ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ივნისი, 2023


თავისუფლება და თვითაქტუალიზაცია (დილეტანტური მიმოხილვა)

ნინო დარბაისელი

თავისუფლება და თვითაქტუალიზაცია
(დილეტანტური მიმოხილვა)

გუშინ რაღაც პოსტი დავდე  თავისუფლების შესახებ, თავისუფლება არ არის მთავარი ღირებულება ადამიანისთვის-მეთქი და საილუსტრაციოდ,    კომენტარში მასლოუს  “ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდა” დავურთე.
ფერის გამო გამახსენდა, თორემ ამ საკითხებზე ფიქრს და ლაპარაკს ნამდვილად არ ვგეგმავდი.

ერთი დაბლოკილი ფეისბუქ ,,მეგობარი”,  ამერიკელი ქართველი, ულტრალიბერალი, ახალი ნიკით ,,ექაუნთით “ გამომეცხადა და წერს,  პირამიდის წვერში მოქცეული ,, თვითაქტუალიზაცია”- ადამიანის თავისუფლების გარეშე - წარმოუდგენელიაო.
  მე ასე არ ვფიქრობ.
  როგორ ვფიქრობ?
  ასე:
  თავისუფლება - მუდამ არსებობს და ვლინდება რაღაც ინსტანციასთან მიმართებაში.
(მარტივად, ის მუდამ ნიშნავს თავისუფლებას - რაღაცისაგან)
თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე -  არის  ბოროტება.

  რაც შეეხება თვითაქტუალიზაციას - რაც მასლოუმ თავისი პირამიდის თავში მოათავსა, იქიდან მოყოლებული დღემდე სხვათა და სხვათა მიერ, მრავალმხრივ გაანალიზებულია და მრავალი ინტერპრეტაციაც არსებობს. საბოლოოდ, არც ეს მოვლენა  და არც მისი ამსახავი ტერმინის დეფინიცია, არ არის ზუსტი და ერთსახოვანი.
      თვითაქტუალიზაციასა და პიროვნულ თავისუფლებას შორის რომ ტოლობის ნიშანი არ დაისმის, - ეს ჩემთვის ცხადზე ცხადია. 
    ერთიც, მასლოუს  მიერ დასახელებული ცხრა პიროვნებიდან, რომელიც მას თვითაქტუალიზებულობის მაგალითად მიაჩნდა, დაწყებული სპინოზათი, აინშტაინის, ელეონორა რუზველტის,  აბრაჰამ ლინკოლნის თუ დანარჩენების  ჩათვლით, ყოველი მათგანი არა აბსოლუტური თავისუფლების, არამედ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის კერძო, მეტნაკლებად განსხვავებულ, სხვადასხვა სახის პირობებში  იმყოფებოდა, მოქმედებდა და ახდენდა თვითაქტუალიზაციას.
    დღესდღეობით ცნობილი და პოპულარულია თვითაქტუალიზების  გაპრიმიტიულებული, ულტრალიბერალისტური, მე ვიტყოდი,  მანიპულატორული გაგება, რომელიც წარმატებით გამოიყენება  მასის ფსიქოლოგიური დამუშავებისათვის, მათ შორის -  პოლიტმიზნებისათვის.
    შეიძლება ითქვას, რომ თვითაქტუალიზაცია -  დღესდღეობით, პროგრესის ნიღბით, ლამის ფიზიოლოგიურ თვითგამოხატვამდეა დაყვანილი.
    ამაზე სიტყვა აღარ გავაგრძელოთ, მივუბრუნდეთ  თავისუფლებისა და თვითაქტუალიზაციის მიმართებას
    უფრო კონკრეტული რომ ვიყო, მე ჩემს საყვარელ  გენიოსებს, ნამდვილად თვითაქტუალიზებულ  პიროვნებებს დავასახელებ: მიქელანჯელოს, ბეთჰოვენს, მოცარტს, რახმანინოვსა და შაგალს, (თუმცა გაცილებით ბევრნი არიან,  ანტიკურობიდან რომ მოვყვე).
    აბა,  დავფიქრდეთ, თუ თვითაქტუალიზაციასა  და თავისუფლებას შორის ტოლობა დაისმის, ან თუ თავისუფლება - თვითაქტუალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა, რომელ მათგანს გააჩნდა იგი?  ემიგრანტებს, რომელთაგანაც ერთი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე  ძლივს გახდა მოქალაქე?  ხოლო მეორეს საკუთარი შვილის ნახვის უფლებაც არ ჰქონდა,  მშობლიურ  ქალაქში ჩასვლის ნებაც არ დართო ბოლო ცოლმა? ძველ ეპოქებში ხომ  თავისუფლება დღევანდელი გაგებით -  არ არსებობდა და ვერც იარსებებდა!
  სხვა რამეა, მაგალითად, ფიზიკური არათავისუფლების პირობებში შინაგანი თავისუფლების ქონა,  გამოვლენა მხატვრული საშუალებებით (მარკიზ დე სადი, ოსკარ უაილდი და მისთ და ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ)
 

  ***
    ისევ  “თვითაქტუალიზაციის” ამბებს მივუბრუნდეთ.
    მასლოუს ეს ტერმინი თვითონ არ შეუქმნია. თუმცა პოპულარობა კი სწორედ მან მიანიჭა.
    ამ საკითხზე მსჯელობისას პირადად მე ერთ წინააღმდეგობას ვაწყდები, კერძოდ,
    “თვითაქტუალიზაციის”  მრავალგვარი გაგებაა დღემდე შემოთავაზებული სპეციალურ ლიტერატურაში, მე კი -  განათლებით ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი და აშ, ანუ დარგის სპეციალისტი  არა ვარ, მოვინდომე საუბარი  რაღაც ისეთზე, რაც სპეციალისტებისთვისაც არაა ადვილი.
    ამ სფეროებში  რაღაცის მცოდნეობის მისაღწევად ხალხს  საუნივერსიტეტო განათლების  მიღებაში გატარებული წლები სჭირდება და ამ სიბერეში თავად სიღრმისეულ კვლევას  ხომ ვერ დავუწყებ, არა?
  ასეთ შემთხვევაში პიროვნებას ის-ღა რჩება, გაიზიაროს მისთვის უფრო გასაგები და მისაღები  დეფინიცია და მიდგომები,
    ანუ ამ საკითხზე მსჯელობისას დილეტანტიზმი - გარანტირებული მაქვს.
    სუბიექტივიზმი - გარდაუვალია, მაგრამ რა ვუყოთ!
    როგორც მე მესმის, თვითაქტუალიზაცია ძალზე უახლოვდება მეორე ტერმინს - თვითრეალიზაციას.
    თავისი მხრით ფარავს, თუმცა არ ნიშნავს მას, რადგან  გაცილებით მეტს მოიცავს, ანუ, როგორც ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, იგი თვითრეალიზაციამდე არ დაიყვანება.
    ყოველი ახლადდაბადებული ადამიანი - გადაუშლელი წიგნია. რა წერია შიგ, ჯერ არავინ იცის, ან როდის გადაიფურცლება, ან თუ გადაიფურცლება საერთოდ.
    განა ვინმეს შეუძლია, წინასწარ გამოიცნოს, რომელი პროგრამა, რა ტიპის კოდი როგორ ამუშავდება მასში?!
    თვითაქტუალიზაცია - პიროვნული განვითარების  საყოველთაო, აუცილებელი პირობაა და მეტნაკლებად  ყველას ახასიათებს. ადამიანებს გვაქვს თვითაქტუალიზაციის  საერთო, საზიარო მოდელებიც, მაგალითად - ბავშვობიდან,  წარმატებული მოწაფეობიდან, უმაღლესში ჩაბარებამდე -  თვითაქტუალიზაციის გზა ზოგად ხაზებში, ერთნაირია. 
  დაბადებითვე ადამიანებში ჩადებულია რაღაც  მსგავსი უნარები, ნიჭები, მისწრაფებები, რომლის გარეშეც ელემენტარული განვითარება - წარმოუდგენელია.
    აქ გვერდზე გადავდოთ კითხვა: პოზიტიური თუ ნეგატიური ყოვეგვარი თვითაქტუალიზაცია და მთელი აქსიოლოგიური, ანუ ღირებულებითი ამბებიც აქ ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ.
    თვითგანვითარების გზაზე ჩვენ გვიხდება ამ უნარების საკუთარ თავში აღმოჩენა, გამოვლენა, მაგალითად, სულ მარტივად,  დავიწყოთ სულ ადრეული ასაკიდან - ხოხვის უნარი ეხმარება ბავშვს -  სიარულისთვის მომზადებაში,  ხმაბაძვითი, იმიტირების უნარი ეხმარება მას, უფროსებისგან ისწავლოს ლაპარაკი და მისთ.
მერე გვაქვს რაღაც ტალანტები, ( უამისოდ - არავინაა), რომელნიც ,,ნაპრაშივაიუტსია”, (იმუდარებიან?- ნდს) რომ გამოვლინდნენ, ხორცი შეისხან.
  სამწუხაროდ,  თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი - სოციალური არსებაა, მას გარემო პირობების გამო,  შეიძლება არააქტუალიზებული დარჩეს რაღაც დიდი, რაღაც მთავარი ან რაღაც ერთის აქტუალიზაციას შესწიროს სხვა ყველა პოტენცია,  მაღალი თუ დაბალი საჭიროებანი.
    საბედნიეროდ, გარემო პირობები ყოველთვის როდი ბლოკავს იმას, რის თვითაქტუალიზაციასაც ჩვენი არსება ესწრაფვის.
    ისტორიიდან  არაერთი მაგალითია ცნობილი.

(აქ ოდნავი  არცთუ სასიამოვნო გადახვევა: ჩვენში ჩადებული რაღაც მონაცემი, რაც აქტუალიზაციას დაჟინებით ესწრაფვის, თუ არ ,,აქტუალიზდა”, შეიძლება რაიმე სახეცვლილი
,,დამახინჯებული” ფორმით აკუმულირდეს ჩვენში, გამოიწვიოს დარღვევები ან გამოიხატოს კიდეც მახინჯი ფორმით).

***
  სადღაც,  ზემოთ თავისუფლებასთან ერთად,  აუცილებელი პასუხისმგებლობის შესახებ მქონდა საუბარი, ან ვაპირებდი.
  მე როგორც მესმის, ჩვენს არსებაში - მარტო საზოგადოებისთვის, ფართოდ, კაცობრიობისთვის რაიმე,  სიკეთის მომტანი კი არა, ნეგატიური  პოტენციაც ცოტა როდია.
  შეიძლება, სხვისი აშენებულის  ნგრევა,  ავტობუსში სკამების დაჭრა, ხანძრის გაჩენა, დაწვა გამოსდიოდეს კარგად  რომელსამე პიროვნებას, ამ საქმეში გრძნობდეს აღმაფრენას (ფსიქიური დარღვევის ერთ- ერთი ცნობილი სახე)
როგორ ფიქრობთ, უნდა დაუშვას თვითაქტუალიზაცია ამ მხრივ?
    აი, აქ წამოიჭრება პიროვნული პასუხისმგებლობის პრობლემა და არა მარტო ის.
  ამიტომ გვაქვს  არსებაში ჩატანებული რაღაც, სხვადასხვაგვარი  შემაკავებელი მექანიზმები…
  ვგრძნობ, აქედან ძალიან საინტერესო საკითხები იწყება, მაგრამ მერე კიდევ ვისაუბროთ!

P.S.

პირადმა მეგობრებმა  იციან, რატომ ვცდილობ, რთული საკითხიც კი უკიდურესი ადაპტირებით, უმარტივესად გადმოვცე.
ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ჩემი 83 წლის დედა ფეისბუქის დიდი მოყვარულია და რაკი წაუკითხავს ჩემს გვერდზე არაფერს ტოვებს, მინდა, ადვილად გაიგოს, რას ვამბობ.

ამ კომენტარს მისთვის ვწერ:

დედი,

ვიდრე მკითხავდე, მე თვითონ გეტყვი: პირამიდა არა წვერიდან, არამედ ძირიდან იწყება.

  თეორიულად, ყოველი მომდევნო საფეხური მნიშვნელოვანი ხდება  უფრო ქვედა საფეხურის დაკმაყოფილების მერე.
პრაქტიკულად, რეალურ ცხოვრებაში …
საქართველოში მაინც, სხვანაირად გამოდის.
    ეთერი ხომ გახსოვს, ჩემი მეგობარი, ყანბეგაშვილი, ნათელი დაადგეს! თბილისში უსახლკარო რომ იყო, უნივერსიტეტში რომ მუშაობდა და კლასიკური მუსიკის არცერთ კონცერტს და თეატრში არცერთ წარმოდგენას უნახავად რომ არ ტოვებდა. 
  მე რომ ვატირე შენთან დარჩენილი,  ნეტა რა გეკონცერტება, ფული მოაგროვე, იქნებ ერთი ოთახი სადმე მოგივიდეს- მეთქი და რა მიპასუხა? - მე მთელი ცხოვრება რომ ვიმუშაო,  სიკვდილამდე ბინის ფული მაინც  არ მომიგროვდება და კლასიკური მუსიკის  კონცერტი მაბედნიერებს, მაგაზეც უარი ვთქვაო?!
  რეალურად -  მთელი ცხოვრება სულ დაბალ საფეხურზე იყო პირამიდისა და არსებით - სულ მაღალზე!
 
  ერთი ვნახოთ, ქვემოდან ზემოთ, მაინც,  რა საფეხურებია  ამ კლასიკურ პირამიდაში:

1.ფიზიოლოგიური საჭიროებანი,
2. უსაფრთხოება და დაცულობა,
3. სიყვარული და ვინმის/რამისადმი მიკუთვნებულობა,
4. თვითშეფასება,
5. თვითაქტუალიზაცია.

…და სამწუხაროდ, მართალი ხარ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა  რეალურად მასლოუს პირამიდის უმდაბლეს, პირველ საფეხურზე იმყოფება, ფიზიოლოგიური საჭიროებანი ვერ დაუკმაყოფილებია, (საჭმელ- სასმელის, ჩასაცმელის, ზაფხულში გაგრილებისა და ზამთარში გათბობის, ჭერის და აშ. ) მრავალი წელია, ისეთი პრობლემები აქვს თითქმის ყველას, რომელთა მოგვარების გარეშეც  სხეულებრივი არსებობა ჭირს,  მიუხედავად ამისა, ერის  საუკეთესო ნაწილი  მაინც ორიენტირებულია
პირამიდის სულ ზედა საფეხურის საჭიროებებზე, თუმცა არცთუ იშვიათად ჭეშმარიტი ღირებულებების ნაცვლად, პროგრესის სახელით,  თავს  ახვევენ ფსევდორაღაცეებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები