ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2023


  ჩამოტვირთვა

სახლის მოციქული

სახეს ცივი წყლით იბანდი,
გისველდებოდა დოლბანდი,
ქმარი მიდის და გავიწყებს
სიძვას და ვერაგობას.
ასეთი დუმილი შენ იცი,
დილა არ იწვის - შენ იწვი,
ცეცხლი უკიდია ლავიწებს,
ქარები ვერ აქრობენ.

მდინარის პირას ჩადრებით
მიდიან ქალები. ჭადრებმა
ხეივნებს გააყოლეს არსაით,
რძე ასვეს, მზე ასვეს, აიაზმა
და შენ გახსენდება კადრები...
ჩადრებმა გაბედეს კადრება,
მთელი არაბეთი, სპასავით,
ქმრების წინააღმდეგ დაირაზმა.

უკანასკნელი ნახვამდის,
როგორც მიძინება მაჰმადის,
ნაქალაქევი ქაღალდის,
მაღალი ალვით, შვიდიოდე,
ძვლებიდან კუდარის, ახათის,
ვიწრო ყუნწიდან მახათის,
როცა მზის ამოსვლას ვნახავდი,
შენთან სალოცავად მოვდიოდი.

შენს სახლთან დამთავრდა ქვეყანა.
შენ სახლთან ფოთლები ეყარა.
აღარც მარები და მაყარი,
გზის გასწვრივ მხოლოდ ბოძებია,
გადატყდა სუყველა მახარი,
გაზაფხულივით მახარე,
ტაძარში ჯვარი რომ აყარეს,
აწი არასდროს მოგძებნიან.

მე ვარ ჰავარი ურჯულო,
შენი პირველი მსაჯული,
შემოხეული სარჩულით
მაცვია შავი ბალახონი,
ისიც დაძველდა ჩვარივით,
შენ კი , ქედებზე ჯვარივით,
დგახარ ნისლებში ბარაკონი.

ლექსი ქორალს რომ ედრება,
როგორც ღაღადი და ვედრება,
წერა გასწავლეს მტრედებმა
და ცის კიდეზე მშვიდი ცურვა,
საჭმლის დილაობით კეთება,
სახლის გაბზარული კედლები,
ღია ფანჯარასთან კედრები
გაძარცვულან.

სადარბაზოსთან ფარდული,
მერე მეათე სართული,
სარეცხის გაფენით გართული,
ლექსის წერაში მეხმარები
და მე, ფოფოდიას ნათლული,
ყოველთვის ყველაფერს ვართულებ.
იქამდე ვიტირებ ქართულად,
სანამ ქართულად მეყვარება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები