი“ ქართულ სალიტერატურო ენაში შოთა რუსთაველმა დაამკვიდრა (,,ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები“...) ხოლო გავრცელებით იოსებ გრიშაშვილმა გაავრცელა:

,,სადა ხართ, ლამაზმანებო,
მოდით, დამათვრეთ ბუნებით.
ამივსეთ ტუჩის ყულაბა
მაგ კოცნის უზალთუნებით.

თორემ ვბერდები... და გულმაც
ლოდინის შხამი დალია.
ჰაუ, რა კარგი დღე არის!
ჰაუ, რამდენი ქალია!“

დაბოლოს, ჩემივე სტრიქონებით მინდა დავასრულო:

გადაივლიან შავი ღრუბლები
და გამოჩნდება ცაზე ირისე,
მე სიყვარულზე ვესაუბრები
ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.

რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს,
რამ დამავიწყოს ლამაზი ანა!
ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს,
გვტკივა ხახული, ოშკი და ბანა!

მსურს თბილი კერა უფრო გავათბო,
სხვა საქართველო არსად მეგულვის,
მიწის სურნელმა ისე დამათრო,
ვით ეშხმა ჩემი შეყვარებულის.

კარგი რამ არის ახალგაზრდობა,
მწვავს სიყვარულის უშრეტი ცეცხლი,
თუმც მოვიტოვე უკან ბავშვობა,
გულს კვლავ მიხარებს ჭიკჭიკი მერცხლის.

გადაივლიან შავი ღრუბლები
და გამოჩნდება ცაზე ირისე,
მე წრფელ გრძნობაზე ვესაუბრები
ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.

რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს,
ვერც დავივიწყებ იმ ლამაზ ანას!
ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს,
ქართველ დედების ვისმენდით ნანას!

ეჰ, ბედისწერა! ერთურთს დავშორდით,
თუმც ჩემი ბაგე კვლავ იკოცნება!
სველ ტანსაცმელებს მზეზე ვაშრობდით
და ვიღვრებოდით ქარში კოცნებად!

ისევ მივყვები ძნელად სავალ გზებს,
მაგრამ ღია მაქვს გულის კარები...
ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე,
მეც მიზიდავენ ლამაზმანები.

ოთარ რურუა

ირისე - ცისარტყელა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები