ჩემს ბებოს ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა....
ვეძებ... ვპოულობ და საწოლზე ვდებ.. დავყურებ... რა თქმა უნდა შავი ფერი... გვერდით ვუჯდები და ვფიქრობ... აუცილებელია მეცვას შავი..
სიკვდილის პირისპირ მდგარი ვალდებული ხარ იფიქრო.. იფიქრო ფერებზე და ფორმებზე... რომ არავინ აალაპარაკო... უსიყვარულობა არავინ დაგწამოს..
ტკივილი გღრღნის და ფერი მხოლოდ შავია....
ვიცმევ, რომ გრძნობებს სიმტკიცე შევმატო...
მივდივარ...
ჩასასვენებელში მწოლიარე მხვდება.. ვერ ვბედავ შესვლას... ვერ ვუთხარი: „დამხვდი მშვიდობით“ ვერ მოვუყევი ამბები: დედ-მამისა, და-ძმისა, ნათესავების, მეზობლების...
არც თვითონ შემეგება.. არც თვითონ მითხრა: მომიხვედ მშვიდობით, არც ვინმეს ამბავი მკითხა... არც ლექსები მიამბო.. აღარც ზღაპრები.. უჩვეულოდ ჩუმი გაეხადა სიკვდილს...
შემრცხვა... კივილით ვერ შევძარი სოფელი... ვერ ჩამოვჯექი მის გვერდით.... ვერ დავანახე ხალხს სიყვარული... ვერ დავატირე ყელში გაჩხერილი და გულზე დამდგარი სათქმელი... იქნებ ელოდა ჩემს მოთქმას.. მე კი, ჩურჩული შევძელი... და მეცვა შავი...
დავრჩი ულექსოდ... უზღაპროდ.. ბებოს გარეშე...
ის წავიდა... გზისპირებზე ამოსულ ყვითელ ყვავილთა შორის...
იქაც ბებო იქნება... იქაც ეყვარება ლაპარაკი. სანამ ღმერთი რამეს ეტყვის მიეგებება: „დამხვდი მშვიდობით, ბები“ არ გშივა? პასუხს არც დაუცდის, დატრიალდება, დააცხობს კეცეულებს, დაადნობს ერბოს.. გვერდიგვერდ დასდგამს... დასვამს და ჭამას დააძალებს.
იქვე შორიახლოს ჩამოჯდება, ამოიღებს ბურნითს, ჩაბერტყავს ზედმეტს შეისუნთქავს.. კაბის ბოლოთი გაიწმენდს ცხვირს და თითებს და აჩქამდება: დედ-მამან როგორ არიან? და-ძმან? ხევსურულ კილოზე გამოჰკითხავს ყველა ნათესავის, ნაცნობის, ახლობლის ამბავს, გაუხარდება, შეაქებს, ეწყინება, შეებრალება, ცუდი არავისი დასცდება...
აიღებს ხელსაქმეს, მოჰყვება ზღაპრებს, ზოგს სხვისას, ზოგს თავისას... არც ლექსებს დაიზარებს... არც ამბებს...
გადაიხარხებს, გაწვიმდება და გაიყვავილებს სამყარო...
ღმერთიც შეიყვარებს ბებოს...
მე კი ბებოს სუნი მომენატრება... მისი ხმა...
ბებოს დავარცხნილი თმები, დახეული, კოპლებიანი კაბის ბანტებით შეკრული...
ყველგან ბებოს ძებნას დავიწყებ... იმ დღეს მოფრენილ ბეღურაში, ახლადამოსულ მცენარეში... ხანდახან ხმასაც გავიგონებ მდინარის ზვირთებში... ის ყველგან იქნება და მაინც.... ნეტავ ბავშვებად ვრჩებოდეთ და ბებოები არ ბერდებოდნენ.....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. ჩვენი ბებოების სული ცხონდა. ძალიან, ძალიან მომეწონა. ჩვენი ბებოების სული ცხონდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|