ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
22 იანვარი, 2023


Percy Bysshe Shelley — Stanzas

პერსი ბიში შელი - სტანსები

წადი! მთვარე ჩანს და მუქდება უკვე ჭაობი,
დაეწაფება მწუხრის ნათელს წყება ღრუბლების,
მალე დადგება ბნელი ღამე ქარით ნახმობი,
მრუმე სუდარას წააფარებს არეს სრულებით.

ფეხს ნუ აითრევ! სიყვარული ვერ გადარჩება,
შენს ცრემლისღვრასაც გული ნდობით ვეღარ ეპყრობა,
ვერ გთხოვს მიჯნური ცივი, მიმქრალ თვალით დარჩენას,
სიმარტოვისკენ გიძღვის ვალიც, დაუდევრობაც.

დამემშვიდობე! დაუბრუნდი კერას საკუთარს,
გამოიგლოვე ბედისწერით განამრუდები,
უცქირე ლანდებს, როგორ რთავენ ჩრდილით საყუდარს
სევდანარევი სიხარულის აბლაბუდებით.

ფოთლებს დაგაყრის შემოდგომის ჭრელი უღრანი,
ცვრიან ყვავილებს გაზაფხულზე ნახავ ფეხებთან,
საწუთროს სული თუმცა გაგხვევს უცნობ ბურანში
და გაგახევებს შხამიანი ბაგის შეხება.

ქარი ცხრება და ჩამოწვება დამდუმარება,
მთვარის ნათელიც ღრუბლის ფთილით ხდება მომდარო,
აღელვებული ოკეანეც ზოგჯერ წყნარდება,
ძილქუშს ეძლევა რაც მოძრაობს, შფოთავს - დროდადრო.

სიმშვიდეს პოვებ შენც საფლავში, წარიხოცება
შენი სამკვიდრო, სინანული და სიმძიმილი,
მეხსიერება, სანუკვარი ყველა ოცნება,
ხავერდოვანი ხმის ტემბრი და სათნო ღიმილი.

22 იანვარი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.bartleby.com/101/617.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს