ფანჯარასთან ახლოს ვდგავარ. ყველაფერი გამორთულია. არაფრის მოსმენა მსურს, არაფერი არღვევს მყუდროებას. მირჩევნია, ცოცხალ ხმას მოვუსმინო, ორი სტიქია რასაც გამოსცემს: ზღვის ღელვა და წვიმის შხაპუნი. განსაკუთრებით მაშინაა საჭირო ეს ხმა, როდესაც სევდა გიპყრობს, როგოც დღეს, ამ საღამოს მე და ოჯახის ყველა წევრს. როგორ დაგვტოვე ჩვენო ერთგულო მეგობარო, როგორ ნაღვლიანად. იმდენი ხანი იავადმყოფე. ცდა არ დავაკელით: წამლები, ვეტ - კლინიკები, გადასხმები. . . ძალიან, ძალიან გვინდოდა ჩვენი უსაყვარლესი, უერთგულესი ოჯახის ოთხფეხა წევრის გადარჩენა. გვიყვარდა, მასაც ვუყვარდით მთელი არსებით, თავდადებით, როგორც სჩვევია ძაღლას, ცხოველს, რომელსაც სამყარომ ადამიანის სიყვარული დააკისრა ვალდებულებად. რამდენჯერმე პატარა იმედმა გამოანათა. თითქოს უკეთესობისაკენ წავიდა საქმე. ენერგია გემატებოდა, თამაშს იწყებდი, მაგრამ გაივლიდა დრო, ისევ ცუდად ხდებოდი, კვლავ იწყებოდა ნერვიულობაც. . . ველოდით, ვოცნებობდით დღეზე, როცა ისევ ითამაშებდი ჩვენთან, კუდის ქიცინით წამოხტებოდი გასეირნების წინ, ბედნიერი წკმუტუნით, რა კარგია, როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალეთო. სულ პატარა იყავი პირველად სასეირნოდ რომ წაგიყვანეთ, ძალიან სასაცილო რეაქცია გქონდა დიდი მინდვრის დანახვისას, აშკარად სადღაც სხვა სამყაროში გეგონა თავი. . . ბავშვებმა შეგაგულიანეს, გარბენინეს, მოგატარეს ყველაფერი. . . მალე ჩვენზე მეტად შეგიყვარდა სეირნობა. ახლა ჩვენს თვალწინ კინოკადრებივით გადის ეს მოგონებები. ცრემლი მოგვდის. ის საღამო არ მავიწყდება, ოთახში რომ შემოხვედი. შემოგვხედე, ყველანი: პატრონ - სტუმარ - მასპინძლიანად შეგვათვალიერე, მერე დივანთან მიწექი, ცხვირი თათებში ჩარგავი, და ჩუმად წკმუტუნებდი, რაღაც გაწუხებდა. ყველანი შეწუხებულნი ვიყავით შენი მდგომარეობით და უხასიათობით, გეფერებოდით, გესაუბრებოდით. დღეს ხომ ნემსი გაგიკეთა ექიმმა, - გეუბნებოდნენ ბავშვები, - მალე გაგივლის ყველაფერიო. თავს აწევდი ყურადღების ნიშნად, კვნესით პასუხობდი, მერე ისევ თათებს უბრუნდებოდი. არ გვინდოდა ამისი ჩვენივე თავისთვის გამხელა, მაგრამ ქვეცნობიერად ვიცოდით, ჩვენთვის უცხო, უტყუარი ინსტიქტით ხვდებოდი, რომ სრულდებოდა სიცოცხლე და ამიტომ მოგვაკითხე. დატოვე თბილი საგები, იატაკზე აგწოლილმა ამჯობინე ჩვენთან ყოფნა. თითქოს გსურდა, საყვარელი პატრონების სახეები ჩარჩენოდა შენს თვალებს სამუდამოდ. გამთენიისას გავიგეთ, რომ დაგვტოვა უმცროსმა მეგობარმა, ლამაზმა, მოსიყვარულე სულმა.
. . . და უცბად ძალიან მომინდა ლოცვა მეთქვა შენს სახელზე, მომეხსენებინა შენი სული. შენ ხომ სიყვარულით და თავდადებით დაგვამახსოვრე თავი და რა იმსახურებს ლოცვას, თუ არა ამ თვისებებით დაჯილდოებული, ავადმყოფობით გატანჯული არსების სული. მინდოდა ლოცვა და თან პირველად დავფიქრდი: ნეტა როგორ აღიქვამდი სამყაროს? ადამიანი გიყვარს, ეს შენი მისიაა, მაგრამ სხვა რას ხედავდი ნეტა? იქნებ შენ და შენიანებს თქვენებური არქმა გაქვთ, თქვენებურად შეიგრძნობთ ღმერთს. ამისთვის ხომ განვითარებული გონება არაა უპირველეი საჭიროება და მიზეზი. ადამიანმა ღმერთი ი გ რ ძ ნ ო, მერე დაიწყო მისი ძიება. ნეტა როგორია შენი თვალით დანახული მიღმა სამყარო. . .
* * *
გავიდა დრო. ახლა ჩვენი სახლის ეზოში პატარა, ცელქი ლეკვი დარბის. ოჯახში დიდხანს ვიმსჯელეთ, მოგვეყვანა თუ არა კიდე შინაური ცხოველი. დიდი ტკივილი გადავიტანეთ, მისი განმეორების წარმოდგენაზეც თავსზარი გვცემდა, მაგრამ გულმა არ გაგვიძლო. დრომ თავისი მოიტანა. პატარა ცუგა იზრდება ჩვენს ეზოში. უკვე მოგევჩვია, გვეთამაშება, დარბის, ეშმაკობს, მაგრამ მის სასაცილო, ფოლაქივით მრგვალ თვალებს რომ ჩავხედავთ, იქ უკვე იკითხება ადამიანთა მოდგმაზე შეყვარებული არსების ერთგულება და თავდადება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|