ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2023


ნათლიაჩემი. ცეკვა ქართული

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნათლიაჩემი. ცეკვა ქართული

ბევრი არ მახსოვს ნათლიაჩემის,
წარბები მახსოვს ხშირი,
შავი,
კიდევ მისი  შორი ნამღერი,
გიტარაზე,
ექვსსიმიანზე;

უბნის კაცებში ჩამჯდარი მახსოვს,
ირგვლივ  ლეკბორა ალეს  მიერ მოშენებული,
ცალ ფეხზე შემდგარ ხის ფარდულში
გამოჩეკილი  მტრედები რომ დაგურგურებდნენ.

ის მახსოვს კიდევ,
ვიღაცამ
რაღაც მიმინო რომ მოიყვანა,
და ის მიმინო გაბრაზებული თვალებს როგორ აბრიალებდა.
ცალ ფეხზე ჯაჭვი როგორ ჰქონდა ფრინველს მობმული.

ხორცის წითელი,  ნეკისხელა ნაგლეჯი მისცა,
ცერზე დაისვა,
მტრედები  როგორ  გაფართხალდნენ არემარიდან,
და როგორ უთხრა,
ხვალ დილით,  ადრე
ჩვენი ბიჭები
სანადიროდ მივდივართ და  ხომ წამოხვალო?

დანარჩენები კითხულობდნენ:
- ვაჰ, ვისია ეგ მიმინო,
ვინ გათხოვათ,
სად იშოვეთო,
ან  აქეთ ფეხზე  რკინის რგოლი რაღას ნიშნავსო,
არ იკითხება,
ზედ რა წვრილად აწერიაო!
ნადირობის წინ ბევრი არ უნდა აჭამოთო,
გაზანტდებაო!

თუკი მიმინო კარგად დაგეშეს, 
გვერდიდან  თვალზე ტყავები  უნდა ააფაროთო-  მახსოვს
ურჩია უბნის ლოთმა.

ნათლიაჩემი შესცქეროდა  იმ მიმინოს თვალმოუწყვეტლად:
მიუგო,
გმადლობ, ვერ წამოვალ, არ ვნადირობო,
თქვა,
ეს არისო ჩვენი  ცეკვის მთელი ამბავი,
ერთად ყოფნაა,
ოღონდ უჯაჭვოდ, 
ოღონდ ცაში,
ოღონდაც ვიდრე მტრედი დაფრთხება და 
მიმინოს გაეცლებაო,
თქვა და წავიდა.

ნათლიაჩემი მოცეკვავე იყო ქართულის,
სხვა არაფერი აღარ მახსოვს ნათლიაჩემის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები