ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2023


შავი ზღვის თეთრი თოლია /დეტექტივი/ - დასაწყისი - I. ეკიპაჟი და მგზავრები

                          შავი ზღვის  თეთრი თოლია

                                  /რეალურსა და ირეალურს შორის/

,,გემები ყველაზე უსაფრთხოდ პორტში არიან. თუმცა ისინი ამისთვის არ აუგიათ“
გრეის ჰოპერი


თავი 1 – ეკიპაჟი და მგზავრები
   
    წარმოიდგინეთ მზით გაჩახჩახებული ბათუმი. ბულვარზე მოსეირნე სიყვარულით სახეგაბრწყინებული წყვილები, რადიოქსელიდან მომდინარე ნანული აბესაძის და სულიკო კოროშინაძის დუეტში შესრულებული საყვარელი სიმღერა  „ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს“..., ირგვლივ ყველა მცენარის ყვავილობა და ამ სურნელით სასიამოვნოდ გაბრუებული დამსვენებლები. მოსეირნეები სიმღერის ჰანგებზე ირხევიან, ნაბიჯს უწყობენ მელოდიას.  ერთ სიმღერას მეორე ცვლის, ახლა პოლონელი გოგონების ვოკალური ანსამბლი „ფილიპინკი“ ასრულებს სიმღერას ბათუმზე, წყვილები უკვე მის რიტმში მოძრაობენ, თითქმის ცეკვავენ. ძნელია მოსწყდე ამ სანახაობას, თუმცა კი დროა თხრობა განვაგრძოთ.
  ზუსტად იმავე დროს ბათუმის მყუდრო ნავსადგურში, მზის სხივებით ათამაშებულ ოქროსფერ ტალღებზე მომცრო გემი ლივლივებს და მოუთმენლად ელის მგზავრებს. ამ გემით მოგზაურობა დამატებით კომფორტს სთავაზობს დამსვენებლებს და ფასებიც შესაბამისია, ამიტომ მისი მომსახურებით მხოლოდ ძლიერი შეძლების ხალხი სარგებლობს. გემი ბათუმივით თეთრი და ქათქათაა. ხომ გინახავთ ზღვის ტალღებზე მონანავე თეთრი თოლიები? სწორედ ამ თოლიებს ჰგავს და, აკი, სახელადაც „შავი ზღვის თეთრი თოლია“ ჰქვია. გემი სულ ოცდაერთი მგზავრისთვის არის განკუთვნილი, მყუდრო და სასიამოვნო დასვენებას სთავაზობს სტუმრებს. ამჯერად მხოლოდ ოცი დამსვენებელი იმოგზაურებს. ბათუმი–ფოთი–სოხუმი–სოჭი––ოდესა და უკან – ასეთია გემის მარშრუტი. სამგზავრო გემის ეკიპაჟი, როგორც წესი, ორ ძირითად ნაწილად იყოფა: გემის გუნდი და მგზავრების მომსახურება. გემის გუნდი გემს მართავს, ამუშავებს ყველა დანადგარსა  და მექანიზმს და ახორციელებს მათ ტექნიკურ მომსახურებას. მგზავრების სამსახური უშუალოდ ასრულებს მგზავრების მომსახურების მოვალეობას. მთელ ეკიპაჟს კი ევალება უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოება და შეუქმნას მათ მოგზაურობის სასიამოვნო  გარემო.  როგორც წესი, სამგზავრო და სამოგზაურო გემებზე არსებობენ შემდეგი სამსახურები:

1. ექსპლუატაციის სამსახურს ხელმძღვანელობს კაპიტნის ერთ–ერთი უფროსი თანაშემწე, რომელიც ამავე დროს კაპიტნის პირველი თანაშემწეც არის და საორგანიზაციო საკითხებში მთელი გუნდის ხელმძღვანელია. ამ სამსახურს ეკუთვნის აგრეთვე კაპიტნის თანაშემწე სახანძრო დარგში და სახანძრო დარგის მეზღვაურები.
კაპიტნის უფროსი თანაშემწე მაღალი და წარმოსადეგი კაცია, ბოხი, როხროხა ხმით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მისი გარეგნობა და ხმა დადებითად მოქმედებს მგზავრებზე. მის გავლა–გამოვლასა და როხროხით გაცემულ ბრძანებებს დადებითი ზეგავლენა აქვს მათზე. მშვიდდებიან და ფიქრობენ, რომ საიმედო ხელში არიან.
2. ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი მექანიკოსი. მის დაქვემდებარებაში მყოფი მექანიკოსების მთავარი ფუნქციაა სამგზავრო სათავსოებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის და დანადგარების გაუმართაობის და გატეხვა–დაზიანების აღმოფხვრა.
ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ერთი სხარტი და მოქნილი კაცია, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ თანამდებობას შეეფერება. მის დანახვაზე ყველას ეღიმება და ისეთი გრძნობა უჩნდებათ, თითქოს დაზიანება უკვე აღმოფხვრილია.
3. რადიოტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს რადიოსადგურის უფროსი, მის განკარგულებაში არიან I კლასის რადიოოპერატორები, ელექტრო–რადიონავიგატორი, რადიოტექნიკოსი და კინომექანიკოსი
რადიოსადგურის უფროსი ერთი ენაკვიმატი ასაკოვანი კაცია, სათვალეების ზევიდან ღიმილით შესცქერის ყველას და საპასუხო ღიმილსაც იწვევს მათში.
კინომექანიკოსი ახალგაზრდაა, მაგრამ კინოხელოვნების საუკეთესოდ მცოდნე. შესანიშნავად არჩევს კინო–პროგრამას მოგზაურებისთვის.
4. მგზავრების სამსახური ეკიპაჟის ყველაზე მრავალრიცხოვანი სამსახურია და აერთიანებს სხვადასხვა პროფილისა და სპეციალობის მუშაკებს. მას ხელმძღვანელობს კაპიტნის უფროსი თანაშემწე სამგზავრო დარგში.
კაპიტნის უფროსი თანაშემწე სამგზავრო დარგში ნამდვილი ჯენტლმენია მასთან სეირნობა და საუბარი ძალიან უყვართ მოგზაურ ქალბატონებს.
5. სამედიცინო–სანიტარულ სამსახურს ხელმძღვანელობს გემის მთავარი ექიმი, იგი ადმინისტრაციულად ექვემდებარება კაპიტნის მთავარ თანაშემწეს, ხოლო სპეციალურ საკითხებში – საქართველოს შავი ზღვის აუზის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარ ექიმს.
გემის მთავარი ექიმის თანამდებობის დასაკავებლად დიდი კონკურსი იყო გამოცხადებული, რომლის შედეგადაც ზუსტი არჩევანი გაკეთდა. და გემის მთავარი ექიმი მთელ საქართველოში ცნობილი პროფესიონალი და თავისი საქმის საუკეთესო მცოდნეა. რაც მას არაერთხელ დაუმტკიცებია მოგზაურობების დროს.
6. გემის საერთო სამორიგეო სამსახური სამგზავრო გემებზე მოიცავს: შტურმანის (გემის მართვის) სამორიგეოს, სამანქანო განყოფილების სამორიგეოს და სამგზავრო სამსახურის სამორიგეოს. გემის საერთო სამორიგეო სამსახურის ხელმძღვანელია კაპიტნის თანაშემწე სამორიგეო სამსახურის დარგში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გემის შტურმანი. იგი შავგვრემანი, თმახუჭუჭა, აპრეხილულვაშიანი, მკვირცხლი და თვალხატულაა, ძალიან ჰგავს ბანქოს ჯვრის ვალეტს, რაც დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, შენიშნეს მისმა მეგობრებმა და „ვალეტი“ შეარქვეს. მას შემდეგ ყველა ასე ეძახის. მგზავრებს იგი ძალიან მოსწონთ. მისი სახელი „ვალეტიც“ მხიარულ განწყობას უქმნით.

    როგორც წესი, ყველა სამგზავრო და სამოგზაურო გემზე გათვალისწინებულია მგზავრების გასართობი საესტრადო პროგრამა. ამისთვის გემზე მოწვეულები არიან მსახიობები, მომღერლები, საცირკო ნომრების შემსრულებლები, მხატვრული კითხვის ოსტატები და სხვა. რადგან ეს ძალიან პრესტიჟული გემია, ამიტომ ითვალისწინებენ მგზავრების გემოვნებას და ისე ადგენენ კონცერტში მონაწილეების მოსაწვევ სიას. ამ მოგზაურობისას კაპიტნისა და ეკიპაჟის განცვიფრება გამოიწვია ოცივე მგზავრის ერთსულოვნებამ. მათ არ სურდათ ასეთი სახის გართობა.  მგზავრები კატეგორიულები იყვნენ: არავითარი საესტრადო კონცერტი. თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ მათ მუსიკა და სიმღერა არ დაჰკლებიათ.  აი, კინოფილმების ნახვა კი ძალიან სურდათ. ყოველდღე – არა, მაგრამ დღეგამოშვებით სიამოვნებით ნახავდნენ საინტერესო ძველსა, თუ ახალ კინოფილმს.
    წესით, სტუმრებს მგზავრების მომსახურე პერსონალი უნდა დახვედროდა და გაეწია მათთვის მეგზურობა, მაგრამ ამ გემის ტრადიციის მიხედვით, თავად კაპიტანი ხვდებოდა მოგზაურებს გემის გუნდთან ერთად  და აბინავებდა მათ. ახლაც სტუმრების მოლოდინში, ისინი გემბანზე გამოჭიმულიყვნენ. მეზღვაურებად ახალგაზრდა კუნთმაგარი ყმაწვილები შეერჩიათ. მათ  ერთნაირი ფორმა ეცვათ და ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. კაპიტანი წარმოსადეგი კაცი იყო, საზაფხულო თეთრი ფორმა ძალიან უხდებოდა. იმდენს მოგზაურობდა, რომ ზღვა ჩაღვროდა თვალებში და ზღვის ფერის და განწყობის ცვლილებასთან ერთად, მისი თვალებიც იცვლიდნენ ფერსა და განწყობას.
    სანაპიროზე ცნობისმოყვარეები იდგნენ და შესცქეროდნენ ამ სანახაობას. ისინი ბევრნი იყვნენ, ჭრელი ბრბო, რომელიც მდიდრების ნახვის სურვილით ფეთქავდა. ესეც, ერთგვარი, ტრადიცია იყო.
    ასეთ ბრბოშიც კი შეიძლება ცალკეული პიროვნებების გამორჩევა. ერთი წარმოსადეგი, კოხტად ჩაცმული ქალი იყო, რომელიც ამ გემით მოგზაურობის დაარსების დღიდან მოდის და აკვირდება მოგზაურებს. რაღაც მანქანებით ყველა მგზავრზე აქვს, მართალია ძუნწი, მაგრამ მაინც გარკვეული ინფორმაცია. მაყურებლებს მასთან ახლოს დგომა უყვართ, რომ გაიგონ, ვინ ვინ არის. ცოტა მოშორებით ერთი დიდი და დოყლაპია კაცი დგას. პირდაღებული ათვალიერებს ყველას და ყველაფერს. კიდევ ერთი ძალიან დაბეჩავებული ქალია, მას თავისი ცხოვრება არ გააჩნია და მხოლოდ სხვების ცხოვრებით ცხოვრობს. აქვეა ბაბუა, რომელსაც შვილიშვილიც მოუყვანია, კისერზე შეუსვამს და ძალიან კმაყოფილია. ახლა კი უნდა დავტოვოთ ეს მომლოდინეები და სტუმრებს შევეგებოთ.

    აი, პირველი მგზავრებიც გამოჩნდნენ – ტყუპი დები, სამეული, ქართველი პრინცესები, თავადის ქალები დიდი ბრიტანეთიდან. შეხმატკბილებული სახელებით ლინა, ნინა და ინა.
  ცნობისმოყვარეებს გაოცებული შეძახილი აღმოხდათ, შორიდან ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს მოფრინავდნენ.
    თითქმის სამოც წელს მიღწეული დები ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. მათ ჭაღარა ძაფებიც შერთვოდათ აქა–იქ თმაში, რბილი, არამკვეთრი ნაოჭებიც გასჩენოდათ სახეზე, მაგრამ მაინც ახალგაზრდობას ასხივებდნენ, ლაღად და.მსუბუქად მოდიოდნენ. სასიამოვნოდ ეცვათ. ერთნაირად იცვამდნენ, ერთ ფერში, მხოლოდ ფერის სხვადასხვა ტონალობას არჩევდნენ. ამჯერადაც ლამაზი საზაფხულო შიფონის კაბები ეცვათ: ღია, საშუალო და მუქი ფირუზისფერი. შიფონი ისე ქროდა, რომ სიარულისას ფრენის ილუზიას ქმნიდა. ამ კაბებს კოხტა თეთრი საყელო ამშვენებდა. ხელზე თეთრი გიპიურის საზაფხულო თათმანები ეცვათ. სამკაულებიც კი ერთნაირი ეკეთათ, მარგალიტის საყურეები და მძივები. მხოლოდ ინას ეკეთა მარჯვენა ხელის შუა თითზე ფირუზისთვლიანი დიდი მრგვალი ბეჭედი. ისე უყვარდა ეს ბეჭედი, რომ თათმანზეც კი იკეთებდა. დებს თაფლისფერი თვალების ირისში წვრილი ფირუზისფერი „სხივები“ დაჰყვებოდათ, რომლებიც მზეზე და საღამოს განათებაზე მოულოდნელად გაიკრიალებდნენ და ხიბლავდნენ ადამიანებს, ამიტომ ფირუზისფერი სამოსი განსაკუთრებით უყვარდათ, ხაზს უსვამდა მათი თვალების ამ უცნაურ მშვენიერებას.  ფეხზეც ზომიერქუსლიანი თეთრი, ღიად დაჭრილი საზაფხულო ფეხსაცმელები ეცვათ. მშვენიერი სანახავები იყვნენ. მათ ბარგს ფერადკანიანი ყმაწვილი მოაგორებდა ურიკით. მუშას საკმაოზე მეტი გასამრჯელო გადაუხადეს და ერთობ კმაყოფილი გაისტუმრეს. თვითონ კი ღიმილით და საუბარ–საუბარით აფრინდნენ გემბანზე. მეზღვაურებმა მათი ბარგი მოიხელთეს და კუთვნილი კაიუტისკენ გაუძღვნენ დებს.
– ესენი ქართველი პრინცესები არიან დიდი ბრიტანეთიდან. 59 წლის შესრულდნენ.
– 59 წლის? ვერ დავიჯერებ, – თქვა დაბეჩავებულმა ქალმა. დიდი–დიდი 40 წლის თუ იქნებიან.
– რა გინდათ, თავს საუკეთესოდ უვლიან, კარგს ჭამენ, კარგს სვამენ, კარგს იცვამენ, მოგზაურობენ. დიდი ბრიტანეთის დედოფლის კარზეც კი მიღებულები არიან და სასახლეში დადიან წვეულებებზე.
– ინგლისის დედოფალთან?
– დიახ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან.
– ასე რომ უვლიან თავს და კარგ საზოგადოებაში ტრიალებენ, ამიტომაც გამოიყურებიან წიწკვებივით. – დაასკვნა ბაბუამ და შვილიშვილი შეათამაშა.
    ამ დროს მაღალი, გამხდარი და ძალიან სიმპათიური ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოჩნდა. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი დემნა ფალავანდიშვილი იყო. საზღვაო სტილში ეცვა, მისი ჩაცმულობა მეზღვაურისა და კაპიტნის სამოსის ნაზავი იყო. თეთრი საზაფხულო შარვალ–კოსტიუმი და ლურჯი თეთრზოლებიანი თხელი მაისური ეცვა, ყელზე ლურჯ–წითელი ბანდანა ეკეთა და კაპიტნის თეთრი ქუდი ეხურა. ფეხზე ღიად დაჭრილი ტყავის ლამაზი საზაფხულო ფეხსაცმელი ეცვა. ნაპირზე მდგარი მრავალფეროვანი ბრბო ტაშით შეეგება მას. დემნას თან, დაახლოებით, ოცდაორი–ოცდასამი წლის მაღალი და წარმოსადეგი ახალგაზრდა მოჰყვებოდა, რომელიც ორ ჩემოდანს სტვენა–სტვენით მოაგორებდა.  დემნას საქმეთმწარმოებელი იყო და ნიკო ერქვა (გაცნობისას დემნამ შესთავაზა, ნიკას დაგიძახებო, მაგრამ ახალგაზრდამ იუარა, მე ნიკო მქვიაო) განათლებით ეკონომისტი იყო და ძალიან კარგი გასამრჯელოს ფასად მუშაობდა მაესტროსთან. სუფთად, კოხტად და თანამედროვედ ეცვა, ჯინსები და შავი საზაფხულო მაისური, ფეხზე კეტების ტიპის ფეხსაცმელი და გამართული მოაბიჯებდა. 
    როდესაც დემნას წინა საქმეთმწარმოებელი, სამოცდაათ წელს მიტანებული, თეოფილე გარდაიცვალა.  დემნამ კონკურსი გამოაცხადა ამ თანამდებობაზე და მრავალ კანდიდატს შორის სწორედ ნიკო შეარჩია. ძალიან გაუმართლა. ნიკომ არამარტო მიმდინარე საქმეები ააწყო საუკეთესოდ, არამედ არქივიც მოაწესრიგა, ყველა საბუთი წლების, თვეების და რიცხვების მიხედვით ააკინძინა. დემნას შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა, არადა ადრეც ასე მუშაობდა. ეჭვი შეეპარა, რომ ძველი საქმეთმწარმოებელი ატყუებდა და ნიკოს პირდაპირ დაუსვა ასეთი შეკითხვა. ნიკომ, როგორც ჩანს, თავი აარიდა გულწრფელ პასუხს და უთხრა, რომ ძველი საქმეთმწარმოებელი ვერ ფლობდა, ალბათ, აღრიცხვის თანამედროვე სისტემებს და ამიტომ ურთულდებოდა საქმე. დემნასთვის მაშინვე ნათელი გახდა მისი ეჭვის სისწორე და ირონიულად იკითხა:
– სათავისოდ, რატომღაც არ ურთულდებოდა, აი, საჩემოდ კი ურთულდებოდა, არა?
– არა, არა, ეს მცდარი მსჯელობაა, მე არა ვარ რევიზორი. ის კაცი მრავალი წლის განმავლობაში შრომობდა, მე არაფერი შემიმოწმებია, რა უფლება მაქვს, მე მხოლოდ არქივი მოვაწესრიგე და ყველაფერი თანმიმდევრობით, თარიღების მიხედვით დავაწყვე. ძველი საბუთი რომ დაგვჭირდეს, ხელად ვიპოვით, თუ იმ საბუთმა, რასაკვირველია, ჩემამდე მოაღწია. ქაღალდების დახარისხებისას შემხვდა გაურკვეველი ტიპის დოკუმენტაციაც, რომელიც ასევე ქრონოლოგიურად ერთ წიგნად არის აკინძული.
– გასაგებია, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, – ჩაილაპარაკა დემნამ.
    და ერთგულებისთვის ნიკოს ხელფასი გაუზარდა. ნიკო დედას და ორ დას ინახავდა. თან კონსერვატორიაშიც სწავლობდა, როიალზე დაკვრას ეუფლებოდა, ამიტომ დემნასთან მუშაობა მისთვის ყოველმხრივ სასარგებლო იყო. მართალია დემნა სულ გასტროლებზე იმყოფებოდა, მაგრამ როცა ხასიათზე იყო და დრო ჰქონდა, ნიკოს მუსიკის გაკვეთილებსაც უტარებდა, ახალგაზრდა ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავდა. დემნას მუსიკოსთა წრეშიც შეჰყავდა ნიკო. ზოგჯერ გასტროლებზეც მიჰყავდა თან და ისინი კონცერტებზე ოთხ ხელში უკრავდნენ. აფიშაზეც აწერინებდა მის გვარს ნიკო დვალი. ამიტომ ახალგაზრდა ყოველმხრივ მადლიერი იყო მაესტროსი და ერთგულად ემსახურებოდა.
– დემნა ფალავანდიშვილია, თანამედროვეობის ყველაზე დიდი პიანისტი, – თქვა ქალმა.
– ვა! – აღმოხდა ბრბოს.
    ამ დროს დემნამ თავისი ჩემოდნის ზედა ნაწილი გახსნა და ავტოგრაფებით დამშვენებული საკუთარი ფოტოსურათები ამოიღო. მიუახლოვდა მაყურებლებს, გამოარჩია წარმოსადეგი ქალბატონი, მიაწოდა მას ფოტოები და სთხოვა დაერიგებინა. ყველანი აღფრთოვანდნენ. ქალმა მშვიდად დაარიგა სურათები, მხოლოდ ორი ცნობისმოყვარე დარჩა ფოტოს გარეშე.
    დემნა კი თავდაჯერებული ავიდა გემბანზე, ყველას მიესალმა, კაპიტანს ხელი ჩამოართვა და, თითქოს, სცენაზე დგასო, ისე დაუკრა თავი მაყურებლებს. მაშინვე საყოველთაო ტაში და აღფრთოვანებული შეძახილები დაიმსახურა. ორმა, რომლებსაც ფოტოები არ შეხვდათ, ვერ მოითმინეს და იყვირეს:
– ჩვენ რომ ფოტოები არ შეგვხვდა, აღარ გვეყო?
– ნუ ღელავთ, ახლავე მოვაგვარებთ ამ საკითხს, – თქვა დემნამ, ისევ ამოიღო ხუთი ფოტოსურათი, ჩაირბინა კიბეზე და პირადად გადასცა იმ ორს. დარჩენილი სამი ისევ იმ ქალბატონს მიაბარა და უთხრა:
– იქნებ, სხვებიც შემოგიერთდნენ, დარწმუნებული ვარ, ისინიც ისურვებენ ფოტოებს, ჰოდა, ჩემგან გადაეცით. –  შემდეგ ყველას გაუღიმა და გემისკენ წავიდა.
– აი, ადამიანი, – თქვა რამდენიმემ ერთად და ყველამ ტაშით გააცილა მაესტრო, სანამ ის თვალს არ მიეფარებოდა.
    დემნამ კიბეზე აირბინა, კმაყოფილი მიუბრუნდა ნიკოს და ისინი საკუთარი კაიუტებისკენ გაემართნენ.  ნიკომ დემნას ჩემოდანი მის კაიუტაში შეაგორა და თავად  მისთვის განკუთვნილ კაიუტაში გავიდა. დემნამ თვითონ შესთავაზა ნიკოს თავისი ხარჯით დასვენება, იცოდა, რომ ახალგაზრდა ოჯახსაც ინახავდა, თან სწავლობდა და იმსახურებდა განტვირთვას.
– ხედავთ, რა საუკეთესო ადამიანია, – თქვა წარმოსადეგმა ქალმა – ზოგიერთი ხამივით კი არ არის, თავში რომ უვარდება წარმატება.
– ნამდვილად, – ერთხმად  დაუდასტურა რამდენიმემ. ყველა ფოტოსურათებს დასცქეროდა.
    მამაკაცებს ფეხდაფეხ ახალგაზრდა  წყვილი, ელენე და მათე, მოჰყვა.  წყვილი საქორწინო მოგზაურობაში მიემგზავრებოდა და ო, საოცრებავ! ახალშეუღლებულებს მშობლებიც თან ახლდნენ. მშობლები თხრობის ბოლომდე უსახელოდ დარჩებიან, მათ მათეს და ელენეს მშობლები, მამები და დედები ერქმევათ. მშვენიერი იყო ელენე და მისი არაფრით გამორჩეული მშობლების შემყურე, მიხვდებოდით, რომ შემოქმედს წინაპრების საუკეთესო გენები შეურჩევია, ერთად მოუყრია მათთვის თავი და საგვარეულო შედევრი, ელენე,  შეუქმნია. მათე ჩვეულებრივი სიმპათიური ყმაწვილი იყო,  ახალგაზრდებს ძალიან ლამაზად, თანამედროვედ ეცვათ და ერთად მშვენიერი სანახავები იყვნენ.
მშობლებს ვერაფრით გამოარჩევდი და ვერც დაიმახსოვრებდი. ბარგი მამებს მოჰქონდათ. ყველა ერთად ავიდა გემბანზე და სამ სხვადასხვა კაიუტაში გადანაწილდა წყვილებად.
– ესენი ახლადდაქორწინებულები და მათი მშობლები არიან – გააცნო ქალმა – ახლადმოსულები.
– მშობლებს რაღა უნდათ საქორწინო მოგზაურობაში? – გაიკვირვა დოყლაპიამ.
– თავისთვის იქნებიან, დაისვენებენ. ახალგაზრდები თავისთვის გაერთობიან.
– ჰო, რა ვიცი, რა ვიცი.....
– ლამაზი ახალგაზრდები არიან, ბედნიერება და გამრავლება ვუსურვოთ.
    რაღაც დროის შემდეგ ოთხმოცდაათ წელს მიტანებული რუსი კნეინა დორა გამოჩნდა, თან ნორჩი პირისფარეში(მოახლე) გოგონა ნატაშენკა (კნეინასთვის ნატალი) მოჰყვებოდა, გოგონას ხელში კალათა ეჭირა, რომელშიც ძალიან საყვარელი, ციცქნა ფინია მიმი იჯდა.  საოცარი კონტრასტი იყო, სიბერე და სინორჩე. ბარგი მუშას მოჰქონდა ურიკით. ნაცრისფერ მსუბუქ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი კნეინა ერთობ შთამბეჭდავი იყო. მიუხედავად ასაკისა სქელი და მბზინავი თმა თითქმის არ გაჭაღარავებოდა, ლამაზი ვარცხნილობა პატარა კოხტა ნაცრისფერი ჩალის ქუდით დაემშვენებინა. ქუდზე წითელი ალუბლების კუნწულა იწონებდა თავს. 
– თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ? – უტაქტოდ დაიყვირა დოყლაპიამ.
– კნეინას ყველა ვიცნობთ. ახალი მოახლე ჰყავს, ნახეთ რა ნორჩი და ლამაზია.
– როგორ გაუმართლა ამ გოგოს. კარგ გასამრჯელოსაც გადაუხდის და თავის დროზე კარგადაც გაათხოვებს. წინა სამ მოახლეს ასე მოუწყო ცხოვრება.
– თან რა ლამაზი გოგოები ჩამოჰყავს რუსეთიდან. ერთმანეთზე უკეთესები. უყვარს სილამაზის ცქერა, – თქვა დაბეჩავებულმა ქალმა.
– სიცოცხლეს იხანგრძლივებს  სილამაზით და სინორჩით.
– ჰო, ასეა! ყველაფერი მშვენიერი სასიცოცხლო ენერგიას მატებს ადამიანს.
– კეთილია, იცოცხლოს და იდღეგრძელოს!
    კნეინა, როგორც წესი, ყოველ წელს მოგზაურობდა ამ გემით და ცნობისმოყვარე გამცილებლებიც მას კარგად იცნობდნენ. დორა ერთსა და იმავე კაიუტას ჯავშნიდა და  თავს, როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობდა.
    კნეინამ არ შეიმჩნია უტაქტობა. მოუხმო ნატალის, რომელიც თავისი სინორჩით,  იისფერი თვალებით, ბაფთა–ტუჩებით, გრძელი ხორბლისფერი ნაწნავითა და რუსული სარაფნით თვალისმომჭრელი სანახავი იყო, სთხოვა, გაეხსნა ერთი ჩანთა, მასში საუკეთესო საკონდიტრო და საშაქარლამო ნაწარმი იყო, შემდეგ სთხოვა მუშას და ჩანთიანად მიატანინა მაყურებლებთან. დორამაც იმ წარმოსადეგ ქალს მიმართა და სთხოვა ისე გაენაწილებინა ნუგბარი, რომ ყველას შეხვედროდა ტკბილეული.
– უღრმესი მადლობა, ქალბატონო დორა, – უთხრა ქალმა.
– უღრმესი მადლობა, – ერთად იყვირა ბრბომ.
– იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ, კნეინა, – იყვირა დოყლაპიამ.
    ბრბო კი დავარქვით, მაგრამ ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ. არ ჭიდაობდნენ, იდგნენ და მშვიდად ელოდნენ თავის რიგს, რომ სასურველი სასუსნავი მიეღოთ. ყველას შეხვდა მისთვის საყვარელი ტკბილეული. კმაყოფილებმა ერთხმად შესძახეს:
– დიდი, მადლობა კნეინა, თქვენი დღეგრძელობისა იყოს!
    კნეინამ მათ თავი დაუკრა, კმაყოფილი იყო, რომ ყველას შეხვდა ნუგბარი, წარმოსადეგი ქალბატონისადმი პატივისცემით განეწყო, რადგან მან ჭეჭყვა და ტაციობა აიცილა თავიდან, მშვიდად და კულტურულად მიაკუთვნა ყველას მისთვის სასურველი ტკბილეული. მუშამ აიღო ცარიელი ჩანთა და ის იყო გამობრუნდა, რომ ამ დროს დაბეჩავებულმა ქალმა თავისთვის ჩაილაპარაკა:
– რა ლამაზი ჩანთაა, მე ასეთი არასოდეს მეღირსება.
– როგორ თუ არ მეღირსება? მეღირსება! – უკვე ნატაშენკასკენ მიმავალი დორა მობრუნდა, მუშას ანიშნა ჩანთა მომიტანეო, შიგ ცოტა ფული ჩაყარა და ისევ ანიშნა იმ ქალისთვის გადაეცა, – შენი საჩუქარი გავაკეთე, ოღონდ ცარიელა არ უნდა. – და გაიცინა.
– ბედნიერი იყოს შენი შთამომავლობა, გამრავლდეს, – უთხრა გახარებულმა ქალმა. ნამცხვარი და კანფეტებიც ჩანთაში ჩააწყო და დემნას ფოტოსურათიც ჩანთის ჯიბეში მოათავსა. – სამოგზაურო ჩანთა მაქვს, მოგზაურობაღა მაკლია, თქვა და გაიცინა. თავისივე სიცილი გაუკვირდა, აღარც ახსოვდა, როდის გაიცინა ბოლოს.
– დემნა ფალავანდიშვილის დედაა, – თქვა მოვლილმა ქალბატონმა. – როგორი გულუხვიც თვითონ არის, ისეთივე შვილი ჰყავს.
– ნამდვილად გვასიამოვნეს, – თქვა დოყლაპიამ.
    დორა მიუახლოვდა ნატაშენკას, მას დაეყრდნო და გემბანზე ისე ავიდა. მეზღვაურებმა ნავსადგურის მუშის მოტანილი ბარგი ქალებს კაიუტებში მიატანინეს და სასიამოვნო მოგზაურობა უსურვეს მათ. კაიუტები ერთმანეთში გამავალი იყო, დიდი და ფართო – კნეინასთვის, ხოლო მომცრო – ნატაშენკასთვის. საჭიროების შემთხვევაში, დორას შეეძლო საერთო კარზე დაეკაკუნებინა, ან ეჟვანი აეწკარუნებინა და მოახლე ეახლებოდა.
  მათ უკან ორი ახალგაზრდა უცხოელი წყვილი მოდიოდა. ისინი უჩუმრად მიუახლოვდნენ გემს და მშვიდად ავიდნენ გემბაზე. შეუმჩნევლად ეცვათ, სპორტულად და მოხერხებულად, თითქმის ერთნაირად. დიდი ზურგჩანთები ეკიდათ. ფრთხილად ავიდნენ კიბეებზე, ყველას ერთი სალმით მიესალმნენ და გაჰყვნენ მეზღვაურს, რომელმაც ისინი კაიუტებამდე მიაცილა
– ესენი გერმანელები იყვნენ, ერთნაირად გაკრეჭილები, ერთნაირად ჩაცმულები და ერთნაირი ზურგჩანთებით დატვირთულები.
– არაფერი ეტყობათ, მაგრამ რადგან ამ გემით მოგზაურობენ, მდიდრები იქნებიან.
– ჰო, უყვართ უბრალოდ და მოხერხებულად ჩაცმა.
    შემდეგი, ლაშა ლაშხი, ჩვენი გმირი გამოჩნდა. თავის ჩემოდანს თვითონ მოაგორებდა და მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდებოდა გემს. ლაშა ახალგაზრდა, 30 წლის ძალიან სიმპათიური კაცი იყო. თავისუფლად ეცვა – ტილოს გრილი შორტები და ზაფხულის უსახელო ლურჯი მაისური. ფეხზე მსუბუქი ბადესავით ფეხსაცმელი ეცვა.  რამდენი ხანია აღარ დაუსვენია, წლების განმავლობაში შვებულებაში არ ყოფილა. როგორც იქნა აიძულა საკუთარი თავი და ეს მოგზაურობა შეარჩია. მან ცნობისმოყვარეები და გემი ინტერესით შეათვალიერა.
– ამ ახალგაზრდას, მგონი, საკუთარი ფირმა აქვს, – თქვა წარმოსადეგმა ქალმა.
– წარმატებული იქნება, თორემ ამ გემით ხომ ვერ იმოგზაურებდა.
– ასეა. როგორც ჩანს, ასეა. – დაასკვნეს ცნობისმოყვარეებმა.
– ბევრი ვეცადე, მაგრამ მისი პროფესია ჯერ ვერ დავადგინე. დღეს, სახლში რომ დავბრუნდები, დამახვედრებენ ამბავს.
    ლაშა ცქვიტად ავიდა გემბანზე, მეგობრულად მიესალმა ეკიპაჟს, ხელი ჩამოართვა კაპიტანს. შემდეგ კი თავისი კაიუტისკენ გაემართა. განთავისუფლდა თუ არა ბარგისგან, მაშინვე გემბანზე დაბრუნდა.  განმარტოებით დადგა, დაეყრდნო მოაჯირს და, როგორც მისი პროფესიის ადამიანებს სჩვევიათ, ყველაფერს აკვირდებოდა.
    ამ დროს ასე, დაახლოებით, ორმოციოდე წლის  ქალი გამოჩნდა. ნავსადგურის მუშა მოჰყვებოდა და მოაგორებდა მის ბარგს. – ბებერი მეძავი, – გაიფიქრა ლაშამ მის დანახვაზე. არადა ქალს კარგად და სოლიდურად ეცვა, თმაც სადად და ლამაზად დაევარცხნა. – როგორ დაფეხვილა, – ისევ გაიფიქრა დვალმა. მართლაც დაფეხვილი იყო, გაცვეთილი. მაგრამ ეს არ იყო მისი გარეგნული ცვლილების ერთადერთი მიზეზი. ადრეული ახალგაზრდობიდან ართროზმა დარია ხელი და ძალიან აწუხებდა სახსრები, ქვედა კიდურები, განსაკუთრებით მენჯი, მუხლები და ტერფები, ართროზმა სახსრების დეფორმაცია გამოიწვია. თუ დიდხანს უწევდა დგომა, ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა და რომ შეემსუბუქებინა იგი, ფეხის ტერფებს გარეთა მხრისკენ ბრეცდა, ამას, თითქოს შვება მოჰქონდა მისთვის, მაგრამ მანკიერ ჩვევას უკვალოდ არ ჩაუვლია და ფეხებიც გადაებრიცა თანდათან. მართალია, გრძელი და მსუბუქი კაბა ეცვა და ფეხები არ უჩანდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება იყო კავალერისტივით გაღუნული ფეხებით გაჩაჩხული მოდიოდა. ბევრად უფროსი გეგონებოდა, ასე სამოცი წლის. ერთადერთი, რაც შერჩენოდა, მისი მშვენიერი მოციმციმე სმარაგდისფერი თვალები იყო.
– ეს რა ჩემსავით დაფეხვილია, – თქვა დაბეჩავებულმა ქალმა
– მხოლოდ სახელი ვიცი, თამარი.
– არ შეეფერება ამ საზოგადოებას.
– ბევრი ფული აქვს, ალბათ, ან დააგროვა.
– თუ ბევრი ფული აქვს თავს ვერ მიხედავს?
– რას გაიგებ მდიდრებისას.
– ეგ არ არის მდიდარი. შემთხვევით აღმოჩნდა აქ.
– არ შეეფერება ამ საზოგადოებას. – დაასკვნა ბაბუამ.
ქალმა, სახელად თამარმა, თავი დახარა, მძიმედ ავიდა გემბანზე და თავის კაიუტაში გაუჩინარდა.
    სამაგიეროდ ელენე და მათე გამოვიდნენ გემბანზე, იქვე დასხდნენ და თან გემბანს ათვალიერებდნენ, თან მშვენიერი ხედებით ტკბებოდნენ.
– ძალიან რთული მოგზაურობა გველის, ძალიან –  თავისი ფიქრის გაგრძელებასავით სრულიად მოულოდნელად წარმოთქვა ელენემ.  გაკვირვებული ლაშა მიბრუნდა და შეხედა წყვილს.
– რატომ იქნება რთული, საყვარელო? – იკითხა მათემ, ლაშას მზერა შეაგება და განაგრძო: – საუკეთესო ამინდებია გამოცხადებული, ამ გემს ბრწყინვალე რეპუტაცია აქვს. ვფიქრობ, მგზავრებიც საინტერესო ადამიანები იქნებიან, – თან ელენეს ანიშნა გვისმენენ და გვიყურებენო და განაგრძო – პირიქით, ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა გველის.
    ელენეს, თითქოს, არც გაუგონია მისი ნათქვამი, თავის ფიქრებში იყო..
    ამ დროს გემის ბოლო მგზავრიც გამოჩნდა. თითქმის მორბოდა, ხელში მოზრდილი საკვოიაჟი და დიპლომატის ტიპის პორტფელი ეჭირა. ვერ გაიგებდი, რა ასაკის ან რა პროფესიის კაცი იყო. ვერც იმას გაიგებდი რა სტილში ეცვა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. მოდით, მას გივი დავარქვათ.
– ამ ახალგაზრდასაც თავისი ფირმა აქვს.
– ესეც უცნაურია, ეტყობა, აგვიანდებოდა და რაც ხელთ მოხვდა, ის ჩაიცვა.
– ხომ გითხარი, რას გაუგებ ამ მდიდრებს.
    გივიმ ორი ბავშვი დაინახა. ერთი ბაბუას მხრებზე იჯდა. მეორე ახალგაზრდა კაცს ეჭირა ხელში. ორივე ბავშვი დორას მიცემულ ნამცხვარს მიირთმევდა, გემრიელად ილუკმებოდა.
გივიმ გახსნა თავისი საკვოიაჟი, ამოიღო ფერად–ფერადი გასაბერი ბუშტები, მოსაკრავი რეზინები და ბავშვებს აჩუქა. ბავშვები თან ილუკმებოდნენ, თან ბაბუას და მამას სთხოვდნენ ბუშტების გაბერვას.  ბაბუა და მამა საქმიანი სახეებით ბუშტების გაბერვას შეუდგნენ.
– მადლობა, ბიძია, – გამოტენილი პირებით შესძახეს ბავშვებმა.
– ჭკვიანები გაიზარდეთ! – უთხრა გივიმ და გემბანზე ავიდა.
ცნობისმოყვარეები ისეთი კმაყოფილები იყვნენ, იმდენი საჩუქრები და შთაბეჭდილებები მიიღეს, რომ დაშლა აღარ უნდოდათ.
გემის ეკიპაჟიც კმაყოფილი იყო სტუმრების მიღებით.
– მშვენიერია, ყველა მგზავრი დროზე გამოცხადდა. ნახევარ საათში გავდივართ,
თქვა კაპიტანმა.
ბრბომაც უხალისოდ დაიწყო დაშლა. ჯგუფ–ჯგუფად საუბარ–საუბარით მიეშურებოდნენ სახლებისკენ.






   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები