ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2023


დეკნა

  დეკნა ერთი გვერდებამოყრილი, ბებერი და ბერწი ძროხა იყო. გორაზე რომ მიტუა ცხოვრობს, იმისგან იყიდა პაპაჩემმა. არ გამემეტებოდა, მაგრამ რა ვქნა, გოგო მინდა გავუშვა ქალაქშიო, აფთიაქის ამბების სწავლა უნდა, წამლების დამზადება და რამეო. აბა, კაცო, გამოსადეგი ხელობაა, ეს ჯანი აღარ გვერჩის და მოგვხედოს იქნებ მერე ბებრებსო. ეს ამბავი თორემ ვინ მამაძაღლი გაყიდდა , ოჯახის წევრივით გვიყვარსო. ახლა არ იკითხავ როგორი ღალიანი რძე აქვს, მაგისი რძე-მაწვნით გაგვქონდა თავიო.
  ეს ძროხა კიდევ ერთი გამოშტერებული რამე გამოდგა, სახლის გზა-კვალი ვერ იქნა და ვერ დაიხსომა. ყოველ საღამოს დაადებდა თავს და მიადგებოდა მიტუას, აიტუზებოდა ჭიშკართან და აბღავლდებოდა. მიტუა ერთი-ორს მოუთათუნებდა გამხმარ ფერდებზე ხელს და გამოიგდებდა წინ. აჰა, მოგგვარეთ თქვენი ქალბატონიო. იჰ, ქა როგორ მოიყვანე, ვერა ხედავ იჩოქება იმხელა ჯიქანს მოათრევს, რძეს ვეღარ ერევაო. წაჰკბენდა ხოლმე ბებიაჩემი, მიტუა კიდევ, ჰა ჰა ჰა ჰაო გადაიროხროხებდა და ზურგს გვაქცევდა.
  ბერწად დარჩა. დაიცა, ქალო, ზოგმა აგრე იცის, არც გაშრება და უცბათ  მოგადგება მინდვრიდან ხბოსთან ერთადო, ანუგეშებდა პაპაჩემი, რომელიც არ იყო და არ უტყდებოდა თავს, რომ მოატყუეს. ერთი მე გავაგორებ გაზაფხულზე ტყუპ ქალ-ვაჟს და მეორე მაგის ხბორებით აშენდებიო, ქოქოლას მიაყრიდა ბებიაჩემი  და მოჰყვებოდა ვაი უშველებს, როგორ მთელი ქვეყანა ჩვენ გვატყუებს და ჭკუა მაინც ვერ იქნა და ვერ ვისწავლეთ.
  ჩარექა რძეს ძლივს იწველიდა, იყო ერთი გაქუცული ყავისფერი ძროხა. დადიოდა და თავის დიდრონ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. იფიქრებდი, ეს-ესაა უნდა გადაიჩეხოსო. რძე კიდევ, გინდ წყალი დაგელიოს და გინდ ეგო. არც ცხიმი აქვს და არც არაფრის ნოყიერობაო, ყოველ ცისმარეს ილანძღებოდა ბებიაჩემი. უნდა მოიყვანო და თავი ჩააყოფინო ამ ცარიელ ქეთლშიო, იმუქრებოდა მიტოზე.
  მიტო კიდევ ბოლო დროს სულ უფრო დიდხანს ეფერებოდა დეკნას, სულ უფრო ნელი ნაბიჯით ჩამოჰყავდა გორიდან და ფეხათრებული მოჰყვებოდა უკან. რა ღმერთი უწყრება ამ სამგლეს, რით ვერ დაივიწყა შენი გზა და კვალიო, უთხრა  პაპამ ერთ საღამოს.  არ უნდა გამეყიდაო, ძალიან შევცდიო. ერთი ამას დამიხედეთ, ე ბეხრეკი ძროხა შემოგვატყუა და კიდეც რომ ნანობს თითქოსო, ნეტა რა შავ ჭირად მჭირდებოდა, დასამარხი საკუთარი თავიც მეყოფაო. არა, კაცო, იმის ნაცვლად მადლობას იხდიდეს, მომაშორეო, კიდეც იყვედრებაო, არა და არ ცხრებოდა ბებიაჩემი. დეკნა მაინც ყველ დღე მიტოსკენ გარბოდა და მიტოც ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო უკიდებდა ცეცხლს, აბა ამისი გამეტება როგორ შეიძლებოდაო, გაჭირვებას რა ვუთხარიო, გავბრიყვდიო, მოჰყვებოდა და მოჰყვებოდა, თითქოს ბებიაჩემის მოთმინებას სცდიდა და  მისი თავშეკავებაც ქვიშის საათივით იმარცვლებოდა  და ვინ იცის რითი დამთავრდებოდა, დეკემბრის ერთ დილას წყაროს დაღმართზე ავტობუსის მძღოლისთვის მუხრუჭებს რომ არ ემუხთლა.
    მთელი საღამო წვიმდა, მერე ღამე ისე დააჭირა ყინვამ ძვალსა და რბილში ერთიანად ატანდა, განთიადის პირს კი გათოვდა. მძღოლს ჯერ კიდევ გამოუძინებელი მგზავრები მიჰყავდა ქალაქისაკენ, როცა ლოთმა გოგიამ, სოფლის მენახირემ, გზაზე გადმორეკა საქონელი. დანახვით კი დაინახა, მაგრამ ყინულზე მუხრუჭებმა დროზე ვერ გააჩერა ავტობუსი, მოცურდა და ძროხებიც ქვეშ მოიყოლა. პირუტყვს  ვინ ჩიოდა და მადლობა ღმერთს, ადამიანები გადარჩნენ. ადამიანები გადარჩნენ, დეკნა- ვერა. სულთმობრძავი იყოო, პაპამ და მაგის საცოდაობით აღარ ვიყავი, გამოვუსვიო ყელში დანა. ურიკით მოიტანა დეკნა და  კაკლის ხეზე დაკიდა ჩამოსატყავებლად.
  -რასა შვრები, კაცოო, ადამიანი არა ხარო, მაგას რას აკეთებო,- ყვირილით მორბოდა თავდაღმართში მიტუა, ფეხი უცურდებოდა, იქცეოდა, გაჭირვებით დგებოდა და ისევ მორბოდა. მორბოდა და ყვიროდა. ხმა ჯერ ძალიან  შორი და ბუნდოვანი იყო, მიტუა არააო, ქა, თქვა ბებიაჩემმა და დოინჯით ჩადგა კარში. მერე და მერე აქოშინებულმა მიტომ სულ უფრო უმატა ხმას, ყვიროდა და ყვიროდა. მაგისი ხმა მთელ სოფელს ესმოდა. ადამიანები არ ყოფიხართო, ხალხი არ ყოფილხართო, ეს რა გიქნიათო.
  პაპაჩემი წყნარი კაცი იყო, ითმენდა და ითმენდა, ითმენდა, ითმენდა  და ბრაზდებოდა . და როცა  ბრაზრდებოდა, მტრისას. მერე ამ მიტუას სულ დაავიწყდა დაღლილი რომ იყო,  აღმართზე აღარც ფეხი უსხლტებოდა და არც რა, ისე აათავა  გორა, ერთი არ შეუსვენია. შევარდა ჭიშკარში და კარიც გადარაზა. პაპაჩემი კი დეკნას სისხლით გასვრილი ბებუთით იდგა და იმუქრებოდა.
  ამ ამბიდან ორი კვირა ისე გავიდა, მიტუა სათოფეზე აღარ გაგვკარებია. ერთი საღამოც არი  და მოგვადგა, დარცხვენილი, გამტკნარებული სახით, ჯოხი კართან მიაყუდა, ზედვე დაკიდა  დათოვლილი  ქურთუკი და ოთახში თავჩაღუნილი შემოვიდა. გავარვარებულ ღუმელს მიეფიცხა. თავი არ აუწევია ერთ ხანს საკუთარ დაკოჟრილ ხელებს დასჩერებოდა. პაპაჩემმა  გაბრაზება კი იცოდა, მაგრამ მალევე გადაიყრიდა ხოლმე გულიდან ჯავრს და არასდროს არავიზე ბოღმას  არ გაიჩერებდა. რას დაყუდებულხარ კაცო კარში, შემოდი და აგერ ჩამოჯექიო, მიუთითა სკამზე. ჩამოჯდა.  დუმდა. პაპაჩემს ულვაშებში ეღიმებოდა. ჰა, ქალო, მიდი აბაო, დატრიალდიო. ოჰ ოჰ ოჰ ოჰ შენ თუ არ მითხარ, ჩემით ვერ მოვისაზრებ, შენმა მზემაო. ბებიაჩემს უკვე გადაეფარებინა მაგიდისთვის ცისფერი სუფრა, მჟავე გამოეტანა, ყველი ამოეღო წათხიდან, ე პური სულ გამხმარაო, ღუმელზე დაედო გასათბობად.
  მიუსხდნენ მაგიდას და ღმერთი ახსენეს. ამ მთისა თქვეს და იმ მთისა. მიტუა კიდევ იჯდა  ისე, თითქოს აქ არ იყო, თითქოს სადღაც სხვა ფიქრს წაეღო და იმ ფიქრის გამოსათქმელად სიტყვებისათვის  ვერ იქნა და ვერ მიეგნო. მერე თავი ასწია, ჯიქურ შეაჩერდა სახეში პაპაჩემს და უთხრა: შევცდი, დედიჩემისა  ვჭამე, არ უნდა გამეყიდაო. შენ კიდევ მანდა ხან, კაცოო,- გაეცინა პაპას. შე კაი კაცო რას გვემართლები მოხვედი და გვითხარ, ძროხას ვყიდიო, ასეთიაო, ღალიანიო, ესაო ისაო, სულაც არ მქონდა მე ძროხის თავი და ვიყიდე, შემოგევაჭრე თუ რა, რაც დააფასე შემოგაძლიე, მოვტყუვდი: ბებერი და უვარგისი იყო ის ძროხა და ხმაც არ ამომიღია, ღმერთს შეხედე და ისე თქვი, ერთი საყვადური თუ დამცდენია. მერე იყო და... აქეთ მედავები, კაცო, ამხელა ზარალი მე ვნახე,- გაცხარდა ბებიაჩემი და არ იყო და აღარ ჩერდებოდა. მიტუას კიდევ თავი ჩაეღუნა და ისე აქნევდა, თითქოს არა და არა, მე სხვა რამეს ვამბობო. რაღას მისტირი, ადამიანები გვადნებიან ხელში და ცალად ვრჩებით და შენ კიდევ ძროხა და ძროხაო, - დაუყვავა პაპამ და საუბრისთვის მიმართულების შეცვლას აპირებდა, მაგრამ ყური არ ათხოვა მიტუამ, არაო, თქვენ არაფერი იცითო. არ უნდა გამეყიდაო. გყოლოდა მერეო, ვინ მამაცხონებულმა დაგაძალაო, ვინ გაიძულაო , ნეტავ ხელი გამხმობოდა და ეგ ძროხა არ მეყიდაო.
  ერთ ხანს სამივე დამდურებულები ისხდნენ, მერე მიტუა  ადგა, ღმერთი ხატიო. გადაჰკრა, პურის ლუკმა მიატანა და კარისკენ წავიდა. სანამ გავდოდა, შემობრუნდა და ბებიაჩემს მიაჩერა გამოღამებული თვალები: რამდენი ხანი იყოლიე შენ ჩემი დეკნა, წელიწადზე მეტი იქნებოდა არაო?! ჰოდა, ერთი დღეც არ ყოფილა, საღამოს ჩემკენ რომ არ გამოეწია, მომადგებოდა ის უბედური და ბღაოდა, თითქოს მთხოვდა კარი გამიღეო, თავის ბაგაზე დაბმას ითხოვდა... მკვდარი სიჩუმე იდგა, მხოლოდ ღუმელში ტკაცუნობდა ცეცხლი. ქურთუკი მოისხა, ჯოხი მოიმარჯვა- ღამეში თოვლიანი გზის მეგზური და ისე დაამატა, არც შემობრუნებულა: ჩემი ქალი კიდევ...  წავიდა ქალაქს და თითქოს უკან გზა წაიშალა, ვერ იქნა და ვეღარ მომაგნო.
  თოვდა. შეშა  ხმაურით იწვოდა. თვალდახუჭულები ვიწექით  და სუნთქვას ვიკავებდით, თითქოს მიტომ წაიყოლა ძილი.  დაგვათენდა. მიტუა იმ ღამეს ხიდიდან გადავარდნილიყო, გათენებისას იპოვა მენახირე გოგიამ.
-არ უნდა გვეყიდა!- თქვა პაპაჩემმა.
-ვინ დამიჯერა?!- თქვა ბებიაჩემმა და თავშლის კუთხით ჩუმად მოიწმინდა ცრემლი.
  უვარგისი ძროხა იყო დეკნა, გამხდარი, გადაღრძოვებული, ბერწი იყო და ერთ ჩარექა წყალივით რძეს ძლივს იძლეოდა. ყავისფერი, გაქუცული ძროხა იყო, ფერდებჩავრდნილი, დიდთვალება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ დაივიწყა თავისი სახლის გზა და კვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები