თავი 3 - ხალისიანი მოგზაურობა
მოგზაურობის მეორე დღეს, კაპიტანმა ამცნოთ, რომ ღამის სამ საათზე ცაზე ძალიან ახლოს გამოჩნდებოდა წითელი პლანეტა – მარსი – და ორი საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა მისი ყურება. ასე რომ, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო ასულიყო გემბანზე და ენახა. გემბანი აღჭურვილი იყო შორსმჭვრეტებით და ეს დაკვირვება კიდევ უფრო სანახაობრივი შეიძლება ყოფილიყო. უმრავლესობამ დაიწუწუნა, რომ ძალიან გვიანია, ღამის 3 საათიდან დილის 5 საათამდე ძილი ყველაზე ტკბილია და ვერ გავლენ. ლაშამ გაიფიქრა, რომ აუცილებლად ნახავდა მარსს. იმავე საღამოს, ათ საათზე გაიმართებოდა პირველი კინოსეანსი. მგზავრებს შესთავაზეს ფილმის არჩევა. – დეტექტივი, – წამოიძახა და ყველას დაასწრო მათემ. – რატომაც არა?! თქვეს დანარჩენებმა, იყოს დეტექტივი. – მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, აგათა კრისტი– წამოიძახა მათემ. – წაკითხული მაქვს და ეს ფილმი კი ვერა და ვერ ვნახე. არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ და ძალიან მაინტერესებს! ამაზეც დაეთანხმნენ და მათე ძალიან კმაყოფილი დარჩა. კინომექანიკოსმა პატარა აფიშაც გამოაკრა სალონში, რომ არ დავიწყებოდათ. და აი, საღამოს ათ საათზე ყველა უკლებლივ შეიკრიბა კინოთეატრში. დაიკავეს სასურველი ადგილები, დაიდგეს სასურველი სასმელები და ფილმის სანახავად მოემზადნენ. ნატაშენკას მიმიც შემოეყვანა, ისიც გასუსული იჯდა და შესცქეროდა ეკრანს. ფილმი დაიწყო და ყველა გადაეშვა აგათა კრისტის სამყაროში. ჩუმად უყურებდნენ, რეპლიკების გარეშე. ქალბატონ დორას მარაო მოუნდა, ძალიან დასცხა და ნატაშენკას სთხოვა მოეტანა. ისიც სირბილით გაიქცა და მოიტანა, აინტერესებდა ფილმის სიუჟეტი და არ უნდოდა რამე გამორჩენოდა. კნეინამ დიდი ესპანური მარაო ააფრიალა. კვანძი გაიხსნა და ფილმიც დამთავრდა. – დამთხვევა არის, იქაც რუსი კნეინა არის, – თქვა დორამ – ჰო, – ხომ არ გენათესავებათ, – ჰკითხა გივიმ. – არა! რაღაც არასასიამოვნო გრძნობები აქვს მე ამ კინოში, – ისევ თქვა დორამ. – ალბათ, ჩვენც რომ სამოგზაუროდ ვართ, არ გვესიამოვნა, – გაიცინა მათემ. – Да, – უპასუხა დორამ. მაყურებლები დაიშალნენ და თავ–თავისი კაიუტებისკენ წავიდნენ დასაძინებლად.
იმ ღამეს, მართლაც, არ დაიზარა ლაშამ და ოთხის ათ წუთზე უკვე გემბანზე იყო, გივი და ნიკოც იქ იდგნენ. დანარჩენებს, როგორც ჩანს ტკბილად ეძინათ. მშვიდი, სასიამოვნო და გრილი ამინდი იყო, ცა – მოჭედილი ვარსკვლავებით და მათ შორის თავს იწონებდა მარსი. შთამბეჭდავი იყო, კაცები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ხან შორსმჭვრეტებითაც აკვირდებოდნენ. ამ დროს უფრო შეიგრძნეს, ვიდრე დაინახეს, რომ ვიღაც მიუახლოვდათ. შავი ჩრდილივით იყო, ვერ მიმხვდარიყვნენ, ვინ, ან რა შეიძლება ყოფილიყო. – რომელი ხარ? – ჰკითხა ლაშამ – მე ვარ! – თქვა ქალმა და სახე გამოაჩინა. ერთ–ერთი პრინცესა აღმოჩნდა. – როგორ მიყვარს ეს მოსასხამი, სრულიად უჩინარს ხდის ადამიანს გამეღვიძა და გადავწყვიტე მარსი მენახა. – თქვა და გაიცინა. მის თვალებში ფირუზისფერმა სხივებმა გაიელვეს, კაცები გაოცებულები უყურებდნენ. – თქვენ, მგონი, ჯადოქარი ხართ, – თქვა გივიმ. – ყველა ქალი ცოტა ჯადოქარია. – გაიცინა და მარჯვენა ხელით კაპიუშონი გადაიძრო. – ინა ყოფილხართ, – უთხრა ლაშამ. – როგორ მიცანით? – თქვენი განუყრელი ბეჭდით. – გაიღიმა ლაშამ. შემდეგ ყველას ყურადღება ისევ ვარსკვლავებით მოჭედილმა და წითელი ბროშით დამშვენებულმა ცამ მიიპყრო. დილის ხუთ საათამდე არ დაშლილან. ირიჟრაჟა და კაიუტებისკენ გასწიეს. მოგზაურობის მესამე დღეს, საუზმის შემდეგ მგზავრების სამსახურმა სახალისო აუქციონის ჩატარება შესთავაზა მოგზაურებს და ოქროს უზალთუნიანი ქისების მომარჯვება შესთავაზა. ნავსადგურის ადმინისტრაცია, პერიოდულად აწყობდა ნაოსნობის რელიქვიების გამოფენა–გაყიდვას, ძირითადად, აუქციონის წესით. მგზავრები გახალისდნენ და, მართლაც, მოემზადნენ რარიტეტების შესაძენად. დასწრების მსურველი ყველა აღმოჩნდა, თამარიც კი. ისინი დარეგისტრირდნენ და მიიღეს საკუთარი ნომრები. სცენაზე დადგეს მაგიდა, მას მგზავრების მომსახურე პერსონალის სამი წევრი მიუჯდა. შუაში აუქციონის წამყვანი, აუქციონერი (ან იგივე აუქციონატორი) მოკალათდა ხელში ხის ჩაქუჩით, მის მარცხნივ დაჯდა ახალგაზრდა მეზღვაური ქალი, რომელიც მიიღებდა გადასახდელ თანხებს და ქვითარსაც გამოწერდა, ხოლო აუქციონერის მარჯვნივ მჯდომი მეზღვაური ქალი კითხულობდა გასაყიდად წარმოდგენილი ნივთების ბიოგრაფიას და დახასიათებას. აუქციონი დაიწყო და ქალმა პირველი ნომრით წარმოდგენილი, მე–20 საუკუნის 20–იანი წლების გემის კაპიტნის კაიუტაში კედელზე დასამაგრებელი მეტალის ტელეფონი დაახასიათა, რომელიც თავიდანვე იშვიათი წითელი ფერის იყო. ამ დროს ტელეფონიც გამოიტანეს და იგი მართლაც, საუცხოო რამ აღმოჩნდა. აუქციონერმა საწყისი ფასი ათასი დოლარი დაასახელა. ლაშამ თავისი ნომერი ცხრა ასწია. ამ დროს გივიმ ათას ორასი წამოიყვირა და ნომერი შვიდი ასწია. კნეინამ მტკიცედ თქვა: – ათას ოთხასი, – და თავისი ცამეტი ნომერი ასწია. – ათას ექვსასი. – თქვა ლაშამ. – ათას რვაასი – არ დაიბნა გივი. – ათას რვაასი ერთი, ათას რვაასი ორი, ათას რვაასი სამი, გაყიდულია! – თქვა აუქციონერმა და ჩაქუჩი დაარტყა. გივიმ გადაიხადა საფასური და კმაყოფილმა ტელეფონიც დაისაკუთრა. მეორე ნომრით ქალმა მე–19 საუკუნის ერთ–ერთი მეკობრეთა გემის მაჰაგონისგან, იგივე წითელი ხისგან, საუკეთესოდ გამოთლილი, მოჩუქურთმებული საჭე დაახასიათა. საჭეც გამოიტანეს, ყველას აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა. თავმჯდომარემ საწყისი ფასი სამი ათასი დოლარი დაასახელა. დემნამ მაშინვე ასწია თავისი ნომერი, ტურისტების ერთმა წყვილმა სამი ათას ორასი დოლარი წამოიძახა და ნომერი ასწია. – სამიათას ხუთასი, – თქვა დემნამ. – სამი ათას ხუთასი ერთი, სამი ათას ხუთასი ორი სამი ათას .... – სამი ათას შვიდასი, – წამოიძახა კნეინამ. – დედა, რად გინდა ეს საჭე, ისედაც კარგად მართავ ყველას … ты же и так прекрасно рулишь всеми – გაიცინა დემნამ – Мальчишка, როგორ ელაპარაკება დედას? а тебе зачем? Затем и мне. – მე რად მინდა? დავამაგრებინებ საჭეს ჩემს კაბინეტში, თვალსაც ავიხვევ, დავატრიალებ საჭეს, წარმოვიდგენ, რომ მეკობრე ვარ და გემს მივაქროლებ. თან ეს საჭე ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია, რომელიღაც დიდგვაროვანის გაძარცვული გემიდან მიტაცებულს ჰგავს. – ხოდა, მეც წარმოიდგენს, – თქვა კნეინამ ამ დროს აუქციონერმა წესრიგისკენ მოუწოდა მოკამათეებს და ისევ გაიმეორა: – სამი ათას შვიდასი ერთი ... – ოთხი ათასი, – თქვა დემნამ – არ დაგანებებ, იცოდე, დედა. – Мудрый уступает, – თქვა კნეინამ, – შენი არის! – ოთხი ათასი ერთი ... ოთხი ათასი ორი ... ოთხი ათასი სამი, გაყიდულია! – თქვა აუქციონატორმა და ჩაქუჩი დაარტყა, – ო, ჩემია! ჩემი! სიხარული ვერ დაფარა დემნამ, საფასური მსწრაფლ გადაიხადა და ნაყიდი საჭის თავის კაიუტაში წაღება მოითხოვა. თვითონაც გაჰყვა, ადგილი მიუჩინა ნივთს და მალევე დაბრუნდა უკან. – ეს რა კარგი აუქციონია, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთ იშვიათობებს ვნახავდით და შევიძენდით, – თქვა მან კმაყოფილმა. ამასობაში აუქციონის მესამე ნომრით წამყვანმა ქალმა წარმოადგინა და აღწერა მეცხრამეტე–მეოცე საუკუნის მიჯნაზე არსებული პატარა გემის, სახელწოდებით „იმედი“, ღუზა. ღუზაც გამოიტანეს. იგი ბრინჯაოსი აღმოჩნდა, მართალია გაესუფთავებინათ, მაგრამ ალაგ–ალაგ მომწვანო ფერი მაინც დაჰკრავდა, მართლაც იმედის მომცემად გამოიყურებოდა. თავმჯდომარემ ფასიც დაასახელა ორი ათასი დოლარი. – ეს ჩემი არის და არავინ შემეჯიბრეთ, – თქვა კნეინა დორამ – ორი ათასი ერთი ... ორი ათასი ორი ... ორი ათასი სამი, გაყიდულია – თქვა აუქციონერმა და ჩაქუჩიც დაარტყა. – მადლობა, – თქვა კნეინამ და საფასური გადაიხადა. ასე დასრულდა პირველი აუქციონი. აუქციონატორმა ყველას მადლობა გადაუხადა და მოგზაურობის მსვლელობისას კიდევ ერთი შესაძლო აუქციონი დააანონსა, თან შეპირდათ, რომ თარიღსა და დროს დამატებით შეატყობინებდათ. ამ დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა ელოდათ მგზავრებს. სამხრობის შემდეგ, როცა ყველა გემბანზე იმყოფებოდა, მეზღვაურებმა მოულოდნელად ალისფერი აფრები გაშალეს. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება და აღტაცება გამოიწვია. დორაც კი, რომელიც თითქმის ყოველ წელს ესწრებოდა ამ მშვენიერ მოულოდნელობას, ყოველთვის ხარობდა, რასაც სწორედ ეს მოულოდნელობის ეფექტი იწვევდა. აღფრთოვანებულმა მგზავრებმა ტაშიც კი შემოჰკრეს.
ასე ხალისიანად, გართობა–გართობაში ეცნობოდნენ ერთმანეთს და ატარებდნენ დროს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გემზე აუქციონი საინტერესო იქნებოდა., მაგრამ მე ფილმს ავირჩევდი. გემზე აუქციონი საინტერესო იქნებოდა., მაგრამ მე ფილმს ავირჩევდი.
1. თავშესაქცევი აუქციონი, ზღვის ტალღებს მიჯაჭვულ მოსაწყენ ყოველდღიურობაში თავშესაქცევი აუქციონი, ზღვის ტალღებს მიჯაჭვულ მოსაწყენ ყოველდღიურობაში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|