ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2023


ქალი ხარ ჩამოჯექი მოყევი



-
ნეტავ, მომცა სულ სხვა დილა,
სველ სახეს რომ ჩვარს ავარიდებ,
მივუშვერ სინათლეს,
როგორც შენამული გოგრის ფოთოლი შემოდგომისა.

ნეტავ, იმ დროში თუ დამიწყევლა ვინმემ დაბადება,
ნოემბრის ერთში სამისა და რვისა ვხდები.
მახსოვს, სამშიერთობის ასაკში ქმარსაც გავეყარე,
ასეა ქალის ბედი სულ გაყრა-გამოყრაშია!

-
ტყემლის ტყლაპს ვწუწნიდი ბეღლის ძირას,
დამეჯღანა სახე,
არ ეტკბილა პირს,
გავაგდე ხელიდანაც,

დამიჯერეთ, ქალებო, რაც  ვარდება, აღარაფერი ვარგა!

დილამდე საჩირო ხურმა ვთალე,
ჩავხარე თავი დარდში,
ვფიქრობდი, ჯერ კიდევ მივარგა ჩიჩმი,
ნემსს ძაფი გავუყარო კაცს - მზერა!
გამო, დარდიდან თავო,
სანამ წერას ჰყავხარ აყვანილი,
სჯობს, ახლა მოჰყვე,
ვიდრე დაღლას შემოუღრენია!

-
საღამოხანს სიმინდს შევესიეთ ქალები.
ჩემს გარდა, ყველა ფშვნაში და ლაქლაქში გაერთო.
მე კი ვიჯექი ფეხებგაჩაჩხული,
მენატრებოდა სხვანაირი ავქალობა.
ვფიქრობდი, ახლა რომ მცირე უხერხულობა არ მკლავდეს,
დავიფერთხო კალთა და გავიქცე მინდვრის ქამებში შიშველი...

ახალ დათქორილ გვიმრებში მაკოტრიალა,
სულ არ ვინაღვლებდი, სადმე, მდინარესთან,
ლაფსაც რომ შევრჩენოდი ცალი კედივით ნათრევი.
ე, ფიქრი ვის არ გადავლია,
კარგად მოზრდილი ცარიელი ტაროც მივეცი წეღან ბუხარს, განა მციოდა...

-
როდი გვაქვს ყველას ერთნაირი შიშები,
ბევრჯერ ავამეტყველე შიგნიდან სათქმელი,
ბევრჯერ მოვიმტვრიე კისერიც,
მაგრამ არ შემეძლო სიმუნჯე,
უპატრონო ძროხასავით გზაც ამბნევია,
სხვის ჭიშკარსაც მივდგომივარ, მიბღავლია ალალად.

-
ავალ ბეღელში,
დავკოცნი ნივრის გალას,
შინდის არაყი მაქვს მიმალული,
გადავკრავ,
გადმოვდგები ,,ფორთოჭკაში",
დავლოცავ ვირუსიანებს, შეშინებულებს,
შევყვირებ ქვეყანას,
პური რად გამიძვირეთ,
თქვე ოხრებო,
თუ კი არსობისაა?!
გავძახებ ჩხოროწყუელ ბიჭსაც
კანკალეშა გამკომილე იონა...

ჩავალ, დავუვლი ეზოს,
ღობესთან რომ კარის მაგიერ,
საწოლის თავია გარჭობილი,
ღრიჭინა და ხმიანი, ეგაა მთელი მუსიკა.
შეაღებ, გახედავ კაცებივით ჩამწკრივებული ჟღალ ძნებს,
,,კონა ათ შაურად" და ყველა უსულოს...

-
აგე, ძაღლს კატა შეუსვამს ზურგზე,
ანანავებს შვილივით,
სად სცალიათ საჩხუბრად,
დაგვცინიან, ვეცოდებით ადამიანები...

ჩიტიც სულ სიფრთხილეშია,
აღარც საკენზე გიახლოვდება.

ბინდი რომ მოდგება და
ხეზე ასვლას დაიწყებენ ქათმები...
დგახარ ფრთხილ ღიმილში,
გახსენდება შეყუჟული პაემანი,
შეგამცივნებს სასიამოვნოდაც,
გახვალ, მიუჯდები ღუმელს, შეთბები ხელჩაქნეული.

-
ნეტავ, მომცა სულ სხვა დილა,
ჩემი ამბების დაძველებას რომ მომასწრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები