ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2023


საერთო ლექსი

ემზადებიან გასახმობად ალვის ხეები,
სუნი მცემს მჟავე,
სქლად ბორდიურზე მოფენილი ფოთლების მხრიდან.
ამინდის ჟინით იგრიხება მეჩხერ ტოტებში
გადახლართული თეთრი პერანგი,
რომელმაც დიდ ხანს იფარფატა, გატაცებამდე
ალბათ ისიც ვერ მოახერხა,
რაიმე ფორმით ეთქვა - ნახვამდის,
სარეცხით სავსე დაზნექილი მძიმე თოკისთვის,
აივნის მყესად რომ გაჭიმულა
და გამრუდებულ დაძაბულობას
რხევით იქარწყლებს.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ქროლვა.
რას ვაშტერდები ამ დროებით მოცემულობას,
რომელშიც ასე ირევიან დანაკარგები
ერთმანეთში გაუთავებლად.
იქნებ მინდა ზედმიწევნით დავიმახსოვრო ორომტრიალი?...
დავიმიზნო საგულდაგულოდ,
შევყვე მნიშვნელობების განსაზღვრისთვის
თითოეულ იმ მოქმედებას,
რომლის საწყის ეტაპზე დგომაც,
უხეირო კაცის საქმეა და ჩემზე მეტად მოწადინებულს,
ვერსაიდან მოვიყვან ახლა,
მითუმეტეს სანახევროდ შეკაზმული დოღის ცხენივით,
რომელზეც ფსონის დადება
გაუთვლელი რისკია  მარათონში,
თუმცა ვინ იცის,
შესაძლებლობის ზღვარი
ნებისმიერ დროს რომ შეიცვალოს,
ყველაფერი  ჩაანაცვლოს შემთხვევითობამ,
მოულოდნელმა სიხარულმა
შექმნას ხმაური და გამოვფხიზლდე,
მერე რა წყალში გადავვარდე,
რა დინებას ავუტივტივტივდე,
ფსკერზე გაყურსულ ლოდებს გვერდი როგორ ვუქციო,
თუ პირველივემ მიმიხეთქოს აუღელვებლად,
მომიწოდოს დალექვისკენ,
თხევადი მომავალი შემახარბოს
და ამღვრეულ მოძრაობაში გადამხვეწოს
ოჯახისგან მოძულებული მოზარდივით.
არა და მიწა როგორი გამჭვირვალეა.
მთელი პლანეტის ღრმა პროცესები
მცირე მასშტაბის ფრაგმენტებად მოედინება ყველა სიტყვაში,
მათში ისე ჩანს უსაყვედურო
ალალი სიცოცხლე,
როგორც კალეიდოსკოპში მშვენიერების ვარიანტები
უკვდავების მტკიცებულებად.
მე კი ზეცაში როცა ვიყურები
მგონია ფეხებით მკიდებენ საკუთ თავში,
ამოყირავებული სამყაროს ჩოჩქოლით ვიტვირთები
და წაქცევას ვცდილობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები