ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2023


სახელი თავად შეურჩიეთ

უყურებ სამკვდროდ გადაკიდებულ
საბრძოლო ძაღლებივით დაგეშილ
სახე ჩამოღადრულ ორ თოჯინას
და ფიქრობ,
რა კარგი იქნებოდა:
ერთის თვალ-წარბი
მეორის ცხვირ-პირი
პირველის ტუჩ-კბილი
მეორის ტან-ფეხი...
და გინდა გადაწყვიტო
ვისი გული ან ვისი გონი ჯობია და ხვდები რომ ამას ვერ გადაწყვეტ , რადგან ორივე, თოჯინა კი არაა მხოლოდ,
არამედ მარიონეტია
ვიღაც უგულოსა და ტვინმძაღეს ხელში.

უყურებ ორ მძლეოსანს
ბარიერებს რომ უნდა ახტებოდნენ
დისტანციებს რომ უნდა ფარავდნენ
და გული გიკვდება მათი საცოდაობით
ერთმანეთის ხელის კვრაში
ერთმანეთზე ხტომაში რომ ხარჯავენ
ფეხების ნიჭს.

უყურებ ორ ცინგლიან ბავშვს
ცინგლებით გახამებული სახელოებით
რომ ვეღარ იშრობენ სველ სახეებს
რა აქვთ გასაყოფი?
ბურთი თუ მოედანი?
ადრე ეს მოედანი იყო
ლაღად რომ დავრბოდით და
ფრანის გასაფრენადაც გვრჩებოდა სიბრტყე
ეს ბურთი იყო
კალათში რომ ვისროდით რიგ-რიგობით
და "თარსი კატა, შავი კატას"-ვეძახდით ერთმანეთს, ბურთის ასაცილებლად.
ახლა ჰაერიც ვერ გაუყვიათ და
რა საბრალისად ღნავიან, შეხე,
მარტის კატებივით.

უყურებ ქუჩებს
ჩამოღვენთილ სახეებს
მოკუმშულ მუშტებს
მომართული ხმლებივით აზნექილ წარბებს
მოკუმულ ტუჩებს
მითლახულ ნაბიჯებს
მოდრეკილ წელებს
შებღალულ სახელებს
ჩამოსვრილ გულ-მკერდს
და გინდა
მთელი ქალაქი შეაგდო
სარეცხ მანქანაში
გამოათეთრო და სიბინძურე ბწკარ-ბწკარ ჩამორეცხო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები