ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2023


***



არ გამოვრიცხავ, ამაღამ ავდგე ნამძინარევი,
მაცივრიდან გამოვიღო ცივი წყალი
და მოვსვა რამდენიმე ყლუპი.
დავხედო მძინარე კატებს,
ერთმანეთში გადახლართული კუდებით,
გავიფიქრო - ხომ შეიძლებოდა ენიც ახლა აქ ყოფილიყო.
ოჯახის თითქმის ყველა წევრი შეიძლება ასე არ იღვიძებს,
მაგრამ ჩემი მზრუნველი ცოლი
უფრო მეტად მოუსვენარი,
ვიტყვი - ამათი გადამკიდე,
შეუძლებელია სხვაგვარად იქცეოდეს.
არ გამოვრიცხავ მაღვიძარას ახმაურებამდე წამოვდგე,
დაბალ ხმაზე ჩავრთო საყვარელი მუსიკა,
დილის რიტუალი ჩავატარო ყავის და თამბაქოს გამოყენებით,
ავსქროლო ფეისბუქი,
ომის შესახებ სიახლეებს თვალი ვადევნო,
შეწირულ ადამიანებზე გულმა რეჩხი მიყოს,
მეგობრების განწყობებზე შევიქმნა წარმოდგენა და დავზავდე სიმშვიდესთან,
რომელიც ნელ-ნელა ცდილობს
უსიამოვნოდ შეეგუოს დარღვეულ ყოფას.
ბოდიშის მოხდას იმსახურებს დილის ამღვრევაც,
მთელი თავისი მოჟღრუტულე წამოცდენებით.
მაგრამ ფეხაკრეფით სიარულს სადამდე შეუძლია მიმიყვანოს ცხოვრებაში?
ამის განსაზღვრა ოთახიდან ოთახამდეც შეუძლებელია.
რამეს ფეხი რომ არ წამოვკრა,
ალბათ უმჯობესია დავხარო თავი
და ასე შევაერთო
სიცოცხლის ნიშნებით დახუნძლული ახლანდელობა,
პოეზიის აშკარა მომავალთან,
რომლის მოხელთება,
უდროო დანაკარგებითაც არასოდეს გაწბილებულა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები