ნაწარმოებები


ჩაირთო(აღდგა) მეილების დაგზავნის სერვისი. შესაბამისად უკვე ჩაირთო რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
24 მაისი, 2023


შავი ზღვის თეთრი თოლია /დეტექტივი/ - IV - ქარიშხალი და „უბედური შემთხვევა“

თავი 3 – ქარიშხალი

        მაგრამ , როგორც ხდება ხოლმე, იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, ერთ დღესაც, დილით ადრე, გემის საგრძნობმა შექანებამ გამოაღვიძათ. თითქოს, მალევე დამშვიდდა ზღვა, მგზავრები გემბანზე გამოეფინნენ. კაპიტანმა დააწყნარა ისინი, უთხრა, რომ შტორმის ეპიცენტრიდან ძალიან შორს არიან და მხოლოდ მის პერიფერიაზე გაიარეს.
    მთელი დღის განმავლობაში თან სდევდათ ხიფათის გრძნობა. დღემ, თითქოს, მშვიდობიანად ჩაიარა, ვახშმობა ახალი დამთავრებული ჰქონდათ, როცა გემი ისევ შტორმის ზონაში შევიდა. ქარიშხალი პატარა გემს აქეთ–იქით ისროდა. ჭურჭლის ნაწილი გადმოცვივდა და დაიმსხვრა. მგზავრები შეშინებულები ისხდნენ რესტორანში და კაპიტანს ელოდნენ. ისიც თითქმის დაუყოვნებლივ გამოცხადდა მათთან და თქვა:
– როგორც გადმომცეს, შტორმის ეპიცენტრი შორს არის ჩვენგან,  ეპიცენტრში შტორმი 9 ბალს აღწევს ბოფორტის სკალით. ჩვენ მოვყევით შტორმის განაპირა ზონაში და მალე გავივლით ამ მონაკვეთს. თუ არ გსურთ კაიუტებში განცალკევებით ყოფნა, აქ დარჩით ერთად, ან სალონში გადადით. მეც შემოგიერთდებით ხოლმე და შეძლებისდაგვარად გავერთოთ, რათა გადავიტანოთ ეს უსიამოვნო მოულოდნელობა.
      რესტორნის თანამშრომლებმა მაგიდები აალაგეს. დამსხვრეული ჭურჭელი შეაგროვეს და ამ ყველაფრის სამზარეულოში გატანაში მათ ნიკო და გივიც მიეხმარნენ,  შემდეგ მომსახურე პერსონალმა რესტორანი დაგავა და მაგიდებიც მიაწყო. მგზავრებმა სალონისკენ გადაინაცვლეს, მეზღვაურებმა როიალი შუაში გამოაგორეს და მოგზაურებს შესთავაზეს პატარა კონცერტის გამართვა.
    მგზავრები სალონის მაგიდებს მიუსხდნენ, მაგრამ გართობის სურვილი არ ჰქონდათ. მხოლოდ დემნა ვერ ისვენებდა, ბოლთას სცემდა სალონის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე და უკან. მგზავრებმა სთხოვეს დამჯდარიყო, რადგან მისი ასეთი მოუსვენრობა კიდევ უფრო ანერვიულებდათ. დემნა არ ჯდებოდა. ცალკე კნეინამაც სთხოვა, დამშვიდებულიყო.
      უცებ აღელვებული დემნა ახლადშეუღლებული წყვილის მაგიდას მიუახლოვდა, მშვენიერ ელენეს სმარაგდისფერ თვალებში ჩახედა და უთხრა:
– შენ ჩემი შვილი ხარ, ელენე.
ყველას ერთხმად აღმოხდა გაოცების შეძახილი.
– დედა, რას ამბობს ეს კაცი? –  იკითხა ელენემ.
    ელენეს მშობლებმა ხმა ვერ ამოიღეს. მამა თავჩაქინდრული იჯა. დედა, თითქმის, გულწასული იყო და მას მათეს დედა დასტრიალებდა თავს.
– დიახ, მე მამაშენი ვარ და შენ ჩემი შვილი ხარ. მინდა დღესვე ოფიციალურად გავაფორმო ეს ფაქტი.
– რომელი ფაქტი? მე მშობლები მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს. – თქვა ელენემ.
– ჩემს მემკვიდრედ მინდა გამოგაცხადო, რომ, თუ სხვა შვილი არ მეყოლება, მთელი ჩემი ქონება შენ დაგრჩეს. თუ სხვა მემკვიდრეც იქნება, ქონება იმდენ ტოლ ნაწილად გაიყოფა, რამდენი შვილიც მეყოლება. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მხოლოდ შენზე გაფორმდება. ნოტარიუსიც აქ არის და ყველა საბუთიც მზადაა, დარჩა ხელმოწერები და დათარიღება.
– ვითომ უნდა მინდოდეს უცხო კაცის ქონება? – გაიცინა ელენემ.
– უცხო კაცის? ჩემზე ახლობელი აქ არავინ გყავს, თუმცა ... – თქვა ეს და მზერა დამსწრე საზოგადოებას მოავლო, ფლორა–თამარზე შეაჩერა და ჰკითხა:
– შენ რას იტყვი, ფლორა, ახლობლობის თაობაზე ? 
    ფლორა–თამარი მაგიდაზე დამხობილიყო და მკლავებში თავჩარგული იჯდა. მგონი, უხმოდ ტიროდა. დემნა ისევ ელენეს მიუბრუნდა:
– ელენე გედევანიშვილი იქნები, თავადის ქალი. იცი, რა ქონების პატრონი? აი, მე ახლა თქვენთან ერთად ვმოგზაურობ, ფულები კი მოდის ჩემი ჩანაწერებიდან, ჩემი მოგონებების წიგნის გაყიდვიდან, კინოფილმების გაყიდვა–გაქირავებიდან, რომლებსაც ჩემი შესრულებით დაედო მუსიკალური ფონი და ა.შ. და ა.შ.
– ელენე, დათანხმდი! – წამოიძახა მათემ, – წარმოგიდგენია, რა მდიდრები ვიქნებით, ძალიან მდიდრები! –  ელენემ დაკვირვებით შეხედა მას.
– ჰო, ელენე დამთანხმდი! – გადაიხარხარა დემნამ.
    შემდეგ მათეს მიუბრუნდა, დააკვირდა და წამოიძახა:
      –    Какой предприимчивый молодой человек, чересчур предприимчивый для своих лет и свадебного путешествия. Он, кажется, всё рассчитал.
– მათე, შენ, მგონი, ჩემზე მეტად ჩემმა ქონებამ დაგაინტერესა, – თქვა ელენემ და მშვენიერი სმარაგდები მოწკურა.
– რას ამბობ, ელე, ძალიან მიყვარხარ!
– ელენე, დამთანხმდი! – მხიარულად გაიმეორა დემნამ და თვალი ჩაუკრა.
    ამ დროს კნეინა დორამ წამოიძახა:
– შენ რა მკადრულობ? Это же деликатный вопрос? Как можно так вести себя и делать такие заявления при всех?
– დედა, გთხოვ შენ ნუ ჩაერევი! მე თვითონ გავარკვევ. ისედაც ზღვაც ღელავს, მეც საშინლად ვღელავ და შენ მაინც ნუ დამიმატებ.
– Мальчуган. – კნეინა ადგა და ქანაობით დატოვა რესტორანი, მოახლეც თან გაჰყვა.
– Слишком поздно родила, да не довоспитала ….– ჩაილაპარაკა გასვლისას.
    დერეფანში კაპიტანი შემოეგება და სთხოვა, დაბრუნებულიყო სალონში. მარტო კაიუტაში დარჩენას არ ურჩევდა. შემდეგ სალონის მყუდრო კუთხეში განმარტოებით მდგარი მაგიდისკენ გაუძღვა. გემი რამდენჯერმე მაგრად შექანდა და კნეინა გაჰყვა კაპიტანს.
– აი, შეხედე, ელენე, ეს დედაშენია, –  თამარისკენ მიახედა გოგონა. თვითონ მიუახლოვდა ფლორა–თამარს, მკლავებში ჩაავლო ხელები და ამოახედა  – ხო, ამ ქალმა გაგაჩინა. შენსავით ლამაზი იყო. შენზე ლამაზიც. მიყვარდა, მაგრამ აი, იმ ქალმა, ბებიაშენმა, –  დემნამ ხელი გაუშვა თამარს და დორასკენ გაიშვირა თითი, – კუთხეში რომ ზის ამაყად, არ მომაყვანინა ცოლად. – აქ დემნა ისევ ელენესკენ წამოვიდა. – ღარიბი ოჯახიდან არისო. მართლაც, საცოდავს მხოლოდ ღარიბი დედ–მამა ჰყავდა, დედა კერავდა, მამა ხელოსნობით არჩენდა ოჯახს. თამარის ორსულობა რომ გაიგო, მამა ლოგინად ჩავარდა. დედას დააწვა მთელი სიმძიმე. ცოტას მამიდა თუ მამიდები ეხმარებოდნენ ბათუმიდან, მერე საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ და სანამ იქ გათვითცნობიერდნენ, მოსახდენი მოხდა. ბებიაშენს თავზე გადასდიოდა ყველაფერი და ვერაფერი ვერ გაიმეტა თავისი შვილიშვილისთვის. მე და დედაშენი 17–18 წლისანი ვიყავით და არაფერი გვებადა. აი, ამ ქალმა ბებიაშენმა იზრუნა შენი გაშვილებისთვის. კარგ ხალხში იქნებაო, გვამშვიდებდა. დაგვინგრია სიყვარული. ამის შემდეგ თამარს ჩემი ნახვა აღარ უნდოდა. დედამისი და მამამისი დარდს გადაჰყვნენ. თვითონ ქუჩაში აღმოჩნდა, ბინის ქირას ვერ იხდიდა და გამოაგდეს, გზას ასცდა. ისევ ვთხოვე დედაჩემს, აი იმ შეუვალ ქალს, აისბერგივით გაყინული რომ ზის, მოდი დავიხსნათ თამარი მოთმინების სახლიდან და პატარა ყოველთვიური თანხა მივცეთ–მეთქი. უარი მითხრა. მონსტრია!. ახლა მაგისი აღარაფერი მჭირდება. როგორც კი წარმატებას მივაღწიე და თანხა მეყო, თამარი გამოვისყიდე, მაგრამ უკვე დანგრეული იყო. არც კი იცის, რომ მე გამოვისყიდე. ნოტარიუსის მეშვეობით გავაკეთე, მე არ გამოვჩენილვარ. ვითომ რომელიღაც კლიეტმა დაიხსნა და ყოველთვიური თანხაც იმან დაუნიშნა. ახლა გაიგებს სიმართლეს. ხომ ხედავ რას ჰგავს. მხოლოდ თავისი მშვენიერი თვალებიღა შერჩა. მას შემდეგ ვერავინ შევიყვარე. დედაჩემი კი წესიერებისკენ მომიწოდებს. რომელი წესიერებისკენ? რომელი წესიერებისკენ მომიწოდებს? ნეტავ, რად უნდა ეს ამხელა ქონება? მე მისი არაფერი მჭირდება.
– ჩემი ქონება ელენეს ჩუქება გააკეთე. – უპასუხა დედამ.
– რა სასწაულები მესმის? – იყვირა ელენემ.
    ფლორა–თამარი ტიროდა (ელენე დაუფარავი ზიზღით უყურებდა მას), ელენეს მშობლებიც ტიროდნენ, მათეს დედაც ტიროდა და თვით შეუვალ დორასაც ჩამოსცვივდა ერთი–ორი ცრემლი. მხოლოდ ელენე იჯდა გაკერპებული.
    ტალღები გემს აქეთ–იქით ახეთქებდა. გემის გარეთაც და შიგნითაც ქარიშხალი ბობოქრობდა.
– თანახმა ვარ! – მოულოდნელად წამოიძახა ელენემ. ყველამ მას შეხედა. ფლორა–თამარმაც კი ასწია თავი.
– ჩემი შვილია! – გამარჯვებით იყვირა დემნამ და შეუმჩნეველ გივის მოუხმო, რომელიც, როგორც ვხედავთ, ნოტარიუსი აღმოჩნდა. – სწრაფად გივი, ყველა საბუთი მაგიდაზე გაშალე. გთხოვთ, მაგიდასთან მხოლოდ მე და ელენე დაგვტოვოთ.
    მათე წამოდგა და განზე გადგა. დემნა და ელენე მაგიდას მიუსხდნენ, გივიმ დემნას მუდმივი კალამი მიაწოდა და მორიგეობით აწვდიდა საბუთებს, რომლებზეც ხელმოწერები და თარიღები დაისვა. როცა ყველა საბუთი ხელმოწერილი იყო, დემნამ მხიარულად წამოიყვირა:
– ესეც ასე! – თან მედიდურად გადახედა ჯერ დედას, შემდეგ კი ფლორა–თამარს.
ელენეც კმაყოფილი იყო. საზოგადოება ხვდებოდა, რომ განსაკუთრებული ამბის მომსწრე იყო. მხოლოდ უცხოელებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.
    მგზავრები ძალიან გადაიღალნენ და მიუხედავად შტორმისა კაიუტებში დასვენება ისურვეს. კაპიტანი ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ არცერთ მგზავრს ზღვის ავადმყოფობა არ შეეყარა.
    ღამით, თითქმის, არავის ეძინა. დილისკენ შტორმის ძალა შენელდა და ყველას ჩაეძინა, მაგრამ მგზავრები გემბანზე მოულოდნელად შექმნილმა პანიკამ გამოაღვიძა.
– არავინ მიეკაროთ, ჯერ ექიმმა ნახოს, ფრთხილად, – იყვირა კაპიტანმა.
ამ სიტყვებზე ლაშამ ხუთ წუთში დაიბანა პირი, ჩაიცვა და გემბანზე ავარდა.
– გთხოვთ, მგზავრები ნუ ამოხვალთ გემბანზე, – მკაცრად თქვა კაპიტანმა.
    ლაშამ კაპიტანს კერძო დეტექტივის საბუთი უჩვენა და გემბანზე ავიდა. ცარიელ აუზში თამარი ეგდო პირაღმა და თვალგახელილი.
– ხომ არავინ შეხებია? – იკითხა ლაშამ და რამდენიმე სურათი გადაუღო.
– არა, ჯერ არავინ, – უპასუხა კაპიტანმა.
    შემდეგ ლატექსის ხელთათმანები გაიკეთა და აუზში ჩახტა. გემის ექიმიც თან ჩაჰყვა. ლაშამ ქალს ახლოდანაც გადაუღო ფოტოსურათები და გემის ექიმი მოიხმო, რომელმაც თამარის გარდაცვალება დაადასტურა. ისედაც ნათელი იყო, რომ ქალი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. შემდეგ ფრთხილად გადაატრიალა გვერდზე, ისევ გადაუღო რამდენიმე სურათი, შემდეგ მეორე მხრიდან გაიმეორა იგივე. ამასობაში მგზავრებიც მოგროვდნენ.  მეზღვაურები არ უშვებდნენ მათ გემბანზე.
– რა საშინელებაა! – ერთხმად წამოიძახეს ტყუპებმა.
– გამიშვით, – თქვა ელენემ, ამ ქალმა გამაჩინა. მეზღვაურებმა გაატარეს. ავიდა გემბანზე და ზიზღით დაჰყურებდა დედას. ყველა გაოგნებული იყო. დემნა ტიროდა. მანაც გაარღვია მეზღვაურების ჯაჭვი და დაჰყურებდა მის ერთადერთ სიყვარულს.
– თამარ, თამარ .... არაფერი გეღირსა .... არაფერი გეღირსა, მხოლოდ ჩემი სიყვარული ....
    ლაშამ კარგად შეისწავლა ქალის სხეული. თითქოს მკლავებზე შეამჩნია რაღაც, სურათებიც გადაუღო. შემდეგ ნება დართო, რომ მიცვალებული განკუთვნილ ალაგას გადაეყვანათ და ადგილის მოკვლევას შეუდგა.
– მე კერძო დეტექტივი ვარ და მოკვლევას ჩავატარებ, რომ დავადგინო, რა მოხდა, მოემზადეთ, საუზმის შემდეგ ყველა დაიკითხებით. – მიმართა მან მგზავრებს.
    ადგილი გულდასმით დაათვალიერა, ამოვიდა, შხაპი გადაივლო და თეთრები ჩაიცვა. თითქოს განწმენდა სურდა.
საუზმემდე დრო ჰქონდა, კაიუტაში დარჩა, მიუჯდა მაგიდას და ჩაფიქრდა.
– ვინ? ვის სურდა თამარის თავიდან მოშორება?– ფიქრობდა თავისთვის.
– მოდი, ჯერ მაქსიმალურად შევავიწროვოთ წრე. გერმანელი ტურისტები და ქართველი თავადის ქალები თავიდანვე გამოვრიცხოთ. მათეს და ელენეს მშობლებიც ჯერჯერობით გავარიდოთ ამ ამბავს. გივი, ნიკო და ნატაშენკაც ვერაფრით დავუკავშირე თამარს. რჩებიან: კნეინა დორა, დემნა, მათე და ელენე. კნეინა დორა ვერ იტანდა თამარს და ყველა ცოდვას მას აბრალებდა. მაგრამ თავისი ასაკიდან გამომდინარე შეეძლო თამარის მოკვლა? რას მოუტანდა მას ამ ქალის გაქრობა? თუნდაც, თამარისგან განთავისუფლებულ დემნას შეეძლო ოჯახი შეექმნა და  კიდევ გამრავლებულიყო? იქნებ და ეს არის, დორას სურვილი. ის სიმდიდრე, რომელიც მათ გააჩნიათ, რამდენიმე ბავშვს გაუხსნის მომავალს. მიუხედავად თავისი დიდი სურვილისა გაექრო ეს ქალი, კნეინა დორა ფიზიკურად ვერ გაუმკლავდებოდა თამარს. თუმცა გააჩნია, რა სიტუაცია შეიქმნა, იქნებ ერთი ხელისკვრაც კი საკმარისი იყო.
დემნას ძალიან უყვარდა თამარი და ახლაც ეცოდებოდა, მოკვლით კი შეეძლო მოეკლა. დაემთავრებინა თამარის მთელი ეს გაუგებარი და მწარე არსებობა. ესეც სიყვარულით  გაეკეთებინა. განა ცოტაა ასეთი შემთხვევები? თან იმპულსურია, სპონტანური, მაგრამ ისეთი ხმაურიანია, ასე ჩუმად ვერ გაისტუმრებდა, ალბათ, თამარს. გაესაუბრებოდა, იროხროხებდა და ვინმე აუცილებლად გაიგონებდა. დემნა ჩუმად მიმპარავი არ არის.
მათე? მათეს ელენეზე მეტად კეთილდღეობა უყვარს. თამარის გამოჩენამ, შეიძლება, დააფრთხო, მაგრამ რისთვის მოკლავდა? რატომ გაირთულებდა ცხოვრებას? დეტექტივების კითხვა უყვარს, არა მგონია ასეთი სიძულვილი ეგრძნო იმ ქალისადმი.
აი, ელენეს კი აშკარად სძულდა თამარი, რომელიც ძალიან ცუდ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში. თითქოს ყველაფერი აწყობილი იყო და უცებ დაფეხვილი მეძავი დედა! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი. შეეძლო მოეკლა? რატომაც არა? მით უფრო თუ ოდნავ ხელის წაკვრა იყო საჭირო.
ამ ოთხეულზე დამატებითი ინფორმაცია უნდა გამოვითხოვო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები