ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2023


* * *

ნაჯიბგირალი ქარი იყუჩებს,
კვლავ დაიპყრობენ ძველი გიჟები,
საღამოს როცა ქალაქის ქუჩებს,
ჩემს სამყაროში გეპატიჟებით.

თვალი მოავლეთ შორეულ მიწებს,
სად ბობოქრობნენ ადრე ომები,
როგორც რაინდი მე შემოგფიცებთ,
სულ მეყვარებით და მენდომებით.

და მერე როცა ბებერი მთვარე,
თავს დაგვადგება მაჭანკალივით,
თქვენ მომარიდებთ მღელვარე თვალებს,
მე თმას გაგიშლით მძლავრი ქარივით.

ჰო, დამძლევს ისევ სული აშარი,
გამაბედინებს თქვენს მოკარებას
და ღამე ისე, ვით დამნაშავე,
მე და თქვენ ჩუმად გაგვეპარება.

დარჩება კვალი დამცხრალ ვნებისა,
მომეჩვენებით ედემის ხილად,
თქვენ ვერ მიხვდებით განშორებისას,
რომ ვეღარასდროს ვეღარ მიხილავთ.

გაგიმართლდებათ ფარული შიში,
მუდამ რომ გდევდათ შარის მოდებით,
თქვენ მეოცნებე იმ ციხის ძირში,
ისევ ამაოდ დამელოდებით.

მაშინ იფიქრებთ, უარგყოთ გულმა,
მიჰყვებით ეჭვებს, როგორც ტიტანებს,
ვერც კი გაიგებთ, რომ პოეტურმა,
სიგიჟეებმა გადამიტანეს...

დანტე დარდიანი    31/05/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები