ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2023


დილისპირი ვიფანიაში

მოაქვს მდინარეებს, ხორგიანს,
სიზმრები ტბასთან ბაზალეთის...
ყველა შემოდგომა მორგია,
მხოლოდ შენია - ლაზარეთი.

შენს სახლში ხანდახან მზეც არის -
გათბობს და გამშვიდებს ნერვებაშლილს,
ქვაბში ჩანალბობი ზეწარი,
კაცის ბედივით , დერეფანში
მოგყვება- მოგყვება სახლიანად,
თვალს გჭრის ფანჯრების ანარეკლი,
მერე მირეკავ საქმიანად,
რომ არასოდეს დამირეკო.

შვილად აყვანილებს ვერცხლით ბანდი,
ზოგს მარჯვნივ აწვენდი , ზოგს მარცხნივ.
ახლაც ყორნის ფრთას უვარცხნი,
უყვები- რა იყო მერცხლებამდე,
უმცროსი ძილბურანს იცილებდა,
მძიმე თვალებით უსმენდა,
შენს თბილ მუცელზე იძინებდა
და შენ მიდიოდი ლურსმნებთან.

კედელზე ჯვარცმის ანაბეჭდი,
როგორც მედინაში უსმანი,
როგორც მეჩეთი არაბეთში -
ერთი შიშველი ლურსმანი,
რომელსაც ჩრდილი შეუბილწეს.
შენი ხელჩანთის მოცულობის
ლოცვას იტევდა შვილობილზე
და შენ ლურსმანთან ლოცულობდი.

შენც იხსენებდი დედინაცვალს,
ჩუმად , უსიტყვოდ , უხმოდ, რაც მან
იცოდა  შავი კაბის  ჩაცმა,
ქმარმორჩილს ქმრის რომ აკლდა ნება,
ესეც ძლისპირია, რომ თქვას კაცმა.
თითქოს, აყარეს ყველა ჯვარცმა,
თითქოს, გატეხეს აკლდამები.

ვინც დგას მუხლამდე მდინარეში,
თეთრი ქურუმი და დავარია,
უყურე, უყურე მძინარე შვილს!
უყურე, უყურე - მთავარია.
მანაც ასი წელი მოგიაროს,
სულში აგიშენოს ნაზარეთი,
ყველა შემოდგომა მორგი არის,
მხოლოდ შენია ლაზარეთი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები