ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 აგვისტო, 2023


თარგმანი? ორიგინალი?

#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები
#გალაკტიონოლოგია

ნინო დარბაისელი

თარგმანი? ორიგინალი?

  რა არის საკმარისი, რომ უცხოური ტექსტის თავისუფალი თარგმანი ორიგინალურ ლექსად მივიჩნიოთ?
საკითხი, რომელსაც აქ ვაყენებ, - ჩემთვისაც  ბოლომდე უპასუხოა.
  ამას წინათ აკაკი წერეთლის ორიგინალური, პატრიოტული ლექსი განვიხილეთ ,,ღამურა”, რათა ცხადგვეყო, რომ ტყუილია ინტერნეტში მავანთა მიერ კონიუქტურულად გავრცელებული აზრი, თითქოს იგი რუსული პოეზიიდან თარგმანს წარმოადგენდეს.
  იქ სურათი ცხადი და აშკარა იყო, ფაქტები მთლიანად ჩემს მხარეს ამაგრებდა; აქ - საკითხი ცოტა სხვაგვარადაა. არსებობს ასეთი ლექსი გალაკტიონისა, რომელსაც სავარაუდო თარიღად 1927 წელი უზის:

როგორც კი დილა გათენდება

როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით,
მთელი დღე ყველა ხევებში ისმის,
რომ თქვენ მინდვრებში მიეშურებით -
რომ უმანკოა თქვენი კისკისი.
მწარე სიცხისგან დაგიფარავთ ქუდი ჭილოფის,
სამოსი რაა? უბრალო ჩვარი!
არ გეშინიათ არც ეკლების, არც დაღლილობის,
უფრო კარგი დღე ქვეყნად არ არის.
თქვენ, ახალგაზრდა გატაცების უმანკო თასი
ნაზ და ცბიერი სიტყვების მახეს,
ამ ჭრილობისგან ყველამ იცის სიცოცხლის ფასი...
შეხედეთ თვალებს, შეხედეთ სახეს,
ამაო არის უსულგულო ზრუნვა და შრომა -
აი დღეებს რა აიადონებს.
ტყეთა კაბების ყვავილოვან ნაოჭთა კრთომა,
რითაც არ რთავენ თვითონ მადონებს.

[1927 წლამდე]

https://galaktion.ge/?page=Poetry&id=590

ალბათ ნებისმიერი პოეტი იქნებოდა დღეს კმაყოფილი, ასეთი თავისუფალი ლექსი რომ დაეწერა, ტრადიციული რიტმი რომ თითქოს არის და არც არის, იქვეა, “უკანა  სცენიდან” მოქმედებს…
რითმა - ჯვარედინი, სალექსო აქცენტების
უცნაურობა…

და მაინც, თითქოს რაღაც, გალაკტიონისეულ  ნახევარფაბრიკატს ვეხებით.
  გალაკტიონი - თითქოს არის და არც არის.  ფრაგმენტია, აშკარად სხვისი ინტონაციაც ისმის. იქნებ რამე ახალი სცადა?

ამონახსნი ამავე საიტ galaktion.ge- ზეა.
ეს არის ფრაგმენტი ტექსტისა, რომელიც
თარგმანთა  რუბრიკაში თუ განყოფილებაშია შეტანილი, თუმცა,
ფრაგმენტის გარდა, კიდევ რაღაცას შეიცავს და მთლიანი სახე  კი ასეთი აქვს.

პოლ ვერლენ

* * *

გულუბრყვილო და იისფერი ჩვენი თვალები
ძველ წელიწადთა რომანებში თუ იმალება.
და ყვავილები ჩვენი თეთრი თავსაფარავის
ისე, როგორც ჩვენ, აღარ ახსოვს ეხლა არავის.

ერთმანეთისთვის კარგის მეტი ჩვენ არ-რა გვინდა,
დილის სხივებიც არ არიან იმგვარად წმინდა,
ვით ჩვენი ფიქრი, სამუდამოდ გულს რომ დაყვება;
ცის ლაჟვარდივით სპეტაკია ჩვენი ზრახვები.

როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით,
ჩვენ მინდვრებისკენ სიხარულით მივეშურებით.
ვეძებთ ყვავილებს, ვიჭერთ პეპლებს, ისევ ის ისმის
ჩვენი სიცილი, ჟრიამული, ჩვენი კისკისი..

ამ სიცხისაგან ჩვენ გვიფარავს ქუდი ჭილოფის,
არ გვეშინია არც ჭორფლისა, არც დაღლილობის.
ჩვენი სამოსი უბრალოა - მსუბუქი ჩვარი,
ო, უფრო თეთრი ამ სამოსზე ქვეყნად არ არი!

კავალერები - რიშელიე და თვით აო-ბლაზი,
ან დე კოსადი - მათ იციან რა ჩვენი ფასი,
გვიგებენ ნაზი და ცბიერი სიტყვების მახეს,
რა ეშმაკურად ინაზებენ თვალებს და სახეს.

მაგრამ ამაო არის მათი ზრუნვა და შრომა,
ჩვენი კაბების ირონიულ ნაოჭთა კრთომა -
აი, პასუხი ღირსეული ამ ვაჟბატონებს,
არ დაინდობენ ისინი ხომ თვითონ მადონებს.

ამ გიჟებს ჩვენი სისპეტაკე უფრო აგიჟებს.
მართლა რომ ხელში ჩავუვარდეთ, აღარ გაგვიშვებს.
წმინდაა ჩვენი გულგრილობა და სულთა ცნობა,
თუმცა ხანდახან ჩვენი გული და ჩვენი გრძნობა

ამღელვარდება უცნაური რაღაცა ფიქრით,
ვაი თუ სადმე უფსკრულების ნისლებში მივქრით -
ჩვენ შიში გვიპყრობს, ჩვენ ვფითრდებით და ღელავს მკერდი,
მართლა არავინ შეგვიყვარდეს, არ გაწყრეს ღმერთი!

1925

https://galaktion.ge/?page=Translations&id=3147&fbclid=IwAR2WiLlFPJ4Ek6G5P_0axypnlHtx3jh1oTfPibgkD8oEQDMR9WDXc1_AM-g_aem_AfkfafHuXddwOzaTuCtjeFsn2hDcmha1IsK3TILMkCdk4rItSaERnVl8bm6ftKM85D4&mibextid=Zxz2cZ

თვალსაჩინოებისთვის,  ცალკე ვდებ მონაკვეთს, რომელიც ემთხვევა ან ნაწილობრუვ ემთხვევა  ჩემ მიერ ამ ოპუსის დასაწყისში დადებულ ლექსად მოხსენიებულ ტექსტს, რომელიც  სავარაუდოდ დათარიღებულია 1927 წლით

როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით,
ჩვენ მინდვრებისკენ სიხარულით მივეშურებით.
ვეძებთ ყვავილებს, ვიჭერთ პეპლებს, ისევ ის ისმის
ჩვენი სიცილი, ჟრიამული, ჩვენი კისკისი..

ამ სიცხისაგან ჩვენ გვიფარავს ქუდი ჭილოფის,
არ გვეშინია არც ჭორფლისა, არც დაღლილობის.
ჩვენი სამოსი უბრალოა - მსუბუქი ჩვარი,
ო, უფრო თეთრი ამ სამოსზე ქვეყნად არ არი!

  რამდენადაც მე ვიცნობ ვერლენის პოეზიას, იქ ასწთი ლექსი არ იძებნება.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არც არსებობს. მე აქამდე მოვედი და ამის იქით კონკრწტული სიტყვა  უკვე ფრანგული პოეზიის მცოდნეებმა უნდა თქვან.
    ორი რამ მაინც გასასწორებელი მგონია:

1. თავში მოყვანილი ტექსტის  თარიღის დაზუსტება შეიძლება, იგი წარმოადგენს მეორე, 1925 წლით დათარიღებული ტექსტის ფრაგმენტს, იქნებ ფრაგმენტის ერთ- ერთ საწყის, სამუშაო ვერსიას.

2. მისი გატანა დამოუკიდებელ ლექსად - გაუმართლებელია.

არ ვიცი, იქნებ ეს უკვე ასეცაა, გალაკტიონის აკადემიურ გამოცემაში, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ გამოვიდა და რომელზეც მე ხელი არ მიმიწვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები