ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2023


***. ლექსების გამოფენა 2023




სახლი ყოველ დილით დალაგებული მხვდება,
ღუმელი დანთებული,
ტანსაცმელი გაუთოებული,
საუზმე გამზადებული,
ჩანთა ჩალაგებული.
მზე ყველაზე ადრე დედაჩემის ჭაღარა თმებს მიედ-მოედება,
სულში შეუძვრება და
სოფელში მერე ამოდის.
ასე მგონია, ადრე ამოსვლისთვის ებოდიშება.
იქნებ უფრო გვიან რომ ამოსულიყო, დედას ცოტაოდენი ძილიც მოესწრო?
თეძოზე გაყინული, ვერცხლისფერი თასი შემოუდგამს,
ხის ჯოხით ბოძებს შორის გაბმულ მავთულს მაღლა სწევს და სარეცხს ფენს.
ასე მგონია, იმ ნარეცხ წყალს თავის დარდებს და ტკივილსაც აყოლებს,
იქნებ, ამიტომაა, მშვიდი, უდრტვინველი სახით რომ დასცქერის დამსკდარ თითებს.
მერე ჩვენს ჭრიალა ქოხში მობრუნდება,
ერთი ხელით ვარცლზე დაყრილ ფქვილს ჩქარ-ჩქარა ზელს,
დროდადრო მინაჩამტვრეულ საათს გაჰყურებს,
მეორე ხელით ღუმელში შეშებს აწყობს,
მესამე ხელით ჩაის მისხამს და უშაქრობისთვის პატიებას მთხოვს,
მეოთხე ხელით მამას აღვიძებს,
მეხუთე ხელით ჭურჭელს რეცხავს...
და ასე ყოველდღე ობობადქცეული დედაჩემი საქმეების კორიანტელში იხრჩობა.
ხელებს ცრემლებით ინამავს და
რა წამს კი თვალს მომკრავს, გულუბრყვილო ღიმილს შემომაჩეჩებს.
მინდა, დავეხმარო, მაგრამ... ბიჭი ვარ და არ შეიძლება.
მასწავლეს, რომ ჩემი საქმე ნადირობაა,
ნანადირევის სახლში მოტანა,
ოჯახის გამოკვება.
ზოგჯერ დედას თვალს ვეღარ ვუსწორებ,
განსაკუთრებით მაშინ, ბახუსმორეული მამაჩემი გაღიმებას რომ მოთხოვს და
ალმოკიდებული ჩვენს გაბზარულ თეფშებს აქეთ-იქეთ ისვრის.
მინდა, აკრეფაში მაინც დავეხმარო, მაგრამ მაშინვე მახსენდება:
ბიჭი ვარ და არ შეიძლება...
ხელი მიშეშდება და მოწოლილ ბურთებს დაუღეჭავი ლუკმებივით ვყლაპავ.
მამა მეორე დღეს ისევ არხეინად, ისევ შუადღისას იღვიძებს,
დედა - ისევ გათენებამდე.
მხრებზე ამოკემსილ შალს მოიგდებს და
ობობად გადაიქცევა.
თანდათან გაილია საბრალო დედაჩემი,
რა მოხდება, თასი დავუჭირო,
გამშრალი სარეცხი გამოვართვა,
ჭურჭელი დავურეცხო,
პირუტყვს მივუხედო,
ღუმელს შევუკეთო,
ვაგრძნობინო, რომ ჩამოჯდეს,
ჩამოისვენოს,
ან ის მაინც ვუთხრა,- მე მესმის შენი, დედა...
რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ პირი ქვებით ამევსო და ვერაფერი ვთქვი,
ფეხზე ჯაჭვები გამომება და წავიქეცი.
მამაჩემმა კი ზემოდან ჩამომძახა: „ფეხზე ადექი, კაცს დაემსგავსე!“
მეც მაშინვე ძალა ვიგრძენი, წამოვფრინდი,
ხელები დავიფერთხე და გავიფიქრე: „დედა გამიგებს...“
დედა ამჯერადაც უსიტყვოდ გამიღიმებს და თვალებს მოხუჭავს.
...
ჭიშკართან ჩვენი ცალთვალა ძაღლი ყმუის,
სახლში მეზობლის ქალები ირევიან,
იატაკი ჭუჭყიანია,
გაუწურავი თეთრეული წყლად იღვრება,
დამშრალი ჩაიდანი გაყინულ ღუმელზე დევს.
მხოლოდ პურებსღა მოუსწრიათ გამოცხობა,
ხორბლისფერ პურებს,
ჩემი არსობის პურებს...
მოვიტეხე და დედაჩემის სუნი ვიგრძენი...
ყველა კუთხეში ვცადე შეყუჟვა,
ყველა კუთხიდან მესმოდა ხმები:
„ტირილი როგორ შეიძლება, ბიჭო!“
ჩემს ლუკმებს ცრემლი მივაყოლე და მკვდარ დედაჩემთან ვიპოვე ნავსაყუდელი...
ნეტავ, ამ დილით მასზე ადრე ამოსულიყო მზე,
რომ დედას უკნიდან მოპარული
თავზე წამომდგარი მამაჩემის ლანდისთვის თვალი მოეკრა,
იქვე დაეგდო სხვა ხელები,
თავისი ორი ხელით მე ჩამბღაუჭებოდა და წასვლა მოგვესწრო...
რომ ახლა ბროწეულისფერი სისხლის მორევის ნაცვლად
ჩვენი სოფლის ბოლოს ჩამომავალ პატარა ღელესთან ვდმგარიყავი,
დედისგან ხელში ატაცების მოლოდინში...

https://www.facebook.com/keteoon/videos/1344737479644842/?mibextid=v7YzmG

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები