ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2023


ჰამლეტ!

#ლექსები
Lukrecio Bakanidze

თავიდან ეტიუდად ჩავიფიქრე,  ლუკა ბაქანიძის პასუხად, მერე შემიყოლია და  ფინალში - საინტერესო რაღაც გავაკეთე გურმანებისთვის. იყოს ლექსი!

ნინო დარბაისელი

ჰამლეტ!

ჰამლეტ,
რა დარდი დამესია,
ჰამლეტ, რა ღმერთი და მესია!
სიცოცხლე  წუთის მეგონა და
ჩამქრალა - რა უწამესია!

ჰამლეტ,
ეს ცრემლი რა მტკნარია,
ეს ია  -  ასე დამჭკნარია,
მჭკნარია და მაინც, რა ფერია!
მიწა და მტვერიც აფარია,
ხმელი ფოთლებიც საფარია,
მაინც ოფელიას საფერია!

იების ველი  - წინ მიგია,
მიხმობს მაგია, გამიგია.
რა უცნაური ხავილია!
ია - სიკვდილის ყვავილია,
აი, ასეთი გულსასური,
ასე უმწეო, უსუსური,
ასე მარტული, მაისური -
ვისი ნაქუსლარით გაისერა?

“ჭოტი - მეპურის ქალიაო”,
დილამდე ნაბორგალიაო,
ღამე ტირილში გალიაო,
აწ - ქალის ნაქერქალიაო.

ჰამლეტ,  ჩვენებავ დანიელო!
ხატება ესე უძველესი,
როგორც დანისთვის - ქვასალესი,
მარად ახლო-მახლო მყოფელია,
რაც იყო, უკვე ყოფილია,
არც მეფე, არც დედოფალია,
ახლა აქ აღარც უფალია,
მარადის განუყოფელია
შენთვის  - ია და ოფელია.

ჰამლეტ,
ქალისა ვარ ნაშალი,
ჰამლეტ,
მე მგონი, შევიშალე,
მგონი,  ბოლომდე წავიშალე!

ჰამლეტ! -
ვთქვი  დარდის მომხვეტელმა,
ფიქრით  - გონების გამხვრეტელმა,
ჰამლეტ,
ვთქვი ტუჩის მომკვნეტელმა,
მარადისობაში შემჭყეტელმა,
ჰა- ჰა - ჰა - ჰამლეტ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები