ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2023


ჩემი ვაჟი 13-ის ხდება

ხვალ ყველაზე ნათელი მზე უნდა გაბრწყინდეს-
ჩემი ვაჟი 13-ის ხდება!
მთელი დღე ვფიქრობ:
მის შავ თვალებს მოუხდება თეთრი პერანგი,
რომ მამასავით ბეჭფართეა, მკლავძლიერი...
რა დრო გასულა-
ჩემი ვაჟი 13-ის ხდება!
....
-ნახე, პერანგი გიყიდე, შვილო...
-მერე როგორ? რაღა გახსოვს, როგორი ვარ
მე ახლა, დედა?
....
ყველა დუმილზე უსაშველო დუმილი დგება,
ვკარგავ ყველა ხმას, ყველა ფერებს, ვკარგავ ყველაფერს...
პირდაფჩენილი დრაკონივით ანთხევს ბრაზს ღამე...
ცეცხლის ენები...
ზარები რეკენ, რეკენ ზარები,
მაგრამ ისინი არ გვიხმობენ მწუხრის ლოცვებზე.
ეს სიკვდილია- დიდი ომია!

....
რეკენ ზარები და გვიხმობენ თავშესაფრისკენ-
მე არ ვიცი სიკვდილს მიწაში როგორ უნდა დაემალო.
ყველა მირბის, მეც ავყევი სხვების ფეხის ხმას...
თავშესაფრამდე 13 სართულია-
13 გრძელი სართული.
ეს არაა უბრალოდ საფეხურები, ეს გოლგოთაა,
მე კი ჯვარივით მკიდია მხრებზე სიტყვები:
„რაღა გახსოვს, როგორი ვარ
მე ახლა, დედა?!“

ომია!
მე კი ყველა ლოცვა მავიწყდება,
მხოლოდ შვილის სახელი მახსოვს...
ეს  ყველაზე წრფელი ლოცვაა
გულისგულიდან სისხლის ყველა წვეთის გავლით მოდის
და ვფიქრობ:
არ შეიძლება, დედის ლოცვად გადმოღვრილმა
შვილის სახელმა, არ გაკვეთოს ცეცხლის ენები,
არ გადასეროს შვიდი ცა და შენამდე არ მოიტანოს ჩემი ტკივილი,
ძლიერო ღმერთო!
...
ომია!
ყველა ლოცვა დამავიწყა წმინდა მიწამ,
ჩემი ვაჟის  სახელის გარდა!
ჩემი შვილის სიტყვები ხმაურობს ჩემში და ვიცი,
რომ უნდა გადავრჩე!
უსათუოდ უნდა გადავრჩე!
ეს ომი ვერ მომერევა,
რადგან ეს არაა ჩემი მიწა,
და ვერ მიიღებს ჩემს დაქანქულ და ნატანჯ სხეულს!
ჩემი მიწა იქაა... ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა.
იმ მიწას ჩემი კაცის სხეული ვანდე
და ხანდისხან მკორტნის ეჭვი,
ეგებ მიმუხთლოს და ჩემს მისვლამდე,
ყოჩივარდებად დააყაროს
მკერდს სხვა ქალების ნაზი ალერსი...
იქ, ჩემს მიწაზე, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა,
ჩემი სახლია!
სახურავიდან ჯერ ისევ წვეთავს სევდა წვიმის წვეთებად.
უნდა გადავრჩე და დავგმანო ყველა ღრიჭო,
რომელსაც ჩემი შვილის სიზმრების დაფრთხობა შეუძლია.
იქ, იმ მიწაზე, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა,  ვაჟია ჩემი!
ჩემი შვილი 13-ის ხდება!
....
შეწყდა ბრძოლა- ცეცხლი ჩაქრა- გაყუჩდა ზეცა,
შუაღამე გაწოლილა წმინდა მიწაზე
და მშვიდად ფშვინავს.
მე კი ვწევარ ფართოდ გახელილი თვალებით და ვერ ვგრძნობ შვებას.
დღეს ბრძოლა შეწყდა, მაგრამ ეს სხვა ბრძოლაა,
ჩემი ომი, ჩვენი ომი არ დასრულებულა,
ჩემი ჯავშანი- შვილის სხეულიდან  აყოლილი სითბო  დრომ წაიყოლა
და ახლა სასიკვდილო ტყვიასავით მხვდება გულში სიტყვები:
„რაღა გახსოვს, როგორი ვარ მე ახლა, დედა?“
და ვცდილობ,მთელი ჩემი ძალით ვცდილობ, წარმოვისახელო ჩემი ვაჟის სხეულის ყველა მისხალი...
ჩემი ხსოვნა ცარიელი ვაზნებივით უსარგებლოა...
და ვხვდები, ჩვენ დავმარცხდით, დედები დავმარცხდით, ღმერთო!
იქ, იმ მიწაზე, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა მეგულება ჩემი ვაჟი-
ჩემი ყველაზე წმინდა ტაძარი!
და მე ვიცი:
რომ დავმარცხდით, მაგრამ მაინც უნდა გადავრჩეთ!
უსათუოდ უნდა გადავრჩეთ,
ამ ბრძოლაში ვერ დავიხოცებით დედები, ღმერთო!
...
ხვალ ყველაზე ნათელი მზე უნდა გაბრწყინდეს-
ჩემი ვაჟი 13-ის ხდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს