ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2023


სიზმრიდან გამოყოლილი ლექსი



ზურგს უკან დადგა.
ის ყოველთვის ზურგს უკან დგება
და ლაპარაკობს, არასოდეს ვინც არ მინახავს
და როგორც ქვები, მღვრიე ლიახვის,
მორჩილებისა, დამაწყო ქვები
ხერხემალაცლილ ზურგზე. ემსალი,
მისი ემსალი ცას წვდებოდა, ბეთლემს, მედინას.
მილიარდობით ჩამქრალ მზესავით
ჩაქრა ერთ დილას.

მეც უმეტყველო, აწ და მარადის,
როგორც ის კაცი -მიწად ვიქეცი
და ყოველ ღამე კოხტად მიკეცილ
ტანსაცმელს ვაწყობ თავზე კარადის.

მის დარბაზებში აღარ მივლენ ჩემი ვეზირნი
და მე, ყველასგან როცა წავალ - წავალ ხაშურში.
ვიყო დუქანში, მთვრალი მეზურნე
ან მემწვანილე, მეოხრახუშე.

ჩემი სტუმრები გავალაკის ჩეროში წვანან
და საუბრობენ, ასი წელი რომ იცხოვრებენ,
რომ რა ჯობია საკუთარ მწვანილს,
რომ აცხონებენ იმ უცხონებელს.

ჩვენი იქნება მთელი ბაზრობა...
შემაწყვეტინა ფიქრი უსახურს
იმ ანგელოზმა, სადარბაზოდან
რომ ამოვიდა -ცის და უსახლო .

ის ფანჯრის მხარეს პირდაღმა იწვა,
ღუმელთან სკამი, რკინის საშრობი.
მას უყურებდა, ვინც მიწად იქცა
და მერე მიწა იქცა სამშობლოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები