| ავტორი: ტინნე ჟანრი: პროზა 9 თებერვალი, 2023 |
ირგვლივ ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ხმამაღალი მუსიკა და ხმაური ერთმანეთში ისე არეულიყო, თავი ღამის კლუბში მეგონა. ელეგანტურ კაბებსა და კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრები, დარბაზში ტაატით დასეირნობდნენ და ერთმანეთს კეთილგანწყობილი ღიმილით ეკონტაქტებოდნენ. საუბრის მანერასა და მოძრაობაზე დაკვირვებით, უცხო თვალი იოლად შეამჩნევდა რომ წვეულებაზე მაღალი საზოგადოება შეკრებილიყო. პოლიტიკოსები, ოლიგარქები და შოუბიზნესის წარმომადგენლები, მეორე ნახევრებთან ერთად მოსულიყვნენ, საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად. დარბაზში შესვლამდე, პატარა ხელჩანთიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი ნომერი სწრაფად ავკრიფე. - მე ვარ! ადგილზე ვარ! - ხმადაბლა ჩავილაპარაკე. - მიღებულია! - მყისიერად მიპასუხა მამაკაცის ხმამ. ტელეფონი ადგილზე დავაბრუნე და ჩემი ძვირფასი ქურქი ვესტიბიულში მდგარ პორტიეს გავუწოდე. - სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ! - გულითადი ღიმილი დილის სხივივით შემომეგება. მადლიერება თავის დაკვრით გამოვხატე და უზარმაზარ დარბაზში თამამად შევაბიჯე. შემაღლებულ სცენაზე ბენდი ემზადებოდა. თვალი საზოგადოებას გადავავლე და ჩემთვის საინტერესო პიროვნება უმალ დავაფიქსირე. ძვირადღირებულ პიჯაკში გამოწყობილს ქერა, მაღალი ქალისთვის ხელმკლავი გაეკეთებინა და მთავრობის ორ წარმომადგენელს მკვეთრი საუბრის მანერით, დაბეჯითებით ესაუბრებოდა. ოფიციანტი სასმელებით სავსე ლანგრით ხელში მარჯვნიდან მომიახლოვდა. ერთი ბოკალი ავიღე და მოპირდაპირე მხარეს, ფრანგულ ფანჯარასთან აღმართული ქანდაკებისკენ გავემართე. ფანჯრიდან ბაღის უხვად განათებული, შესანიშნავი ხედი იშლებოდა. საღამოს ბინდი ხეებს შორის თანაბრად ეშვებოდა და გარემოს შავად მოსავდა. ქანდაკების ჩრდილში მდგარს წინ მაღალი სილუეტი ჩამომეფარა. - მიდი! - მხოლოდ ჩემთვის გასაგები ხმით, შემოუბრუნებლად ჩაილაპარაკა. წაქეზება არც დამჭირვებია, ოდნავ დავიხარე, სკულპტურის ძირას შემალული პისტოლეტი ხელში ავიტაცე და ათასფრად აელვარებული კაბის ნაოჭში, თეძოსთან სხარტად დავიმაგრე. სილუეტი ნელა გამშორდა, შორიდან თვალი გამისწორა და ხალხის მასას შეერია. ბენდს მომზადება დაესრულებინა და ხმამაღალი მუსიკაც მალე შეწყდა. საზოგადოება სცენისკენ შებრუნებულიყო და გაფაციცებული ელოდა მომღერლის გამოჩენას. ობიექტს ზურგიდან თვალს არ ვაშორებდი. თანმხლებ ქალთან ერთად, ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა. ყველას ყურადღება სცენისკენ იყო მიმართული. მინი კონცერტი ნახევარი საათის დაწყებული იქნებოდა, მოულოდნელად დარბაზში ქალის განწირული კივილი რომ გაისმა. ხელი ინსტინქტურად იარაღისკენ გამექცა, მაგრამ მომარჯვება ვერ მოვასწარი რომ მარცხენა მხარში, მთელი სიძლიერით რაღაც დამეჯახა და რამდენიმე მეტრით უკან მომისროლა. ტკივილმა თვალები დამიბნელა და მთელს სხეულში დამსხვრეული მინის ნამცეცებივით გაიშალა. - ოფიცერი დაჭრილია! - გაისმა რაციის ჩუმი შიშინი. მეხსიერებამ, დარბაზში შემოვარდნილი შავებში გამოწყობილი სპეცრაზმი, ჩემს სახესთან დახრილი ნიღბიანი სახე და საფეთქელთან პატარა იარა, მკვეთრად დაიმახსოვრა... სხეულის არცერთ ორგანოს გამართულად მუშაობა არ გამოსდიოდა, გარდა გონებისა. თავს სადღაც მიგდებულ, რამდენიმეტონიან ლოდად ვგრძნობდი, რომელსაც ფიქრი შეეძლო. სხეულზე დაკიდებული სიმძიმე ქვემოთ მექაჩებოდა და თითქოს ეს ყველაფერი ჩემს აზროვნებაზე ეკიდა. მარცხენა ყურის სიახლოვეს, რაღაც აპარატი გულისგამაწვრილებლად ითვლიდა ჩემს პულსს და დახუჭულ ქუთუთოებში მზისა და თეთრად შეფეთქილი ოთახის დამაბრმავებელი სიკაშკაშე, ორმაგი სიძლიერით მიძვრებოდა. თვალის გახელა არ მინდოდა, გაუნძრევლად ვიწექი და არსაიდან მოსულ ჯადოსნურ სურნელს ხარბად ვისუნთქავდი. ამ წუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, საიდან ან რატომ მესმოდა ასე მკვეთრად ეს სუნი. აპარატის წრიპინიდან და ჩემი სხეულის პარალიზებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელი არ იყო მიხვედრა სადაც ვიმყოფებოდი მაგრამ, ეს სურნელი... მალე ცნობისმოყვარეობამ პარალიზებას სძლია და ერთმანეთის მონაცვლეობით გავახილე თვალები. სადამდეც მზერა მისწვდა ვერაფერი დავინახე. არც ცხვირში შემძვრალი, მძაფრი ეფექტი გამქრალა რომ მეფიქრა, მომეჩვენა მეთქი. განძრევა ვერ მოვახერხე რომ პალატის უკანა მონაკვეთიც შემეთვალიერებინა. მარცხენა მკლავის მცირე შერხევამაც კი ჯოჯოხეთური ტკივილი მომაყენა და საწოლზე დამაბრუნა. ოთახში მიმოვიხედე, საოცრად სტერილური და კეთილმოწყობილი იყო. ჯანსაღი ხელი ექთნის გამოსაძახებელი ღილაკისკენ წავიღე და ზედიზედ სამჯერ დავაჭირე. ვიღაცას უნდა მოვეკითხე და ჩემი მდგომარეობის შესახებ რაიმე ეთქვა. რამდენიმე წუთში, ოპერატიულად გაიღო კარი და სასიამოვნო გარეგნობის, დაახლოებით ჩემი ასაკის ექთანმა შემოაბიჯა. ღიმილით მომესალმა და გადარჩენა მომილოცა. ჩემს შეკითხვებსაც დამაკმაყოფილებლად უპასუხა და ამიხსნა რომ, აქ კიდევ რამდენიმე დღით მომიწევდა დარჩენა, მანამ სანამ ჩემი ჭრილობა კარგად მოშუშდებოდა. თავი ვერ შევიკავე და სურნელის შესახებაც ვიკითხე. ეშმაკურად გაეღიმა და ჩემკენ დახრილმა რაღაცას ხელი დაავლო. თეთრ ზარებად აფეთქებული შროშანები, ლამაზად მოწნულ კალათაში თავს ამაყად იწონებდნენ და სწორედ ისინი აფრქვევდნენ ამ საოცარ არომატს. არც რაიმე ბარათი და არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ჩანდა, რაც გამომგზავნის ვინაობას ცხადს გახდიდა. ექთანმა სანდრამ მხოლოდ ის გაიხსენა რომ ამ დილას, მისი ცვლის დასაწყისისას მოეტანა ვიღაცას. მიმღებში გავლისას შეემჩნია მაღალი და ზედმეტად მიმზიდველი შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც ხელში აღნიშნული მშვენება ეკავა. ყურადღებაც მხოლოდ იმიტომ გაემახვილებინა, რომ გიჟდებოდა ყვავილებზე და დამნაშავე სახით დაამატა, მეტი არაფერი ვიციო. ოდნავი წარმოდგენაც კი არ მქონდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. მსგავსი აღწერილობით არავის ვიცნობდი და არც არავინ მახსენდებოდა. გონების დაძაბვამ კვლავ ძილი მომგვარა. სანდრა უჩუმრად გასულიყო პალატიდან. სურნელოვანი მშვენება მართლაც საოცრება იყო, მისი მომტანი კი ოდესღაც გამოჩნდებოდა. ორ კვირაში გამომწერეს. რეაბილიტაციიდან ორი კვირის შემდეგ კი, ჩემი უშუალო ხელმძღვანელის დაჟინებული მოთხოვნით, თავი საწვრთნელ ბაზაზე ამოვყავი. ოპერაციის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ჩათვალა რომ უნარების გავარჯიშება მესაჭიროებოდა. დაბალი, ჩასხმული და მრგვალსახიანი ჩინო, ტიპიური პოლიციელის სრული ანტიპოდი იყო. ხანდახან ისეთი სასაცილო მანერები ჰქონდა, შეკავებული სიცილისგან გაწითლებული, ხშირად გავვარდნილვარ შენობის უკანა ეზოში და მისი ეს ბრძანებაც, მანამდე ვერ აღვიქვი სერიოზულად, სანამ პირდაპირ სპეცრაზმელთა საწვრთნელ შტაბში არ მიკრა თავი. არ შევწინააღმდეგებივარ, მართალი იყო. ოპერაცია ჩემს გამო ჩავარდა. ყველაზე გარდამტეხ მომენტში ინსტიქტების მართვა ვერ შევძელი. საზღვაო ქვეითთა პოლიგონზე მისულმა თავი პირველკლასელი, აწურული მოსწავლესავით ვიგრძენი. ჩემს გარშემო ნამდვილი ,,ნინძები" მოძრაობდნენ. დაკუნთულ სხეულებს ზედმეტი ბარგივით მძიმედ დაატარებდნენ და ჩემდა გასაოცრად, არც მდედრობითი სქესის სამხედროებს ჰქონდათ განსხვავებული სიარულის მანერა. მე მათთან შედარებით ფარფატა პეპელა ვიყავი. პირველად სროლის ტექნიკის გასახსენებლად გამგზავნეს. მწკრივის ბოლოში დარჩენილი, ერთადერთი თავისუფალი მაგიდისკენ ავიღე გეზი. პნევმატური, ლურჯლულიანი პისტოლეტი მოვმართე და ყურსასმენები მოვირგე. მარჯვენა მიკანკალებდა და მცდელობები არცთუ კარგად გამომდიოდა. ვერც იარაღის ხელში შეგრძნების სიამოვნებამ გადაწონა შინაგანი დაძაბულობა. ყოველი მოზიდული სამიზნე დაფა უარეს შედეგს მიჩვენებდა. ის იყო დღეისთვის თავის დანებებას ვაპირებდი რომ სახესთან სხვისი კანის სიახლოვე, თოვლის ფიფქის ნაზი შეხებასავით ვიგრძენი და ვიღაცის მკლავმა ჩემი მტევანი საჩვენებელი თითით, რამდენიმე მილიმეტრით ზემოთ ასწია და გაასწორა. დაუფიქრებლად გამოვკარი სასხლეტს და ტყვია სამიზნეს თითქმის შუაგულთან გავუსწორე. პისტოლეტი დავუშვი და გაბრწყინებული სახით შემოვბრუნდი. ჩემს წინ კეპი ქუდითა და შავი სათვალით, ერთი თავით მაღალი, ძლიერი აღნაგობის ბიჭი იდგა და მომაჯადოვებლად მიღიმოდა. - დიდი ხანია არ გივარჯიშია! - წარმოთქვა დასკვნასავით და სათვალე მოიხსნა. მის საფეთქელთან პატარა იარა, მეხსიერების შორეულ მიჯნასთან, სიზმრად ნანახივით ბუნდოვნად ამოტივტივდა... პოლიგონზე თვეზე მეტი გავატარე. მარკო უნებურად ჩემს პირად მწრთნელად იქცა და საწვრთნელი პერიოდის დასრულების შემდეგ, ბაზიდან მომავალი ვგრძნობდი რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. მეორე დღეს ბინის კართან შროშანების ნაცნობი კალათა ვიპოვე და მივხვდი, თავადაც იგივეს ფიქრობდა. ექვსი თვის შემდეგ დავინიშნეთ და ბედნიერების ღრუბელმა იმაზე უფრო ზემოთ ამიტაცა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ერთად გატარებული შაბათ-კვირის შემდეგ, პეიჯერზე სასწრაფო გამოძახების შეტყობინებამ, განყოფილებაში გამოცხადება მამცნო. ჩინო კაბინეტში გააფთრებული სცემდა ბოლთას. ჰალსტუხი შეეხსნა და სავარძელზე მიეგდო. ამას იშვიათად აკეთებდა და მივხვდი, საქმე ძალიან სერიოზულად იყო. ასეც აღმოჩნდა. სრულიად საიდუმლო დავალებით, სპეცრაზმთან ერთად, ავღანეთის ტერიტორიაზე ფეხმოკიდებული, იტალიური მაფიოზური დაჯგუფების სალიკვიდაციოდ ვიგზავნებოდი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და ნარკოტიკებითა და ადამიანთა ორგანოებით აქტიურად ვაჭრობდა. ჩემს კითხვაზე, რაში ვესაჭიროებოდი უმაღლესი კლასის სპეცჯგუფს მე, პოლიციის ჩვეულებრივი ოფიცერი, პასუხად ჩემი ენების ცოდნა დაასახელა. ამიხსნა რომ, ბოროტმოქმედთა ლიდერს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ადგილობრივ კრიმინალურ მოსახლეობასთან და მათთან კონტაქტისას სჭირდებოდათ პუშტუს მცოდნე და ამავე დროს გაწვრთნილი ადამიანი, მეტი უსაფრთხოებისათვის. ასეთი კი მხოლოდ მე აღმოვჩნდი. - ელენა, ვიცი მძიმე დავალებაზე გგზავნი... მერწმუნე, მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენე რომ ეს ოპერაცია შენთვის ამერიდებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არაფერს ვწყვეტ! არ მინდა დაგძაბო, უმაღლეს დონეზე გაწვრთნილ რაზმთან ერთად მიდიხარ თუმცა, ახლა მთელი არსებული თუ არარსებული უნარების თავმოყრა დაგჭირდება. მიუხედავად სირთულისა, მე მჯერა შენი! - საუბრისას, აქამდე ზურგით მდგარი ჩემსკენ შემობრუნდა და სრულიად მოულოდნელად გადამეხვია. მისგან მამობრივ მზრუნველობას ყოველთვის ვგრძნობდი და მიჩვეულიც კი ვიყავი, ასეთი სენტიმენტალური კი არასოდეს ყოფილა. ამან ძალიან დამაბნია, ხმა ვერ ამოვიღე. ცხადად ვიგრძენი რომ სიტუაცია იმაზე სახიფათო იყო, ვიდრე მეგონა. ერთ საათში აეროდრომზე უნდა გამოვცხადებულიყავი, მომზადება მჭირდებოდა და პირდაპირ სახლში წავედი. მარკოსა და ჩემს ოჯახს ამის შესახებ გაფრენამდე შევატყობინებდი. უზარმაზარი, რუხი სამხედრო თვითმფრინავი C-17 ნელ-ნელა ივსებოდა. მისმა დანახვამ და მასთან მოფუსფუსე სამხედროებმა ნაცნობი, სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა. თავი ისევ ცოცხლად და სასარგებლოდ ვიგრძენი. აი, სწორედ ამის გამო მიყვარდა ჩემი პროფესია და ვერანაირი სახიფათო მისია ამ შეგრძნებას ვერ გააფუჭებდა. ზურგჩანთა მხარზე შევისწორე და ,,რუხი ვეშაპისკენ" გავაბიჯე. ბორტზე ფეხის შედგმისთანავე ჩემი სახელი მომესმა. ხმის მიმართულებით შევბრუნდი და გაცეცხლებული მარკოს ნაჯახივით მზერას წავაწყდი. თვალებიდან პირდაპირ ნაპერწკლებს ისროდა. - შენ აქ რას აკეთებ? - მისმა მომთხოვნმა ხმამ ადგილზე მიმალურსმა. თვალები ირგვლივ უმწეოდ გავაცეცე. ჩანთა მოვიხსენი და ღრმად ჩავისუნთქე. ახლა ნამდვილად მთელი ჩემი ქალური ენერგია დამჭირდებოდა მის დასამშვიდებლად, რადგან ასეთი აქამდე არასოდეს მენახა. მივუახლოვდი და თვალებში დაჟინებით ჩავხედე. ასე უფრო იოლად დავარწმუნებდი, ყოველგვარი შეხების გარეშე, ჯერჯერობით... - მეც მოვდივარ! - ხმადაბლა და მტკიცედ ვუთხარი. - ის თარჯიმანი შენ ხარ... - თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და კბილებსშორის სისინით გამოსცრა. - ჰო, და ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ეს ჩემი დავალებაა, ისევე როგორც შენი და ეს ბრძანებაა! - ტყუილად გავისარჯე. ხელი რაციას დაავლო და ბორტი თითქმის სირბილით დატოვა. ვიცოდი, ვერაფერს გახდებოდა მაგრამ ნება მივეცი ეცადა. ასე საკუთარი თავის დადანაშაულებას აღარ დაიწყებდა, რომ სიტუაციის შესაცვლელად არაფერი მოიმოქმედა. ჩამოვჯექი და ცდა დავიწყე. მოწყვეტილი დაბრუნდა, ვიღაცას თითქოს სასიცოცხლო ენერგიისგან დაეშრიტა და ჩემს გვერდით მძიმედ დაეშვა. - აქ არ უნდა იყო! - მაინც ჯიუტად ჩაილაპარაკა და ჩამქრალი თვალებით შემომხედა. - პუშტუმ დამღუპა, არ უნდა მესწავლა... - გამამხნევებლად გავუღიმე და ხელზე ხელი მაგრად ჩავავლე. - შენ ამგვარად კიდევ სამ ენას ფლობ. გამოდის, მუდამ უნდა მეშინოდეს. - ნათქვამს გული ამოაყოლა და მთელი სხეულით ჩამიხუტა. ვფიქრობდი, მისიაზე გასვლამდე შედარებით დამშვიდდებოდა, მაგრამ შევცდი. საკუთარი თავის კონტროლი ყოველთვის ეხერხებოდა. ბოლოსდაბოლოს ამას ასწავლიდნენ კიდეც, მაგრამ ახლა ვხედავდი რომ ემოციებს ებრძოდა. ებრძოდა და სამწუხაროდ, არაფერი გამოსდიოდა. მისი ნერვიულობა, დროის გასვლასთან ერთად, შესუსტების ნაცვლად უფრო აშკარა გახდა. იმდენად, რომ მეგონა ხელითაც კი შეიგრძნობოდა. რამდენჯერმე დალაპარაკება ვცადე, საქმე მოიმიზეზა და გამერიდა. ვერ ვხვდებოდი რატომ გამირბოდა, გავბრაზდი კიდეც ასე რომ მექცეოდა. სუსტი ბავშვივით მოპყრობას ვერ შევეგუებოდი. ეს არ იყო ჩემთვის პირველი, რთული დავალება და არც გამოცდილების უქონლობას ვუჩიოდი. ამიტომ როგორც კი გვიან ღამით, ბაზის შუაგულში ანთებულ კოცონთან მარტო მჯდომი დავინახე, ბევრი არ მიფიქრია და პირდაპირ მისკენ წავედი. ფიქრებს იმდენად ჰყავდათ გატაცებული, რომ სიფრთხილის ყოველგვარი შეგრძნება დაკარგვოდა. ისე მივუახლოვდი, ვერ შემნიშნა. თვალები ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ მიეპყრო და გაუნძრევლად იჯდა. - მარკო, ყველაფერი კარგად ჩაივლის! - მტკიცედ ვთქვი და იქვე ჩავჯექი. - ეგ არ ვიცით... - არ შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა. - აი ნახავ! პირველი დავალება ხომ არაა ჩემთვის, თანაც შენთან ერთად უფრო უსაფრთხოდ არ ვიქნები?! - წინ გადავინაცვლე და ვაიძულე თვალებში შემოეხედა. - შენი ბოლო მისია როგორც დასრულდა ორივემ ვიცით. მგონია, რომ ჯერ ისევ არ ხარ მზად... თანაც... - რამდენიმე დღეში უკან, მშვიდობით დაბრუნებულებს სასაცილოდ არ გვეყოფა შენი ეს ნერვიულობა. - ... - ყველაფერი რომ დასრულდება, შეგვიძლია შვებულება ავიღოთ და სადმე წავიდეთ ცოტახნით. თუ გინდა შენს საყვარელ თბილისში, ხომ ისედაც აპირებდი ჩემს წაყვანა. ჰოდა, ახლა მისიის წარმატებით დასრულების მშვენიერი მიზეზი გვექნება და შეგვიძლია აღვნიშნოთ! რას იტყვი?! - უპასუხოდ დამტოვა. მხოლოდ ოდნავ გამიღიმა, თავისკენ მიმიზიდა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო. ბაზაზე რამდენიმე დღე გაგვაჩერეს, კონტაქტისგან ადგილმდებარეობის დამადასტურებულ, უტყუარ ნიშანს ელოდნენ. სხვა შემთხვევაში, უმაღლეს დონეზე გაწვრთნილ რაზმს საფრთხეში ვერ ჩააგდებდნენ. ჯგუფის წევრები უსაქმურობისგან უკვე წრიალებდნენ. ყოველ საღამოს კოცონთან იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთს დამსგავსებული დღეები, ოდნავ მაინც შეეცვალათ. მარკო თანდათან დამშვიდდა თუ ბედს შეეგუა, ვეღარ ვხვდებოდი. მეხუთე დღეს, როგორც იქნა, მთავარ კარავში გამოგვიძახეს. ყველა მონიტორი ერთიდაიგივე მამაკაცის გამოსახულებას აჩვენებდა. რომელსაც იმდენად დადებითი გამომეტყველება ჰქონდა, რომ სანამ მის მიერ ჩადენილ, სასტიკ დანაშაულებს ჩამოთვლიდნენ, ეჭვიც კი შემეპარა მის ბრალეულობაში. ბიჭები მისიაზე გასვლის სამზადისს ოვაციებით შეხვდნენ. მხოლოდ მარკო იდგა მოქუფრული სახით და დანა კბილს არ უხსნიდა. აღჭურვილობით შემოსვას დიდი დრო არ წაუღია, ვერტმფრენთან სწრაფად აღმოვჩნდით. პილოტიც ქალი აღმოჩნდა და, ალბათ სოლიდარობის ნიშნად, გამიღიმა. თავი იატაკზე უსაფრთხოების ქამრით მივიბი და ჯავშანჟილეტის სალტეები კიდევ ერთხელ შევამოწმე. მარკო გვერდით მომიჯდა და წამითაც არ მომცილდეო, ჩამჩურჩულა. მისი სიმშვიდისთვის, ასეც ვაპირებდი. ბექსის დანახვამ სიხარული მომგვარა. ის გუნდის საგანგებოდ გაწვრთნილი წევრი იყო და ძირითადად ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნა ევალებოდა. მასაც საგანგებო აღჭურვილობა ემოსა და ყურებსშორის მინიატურული კამერა ემაგრა. მივეფერე, ჭკვიანმა არსებამ საპასუხოდ ხელი ამილოკა და კუდის ქიცინით მომიცუცქდა. სამიზნე ობიექტიდან ერთ კილომეტრში ჩამოგვსვეს. ხრიოკი, ნახევრადუდაბნო უნდა გაგვევლო. ფრთხილად ვმოძრაობდით. მარკოს უკან მივდიოდი და ვცდილობდი, ოდნავადაც არ ჩამოვრჩენოდი. ციცაბო დაღმართს მივადექით. შევჩერდით, მუხლებზე გადავინაცვლეთ და დაბლობში აღმართული შენობების თვალიერება, ღამის ხედვის კამერებით დავიწყეთ. მავთულხლართით შემოსაზღვრულ ტერიტორიას ორი ავტომატით შეიარაღებული და სახეშებურული დაცვა მეთვალყურეობდა. გუნდის ლიდერმა, მათ უჩუმრად გასაუვნებლად, ორი წევრი გაგზავნა. ბიჭების წასვლიდან რამდენიმე წუთში, რაციებმა შეტევის დაწყების ნიშანი გადმოსცა. შენობებს აღმოსავლეთის მხრიდან მივუახლოვდით. ნაგებობის უფანჯრო მხარე უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას გვაძლევდა. სუსტი ნიავი უბერავდა და ჭრიჭინების ხმა შეუჩერებლად ისმოდა. თანდათან ფეხებში სიმძიმე ვიგრძენი. მოძრაობა გამიჭირდა, თითქოს უკან რაღაც მექაჩებოდა და წინ წასვლას მიშლიდა. თავს შემოვუძახე, ახლა სისუსტის დრო არ იყო. კიდევ ერთი შეცდომა და ჩემი კარიერა სამუდამოდ დასამარდებოდა. გარდა ამისა, იქ ჩემს გარდა ექვსკაციანი გუნდი იმყოფებოდა და მცირე გადაცდომაც კი, შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაგვჯდომოდა. რაზმის კიდევ ერთი წევრი წინ მიდიოდა და ჰაერს გამალებით ყნოსავდა. ბექსს ღიმილით გავხედე და ლოდებად ქცეული ნაბიჯებით სვლა გავაგრძელე. ის იყო, შენობის კუთხე უნდა გაგვევლო რომ ძაღლი მოულოდნელად მიწაზე ჩაჯდა. ბექსს პირველად არ ვხედავდი და ვიცოდი ეს საქციელი რასაც ნიშნავდა. მისმა ფაქიზმა ყნოსვამ ახლომახლო ასაფეთქებლის სუნი ამოიცნო. მარკომ მაჯაში ხელი ჩამავლო და ადგილზე დარჩენა მიბრძანა. წამში სრულიად მარტო აღმოვჩნდი და ირგვლივ მიმოვიხედე. ადამიანური მხედველობა ბევრს ვერაფერს მაძლევდა და ღამის ხედვის კამერა თვალებთან ჩამოვიტანე. ამასობაში რამდენიმე წუთი გავიდა და მარცხენა მხრიდან სუსტი ფაჩუნი მომესმა. გაფრთხილების მიუხედავად, იარაღი მოვიმარჯვე და კედელ-კედელ ფრთხილად გავუყევი. მეორე შენობას უჩუმრად მივუახლოვდი და ფანჯარასთან აღმოვჩნდი. მის გვერდით კარი მოჩანდა. შიგნით რაიმეს დანახვა, ბინძური სარკმლიდან ვცადე მაგრამ ამოქოლილი დამხვდა. კართან მივიპარე და სახელური მოვსინჯე, ღრმად ჩავისუნთქე და ჩემსკენ მოვქაჩე. არ გაიღო, ამიტომ შიგნითა მხარეს მივაწექი. ანჯამებმა დაიჭრიალეს და წამიერად ყველაფერი განათდა. აფეთქების ძალამ უკუმიმართულებით მომისროლა და მე, ტკივილის ნაცვლად, ვიგრძენი რომ უბრალოდ... გავქრი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დიდი მადლობა, მუხა, ნიკი! კი, რადიკალურად განსხვავებული თავია, თანდათანობით უფრო გასაგები გახდება ყველაფერი :) დიდი მადლობა, მუხა, ნიკი! კი, რადიკალურად განსხვავებული თავია, თანდათანობით უფრო გასაგები გახდება ყველაფერი :)
6. გარედან წავიკითხე და კომენტარს ახლა ვტოვებ უცნაური განვითარება მიეცა სიტუაციას ჯერ მთლად ბოლომდე ვერ გავერკვიე რა ხდება რეალურად
ისევ და ისევ საინტერესო ადგილას გამწყდარი თხრობა და კითხვები: მერე? მერე რა იქნება?
5 ცხადია და თან საყვედური, მოკლე თავებია ნამეტანი :) გარედან წავიკითხე და კომენტარს ახლა ვტოვებ უცნაური განვითარება მიეცა სიტუაციას ჯერ მთლად ბოლომდე ვერ გავერკვიე რა ხდება რეალურად
ისევ და ისევ საინტერესო ადგილას გამწყდარი თხრობა და კითხვები: მერე? მერე რა იქნება?
5 ცხადია და თან საყვედური, მოკლე თავებია ნამეტანი :)
5. ძალიან საინტერესო ადგილსა შეწყდა, დაველოდებით გაგრძელებას ძალიან საინტერესო ადგილსა შეწყდა, დაველოდებით გაგრძელებას
4. გპირდებით, მოულოდნელობები და უცნაურობები კიდევ უხვად იქნება :D გპირდებით, მოულოდნელობები და უცნაურობები კიდევ უხვად იქნება :D
3. მოულოდნელი გაგრძელებაა. ფრიადი
მოულოდნელი გაგრძელებაა. ფრიადი
2. პირველად მოხვდა? საოცარია ამდენ ხანს რატომ არ მოხვედრილა
გამიხარდა ნამდვილად, თორემ უცნაურ სიტუაციებში მიატოვებთ ხოლმე ამ გოგოს და მეცოდება :)
მოგვიანებით წავიკითხავ პირველად მოხვდა? საოცარია ამდენ ხანს რატომ არ მოხვედრილა
გამიხარდა ნამდვილად, თორემ უცნაურ სიტუაციებში მიატოვებთ ხოლმე ამ გოგოს და მეცოდება :)
მოგვიანებით წავიკითხავ
1. მთავარ გვერდზე ჩემი ნაწარმოების, პირველად მოხვედრის აღსანიშნავად გიტოვებთ შემდეგ თავს :* გმადლობთ! მთავარ გვერდზე ჩემი ნაწარმოების, პირველად მოხვედრის აღსანიშნავად გიტოვებთ შემდეგ თავს :* გმადლობთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|