ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2023


საჩუქარი

  ჩემი შვილიშვილი იყო ამასწინეებზე ამოსული. ტელევიზორი მომიტანა და რაღაც ყვავის ბოლოსავით გაფარჩხული რკინის ანტენა, ამით უნდა დავიჭიროთ არხებიო. რათ გინდოდა, შვილო, რისთვინ წუხდებოდი-მეთქი. ესო, ჩვენი ძველი ტევიზორია, მე ახალი  ვიყიდე, ახლა თხელი ეკრანებია, პლაზმა თუ ბლაზმა, ჰოდა, გადაგდებას, გქონდეს, საღამოობით ჩართავ და გაერთობიო. გართობა კარგი რამე არის, მე და ჩემმა ღმერთმა, სულაც გასართობზე არ არის ქვეყანა მოწყობილი, ამაზე კარქი საშუალება დაივიწყო, საფიქრალი და სადარდელი არც რა არის ამ ცის ქვეშეთში. აბა რა, მე რა ცხვირზე მური ხომ არ მისვია, მე რიღათი ვარ ნაკლები სხვებზე, ახლა ჩავრთავ ხოლმე საღამოობით, ჰოდა, სულ დამავიწყდება ჩემი ტკივილებიცა და მარტოობაც, მომენატრება შვილები და შევხედავ ამ ეკრანსა და წავა  ტკივილი გულიდან და იქ ეს გაკვლანწული ქალები აფუთფუთდებიან. ჰი ჰი, მეხიც კი ამათ დაჰყრიათ.
  რაი მეთქმოდა, მადლობა და მადლობა-მეთქი, ათასი მადლობა ვუთხარ ცალკე მას და  ცალკე კიდევ მის ცოლსა. რა მადლობაო კაცო, რის მადლობა, არ გრცხვენიაო? მცხვენია? ბევრი რამის მრცხვენია, მაგრამ მაგისი არა, სულაც მადლობისთვის აკეთებ კაცი ყველაფერს, მადლობის თქმა ცუდი კი არაა, აი რომ გაისარჯება კაცი შენთვის და შენ კიდევ გულში მადლიერების გრძნობაც არ გიჩნდება, ეგაა სამარცხვინო.
    სახურავზე მიამაგრა ეს რკინის საფრთხობელა, დაიტანჯა ბავშვი, აძვრება მაღლა,  შაატრიალებს ამ ანტენას, ჩამოვა ახლა  ტელევიზორს უტრიალებს, იქ კიდევა მხოლოდ ვერცხლისფერი  ეკრანი შხრიალებს. ისევ აძვრება და ახლა ცოტა აქეთ შამააბრუნებს. როგორც იქნა გაასწორა.  მარტო ერთ არხს იჭერსო, მაგრამ შენ მაგაზე არ იდარდო, დანარჩენი არხებიც დიდად არ განსხვავედებაო. აი, მაგალითად, აქ თუ ვინმეს წმინდანად მოიხსენებენ, მეორეგან უთუოდ იუდად არის გამოცხადებულიო. აქ თუ აცხადებენ ამაღამ გაწვიმდებაო, მეორე არხზე იტყვიან თაკარა მზეს უნდა ველოდოთო,  ერთი თუ ამბობს თეთრიაო, მეორე ამბობს - შავიო. ანუ სულ პირიქითო რა. თეთრსა და შავს შორის  ყველაზე მეტი ტონი როა  მოქცეული, მაგათ ეტყობა არ გაეგებათ ეგენი. ან იქნება და ზუსტადაც გაეგებათ და იმ შუაში მოქცეულის მიჩქმალვის მცდელობა თუ არის-მეთქი.
    ახლა ეს ტელევიზორი თავიდან კი არც რად ჩავაგდე, მაგრამ  ოჯახის ახალი  წევრივით არის. მოვიდა საღამოც და მოვუჯექი, დიდის სიფრთხილით ჩავრთე და რასა ვხედავ, რაღაც გადაცემაა, ხალხი გამოდის, აი ჩემსავით უბრალო ადამიანები, სოფლებიდან ჩამოსული მარტოხელა მოხუცები, პატარა ლოყებბუნჩულა ბავშვები და ზის რამდენიმე კაცი იქა,  ეტყვიან შეხტიო, თუ კარგად შეხტებიან, კარგა სამასხარაობი გამოჩნდებიან და ამ კაცებს გააცინებენ, ფულს მისცემენ, თუ არა და კარგად ბრძანდებოდეთო და გაისტუმრებენ საიდანაც მოსულან. ვინც უფრო მაგრად აცინებს ხალხს, ვინც უფრო მაღლა და სხარტად შეკუნტრუშდება, იმათ აქვთ თვალები ისეთი, ღმერთო, როგორი თვალები აქვთ, თითქოს მთელი სამყაროს ცრემლი ამ მზერაში აქვთ ჩაგუბებული.
  ვუყურე, ვუყურე და გამოვრთე ეს ოხერი. გამოვრთე და ამიწია წნევამ, ხან ცხელ წყალში ჩავდგი ფეხები და შემოვიდე კისერზე ჩემი კაცის სველი ცხვირსახოცი, ხან კიდევ ძმრიანი წყალი დავლიე.  ვერ იქნა და ვერ დავიგდე ეს ოხერი, მეწოდა კისერი და სულ მაბარგანავებდა.  ნანახს კიდევ ვერ იქნა და ვერ ვიგდებდი გულიდან. რას ეძახიან ამასა? დაიცა მავიგონო, გასართობი შოუ-პროგრამა. გასართობი. ერთობა ერი თურმე კაცის ისე გაუბედურებით, ისეთი გასაჭირით, რომ ორი მათხოვრული კაპეიკისთვის, გამოიღებს იმ შარვალსა და კასტუმს, ომის შემდეგ პარადებზე ჩასაცმელად რომ უყიდია, გამოიწკიპება, ჩაჯდება თავისი სოფლის ავტობუსში, ისეთი ზის ალბათ მეზობელსაც არ გამოეპასუხება.  რა მოგივიდა კაცო, რამე ცუდი ხომ არ შეგემთხვაო, ჰკითხავენ. არა, არა, ისეთი არაფერი, ქალაქს მივდივარო. არა და ზის და გუნებაში ასჯერ მაინც ახტება და შეიკუნტრუშებს.  სახლში კი გამოსდიოდა კარგათა, მაგრამ ვინ იცის იქ დაინახოს ეს კამერები და ათასი მამაძაღლობა და ვეღარ მოერიოს თავის სხეულსა. ზის და რაც მეტად ფიქრობს, მით მეტად უჩქარდება გული. ახლა კაცო, მაჰკვდომია თავი, შერცხვენას ვინ ჩივის, ბალღმა დააბარა, ფერადი ფანქრები წამომიღეო ქალაქიდან, იმას რა  პასუხი გასცეს. . .
  ამაებზე ვფიქრობდი და მერე ჩემს თავს ვუთხარი, იმ კაცებზე უარესი მე ვარ-მეთქი, მე და ყველა ჩემნაირი, ვინც გულის გადასაყოლებლად დამჯდარა და ამ გასაცოდავებულ, ამ უბედურ ადამიანებს შაჰყურებს და იცინის-მეთქი. ქა იცინის, ერთობა-მეთქი, ვიღაცის უბედურებაზე, ვიღაცის გასაჭირზე, ვიღაცის ულუკმა-პურობაზე. ამაებს ვფიქრობდი და ისე შემეზარა საკუთარი ადამიანობა, ისე შემრცხვა. არა, მეც კაი ვინმე ვარ, რო გავბრიყვდი და ამათ დავუჯერე. როდის იყო ქა, ამ ცის ქვეშეთში გართობისთვის გაეჩინოს ღმერთს  კაცი. თუ კი მაინცადამაინც გასართობი და სასაცილო გინდა, რაღაი ამ შავ ყუთში ეძებ, ჩაიხედე სარკეში,  კარქა დააკვირდი შენ თავსა, გაიხსენე ვინ იყავი და რა გახდი, რა გინდოდა და რა გამოვიდა, საით მიიწევდი და სად კი აღმოჩნდი... კარქა დაუკვირდი შენ თავსა და იქნება იმდენი სასაცილო ნახო, მუცელი ხელით გეჭიროს. 
  კარქი საჩუქარი კი გამოუვიდათ მე და ჩემმა ღმერთმა. არა, ქა, ვინც ერთობით ღმერთმაც გაგიმარჯოთ, მე კი, ქალი არ ვიყო, კიდევ მაგისკენ თუ გავიხედო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები