თავი 2 –გაცნობა და გამგზავრება
გემზე ხუთი ორადგილიანი კაიუტა იყო, რომლებშიც ახლადშეუღლებულები, მათი მშობლები და გერმანელი ტურისტები სიამოვნებით განლაგდნენ. ერთ ოთხადგილიან კაიუტაში, რომელიც მთლიანი საფასურის გადახდის შემთხვევაში სამ ან ორ პიროვნებასაც შეეძლო დაეჯავშნა, ქართველი თავადის ქალები დაბინავდნენ. მათ სიმყუდროვე და განსაკუთრებული დიზაინი მოითხოვეს. ორი ერთმანეთში გამავალი ერთადგილიანი კაიუტა, როგორც უკვე ვთქვით, ქალბატონ დორასა და ნატალის ეკუთვნოდათ. ხოლო დარჩენილი ხუთი ერთადგილიანი კაიუტა დემნამ, თამარმა, ლაშამ, ნიკომ და გივიმ დაიკავეს. ეს კაიუტები იმაზე უფრო კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე მგზავრები მოელოდნენ. ძალიან კმაყოფილები იყვნენ. რესტორანიც სუფთა, კოხტა, წითელი ხით გაწყობილი და დიდი ილუმინატორით დამშვენებულ–განათებული იყო. ილუმინატორიდან საუკეთესო ხედი იშლებოდა ზღვაზე. ცალკე იყო სალონი, რომელსაც რამდენიმე მომცრო ილუმინატორი ანათებდა და სადაც როიალი, ბილიარდი და კარტის სათამაშო მაგიდები იდგა, იქვე იყო მომცრო ბარი და იდგა გამაგრილებელი სასმელების ავტომატები. სალონიდან შეგეძლო დარბაზში შესულიყავი, რომელშიც საესტრადო კონცერტებიც იმართებოდა და რომელიც კინოდარბაზის როლსაც ასრულებდა. ფართო და მყუდრო იყო. სკამები ერთმანეთისგან დაშორიშორებული იდგა, ისე რომ თითოეული მაყურებელი სრულიად თავისუფლად იჯდა და მშვიდად შეეძლო ფილმის ყურება. სკამების გვერდზე პატარა მაგიდები ედგათ, რომელზეც შეეძლოთ გამაგრილებელი სასმელები ან ჩაი და ყავა დაედგათ. სრული კომფორტი! მგზავრები სასიამოვნო მოგზაურობისთვის განეწყვნენ. სამმა დღემ სრულ იდილიაში ჩაიარა. გამგზავრების დღეს მხოლოდ ვახშამი ერგებოდათ. წესით კი გემბანზე ოთხჯერადი კვება იყო: საუზმე, სამხარი, სადილი და ვახშამი. ზოგიერთი მგზავრი, როგორც შემდეგ გაირკვა, არ სამხრობდა. როდესაც პირველი ვახშმობის დრო მოვიდა, რესტორანმა შევსება დაიწყო. ყველას ისევ დებმა, ქართველმა თავადის ქალებმა, დაასწრეს და მათთვის სასურველ მაგიდას მიუსხდნენ. ფართო მაგიდები თავისუფლებას ანიჭებდა ყველას, ვინც მის გარშემო იჯდა. შემდეგ უცხოელები შემოვიდნენ, შეარჩიეს მაგიდა და ერთობ კმაყოფილები დარჩდნენ, რომ, თითოეული მაგიდა ოთხი ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და მათ განცალკევება არ მოუწევდათ. დებთან კი ერთი ადგილი ჯერ ისევ ცარიელი იყო. დორა და ნატაშენკაც შემოვიდნენ და ილუმინატორთან დადგმულ მაგიდას მიუსხდნენ. იმავე მაგიდას მიუსხდნენ ელენე და მათე. მათ მშობლებს მოშორებული მაგიდა ერგოთ. შემოვიდა ლაშა და ცენტრში მდგარ მაგიდას მიუჯდა. დემნა და ნიკოც ლაშას მაგიდას მიუსხდნენ. ამ დროს რესტორანში თავჩაქინდრული თამარი შემოვიდა: – ო, ფლორა, ნუთუ ეს შენ ხარ? – შესძახა დემნამ და თავისი თლილი გრძელთითებიანი ხელები გაშალა. მარჯვენა ხელის შუა თითზე დიდი გიშრის მრგვალი ბეჭედი ეკეთა. შთამბეჭდავი იყო პიანისტის ხელები, ორ დიდ ფრინველს ჰგავდა. – მე ფლორა არ მქვია, თამარი ვარ. – ჩემთვის სამუდამოდ ფლორად დარჩები, გაგონდება, როგორ გამეცანი? გახსოვს, მე რა გითხარი? „რა მშვენიერი ყვავილი ხართ, ულამაზესი ვარდი“. შენ მიპასუხე: „იცით, მე ფლორა მქვია.“ ვითომ იხუმრე. ენამ კი გიყივლა, „ფლორად“ იქეცი და „ფლორასავით“ იცხოვრე. – შენღა მაკლდი. დასვენება მინდოდა, ყველასგან გარიდება და „სადაც გავიქეცი, იქაც წავიქეციო“ ისეა ჩემი საქმე, ყველა ერთად და აჰა, შენც გამოხტი. – გამოვხტი, – გადაიხარხარა დემნამ. – შემთხვევით ვერავინ გამოხტება, ყველაფერი კანონზომიერია. მოდი ჩემს მაგიდას მოუჯექი, ერთი ადგილი თავისუფალია. – არა, გმადლობ. აი, იმ კუთხის მაგიდის კუთხეში დავჯდები. – კუთხეში ნუ დაჯდები, თორემ შვიდი წელი ვეღარ გათხოვდები, – ისევ გადაიხარხარა დემნამ. – ნეტაი, შენ! – ჩაილაპარაკა ფლორა–თამარმა, მძიმედ წავიდა და კუთხის მაგიდას მიუახლოვდა. – მაპატიეთ, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, აქ უნდა დავჯდე. შეუმჩნეველი ვიქნები, კუთხეში ჩავიწევი. დებს, მაინც და მაინც, არ ესიამოვნათ მისი სიახლოვე, მაგრამ არ შეიმჩნიეს და თავები, თითქმის, შეუმჩნევლად დაუკრეს. ამ დროს ის გაურკვეველი ტიპიც შემოვარდა, ჩვენ რომ გივი დავარქვით, საერთო სალამი თქვა და საქმიანი სახით ლაშას გვერდით, ცარიელ სკამზე დასკუპდა. მას კაპიტანიც უკან მოჰყვა. ყველას და ყველაფერს გადახედა, ყურადღება მოითხოვა და შეკრებილთ გემზე მგზავრობის წესები გააცნო. შემდეგ იგივე ტექსტი გერმანულად გაუმეორა ტურისტებს და თხოვნით მიმართა ყველას, რომ დაკავებული ადგილები აღარ შეეცვალათ, რადგან მათ მიერ წინასწარ გამოთქმული კულინარიული სურვილების მიხედვით სუფრების გაწყობა უფრო ადვილი იქნებოდა. ყველა თანახმა იყო. ეს სურვილიც გადაუთარგმნა ტურისტებს და ისინიც დაეთანხმნენ. ამის შემდეგ მზარეულის თანაშემწემ გვარ–სახელებით წინასწარ გამზადებული ტრაფარეტები გამოიტანა და თითოეულის წინ მაგიდაზე დადგა. ფურცელზე დაწერილი კითხვარიც ჩამოარიგა, რომელიც მგზავრებს უნდა შეევსოთ და ეცნობებინათ მზარეულისთვის, რას არ ან პირიქით სიამოვნებით მიირთმევდნენ და ასევე ექიმისგან დანიშნული დიეტა ხომ არ უნდა დაეცვათ. აქ დებმა სურვილი გამოთქვეს სამზარეულო დაეთვალიერებინათ, რამდენად იყო ჰიგიენის წესები დაცული. მზარეულის თანაშემწემ და კაპიტანმა ისინი სამზარეულოში შეიყვანა. დებმა გულდასმით დაათვალიერეს ყველაფერი და კმაყოფილები დაბრუნდნენ. შემდეგ კაპიტანმა ყველას სასიამოვნო მოგზაურობა და ვახშამი უსურვა და გავიდა. მგზავრები თან მიირთმევდნენ და თან ერთმანეთს ათვალიერებდნენ. ნიკოს და ელენეს მზერა შეხვდა ერთმანეთს და ვეღარც დაშორდა. ვახშამმა საუკეთესოდ ჩაიარა, ყველა კმაყოფილი იყო. დანაყრებულებმა კითხვარებიც შეავსეს. ვახშმის შემდეგ დაიშალნენ და ცოტა ხანში სალონში შეიკრიბნენ. ტყუპ დებს გიტარა ჰქონდათ წამოღებული და არაჩვეულებრივი ხმებით დები იშხნელების სიმღერებს მღეროდნენ. განსაკუთრებით უცხოელები იყვნენ აღფრთოვანებულები. ელენე და ნიკო თვალს ვერ აშორებდნენ ერთმანეთს და ეს ბევრმა შენიშნა. შეკრებილები საუბარ–საუბარით ეცნობოდნენ თანამგზავრებს. ასე სასიამოვნოდ ჩაიარა პირველმა დღემ გემზე. შემდეგი 2–3 დღეც იდილიური იყო. დღისით ხან გემბანის აუზში ბანაობდნენ და იქვე ირუჯებოდნენ, ხან დელიკატესებს მიირთმევდნენ და სასურველ სასმელებს აყოლებდნენ. ხან ზღვის ხედებით ტკბებოდნენ. სამხრობის შემდეგ კი, როდესაც მზეც გადაიხრებოდა ყველა მგზავრი გამოდიოდა გემბანზე, საინტერესო სანახავები იყვნენ. კნეინა დორას თავისი საყვარელი ადგილი ჰქონდა და როდესაც ის მოგზაურობას ჯავშნიდა, ამ ადგილსაც წინასწარ ისაკუთრებდა. ფართო ქოლგის ქვეშ დორაც, ნატაშენკაც და მიმიც კარგად იყვნენ მზისგან დაცულები. კნეინას გემბანზე სანებივროდ კრეპდეშინის და კრეპჟორჟეტის ნაირფერი სარაფნები ჰქონდა წამოღებული და ყოველდღიურად იცვლიდა მათ. ახლა ჟოლოსფერი ეცვა. ამ ჰაეროვანი ქსოვილების ფონზე კიდევ უფრო იკვეთებოდა მისი სხეულის ქსოვილის მხცოვანი ასაკი. ეს მოხუცი, მომჩვარული და დანაოჭებული ქალი გახვეული იყო პეპლის ფრთებივით ჰაეროვან სამოსში. კონტრასტი სიბერესა და სინორჩეს შორის აქ კიდევ უფრო ძლიერი იყო. არც ნატაშენკა იცვამდა საბანაო კოსტიუმს, ცურვაც არ იცოდა, ამიტომ ძალიან მოკლე და ღია ნარინჯისფერი სარაფანი ეცვა. სასიამოვნო იყო ამ ჩვიდმეტი წლის ქალიშვილის უზადო ტან–ფეხის ცქერა. ორივე ქალი შეზლონგზე იწვა და დროს სხვების თვალიერებით, ზღვის პეიზაჟების ცქერით ან მიმისთან გართობით ატარებდა. განსაკუთრებით ნატაშენკას უყვარდა მიმისთან თამაში, ის ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ბავშვობის ასაკიდან. დორა ცოტ–ცოტას კითხულობდა, თან წვენებს წრუპავდა, რომლებიც უხვად ეწყო მზის საჩრდილობელი ქოლგების ტარის გარშემო დამაგრებულ მაგიდებზე და ყინულში იყო ჩაციებული. გემზე საუკეთესო ხარისხის გამაგრილებელი სასმელები ჰქონდათ. კნეინას მარცხნივ თავადის ქალები განლაგდნენ. მათ უზარმაზარი, ლამაზი და ფერადოვანი საკუთარი ქოლგა წამოეღოთ და მეზღვაურების დახმარებით არსებულ სამაგრზე მყარად დაემაგრებინათ. ისევე, როგორც დორა და ნატაშენკა, არც დები აპირებდნენ ძალიან გარუჯვას. ქოლგა კარგად იცავდა მათ, თუმცა ბევრს მოძრაობდნენ. განსაკუთრებით უხდებოდათ წითელი ფერის სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტილი (სულ ღია ფერით დაწყებული და მუქით დამთავრებული) საბანაო კოსტიუმები, ოქროს თევზებს ჰგავდნენ და კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. მზისგან დამცავ კრემებს ისვამდნენ, ზოგჯერ დორას შეძენილ იმავე დანიშნულების კრემებს საკუთართან ადარებდნენ და მსჯელობდნენ მათ ავ–კარგიანობაზე. პრინცესები მოქნილი და ჩამოქნილი სხეულებით, საუკეთესოდ ცურავდნენ, თევზებივით სხმარტალებდნენ. ცურვით რომ იჯერებდნენ გულს, შემდეგ შეზლონგებზე წვებოდნენ გატრუნულები, ნებივრობდნენ, ან თვლემდნენ, ან კითხულობდნენ. ამრიგად არც იწვებოდნენ მზეზე და სასიამოვნო მოოქროვილი სხეულები ჰქონდათ. კნეინას მარჯვნივ დემნა და ნიკო ისხდნენ, მუქი ქოლგა გაეშალათ და მის ქვეშ მოკალათებულიყვნენ, თან ქალებს ათვალიერებდნენ. საბანაო შორტები ეცვათ, ორივე მაღალი, კარგი აღნაგობის მამაკაცი იყო და ორივე კარგად ცურავდა, ქალებისგან განსხვავებით მზესაც სიამოვნებით ეფიცხებოდნენ. დემნას შემდეგ გერმანელი ტურისტების ოთხეული განლაგდა ორი ქოლგის ქვეშ. უფრო ზუსტები, რომ ვიყოთ, ქოლგების ქვეშ მათი ნივთები ეწყო, თვითონ კი სულ მზეზე იწვნენ და კარგადაც შავდებოდნენ. ისინი სულ სხვადასხვა სტილით ცურავდნენ. ცოლები, ზოგჯერ, მკერდსაც იშიშვლებდნენ. დანარჩენი მგზავრები აუზისა და გემბანის მოპირდაპირე მხარეს განლაგდნენ. ზუსტად დორას წინ დაფუძვდნენ ელენე და მათე. ზღვისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ელენე ქალთევზას ჰგავდა, ულამაზესი იყო. საუკეთესოდ ცურავდა. აი, მათემ კი, თითქმის, არ იცოდა ცურვა, ამიტომ სხვების თანდასწრებით არ ცურავდა. ზოგჯერ დილით ადრე გამოდიოდა, რომ მარტო ყოფილიყო აუზში, ეჭყუმპალავა და მოკლე მანძილზე ბევრი შხეფებით, ვითომ, ეცურავა. სხვა დროს კი იწვა შეზლონგზე, კითხულობდა და, ეტყობოდა, რომ კითხვისგან დიდ სიამოვნებასაც იღებდა. ხშირად, როცა ელენე ჩადიოდა საცურაოდ, ნიკოც ხტებოდა წყალში, იქ სხვებიც ცურავდნენ, თითქოს, ეს თვალში საცემი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრს არ გამორჩენია მათი ცელქობა. მათეს და ელენეს მარჯვნივ ზუსტად დების პირდაპირ ორი ქოლგის ქვეშ ისხდნენ მათეს და ელენეს მშობლები. ქალებს მოსარაფნო თხელი ფერადი კაბები ეცვათ და უკეთესი სანახავები იყვნენ, ვიდრე უსახურ ყოველდღიურ სამოსში. უფრო ახალგაზრდებიც ყოფილან და სიმპათიურებიც. ძირითადად ქოლგების ქვეშ ისხდნენ, ზღვის ხედებით ტკბებოდნენ ან ბულვარულ, ჭორიკანა ჟურნალებს კითხულობდნენ. კაცებს საბანაო შორტები ეცვათ და ზოგჯერ ცოტ–ცოტას ცურავდნენ კიდეც. მათგან მარჯვნივ და კარგა მოშორებით თამარი იჯდა ქოლგის ქვეშ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს, ყველასგან გარიყულიაო, სარაფნები ეცვა, რაც კიდევ უფრო მკვეთრად აჩენდა მის დაბერებულ სხეულსა და მოკაკვულ ფეხებს. იწვა შეზლონგზე გაუნძრევლად, გასცქეროდა ზღვას და არავინ იცის, რას ფიქრობდა. მხოლოდ ელენე აინტერესებდა და შეპარვით შავი სათვალიდან ადევნებდა მას თვალს, მზერით ეფერებოდა, მისი ცქერით ტკბებოდა. – რა მშვენიერია, – ფიქრობდა თავისთვის.– ნუთუ მეც ასეთი ლამაზი ვიყავი? შენს ახალგაზრდობას ჰგავსო. სულ მეუბნებიან. როგორ გავფლანგე ახალგაზრდობაც, სილამაზეც და ჩემი ცხოვრებაც. რაღა ვარ? ვინღა ვარ? მე თვითონაც არ ვიცი. ასეთ მწარე ფიქრებში იყო. ელენეს და მათეს მარცხნივ ლაშა იჯდა ქოლგის ქვეშ, თუმცა მისი ქოლგის ქვეშ ჯდომა ძალიან პირობითი ნათქვამია, რადგან სულ აუზში იყო და სიამოვნებით ცურავდა, მისი სპორტული აღნაგობა არ დარჩენიათ ქალებს შეუმჩნეველი. ლაშას შემდეგ გივი მოკალათდა ქოლგის ქვეშ. მართლაც, რომ მოკალათდა. გასაშლელი სკამიც მიიდგა დახლ–მაგიდებთან, ლეპტოპიც დადგა, გვერდზე ფურცელი და მუდმივი კალამიც მოიმარჯვა და საბანაო შორტებში გამოწყობილი თან სიამოვნებით წრუპავდა ცივ სასმელებს და თან ცოტას მუშაობდა კიდეც სუფთა და იოდით სავსე ჰაერზე. ისიც ძალიან კარგად ცურავდა და აღმოჩნდა, რომ დაუდევარი სამოსის ქვეშ დაკუნთულ და კარგად აწყობილ სხეულს მალავდა. მეზღვაურებში ორი ახალგაზრდა ქალიც აღმოჩნდა, საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდნენ და საინტერესო სანახავებიც იყვნენ. გემბანზე სწორედ ისინი ემსახურებოდნენ მგზავრებს და საჭიროების შემთხვევაში მაშინვე მათთან ჩნდებოდნენ. მოგზაურები ასე ატარებდნენ დროს ვახშმობამდე. შემდეგ აიშლებოდნენ, კაიუტებს მიაშურებდნენ და სავახშმოდ გამოეწყობოდნენ. ვახშმობის შემდეგ, მოსაღამოვებულზე სალონში იკრიბებოდნენ და იქ ერთობოდნენ. კაცები ბილიარდს თამაშობდნენ. დორა ნატაშენკა და დები კი – „დურაჩკას“, თან ერთმანეთის გაცურებას და თვალის ახვევას ცდილობდნენ, ამას სიცილ–ხარხარი მოჰყვებოდა და ქალბატონი დორა კარტებს არევდა. შემდეგ თავიდან იწყებდნენ თამაშს და ისევ ყველაფერი მეორდებოდა. საერთოდ, კნეინა თავადის ქალების გარდა, თითქმის, არავისთან ურთიერთობდა, მხოლოდ მათთან საუბრობდა და ერთობოდა. ბილიარდის თამაში რომ მობეზრდებოდა, მიუჯდებოდა დემნა როიალს, რასაც მაშინვე სრული სიჩუმე მოჰყვებოდა და ყველა სმენად იქცეოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი პიანისტის კონცერტებს უფასოდ ესწრებოდნენ. ამით განსაკუთრებით ტურისტები ხარობდნენ, სურათებს იღებდნენ მასთან და ავტოგრაფებს სთხოვდნენ. ელენეც მშვენივრად უკრავდა, მისი მოსმენაც ძალიან სასიამოვნო იყო. დღისით, როცა ორივეს დრო და სურვილი ჰქონდა, დემნა უტარებდა მუსიკის გაკვეთილებს. ელენე ცდილობდა ასეთი შანსი ხელიდან არ გაეშვა. ნიკოც სიამოვნებით ესწრებოდა ამ გაკვეთილებს. მხოლოდ მათე იჯდა მისჯილივით, ამთქნარებდა, ან კითხულობდა. მუსიკის არაფერი გაეგებოდა. რამდენჯერმე, სალონური საღამოების მსვლელობისას, ელენემ და დემნამ, დემნამ და ნიკომ, ნიკომ და ელენემ ოთხ ხელშიც დაუკრეს და მსმენელთა სრული აღტაცება დაიმსახურეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან კარგი და სასიამოვნო ამბებია გაცნობის მხრივ, მხიარულობა , საესტრადო დარბაზი, რესტორანიო,ბარი, კინოდარბაზი გემბანი აუზიო, თან გემი 21-მგზავრისთვის ყოფილა განკუთვნილი , და ამდენი სალონური სიამოვნება მუსუკით მოეწონებოდათ ,რა თქმა უნდა. ძალკიან მომეწონა მეც. ძალიან კარგი და სასიამოვნო ამბებია გაცნობის მხრივ, მხიარულობა , საესტრადო დარბაზი, რესტორანიო,ბარი, კინოდარბაზი გემბანი აუზიო, თან გემი 21-მგზავრისთვის ყოფილა განკუთვნილი , და ამდენი სალონური სიამოვნება მუსუკით მოეწონებოდათ ,რა თქმა უნდა. ძალკიან მომეწონა მეც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|