ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2023


ტივი

          - ჩადგა ქარი?
        - სრულად არა, მაგრამ რა შედარებაა, დილით ანგრევდა ყველაფერს.
        - ქარი მარტო გარემოს არა, სულსაც ანგრევს. . .
        - ჩაი ხომ არ მოგართვათ?
        - არაა ცუდი აზრი, თან ჩემი სიგარა და წიგნი გამოაყოლე.
        - ტელევიზორი ჩავრთო?
        - ჯერ არა, მოგვიანებით.
        ქალი გაჩუმდა. აივნიდან სივრცეს გახედა.  ჩაიძირა თავის სამყაროში. თვალები მილულა, თითქოს ამითი წარმოსახვას ეხმარებოდა, რეალობად ქცეულიყო.
        - რა კარგია, რომ ყველაფერი კარგად მოჩანს. ფართო ჰორიზონტი წარმოსახვას აფართოებს, მტაცებელი ფრინველივით გიზიდავს  ირაო ფრენით შეუერთდე სივრცეს, მაღლიდან დახედო დედამიწას.
      - ცოდვილ დედამიწას - სიტყვა შეაწია შინამოსამსახურემ ქალის ხმამაღალ ფიქრებს.
      - ადრე ადამიანებმა არ იცოდნენ, რა უსაზღვროებაში არსებობდნენ და ცოდვილი იმ ადგილს უწოდეს, რომელზეც დააბიჯებდნენ. ახლა ვიცით, რომ მთელი ხილული სამყარო ცოდვილია, ყველგან მტაცებლობის პრინციპი ბატონობს. შავი ხვრელი ვარსკვლავებს ნთქავს, დიდი ციური სხეული მასზე გაცილებით პატარას თანამგზავრად აქცევს ან ყლაპავს. ყველგან ერთი და იგივე, იგივე...
        შინამოსამსახურე გაჩუმდა. ხშირად არ ეკამათებოდა, იცოდა, ქალს შეიძლება არც მოესმინა.

        დრომ ღრუბლების სახე მიიღო, ქარბორბალა დატრიალდა. . .  გაისრიალეს, ჩაიქროლეს ღრუბლებმა, დრო გაჩერდა პერიოდში, როცა რვა წლისა იყო.

        ზაფხული მიილია. ოჯახი ქალაქს და ყოველდღიურობას დაუბრუნდა. მზადება სამსახურისთვის, სკოლისთვის. . . მხოლოდ პატარა გოგონას ფიქრები დარჩნენ შორეულ პატარა ქალაქში ზღვასთან. ღამით თვალებს რომ ხუჭავს, კვლავ ზღვის ტალღებს ხედავს, ასევე სმენაც ხშირად სწყდება გარემომცველ ხმაურს და საიდანღაც მღელვარე ტალღების ხმა შემოდის. 
        ისევ იქაა გონებით, იქაური ყოველდღიურობა ენატრება. დილით საუზმე, მერე პლაჟი. ისუნთავს ზღვის თავისებურ არომატს, რომელიც ნაპირთან მიახლოებამდე უხმობს. . .  ზღვაში შედის, პატარა ჭყაპუნა ტალღებს ეთამაშება. ხანდახან ყვინთავს, წყალქვეშ თვალს ახელს. სიზრქე სუფთაა, გამჭვირვალე. უნდა თევზად იქცეს, ძალიან, ძალიან ინდომებს, იქნებ მონდომებამ გადააქციოს, არაფერი იცვლება, წყლიდან რომ ამოდის, ისევ ადამიანია.
      წვიმიან ამინდშიც კარგია ზღვა. ვერ ცურავს, მაგრამ რა საამოა ტალღებისა და წვიმის თამაშის ყურება. „მეც მინდა მათთან თამაში“ - ფიქრობს, ისევ თევზების შურს. საღამოს გემრიელ ნაყინს მიირთმევს, ზღვის ზედაპირზე არეკლილი სინათლეების ყურებით ტკბება. ამ წელს პირველად ნახა პორტი. ახლა მარტო თევზობა არა, კაპიტნობაც უნდა. . .

      - მიწვეული ხართ ღონისძიებაზე, - აწმყოში აბრუნებს შინამოსამსახურის ხმა.
      - მივალ აუცილებლად - პასუხობს მექანიკურად. არც ჩაძიებია, რა ღონისძიებაა.

      პორტებისა და გემების ნახვამ ისევ გაუცხოველა ოცნება და ფანტაზიები. ვერ იტანს ვეღარა ადგილს, თუ ზღვისპირი არ იქნება. შეკითხვაზე, ვინ გინდა გამოხვიდე, პასუხია: კაპიტანი, ვინ გინდა იყოს შენი ქმარი? - გემის კაპიტანი, ან უფლისწული, რომელსაც გემზე ექნება სამფლობელო.  და რატომ არაა ყველგან ზღვისპირი? - ხშირად სვამს შეკითხვას, - ლურჯი წყალი, სიმწვანე გარშემო. ნეტა სულ კურორტი იყოს ყველგან, ყველა ქალაქი და ქვეყანა, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება. რა საჭიროა ამხელა ქალაქები, ნაცრისფერი ქუჩები,  სახლები... ფუჰ, რას გვანან! რა ცუდი სუნი აქვთ. . .
      და ერთ დღეს, მომდევნ ზაფხულის დადგომამდე გაჩნდა იდეა:  „მე რატომ ვერ შევძლებ ვიყო კაპიტანი? იქნებ მე თვითონ შევძლო ზღვაზე გამგზავრება!  რად მინდა სხვისი წაყვანა! რად მინდა სკოლა, წავალ, ნავს ან ტივს გავაკეთებ, ვიცურებ! ვიცი, რამდენიმე მეგობარიც სიხარულით წამოვა და დამეხმარებიან კიდეც.“  ზღვაზე  ყოფნის პერიოდის გარდა ზაფხულის დანარჩენ დღეებს  აგარაკზე ატარებდნენ. რამდენი შესაძლებლობაა, მასალა, ხეები, ფიცრები, რომელიც აღარავის სჭირდება, ტოტები, ლურსმნები, ფოთლები...  ყველაფერს გამოვიყენებთ, ძველი ჟურნალებიც კი რაღაცაში გამოგვადგება. ტყეც სულ ახლოს გვაქვს, მდინარეც. . . ყველა მდინარე ხომ ზღვისკენ მიედინება, ჰოდა ჩვენც გაგვიყოლებს.

      . . .რატომ მომეძალა მოგონებები ასე ძალუმად? - ხმამაღლა ჰკითხა თავის თავს.
      - მშვიდი საღამოა, თბილი, უღრუბლო. მეტი რა არის საჭირო - ღიმილით პასუხობს შინამოსამსახურე, თან სინით ჩაი მოაქვს, - ჩავრთო ტელევიზორი?
      - იცი? დღეს საერთოდ არ მინდა არც ტელვიზორი, არც არანაირი ინფორმაცია. იმდენად ჩამითრია მოგონებებმა, ვერ აღვწერ. ასე მგონია, იმ დროში შემიძლია გადავსახლდე.
      შინამოსამსახურე მიჩვეულია ამგვარ ფრაზებს. კარგად იცნობს ქალს, წლებია მასთან მუშაობს. არაფერი უკვირს, შეისწავლა მწერლის ფსიქოლოგია... ბევრ რამეზე აფიქრებს კიდეც.
      ვიცი, რომ არ გიკვირს არაფერი, რასაც ვამბობ - მის ფიქრებს გამოეხმაურა ქალი, - ამდენი წლის განმავლობაში შემეჩვიე,ჩემი სულიერი მეგობარი გახდი. ძალიან რთული იყო, სანამ აღიარებული მწერალი გავხდებოდი. ეეჰ, მოგცლია, რა. . . რეებს მიედ მოედები. . . სხვა საქმე არაფერი გაქვს?.  ბევრი სინანულითა მომაჩერდებოდა ხოლმე, ვერ მეუბნებოდნენ, წადი ფსიქიატრს გაესინჯეო.
      ქალი გაჩუმდა. ისევ ჩაისრიალეს ღრუბლებმა.

      - ნავი გავაკეთოთ, ან ტივი, რომელიც უფრო კარგად გამოგვივა, - საქმიანი ტონით ეუბნება თანატოლ გოგონებს და მათზე უმცროს ბიჭს, რომელიც ასევე შორეულ მოგზაურობაში წასვლის სურვილს შეუპყრია, იქნებ ინდიელებიც ნახოს.
      მოზიდეს ხარახურა, ტოტები, სადღაც მიყრილი ფიცრები, თოკები. ერთად ალაგებენ, გეგმებს განიხილავენ,  მშენებლობა სახლის უკან ეზოში, მყუდრო კუთხეში უნდა დაიწყონ, რომ არავინ შეამჩნიოს და გეგმები არ ჩაუშალოთ. საწყისი წერტილი, ცურვის კურსი, მიმართულება ხომ უნდა დადგინდეს, მერე რამდენი რამის წაღებაა საჭირო.
      - აი, აქედან ჩავუყვებით მდინარეს და ზღვაში ჩავალთ.
      - თბილი ტანსაცმელი დაგვჭირდება, ბალიშებიც.
      - საჭმელებიც ხომ გვინდა,  წყალი, ლიმონათები. გეგმა უნდა დაისახოს. ხვალ რვეულს წამოვიღებ, პასტებიც მოვიტანოთ.

        ქალს ეღიმება.
        - იცი,? მოთხრობა, რომელმაც პირველი აღიარება მომიტანა, სწორედ იმ დიდ გეგმაზეა აწყობილი. ერთმა მომწერა კიდეც, „ტომ სოიერი“ გამახსენაო.
      - ვის არ მოეწონებოდა, რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე იყო, ღიმილს მოგგვრის.

      ოთხივემ მოიტანა სიები. ცალკე რვეული იყო მომზადებული დიდი მოგზაურ - აღმოჩენების პროექტებისთვის. გარდა იმისა, საიდან უნდა დაწყებულიყო ზღვაოსნობა, რა ნივთები უნდა წაეღოთ. სასმელ - საჭმელის ვრცელი სიაც ერთვოდა, რომელიც საგანგებოდ გადანახულ რვეულში შეიტანეს და ფერადი დამცავი ყდა გაუკეთეს.
        ცურვა ახლოს ჩამომდინარე მდინარიდან უნდა დაიწყონ, რომელიც ზღვაში ჩაედინება, ნაცნობი ზღვის მონახულების შემდეგ შეიძლება ოკეანეშიც გავიდნენ. . .“
       
      - დანარჩენებსაც ასე ნათლად ახსოვთ ყველაფერი?
      - არა. მათთვის ეს ბავშვობის დღეების შეხსენება იყო. რა კარგად შემოგინახია ყველაფერიო. უხაროდათ, რომ ჩემი მოთხრობით გავუცოცხლე ბავშვობა.

        დღეები გადიოდა. ტივი ეწყობოდა და იშლებოდა. ხან წვიმამ შეუშალა ხელი, თოკები და ტოტები დაალბო, ხან „აფრა“ დასველდა და გაიხა. . . ხან კი ვიღაცამ ფიცრები მოპარათ, მაგრამ ინიციატივა არ ცხრებოდა, მომდევნო ზაფხულშიც გაგრძელდა. . .
        . . .და ერთხელაც მორიგი ზაფხულის დასაწყისში, როდესაც აგარაკის ეზოს ალაგებდნენ, ბაღის კუთხეში მივიწყებული ხარახურა იპოვეს. - ეს რაღა ყრია აქ,  მოვაშოროთ აქაურობას - საქმიანად ჩაილაპარაკა დედამ და თან ფიცრების,  ხის ჯოხების, დაჟანგული ლურსმნების, დაჭრილ - დაწყვეტილი თოკების, ძველი  ჟურნალების და ქაღალდების ამოლაგება დაიწყო;  გოგონა შორიახლოს დგას და იღიმება. უკვე მოზრდილია, იცის, რომ ვერც ნავს და ვერც ტივს ვერ გააკეთებს, თავისით ვერ გაიკვლევს გზას ოკეანის სივრცეებისაკენ, მაგრამ საოცრად გაუთბო გული ამ „ხარახურის“ დანახვამ. აი, რვეულიც, რა უცნაურია, გადარჩენილა, ისე საგულდაგულოდ შეუნახავთ სამოქმედო გეგმა, არც სისველეს გაუფუჭებია, არც ხმელ ფოთლებს შერევია, არ დაკარგულა,  სიცოცხლე შერჩენია, სული უდგას. ფრთხილად აიღო, გაფანტულ ფურცლებსაც მოუყარა თავი და სახლში მიიტანა, თან იმ დღეს სააგარაკო სეზონის გახსნას აღნიშნავდნენ, შინ წვეულება ჰქონდათ. უფროსები - ოჯახის წევრები თუ სტუმრები გაეცვნენ,  ერთერთმა ითავა  საზოგადოებისათვის ხმამაღლა გაეცნო დიდი სანაოსნო მზადების პროცესი, როდის გასდგომოდნენგზას და რა უნდა ჰქონოდათ აუცილებლად:

        „ზაფხულისა და ზამთრის ტანსაცმელი, ფეხსაცმელები.
        საჭმელები. ზოგ რამეს გზაში ვიშოვით;
        თხილი და ნიგოზი. დარჩეული და დაურჩეველი;
        კევები;
        ნამცხვრები, კანფეტები;
        ლიმონათები;
        პური, ყველი, კოვზები, თეფშები......“
        სიის წაკითხვას არნახული მხიარულება მოჰყვა:
      - რა ჩერჩეტები იყავით. . .
        - ოკეანისკენ გაცურვას თუ კიდევ დააპირებთ, გლობუსი არ დაგავიწყდეთ.
        - კაპიტანი ვინ იყო?
        - კომპასი გქონდათ?
        - საჭესთან მორიგეობით დადგებოდით?
        - იქნებ ახალი კოლუმბი გვყოლოდა. . .
        - ალბათ განძსაც იპოვიდით სადმე.
        - მეკობრეები რომ დაგსხმოდნენ თავს?
        - რამდენი ხნით იგეგმებოდა ექსპედიცია?....  და კიდევვ რა ჩამოთვლის რა ფრაზები წამოვიდა, ხუმრობა, სიცილი...  არც ერთი მინიშნება, იმაზე, რომ სწორედ ამგვარი წარმოსახვა, სწრაფვა უძღვის წინ მომავალი რეალური მიზნების განხორციელებას, არცერთი, არცერთი სიტყვა ბავშვურ ოცნებასა თუ ფანტაზიაზე!  მხოლოდ ხმამაღალი სიცილი, დაცინვა, უკბილო იუმორი,  სიცილი...

        დაბინდდა. ქალი ისევ სივრცეს გასქეროდა. ნათურების ციმციმი ფარავდა ქალაქს.
        - ადამიანები იზრდებიან, - განაგრძობს ქალი, - ავიწყდებათ ბავშვური ემოციები, განცდები თუ მისტერიები, ან ივიწყებენ და კლავენ ზრდასრულ პიროვნებაში, უსარგებლო, ბავშვურ სისულელედ მიიჩნევენ, მაგრამ ვინ იცის, ქვეცნობიერად რას აგნებდნენ, რისკენ ილტვოდნენ,  ვინ გაიაზრა რა არის რეალობა და რა ფანტაზია,  ან როგორ და როდის კვეთენ ერთმანეთს, იქნებ სწორედ, ბავშვური წარმოსახვების, წარმოდგენების და აღქმების დროს  უფრო ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან?  ვინმეს აქვს ამაზე პასუხი?  ან ექნება ოდესმე?







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები