ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2023


ემოციები ხვიჩა კვარაცხელიას სტადიონიდან

  ახლა თუ ამას კითხულობ, ნიშნავს იმას რომ ემოციების შეკავება ვერ მოვახერხე და ვეცადე ისე გადმომეცა როგორც, ჩემი აზრით, არც თუ ისე ცუდად გამომდის. ოჯახის წევრები საერთო ,,ჩატში'' ხელში შევიკალი, თუმცა მაინც ვერ დავიცალე მოძალებული სიამაყისგან.
  იმის შესახებ რომ ნაპოლი სათამაშოდ ჩემს ქალაქში მოდიოდა, იმ ოჯახის ერთერთი წევრისგან გავიგე, სადაც ამჟამად ვმუშაობ. მანვე შემომთავაზა, არ გინდა წასვლაო?! არ გინდაოო?! რას ჰქვია არ მინდა მეთქი და სულ რამდენიღაცა წუთი დამჭირდა მეპოვა სხვა მსურველი ქართველები. ბილეთებში იმაზე ბევრად მეტი გადავიხადეთ, ვიდრე ღირდა და ვიდრე ვაპირებდით, მაგრამ არ მადარდებდა, მეტსაც გადავიხდიდი ოღონდაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაში სტადიონზე რეალურად მეხილა.
  დარჩენილი ორი კვირა დღეების თვლაში გავატარე და ისეთივე ბედნიერი წავედი, როგორიც საქართველოში დაბრუნებისას ვარ ხოლმე.
  ადგილზე მისულს რა სიტუაციაც დამხვდა, იმის სიტყვებით გადმოცემა ჩემთვისაც კი შეუძლებელია, ეს უნდა გამოსცადო. ის დამოკიდებულება რაც, იტალიელი გულშემატკივრისგან, უკვე კარგად ნაცნობი ქართული დროშის დანახვისას მოდიოდა, განსაკუთრებით ამაღელვებელია მაშინ, როცა ენა გესმის. ხედავ, როგორ ამაყად და სიყვარულით ანთებული თვალებით გხვდებიან. ხმამაღლა მოგძახიან ,,ფორცა კვარა'', ,,ფორცა ჯორჯია''. ნაბიჯს ვერ გადადგამ რომ არ გესმოდეს მათი ერთმანეთთან გადაძახილი: ნახე, ესენი ქართველები არიან.
  ტრიბუნაზე მოხვედრილებს, კიდევ უფრო მეტი სიამაყე დაგვეუფლა, როცა ნაპოლის გულშემატკივარმა, ხუთჯვრიანი დროშის დანახვისას, ჩვენთან ფოტოების გადაღება, დიდი მოწიწებით გვთხოვა. რა თქმა უნდა, შანსი მეც გამოვიყენე და მოედნის ფონზე, გაშლილი დროშით სურათი გადავიღე. თავი ვეღარ შევიკავე და სოციალურ ქსელში მაშინვე ავტვირთე. მყისიერად წამოსულმა რეაქციებმა და კომენტარებმა მიმახვედრა, თუ რამდენი ადამიანის საოცნებო ადგილას ვიმყოფებოდი. მანამდეც ვიცოდი, როგორი ძვირი სიამოვნებაა, კვარაცხელიას თამაშზე მოსახვედრად, ტურის შეძენა. საქართველოს ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, არაა ადვილი საქმე 4100 ლარი სამდღიან ვოიაჟში გადაიხადო. დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც სოლიდური შემოსავალი გააჩნია და აქვე დავამატებ რომ იმის ნახევარ სიამოვნებას იღებენ, რადგან ალბათ უმეტესობას არ ესმის ენა, რომ გაიგონ, რა საოცარი სიტყვებით მოიხსენიებენ ხვიჩას და მადლობას უხდიან ჩვენს ქვეყანას მისი დაბადებისთვის.
  თამაშის დაწყებამდე, უკნიდან მორიდებული ,,სკუზი'' მომესმა და მივხვდი მე მეძახდნენ. მკითხეს, რომელი ქვეყნის დროშააო და პასუხის მოსმენისას, ერთმა მეორეს შეუძახა, აი, ხომ გეუბნებოდიო. სანაძლეო დაუდიათ, თურმე. თან ჰქონდათ ხვიჩას გამოსახულებიანი დროშები და ბავშვების მიერ დახატული უზარმაზარი ბანერები.
  სიამაყისგან გული ლამის გამისკდა მაშინ როცა, თამაში დაწყებულიც რომ არ მეგონა და მეთორმეტე წუთზე კვარაცხელიას გოლი გავიდა. დაინგრა მაპეი!¹ ტრიბუნამ ჩემს ქვემოთ ზანზარი დაიწყო და ყურებში ხალხის ღრიალისგან აღარაფერი მესმოდა. აღფრთოვანებული იტალიელები, სრულიად უცხო ადამიანებს გვეხვეოდნენ, ხვიჩას სიყვარულის გამო. პატარა ბავშვები  ხმის ჩახლეხვამდე გაჰყვიროდნენ, ჩვენი იდეალი ხარო.
  შეტყობინებების ახალი ტალღა ჩემს ტელეფონს, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ მოაწყდა, რაც ჩვენი, ოთხი ადამიანის გამოსახულება ტელევიზიით გადაიცა. 22000იან სტადიონზე, მთავარმა კამერამ ქართული დროშებით გამოგვარჩია და კადრში რამდენჯერმე გაგვიყვანა. მეორე ტაიმისას, როცა ხვიჩა ზუსტად ჩვენს თვალწინ დარბოდა, იტალიურ გამამხნევებელ შეძახილებს, ქართულიც შეუჩერებლად ერთვოდა. შიგადაშიგ მეგრული ,,ქუკალე ხვიჩაც'' არაერთხელ გაისმა, თუმცა ამ საოცრად თავმდაბალ ბიჭს, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, არცერთხელ მოუდუნებია ყურადღება, და ტრიბუნებისკენ ყურება არ დაუწყია.
  თამაშის დასრულებისას, გასასვლელისკენ როცა მივიწევდით, ჩვენი დანახვისას, სამადლობლად, კვლავ ,,ფორცა კვარას'' მოგვძახოდნენ და ტაშით გვაცილებდნენ. იმ წუთებში დროშის დანახვა საჭირო ნამდვილად აღარ იყო, მთელ ტრიბუნას ოთხი ადამიანი უკვე დავემახსოვრებინეთ.
  ეს იყო ემოციების ზღვა, ენითაუწერელი ბედნიერება. ის ერთერთი დღე, როცა საკუთარი ეროვნებით განსაკუთრებით ამაყი ხარ, და ეს იმ 22 წლის ბიჭის დამსახურებაა, ვისაც ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია!


¹მაპეი - სტადიონი რეჯო ემილიაში, იტალია
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები