| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 6 ივნისი, 2023 |
სავსე მთვარეზე ყმუოდნენ მგლები, ვარსკვლავს ნახტომი ჰქონდა საირმე. ნაძვს უტოკავდა სულ ოდნავ მხრები, იდგა სიჩუმე რაღაცნაირი... კვეთდა სიბნელეს ელვარე ეშვი, იწყებდა მგლების ხროვა შეკრებას. მეგზურად ედგათ ნაცადი გეში, ღამე ითვლიდა ნაჭდევს ნეკნებთან... ოდნავი შფოთით ქროდა ნიავი, და თან მიჰქონდა სუნთქვა მტაცებლის. ღამეს კი მნახველს ათას სიავის, სურდა ნადავლის გამოტაცება! წრე შემოერტყათ მგლებს ამ ღამისთვის, ცეკვავდა მარტო, გზნებით სიკვდილთან... აღარ ისმოდა ირგვლივ ჩქამიც კი, სანამ ცამ სიმწრით არ დაიკივლა... მარტო შეება მგლის ხროვას ღამე, რაღაცნაირი ჟინით, ველურით. ცაზე უღონოდ დაგორდა მთვარე, ამდენ სისხლისღვრას ვერ შეჩვეული... უცახცახებდა ნაძვს შიშით მხრები, ქარი წიოკით მოწყდა ბექიდან. ეყარა ღამის დახრული ძვლები და მგლის ეშვებზე მთვარე ეკიდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. „ნაძვს უტოკავდა სულ ოდნავ მხრები“ - რა ლამაზია! ძალიან მომწონს.
„ნაძვს უტოკავდა სულ ოდნავ მხრები“ - რა ლამაზია! ძალიან მომწონს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|