ავტორი: ნიკო ლეჟავა ჟანრი: დრამატურგია 8 სექტემბერი, 2023
ცის სახლი (პიესა)
მოქმედი პირები:
პაპარაცი - მთავარი გმირი; ალექსი - პროფესიონალი ფოტოგრაფი; საავადმყოფოს მთავარი ექიმი; ივანიჩი - მთავარი ექიმის მოადგილე; სანიტარი ნიკო; ბუდულაი - პაციენტი: გაიოზი - პაციენტი, მხატვარი; კომანდო - პაციენტი; მეცნიერა - პაციენტი; სიძე - პაციენტი; ინკა გ. - პაპარაცის ფანტაზიაში არსებული პერსონაჟი, ტელეწამყვანი.
ეპიზოდებში:
პაციენტი ქალი - რომელსაც წყლის შიში აქვს; ჩუსტიკა - პაციენტი; იასონი - პაციენტი; საავადმყოფოს მზარეული; ნიკო ფიროსმანი - პაპარაცის ფანტაზიაში არსებული პერსონაჟი; ქვეყნის პრეზიდენტი - პაპარაცის ფანტაზიაში არსებული პერსონაჟი; მინისტრი - პაპარაცის ფანტაზიაში არსებული პერსონაჟი; რაჟდენი - პაპარაცის ფანტაზიაში არსებული პერსონაჟი, მისი ასისტენტი; გოგია - სანიტარ-ვახტიორი; თეთრ კეპიანი - მიტინგის მონაწილე.
პირველი სურათი
1990-იანი წლები, თბილისი, ფსიქიატრიული საავადმყოფო - მთავარი ექიმის კაბინეტში ფუფუნების მწვერვალია. ექიმი ნებივრობს, იქვეა მისი მოადგილე, მლიქვნელური იერის ივანიჩი. კარებზე კაკუნი გაისმის. შემოდის ალექსი, ფოტოგრაფი.
ალექსი: გამარჯობა! მე ალექსი ვარ, ფოტოგრაფი...
მთავარი ექიმი: (სიყალბის შემცველი უშუალობით): ოო, ალექს, მოუთმენლად გელით! თქვენი დახმარება ჰაერი და წყალივით გვჭირდება! ოფიციალურობას განზე გადავდებ და როგორც მეგობარს, გაგიშინაურდები. ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა - ნიფხავ-გამოხეულმა ხელისუფლებამ მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტის მოწოდება შეგვიზღუდა; პაციენტები შიმშილით გვეხოცებიან! (სკამს აწვდის.)
მთავარი ექიმი სათათბირო მაგიდასთან, ალექსის მოპირდაპირედ ჯდება; მაგიდის ზედაპირის ერთი მონაკვეთი იქცევს მის ყურადღებას - სინათლის სხივზე გახედავს, თითს გადაუსვამს, თითქოს საშლელით რაღაც ამოშალაო.
მთავარი ექიმი: გაუჩხაპნიათ ამ მხეცებს... მოკლედ, საავადმყოფოს გაუსაძლისი პირობების ამსახველი ფოტოები მჭირდება, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადავუგზავნო - მასალის შემყურე, თვით უგულო ადამიანსაც კი გულის შემცვლელი ის რაღაც პირობითი ორგანო უნდა აუჩუყდეს. არის დღეები, როცა პაციენტებს ჭიქა ჩაისა და პურის ნაჭერსაც ვერ ვაწვდით!
ალექსი უხერხულად ირხევა.
მთავარი ექიმი (აგრძელებს): შიმშილისგან რომ არ დაგვეხოცნონ, მშვიდი ბუნების პაციენტებს უფლებას ვაძლევთ დღის განმავლობაში დატოვონ საავადმყოფოს ტერიტორია - ზოგი მათხოვრობს, ზოგი ნაგვის ბუნკერის ქექვით შოულობს სარჩოს... (მოადგილესკენ თითს იშვერს) ივანიჩი გაგყვება მეგზურად, ეს ყველაფერი უნდა დამიფიქსირო! სავადმყოფოს მიღმაც გახვალთ, ნაგვის ბუნკერის სცენების დასაფიქსირებლად... მუშაობას სასადილოდან დაიწყებთ, ახლა იქ საუზმის დროა!
ივანიჩი: პაციენტებზე ორი ლუკმის მიწოდების საშუალება დღეს გაგვაჩნია; ხელისუფლებას, რომ იტყვიან, კაკალი გავაგდებინეთ, მაგრამ თქვენს მობრძანებასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, ეს დოვლათი ვახშამზე გამოვაჩინოთ, რომ ფირზე აღბეჭდილ შიმშილის კადრები ბუნებრივი იყოს!
ალექსი: გამოდის, მე ვყოფილვარ პაციენტთა შიმშილის მიზეზი?!
ივანიჩი: არა, რას ბრძანებთ... პაციენტებს ამით არაფერი აკლდებათ - სახელმწიფო გვაწვდის მაქსიმუმ ორი დღის მარაგ პროდუქტს. მერე, სურსათის მანქანა კარგა ხნით იკარგება. რასაც პაციენტები საუზმეზე ვერ მიიღებენ, ის ვახშმისთვის შეენახებათ! ახლა ჩვენთვის მთავარია, მათთვის საკვების მიწოდების უწყვეტი წყარო მოვიძიოთ! მიმიხვდით?
ალქსი არ პასუხობს. ალექსი და ივანიჩი კაბინეტიდან გადიან. წინ მათ ხვდებათ ახალგაზრდა, საოცრად მეტყველი თვალების ქალი. როცა ალექსი მას გაუსწორდა, ქალი მიაძახებს.
პაციენტი ქალი: ლამაზო, ცოლად როდის წამიყვან?
ალექსი მომღიმარი სახით მიუბრუნდა ქალს და თვალებში ჩახედა. ქალიც იღიმება, ოღონდ გამოხედვა საოცრად მაცდური გაუხდა. ალექსმა ჩანთიდან ფოტოაპარატი დელიკატურად ამოაცურა და გადასაღებად მოემზადა, მაგრამ ქალი ერთბაშად შეიცვალა - ხალათი ფართოდ გაიღეღა და შიშველი სხეულით ობიექტივის წინ პოზირება იწყო.
პაციენტი ქალი: გადაიღე კადრები „ფლეიბოისთვის“!
ალექსი ფოტოაპარატს დაუშვებს... ქალის თვალებიდან ახლა უკვე ჭინკების მთელი არმია იმზირება, ალექსი დაიმონა ამ მზერამ... ივანიჩი მას გამოარკვევს. გზას განაგრძობენ, ზურგიდან ქალის კივილი ესმის.
პაციენტი ქალი: იცოდე, ზღვაზე არ წამოგყვები!!!
ალექსი (ჩურჩულით) ზღვა რატომ ახსენა?
ივანიჩი (გულგრილად) წყლის შიში აქვს...
მეორე სურათი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სასადილო. პაციენტთა ნაწილი მაგიდებს უსხედან, ნაწილს სამზარეულოს კარებთან რიგი დაუკავებია; ჯამ-ჭურჭელს აჩხაკუნებენ. ფოტოაპარატ-მომარჯვებული ალექსი ყველაფერს დეტალურად აფიქსირებს. სამზარეულოს კარი იღება და მზარეული დამწუხრებული სახით გამოდის.
მზარეული: რა ვქნა, რა გიყოთ - სამზარეულო ცარიელია... ვახშამზე მოდით!
პაციენტთა უმრავლესობა ლანძღვა-გინებით სტოვებს იქაურობას, ნაწილი რჩება. ერთი შეურაცხადი პაციენტი (ჩუსტიკა), კუთხეში მიჯდება და თხოვნას იწყებს.
ჩუსტიკა: ჩუსტები მინდა! ჩუსტები მინდა!
ალექსი უახლოვდება ჩუსტიკას, კადრში აქცევს და სურათს უღებს.
ივანიჩი: ეს ჩვენი „ჩუსტიკაა!“ მთელი დღე ასე ზის და ჩუსტებს ითხოვს. ჩუსტიკ, მე გიყიდი ჩუსტებს - შენ ჩუსტებს, იმას ქუდს, სხვებს ხალათს, შარვალს... აი, პაპარაცს კი, ნამდვილი ფოტოაპარატით დავაჯილდოვებ! პაპარაცი, მოდი ჩვენთან!
„პაპარაცი“ საშუალოზე ოდნავ დაბალი, თხელი აღნაგობის მამაკაცია. გაცვეთილი, სულ ცოტა ორი ზომით დიდი ჩინური კედები აცვია, ტანზე - რუხი, ძველმოდური, საშინლად დაჭმუჭნული პიჯაკი და მუხლებგამობერილი, ლურჯი ფერის სპორტული რეიტუზი. ამ ადამიანში არის რაღაც ისეთი, რაც მას სხვა პაციენტებისგან ძლიერ განასხვავებს - მომღიმარი, ოდნავ დაბნეული, თუმცაღა საოცრად გონიერი და სიცოცხლით სავსე თვალებით. ალექსმა იგი ღიმილით კადრში მოაქცია და გადაღება იწყო - „ჩხაკ-ჩხუკ! ჩხაკ-ჩხუკ!“ - ახმაურდა ფოტოაპარატი. და უეცრად, მოხდა ასეთი რამ: პაპარაცმა ხელები ისე მოიმარჯვა, თითქოს მასაც ფოტოაპარატი ეჭირა და ალექსს საპასუხო სურათების გადაღება უწყო - „ჩხაკ-ჩხუკ! ჩხაკ-ჩხუკ!“ – „უხილავი ფოტოაპარატი“ პირით გაახმოვანა. ორმხრივი „ჩხაკა-ჩხუკი“ კარგა ხანს გაგრძელდა.
ივანიჩი: ბატონო ალექს, ფირი სხვა კადრებისთვისაც შეინახეთ!
ალექსი: დამშვიდდით, აპარატში ფირი არ დევს, ციფრული სისტემაა - ათასამდე კადრის გადაღების საშუალება გვაქვს.
პაპარაცი: ჩემი აპარატიც ციფრულია! (პაპარაცმა ივანიჩს სრული სერიოზულობით გაუწოდა თავისი „უხილავი ფოტოაპარატი“, მერე, ალექსს აჩვენა). დაარწმუნეთ ექიმი, რომ ჩემს ფოტოაპარატში ფირი არ დევს!
პაპარაცმა წასვლა დააპირა.
ალექსი: მომავალ შეხვედრამდე, კოლეგა! (თავი დაუკრა)
პაპარაცი: მომავალ შეხვედრამდე! (პაპარაცმაც დაუკრა თავი)
პაპარაცი მიდის. ალექსი სასადილო დარბაზის თვალიერებას იწყებს; მისი მზერა პატივაყრილ შავ-თეთრ ტელევიზორზე ჩერდება, რომელიც სპეციალურ, არამსხვრევადი მინით დაცულ კარადაშია მოთავსებული.
ალექსი: ეს შავ-თეთრი ტელევიზორი მუშაობს?
ივანიჩი: დიდი ხანია, რაც ტელევიზორმა გამოსახულება დაკარგა, მხოლოდ ხმა ისმის... სულ არაფერს ასეთი სჯობს. ზოგიერთი პაციენტი საათობით უზის და გადაცემებს ისმენს.
ალექსი: იმედია, მასში რამდენიმე არხი ისმინება...
ივანიჩი: არხების გადამრთველის მწყობრიდან გამოსვლამდე, მართლაც ყველა არხი ისმინებოდა! წავიდეთ, ვახტიორი ჩვენს გამოჩენას ელოდება, რომ პაციენტები „საშოვარზე“ გაუშვას.
მესამე სურათი ქუჩა. ალექსი და ივანიჩი „საშოვარზე” წამსვლელ პაციენტებს ელოდებიან. პაციენტთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოივლის პაპარაცია - ცალთვალა, სამშენებლო ურიკას მოაგორებს; ურიკაზე წითელი ოყნისგან დამზადებული სიგნალი აქვს დამაგრებული; პერიოდულად ასიგნალებს - პუპ! პუპ! ივანიჩისა და ალექსის შორიახლოს გაჩერდა, ურიკა დაუშვა - თითები ისე მოიმარჯვა, თითქოს ხელთ ფოტოაპარატი ეპყრა და მათ სურათი გადაუღო - ჩხაკ-ჩხუკ! ამის შემდეგ, გზა გააგრძელა.
ალექსი (ღიმილით): პაპარაცი მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს თავს?
ივანიჩი: სადღაა მშენებლობები... ურიკა მისი საკუთრებაა - ტაქსაობს; ვის ბაზარში გაეგზავნება, ვის ცემენტის ტომარას მიატანინებს. არც ნაგვის გადაყრას თაკილობს. ამბობენ, როცა ურიკა ნაგვით აქვს დატვირთული და ბუნკერისკენ მიემართება, წინ თუ დაგდებული ნაგავი შეხვდა, იმასაც ბუნკერში ჩაუძახებსო.
ალექსი: ქუჩებსაც ალაგებს?
ივანიჩი: ასე გამოდის.
ალექსი: ქუჩების დალაგებაში ვინ რას უხდის?
ივანიჩი: ქუჩების დალაგებაში ვინ რას გადაუხდის... ელოდება, პრეზიდენტი როდის დააჯილდოვებს! (ჩაიცინა)
ივანიჩმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო, მაგრამ ის ცარიელი აღმოჩნდა; დაჭმუჭნა და ძირს დააგდო.
ივანიჩი: თანაც, მოსახლეობას რომ ემსახურება, ამას თითქმის უანგაროდ აკეთებს, არაფერს ითხოვს, რასაც აჩუქებენ, იმას სჯერდება. (პაუზა) აი, გამოჩნდნენ „საშოვარზე” გამოსულები.
ჯგუფს ერთი პაციენტი გამოეყო და ნაგვის ბუნკერის ქექვას შეუდგა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს. ალექსი მას მიუახლოვდა, გადღება დაიწყო - პაციენტი ასაკოვანი კაცია, დაჩაჩანაკებული, ყრუ-მუნჯს ჰგავს, რადგან არაფერზე არ რეაგირებს. როცა საქმეს მორჩა, „ნადავლი“ ტომარაში ჩაყარა და იქაურობას გაეცალა. ალექსი ქვასავით გაშეშებული დარჩა... ივანიჩის შეძახილმა გამოარკვია.
ივანიჩი: როგორაა საქმე?
ალექსი: საქმე ისეა, როგორც ბუნკერში...
ივანიჩი: აპარატი გაფუჭდა?!
ალექსი: მე გავფუჭდი!
ივანიჩს გაეცინა. ალექსმა მოულოდნელად მას თვალებში ჩახედა, ორიოდ წამს უყურა და მერე, შეშლილივით გადაიხარხარა.
ივანიჩი: რაშია საქმე?
ალექსი: დღე გათენდა!
ივანიჩი: რა თქვით?
ალექსი: არაფერი, გონებაში რაღაც ჩავინიშნე...
ჰორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
მეოთხე სურათი
ახალი დღე. საავადმყოფოს სასადილო დარბაზში, პაციენტთა დახმარებით, ალექსს დიდი ყუთი შეაქვს, რომელსაც ტელევიზორი ახატია; ძირს დგავენ. ალექსს უახლოვდება ბრგე პაციენტი, მეტსახელად - ბუდულაი.
ბუდულაი: ეს რა არის, ტელევიზორია?
ალექსი: ხო, ტელევიზორია.
ბუდულაი: აჩვენებს?
ალექსი: კარგად აჩვენებს!
ბუდულაი: ჰყიდი?
ალექსს ეღიმება.
ალექსი: მომეხმარე, ყუთიდან ამოვიღოთ; ეს ტელევიზორი ამიერიდან თქვენი საკუთრებაა!
ტელევიზორს იმ დამცავ კარადაში შედგმა სცადეს, რომელშიც ძველი ტელევიზორი დგას, მაგრამ ამაოდ, იმდენად დიდია, არ შეეტია, სულ ცოტა, ორი იმხელა კარადა დასჭირდებოდა. ამიტომ, დარბაზიდან შედარებით მომცრო მაგიდა შეარჩიეს, კარადის გვერდით დადგეს და ტელევიზორი ზედ შემოდგეს; ჩართეს - ბრწყინვალე გამოსახულება ჰქონდა. გარს შემოხვეული პაციენტები ერთმანეთს არ აცდიდნენ, წინ მიიწევდნენ, ეკრანსა თუ კორპუსზე ხელით შეხება სურდათ.
ბუდულაი: ტელევიზორს მცველი სჭირდება!
ალექსი: თუ სჭირდება, შენ იყავი მისი მცველი! თუ წინააღმდეგი არ ხარ.
სახეგაბრწყინებულმა ბუდულაიმ პაციენტები მიმოფანტა; ეტყობოდა, რომ ის ავტორიტეტი იყო - უბრძანა, შორიდან ეყურათ! თვითონ, სკამი ახლოს მიიდგა და მოღერებული ყელით ეკრანს მიაჩერდა. ალექსმა იქაურობა უჩუმრად დატოვა.
ჰორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
ისევ სასადილო დარბაზი. საღამო. ახალი ტელევიზორი არ ჩანს, მხოლოდ მისი ცარიელი ყუთი გდია. ირგვლივ, დამტვრეული ძველი ტელევიზორისა და დამცავი კარადის ფრაგმენტები მიმოფანტულა. სასადილო მაგიდებიც მიყრილ-მოყრილია. დარბაზში ერთი სანიტარი დგას - ნიკო. შედის პაპარაცი.
პაპარაცი: ნიკო, აქ რა მოხდა?
სანიტარი ნიკო: ერთმა კეთილმა კაცმა კარგი ტელევიზორი გაჩუქათ, მაგრამ ბუდულაიმ დაიჩემა - ტელევიზორის მცველი ვარო, არავინ არ მიაკარა. როგორც კი ტუალეტში გავიდა, ვიღაცამ პულტს კლავიში მოწყვიტა. დაბრუნებულმა რომ ნახა ეს, მხეცივით დაგვერია!
პაპარაცი: ტელევიზორი დაიმტვრა?
სანიტარი ნიკო: ახალი გადარჩა; მარტო ძველის დამსხვრევა მოასწრო.
პაპარაცი: თვითონ ბუდულაი სად არის?
სანიტარი ნიკო: ბლოკში ეყოლებათ, გაკოჭილი...
პაპარაცი: ტელევიზორი სადღაა?
სანიტარი ნიკო: მთავარი ექიმის განკარგულებით, ადმინისტრაციულ კორპუსში გადაიტანეს.
პაპარაცი: იქ თუ გადაიტანეს, კარგა ხანს აღარ დააბრუნებენ... (პაუზა) არაუშავს, ტელევიზორი თუ არა, მისი ყუთი ხომ მაინც დაგვრჩა... ნიკო, რას გაგონებს ეს ყუთი?
სანიტარი ნიკო: მაგონებს ომს, რომელიც აქ მოხდა.
პაპარაცი: არა, ეს სულ სხვა რამეა... ბავშვობაში „შტაბები“ აგიშენებია?
სანიტარი ნიკო: ჩვენ ყველანი „შტაბებიდან“ მოვდივართ... წამო, სასადილო უნდა დავკეტო!
პაპარაცი: ნიკო, დამტოვე ამ ყუთთან ერთად; სასადილოში მარტო ადრეც დაგიტოვებივარ…- ბოქლომი გასაღების გარეშე იკეტება; როცა მომბეზრდება აქ ყოფნა, წავალ და დარბაზს დავკეტავ.
სანიტარი ნიკო: რატომ გიყვარს მარტოობა?
პაპარაცი: მარტოობა იმიტომ მიყვარს, რომ მარტოობაში მარტო არ ვარ...
ნიკო მიდის. პაპარაცმა ტელევიზორის ყუთი შეაბრუნ-შემოაბრუნა, ის მხარე, საიდანაც გახსნილია, კარებივით გვერდიდან მოუქცია. თანდათან ისე გაერთო, ყუთს ბავშვივით დაუწყო თამაში და თითქოს შიგ ვიღაც იჯდა, დაელაპარაკა კიდეც.
პაპარაცი: ვიცი, მანდ რომ ხარ, რატომ მემალები? ხმა გამეცი, ნუ გეშინია ჩემი; ეს მე ვარ, ასაკში შესული შენი თავი!
მუყაოს ყუთიდან ბავშვის ხმა მოისმა - შემოდი... ჩამუხლული პაპარაცი მუყაოს ყუთში შეძვრა.
დარბაზში შემოდის პაციენტი - იასონი და მუყაოს ყუთს (რომელშიც პაპარაცი ზის) იმ მხრიდან უახლოვდება, საიდანაც მთელ ფორმატზე ტელევიზორი ახატია; მიაყურადებს - პაპარაცის ხმა ესმის; ხმა: „მეთაურო, კოსმოსური ხომალდი გასაფრენად მზად არის! სამი, ორი, ერთი...” იასონი ყუთს შეაჯანჯღარებს.
იასონი (ჩურჩულით): პაპარაცი, მსოფლიოს ვხედავ... ჯერ ხმა, ხმა გავიგე ხალხის!
იასონს ცრემლები მოადგა და ასლუკუნდა.
იასონი: პაპარაცი, მადლობელი ვარ შენი, ტელევიზორში გამოჩენის საშუალება რომ მომეცი! და კიდევ, ტელემაყურებელს ბოდიშს ვუხდი - გაუპარსავი, დაუვარცხნელი და ჭუჭყიანი რომ წარვსდექი მათ წინაშე! მადლობა, მადლობა!
იასონი მუყაოს ყუთიდან გადის. პაპარაცი მას გამოჰყვა და გაოცებული, ყუთს გარშემო შემოუვლის. მერე, ჯიბეში მარკერს მოიძიებს და ყუთს დიდი ასოებით აწერს:
ტელეკომპანია მირაჟი პაპარაც-სტუდია ხელი არ ახლოთ, ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია!!!
შემოდის მზარეული.
მზარეული (პაპარაცს): რაო, გშია?
პაპარაცი: ისეთი მაძღარი ვარ, როგორც არასდროს...
მზარეული: თუ მაძღარი ხარ, აქ რა გინდა?
პაპარაცი: მთავარი ექიმის დავალებით ვარ ¬- ბრძანა: ტელევიზორის ყუთი არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთო!
მზარეული: ეგ დამლაგებელს უთხარი.
პაპარაცი: შენ უნდა გადასცე! მე მიკროფონის საყიდლად ძველმანების ბაზრობაზე მივემართები - ტელევიზიისთვის მჭირდება...
პაპარაცი: რა ღირს მიკროფონი? ტელევიზიისთვის მჭირდება...
ძველმანებით მოვაჭრე: რომელ ტელევიზიაში მუშაობ?
პაპარაცი: ტელეკომპანია - მირაჟი! გაგიგია?
ძველმანებით მოვაჭრე: არ გამიგია!
პაპარაცი: ესეიგი, ტელევიზორი არ გაქვს...
ძველმანებით მოვაჭრე: ტელევიზორი მაქვს! შინაური ხარ, მიკროფონს იაფად მოგცემ - შენ ადრე ჩემგან წითელი ოყნა იყიდე, დუდუკის გასაკეთებლად გინდოდა.
პაპარაცი: აა, შენ ისა ხარ... ის ოყნა დუდუკის კი არა, საყვირის გასაკეთებლად მინდოდა!
ძველმანებით მოვაჭრე: მერე, დუდუკი და საყვირი ერთი და იგივე რამე არ არის?
პაპარაცი: მე იმ ოყნისგან ურიკისთვის საყვირი დავამზადე, სიგნალს რომ გამოსცემს - პუპ, პუპ! მუსიკალური ინსტრუმენტი კი არა!
ძველმანებით მოვაჭრე: ძმაო, მე მუზიკანტი მეგონე, შენ მეტაჩკე ყოფილხარ... სად ტაჩკაობ, ვაგზალზე?
პაპარაცი: ზოგჯერ ვაგზალზეც მიწევს გასვლა...
ძველმანებით მოვაჭრე: ვაგზალზე თუ ტაჩკაობ, ბარაშკა და კურო გეცოდინება, სტაჟიანი მეტაჩკეები არიან; კიდე, ზახარა.
პაპარაცი: ბარაშკა და კურო? ეგ ტიპები რამდენ ბორბლიან ტაჩკას აგორავებენ?
ძველმანებით მოვაჭრე: როგორ თუ რამდენ ბორბლიანს - ტაჩკა ტაჩკაა, ზოგს ოთხი ბორბალი აქვს, ზოგს სამი.
პაპარაცი: გასაგებია... სამ ბორბლიანი და ოთხ ბორბალიანი ტაჩკა პროფესიონალურ კლასში გადის; ჩემ ტაჩკას ერთი ბორბალი აქვს - სამოყვარულოა. ამიტომ, არ ვიცნობ მაგ ტიპებს. მიკროფონში რამდენი გადაგიხადო?
ძველმანებით მოვაჭრე: ორი ლარი! ოღონდ იცოდე, არ მუშაობს, პრავოდკაშია აბრივი...
პაპარაცი: სადაც მიმაქვს, იქ იმუშავებს...
პაპარაცი ორ ლარს გადაუხდის და წასვლას აპირებს, დახლზე ამჩნევს თექის ჭრელ ჩუსტებს.
პაპარაცი: რა ღირს ჩუსტები?
ძველმანებით მოვაჭრე: ხუთი ლარი.
პაპარაცი ფულს გადაუხდის. რამდენიმე ნაბიჯის იქით ჩერდება - ჩუსტებსა და მიკროფონს დასჩერებია. მიკროფონს ურნაში ისვრის.
მეექვსე სურათი
საავადმყო, სასადილო დარბაზი. პაპარაცი მუყაოს ყუთს დახარბებული მზერით უცქერს და უახლოვდება; ირგვლივ ვერავის ამჩნევს - ყუთი თვალსა და ხელს შუა ტელევიზიის შენობად გარდაისახა - ტელეკომპანია მირაჟი! და მყისიერად, პაპარაციც სოლიდური გარეგნობის ადამიანად იქცა. შენობაში შედის, უკვე, სტუდიაშია. სტუდია საკონცერტო დარბაზს ჰგავს, ხალხით გადავსებულია. სცენის კიდეში მოწყობილ, ყვავილებით მორთულ ლოჟაში ჩუსტიკა ზის. პაპარაცს უახლოვდება მისი ასისტენტი - რაჟდენი.
რაჟდენი: ბატონო პაპარაცი, ჩუსტიკა ყვავილებით რატომ შევამკეთ?
პაპარაცი: ყვავილებით იმიტომ შევამკეთ, რომ მას დღეს იუბილეს ვუხდით!
რაჟდენი: რამდენი წლის გახდა?
პაპარაცი: მისი წლოვანება არც თქვენ არ იცით?
რაჟდენი: საიდან უნდა ვიცოდე, მას პირველად ვხედავ! თქვენ თქვით, იუბილეს გადავუხდითო...
პაპარაცი: რადგან ვთქვი, გადავუხდით კიდეც! არაფერი დაშავდება, თუ ასაკს არ მივუთითებთ!
რაჟდენი: მაინცადამაინც ჩუსტიკას რატომ ვუხდით იუბილეს?
პაპარაცი: იმიტომ ვუხდით, რომ ახალი ჩუსტებით მისი დაჯილდოების საბაბი გვქონდეს; მთელი ეს ცერემონია, რომელიც უნდა შედგეს, ეძღვნება პირადად ჩუსტიკას, ერთადერთს, და იმიტომ ეძღვნება, რომ ცხოვრებაში მისთვის არავის არაფერი მიუძღვნია!
იწყება კონცერტი. მომღერლები და მოცეკვავეები სცენაზე ერთი მეორეს ცვლიან... ჩუსტიკა იღიმება. როცა დრო დადგა იუბილარის დაჯილდოებისა, საზეიმო მუსიკის ფონზე ცქრიალა გოგომ ხავერდის ბალიშზე დალაგებული თექის ჭრელი ჩუსტები შემოიტანა.
პაპარაცი: ძვირფასო ჩუსტიკ, სიტყვა გეძლევა, ალბათ, გაქვს რაიმე სათქმელი.
ჩუსტიკა (პაპარაცს): ხელში ამიყვანე...
პაპარაცმა ჩუსტიკას ხელი გამოართვა, გულში ჩაიხუტა და ღიღინით დაარწია. ჩუსტიკამ თვალები მინაბა...
მეშვიდე სურათი
ალექსი შედის სასადილო დარბაზში - მუყაოს ყუთს უახლოვდება. ყუთი შეირხევა და სწორედ იმ დროს, დარბაზში ვიღაც პაციენტი განწირული ხმით კივის - შეშინებული ალექსი ჩერდება. მერე, ყუთზე წარწერას ამჩნევს:
ტელეკომპანია „მირაჟი“ პაპარაც-სტუდია ხელი არ ახლოთ, ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია!!!
ყუთში პაპარაცი ზის, ფიქრით ისეა გართული, სტუმარს ვერ ამჩნევს. ალექსი პაპარაცს სურათს გადაუღებს. ჩხაკუნზე პაპარაცი გამოერკვევა და გარეთ გამოდის; ალექსის დანახვა უხარია.
პაპარაცი: ვიცოდი, რომ მესტუმრებოდი!
ალექსი: შენი ნახვა მიდოდა, მაგრამ ახლა აქ ტელევიზორის გამო მოვედი - არ შევარჩენ ექიმებს მის მიტაცებას! ამისთვის დაისჯებიან!
პაპარაცი: ტელევიზორს დააბრუნებენ...
ალექსი: დააბრუნებენ! მაგრამ ამ სამარცხვინო ფაქტს მაინც დავაფიქსირებ საჯაროდ, თუნდაც - ფოტოგამოფენაზე!
პაპარაცი: გამოფენას აწყობ?
ალექსი: ვაპირებ...
პაპარაცი: ეს საინტერესოა; ალბათ, გამოფენას საავადმყოფოს თემას მიუძღვნი!
ალექსი (დაბნეული): აქაურობა ტელეკომპანია რომ არის, ამაზე წარწერა მეტყველებს, მაგრამ გალერეის შესახებ მინიშნება ვერ შევამჩნიე...
პაპარაცი: ტელეკომპანია ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა, რეალურად ცენტრს უფრო ფართო პროფილი გააჩნია - ფუნქციონირებს საკონცერტო და საგამოფენო დარბაზი და კიდევ სხვა ბევრი რამ. აღნიშნული ინფორმაციის მატარებელი აბრის გაკვრა დამვიწყებია...
მარკერი ხელში შეათამაშა და მიაწერა:
პაპარაც-ცენტრი არტ-გალერეა
ალექსი შიგ შეიპატიჟა.
ალექსი: შიგ შევძვრეთ?
პაპარაცი: „შესაძრომი“ არაფერი გვჭირს - შევბრძანდეთ! წინ მე გაგიძღვები.
ყუთში „შებრძანდნენ“...
ალექსი: ირგვლივ წყვდიადია.
პაპარაცი: თვალები დახუჭე და წყვდიადი გაიფანტება.
ალექსი: მე სხვა წყვდიადი მაქვს მხედველობაში...
პაპარაცი: მეც!
ალექსმა თვალები დახუჭა.
პაპარაცი: აი, ესეც ჩვენი საგამოფენო დარბაზი... მოგწონს?
ალექსი: დარბაზის დანახვა მიჭირს... ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ გამოსაფენად ფოტოები ჯერ არ მაქვს მზად. (პაუზა) ხო, დავინახე - გამოფენის აფიშა დავინახე! მასზე გამოსახულია ხელები, ხელის მტევნები, რომელსაც უხილავი ფოტოაპარატი უპყრია და სურათის გადასაღებად ემზადება!
პაპარაცი: დამპატიჟე გამოფენაზე!
ალექსი: შენ იქ ხარ - პაპარაც-ცენტრის არტ-გალერეაში!
მუყაოს ყუთიდან გამოსულ პაპარაცსა და ალექსს დარბაზში შემოკრებილი გაოცებული პაციენტები შემოეხვივნენ, გზა მოწიწებით დაუთმეს და ჩურჩულით დაედევნენ. ალექსს წინ აქოშინებული ივანიჩი შემოეჩეხა. პაპარაცი მუყაოს ყუთთან დაბრუნდა.
ალექსი: როგორ გაბედეთ ტელევიზორის მიტაცება?!
ივანიჩი: ბატონო ალექსს, მსგავსი რამ როგორ იფიქრეთ! იმ დღეს აქ საშინელი ამბავი მოხდა: ერთმა პაციენტმა თქვენი ტელევიზორი ლამის თავზე დაგვალეწა. ეს ქმედება ჩვენთან უნდა შეგეთანხმებინათ, რადგან ტელევიზორი სპეციალურ (არამსხვრევად მინიან) კარადაში უნდა მოთავსდეს. ძველი კარადა, თავადაც ნახეთ, მცირე ზომისა იყო... ახალს შევუკვეთავთ და როგორც კი მზად იქნება, ტელევიზორი პაციენტებს დაუბრუნდებათ!
გაიოზი: გაიოზი რომ ვარ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს; მთავარი ისაა, რომ მე მხატვარი ვარ!
პაპარაცი: მხატვარი? კარგი პროფესია გქონია...
გაიოზი: შენ პირველი ხარ, ვინც ამის შესახებ შეიტყვე!
პაპრაცი როგორღაც შეკრთა და გამოცოცხლდა.
პაპარაცი: გადაწყვიტე შენი საუნჯით სხვებიც დაატკბო?
გაიოზმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და საჩვენებელი თითი შუბლზე დაიდო.
გაიოზი: ნახატები აქ მაქვს, შეგიძლია ჩაიხედო?
პაპარაცი: შემიძლია! ამისთვის ცენტრის არტ გალერეას უნდა ვეწვიოთ; გალერეამ სულ ახლახანს ცნობილ ფოტოხელოვანს უმასპინძლა!
გაიოზი: ვიცი, თქვენი ლაპარაკი მესმოდა...
მუყაოს ყუთში ჯერ პაპარაცი შეძვრა, შემდეგ, გაიოზი. მათი საუბარი სიბნელეში ისმის:
გაიოზი: ჩემ შემოქმედებას სხვაგვარი დარბაზი ვერ დაიტევდა... ხატვა სიზმარმა დამაწყებინა, რომელშიც ყრუ, მუნჯი და ბრმა ვიყავი - სულის შემძვრელი შეგრძნება იყო. მაგრამ, როცა გამოვიღვიძე და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების პირისპირ აღმოვჩნდი, იმ სიზმრისეულ მდგომარეობას გამოვეტირე - მიჭირს ცხოვრება... ექსპოზიციას აღნიშნული სიზმარ-ნახატით გავხსნი.
წყვდიადი იფანტება - სოლიდურად გამოწყობილი გაიოზი და პაპარაცი დამთვალიერებლით სავსე საგამოფენო დარბაზში დგანან.
გაიოზი: შემდეგ ნამუშევარს ეწოდება - „ბუშტის მბერავი”. ჩვენ ყველა ბუშტის მბერავები ვართ... სხვებისგან განსხვავებით, მე თავიდანვე გახეთქილი ბუშტი მხვდა წილად, მაგრამ მაინც ვბერავ, რადგან ბერვაზე უარის თქმა ჩემს ძალებს აღემატება!
გაიოზი: „ნადირობის თემაზე” - ეს ნამუშევარი მრავალი ეპიზოდისგან შედგება, მაგრამ ყველა ეპიზოდს ერთი თემა აერთიანებს - ნადირობა! ნადირობის ყველაზე ამაზრზენი სახე ადამიანების ერთმანეთზე ნადირობაა - განადირება! ერთმა მეომარმა, რომელიც ომამდე სკოლის მასწავლებელი იყო, წამოიძახა: რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ადამიანებზე მომიწევდა ნადირობაო! პირველი ადამიანის ადამიანზე განადირების ფაქტს ბიბლია გვამცნობს - ეს კაენი იყო.
პაპარაცმა ამ ნამუშევარსაც გადაუღო სურათი - ჩხაკ-ჩხუკ.
პაპარაცი: სურათებს დაუკითხავად რომ ვიღებ, ამისთვის ხომ არ დამძრახავ?
გაიოზი: პირიქით, მე მადლობელი ვარ შენი...
პაპარაცი: მადლობელი ჩვენ ვართ, დამთვალიერებლები, ხედავ რამდენმა მოვიყარეთ თავი!
გაიოზმა დარბაზს თვალი შეავლო და სიხარულის ცრემლი მოიწმინდა.
გაიოზი: ახლა, წარმოვადგენ ნამუშევარს - „წითელი ბუშტის დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი”. მასში ბუშტის ყველა ცხოვრებისეული ეპიზოდია ასახული - დაბადება, ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, სიყვარული, გათხოვება, შვილები, სიბერე და სიკვდილი...
პაპარაცი: წითელი ბუშტის დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი - მხატვრობაც არის და ლიტერატურაც! ჩვენთან, ცენტრში, გამომცემლობა ფუნქციონირებს - აუცილებლად ჟურნალში დავბეჭდავ!
ამ ნამუშევარსაც გადაუღო სურათი - ჩხაკ-ჩხუკ.
გაიოზი: წარმოვადგინო შემდეგი ნამუშევარი?
დამთვალიერებლები (დარბაზიდან): რა თქმა უნდა! წარმოადგინე!
გაიოზი: ჯერი „კულტთაყვანისცემის თემაზე“ შესრულებულ ნამუშევარზე მიდგა: გენიოსი დასაფასებელია, მაგრამ როცა ვინმე მის ნაქონ ცხვირსახოცს ინახავს და იმით ამაყობს, რომ მას წილად კუმირისგან დასვრილი (ჟღვლინტიანი) ერგო, სხვას კი - განარეცხი, ეს სირცხვილია! საზოგადოებაში სიბრძნე ამოიწურა, ანუ, სიცოცხლე მოკვდა!
პაპარაცი: სიცოცხლე სადღაც კვდება, მაგრამ ამით ის არ ამოიწურება, რადგან სიცოცხლის თვისებაა - ერთგან მოკვდეს და სხვაგან დაიბადოს. იფიქრე სიცოცხლეზე!
გაიოზი: სიცოცხლეზე ფიქრი მიჭირს...
გაიოზმა მძიმედ ამოისუმთქა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა; მცირე ხანს მდუმარემ დაჰყო და მერე, მორიგი ნამუშევარი წარადგინა, თუმცა არც თუ პირვანდელი ხალისით.
გაიოზი: პიროვნების გაბევრების ფაქტი გაორებულ და ერთაზრიან პირთა ფოზნე.
გაორებული კაცის მდგომარეობა ხომ გაგიგია, ჰოდა წარმოიდგინე, გაბევრებული რაღა დღეში იქნება! ჩემი თავი დავხატე - ავტოპორტრეტია.
გაიოზი დადუმდა. პაპარაცი ელოდა, რომ რაიმეს იტყოდა, მაგრამ ამაოდ.
პაპარაცი: რაღაც მოხდა?
გაიოზი: დავასრულე გამოფენა!
პაპარაცი: რატომ, ნამუშევრები გამოილია?
გაიოზი: ნამუშევრები არ გამოილია... მაგრამ ვიგრძენი, რომ ცუდი მხატვარი ვარ! ჩემს შემოქმედებაში სიხარულის მწვავე დეფიციტია - დამთვალიერებელზე აღარაფერს ვამბობ, შენც მოგაბეზრე თავი!
პაპარაცი: შენ ცდები, მე აღფრთოვანებული ვარ შენი შემოქმედებით! მხატვრობაში მსგავსი არაფერი მინახავს!
გაიოზი: შენ უკანასკნელ ორ ნამუშევარს სურათი არ გადაუღე...
პაპარაცი: მე შენი ყველა ნამუშევარი კადრში დაფიქსირებული მაქვს, ისინიც კი, რომელიც ჯერ არ მინახავს, რადგან ვთვლი, რომ უდიდესი ქართველი მხატვარი ხარ!
გაიოზი: უდიდესი ქართველი მხატვარი ერთია - ნიკო ფიროსმანი!
პაპარაცი: ნიკო ფიროსმანი? მას დარბაზში თვალი მოვკარი.
გაიოზი: როგორ, ის დამთვალიერებელთა შორისაა?
პაპარაცი: ხო, აი, შენსკენ მოემართება!
ნიკო ფიროსმანი: ძმაო, გაიოზ, მოხიბლული ვარ შენი შემოქმედებით! ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მხატვრობას თავის თავში ამდენი რამის დატევის უნარი ჰქონდა.
დაბნეულმა გაიოზმა მაშინღა ამოიდგა ენა, როცა ფიროსმანმა წასვლა დააპირა.
გაიოზი: ნიკო, ყველას ყველაფერი გვაპატიე!
ნიკო ფიროსმანს გაეღიმა.
გაიოზი: გვაპატიე, შიმშილში რომ აღმოგხდა სული!
ნიკო ფიროსმანი: შიმშილი არ მიგრძვნია, სულიერი საზრდოთი ვიყავი მაძღარი...
გაიოზი: გვაპატიე, შენ საფლავს რომ ვერ გავუფრთხილდით!
ნიკო ფიროსმანი: ცოცხალ კაცს საფლავი არ სჭირდება...
გაიოზი: გვაპატიე, დაფასების მაგიერ რომ დაგამცირეთ!
ნიკო ფიროსმანი: წყენა თან არ წამიღია. ყველა ის მხატვარი თუ ხელოვნებათმცოდნე, ვინც ჩემ დროს მოღვაწეობდა, დღემდე მოდიან და პატიებას მთხოვენ; მე მესმის მათი - უცხოეთში მიღებული განათლებით თავს ისე იწონებდნენ, რომ ვერ დაუშვეს გაუნათლებლი კაცის თავიანთ გვერდში დგომა.
გაიოზი: ერთი მარცვალი ნიჭი, ერთ ბეღელ მოხვეჭილ ცოდნაზე მეტია! აი, რა თქვა ერთმა მხატვარმა: თვითნასწავლი მხატვარი არ არსებობსო, ის ვერც სხვის ნასწავლი იქნებაო, მხატვარი მხოლოდ ღვთის ნასწავლი შეიძლება იყოსო!
ნიკო ფიროსმანი: ეგ მეც ვთქვი! ისტორია მეორდება...
ფიროსმანი გაიოზსა და პაპარაცს დაემშვიდობა და დამთვალიერებელთა შორის გაუჩინარდა.
გაიოზი: გამოფენის დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა სურვილი მაქვს ექსპოზიციას ახალი ნამუშევრები შევმატო, ყველას ერთად, უკომენტაროდ წარვადგენ:
მერვე სურათი პალატა. ახალგაზრდა პაციენტი - კომანდო, საწოლზე წამომჯდარა.
კომანდო: დაგხოცავთ, ბოზებო!
პაპარაცი: კომანდო, ვინ გაგაბრაზა?
კომანდო: რა შენი საქმეა?!
პაპარაცი: რომ იცოდე, დღეს სად ვიყავი...
კომანდო: სად იყავი?!
პაპარაცი: უნიჭიერესი ქართველი მხატვრის გამოფენაზე ვიყავი; დამსწრეთა შორის თვით ნიკო ფიროსმანი იყო!
კომანდო: ნიკო ფიროსმანი? არ ვიცნობ... რომელ პალატაში წევს?
პაპარაცი: ნიკო ფიროსმანი პალატაში არ წევს, ის უდიდესი ქართველი მხატვარია!
კომანდო: მაგარი ტიპი ყოფილა... სხვა კიდევ ვინ იყო იქ ცნობილი ადამიანებიდან?
პაპარაცი: კულტურის მინისტრი იყო, ქვეყნის პრემიერი, პრეზიდენტი, ინტელიგენცია...
კომანდო: თოვლის ბაბუა იყო?
პაპარაცი: თოვლის ბაბუას იქ რა უნდოდა, ჯერ ახალი წელი არ დამდგარა!
კომანდო: ახალი წელი რა შუაშია?! მე გამოფენაზე გეკითხები, ნაძვის ხის ზეიმზე კი არა!
პაპარაცი: თოვლის ბაბუა შესაძლოა იყო კიდეც გამოფენაზე... მაგრამ ვერ შევამჩნიე. რატომ მეკითხები?
კომანდო: ზაჟიგალკა უნდა მაჩუქოს - ძიპპო!
პაპარაცი: სანთებელა? თოვლის ბაბუა სანთებელას არ გაჩუქებს; ტრადიციულად, ის ტკბილეულსა და სათამაშოებს ჩუქნის!
კომანდო: ტკბილეული და სათამაშოები რა თავში სახლელად მინდა - სპეცნაზელი ვარ! თოვლის ბაბუას დიდებიც უყვარს - მე ძიპპო-ს მაჩუქებს!
პაპარაცი: სიგარეტს ეწევი?
კომანდო: არ ვეწევი. როცა მაჩუქებს, დავიწყებ მოწევას, ძიპპო-ს ხათრით...
პაპარაცი: მოწევას თუ დაიწყებ, თოვლის ბაბუას ეს ეწყინება!
კომანდო: არ ეწყინება, თვითონ ეწევა!
პაპარაცი: თვითონ არ ეწევა!
კომანდო: შენ რა იცი?!
პაპარაცი: მისი ბიოგრაფია წამიკითხავს... ტელევიზორშიც თქვეს ამის შესახებ!
კომანდო: შენ დამაბნიე... მე ის სიგარეტით ხელში არ მინახავს, მაგრამ რომც არ ეწეოდეს, მაინც არ ეწყინება, თუ მე მოვწევ. ეს საწყენი რომ იყოს, საჩუქრად სანთებელას არ მომიმზადებდა!
პაპარაცი: სანთებელას იმიტომ გჩუქნის, რომ შენ სთხოვე ასეთი საჩუქარი; ის ხათრიანია... შენ უნდა სთხოვო რამე სხვა, ისეთი, რომ უხერხულში არ ჩააგდო თოვლის ბაბუა!
კომანდო: რა ვთხოვო?
პაპარაცი: ბინოკლი!
კომანდო: ბინოკლი მჭირდება...
პაპარაცი: მე მივწერ თოვლის ბაბუას, რომ ბინოკლი გაჩუქოს!
კომანდო: ჯიგარი ხარ პაპარაცი! მე შენთან ერთად დაზვერვაზე წავალ...
ჰორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
მცხრე სურათი ისევ სასადილო დარბაზი. მუყაოს ყუთთან მიახლოებულ პაპარაცს წინ შუახნის პაციენტი გადაუდგა - მეცნიერა.
მეცნიერა: გამარჯობა, პაპარაცი! დიდი ხანია გელოდები! მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა გავაკეთე და მინდა ამის შესახებ ქვეყანას შეატყობინო!
პაპარაცი: რას შეეხება აღმოჩენა?
მეცნიერა: აღმოჩენა, ასტრონომიის სფეროშია - სამყაროს წარმოშობის საკითხს ეხება!
პაპარაცი: ასეთ სერიოზულ რამეზე ღია ცის ქვეშ არ საუბრობენ, ცენტრში შევიდეთ. იქ კათედრაა - სიტყვას მსოფლიოს მიაწვდენ! (მუყაოს ყუთზე ანიშნა)
მეცნიერა: ყუთში შევძვრეთ?
პაპარაცი: შენ ამისთვის ხარ აქ მოსული...
მათი ყუთში შეძრომისთანავე იქაურობა წარმოსახვით სამყაროდ გადაიქცა - მეცნიერა მეცნიერებათა აკადემიაშია, მანტიითაა შემოსილი და კათედრაზე სიტყვით გამოდის.
მეცნიერა: აფეთქება, რომელიც თითქოსდა სამყაროს წარმოშობას წინ უსწრებდა, არ მომხდარა! სამყაროს გაფართოების ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ ოდესღაც ის ერთი წერტილის ოდენა იყო, რადგან სამყარო არა მზარდი, არამედ რხევადია! ეს რხევა მუსიკალური ინსტუმენტის აკარდეონის გაშლა-შეკუმშვის პრინციპის მსგავსია - მაშინაც კი, როცა ეს ინსტრუმენტი იშლება, მისი გარკვეული მონაკვეთი შესაძლოა უძრავი დარჩეს, ან სულაც, იკუმშებოდეს კიდეც. დადგება დრო, როცა აკარდეონის მსგავსად, სამყაროს საერთო კუმშვა საერთო გაშლას გადააჭარბებს და შემდეგ, ისევ პირიქით იქნება!
მეცნიერამ ჩაახველა... აუდიტორიამ ის მქუხარე ტაშით დააჯილდოვა.
მეცნიერა (სიტყვის გაგრძელება): სამყაროში მატერიასთან ერთად არამატერიული სამყაროც არსებობს, რომელიც იმდენად ვრცელია, რომ ყოველივე მატერიალურს თავის თავში მოიცავს და თანაც - ის გონიერია! ადამიანიც სამყაროს ანალოგიურადაა აგებული - შედგება სხეულისგან, რომელიც მატერიაა და სულისგან, რომელიც მატერია არ არის. როგორც სხეულს განაგებს სული, ასევე სამყაროშიც მატერია ემორჩილება უზენაეს ინტელექტუალურ ძალას - სამყაროს სულს! დიახ, სამყარო სულიერია და მისი გაშლა არა დიდ აფეთქებად წოდებული უსულო ფიზიკური მოვლენაა, არამედ ის პულსია, ცოცხალი ორგანიზმის სუმთქვა! ამიტომ შევადარე სამყარო აკარდეონს - ეს ინსტრუმენტი უსულო საგანია, მაგრამ სულიერის ხელში ის მოძრავი ხდება და ჟღერადიც!
აუდიტორიამ მეცნიერა ფეხზე წამომდგომითა და მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ¬- ბრავო! ბრავო! ბრავისიმო! ყვავილები მიართვეს.
პაპარაცი სასადილოში შედის. მაგიდებს პაციენტები უსხედან. ტელევიზიაა მოსული და ვიღაც შავ კოსტუმში გამოწყობილი, გაბღენძილი მამაკაცი.
მხატვარი გაიოზი: პაპარაცი, მოდი აქ, ადგილი შგინახე! ფლავი გასინჯე, ისეთი გემრიელია, ღირს ამის ფასად ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებად ვირიცხებოდეთ!
პაპარაცი: მართალი ხარ, გემრიელია...
მხატვარი გაიოზი: შენ თუ იცი, ვინ არის ის შავებში გამოწყობილი კაცი? მაგისი ფულით ყოფილა ეს საუზმე მოწყობილი.
იქვე მჯდომი პაციენტი: დეპუტატია! არა, დეპუტატი არა - დეპუტატობის კანდიდატი! ჩემი ნება რომ იყოს, მაგ კაცს აქ დავაბავდი...
იქვე მჯდომი სხვა პაციენტი: ეჰ, ხვალ ისევ მოგვშივდება... ესაა ცხოვრება?
დარბაზის ბოლოში პაციენტი წამოიმართა, მეტსახელად - სიძე, და ყველას გასაგონად წამოიძახა:
სიძე: გავძეხი, ახლა ცოლი უნდა შევირთო!
ჰორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
მეთერთმეტე სურათი
ქალაქი. პაპარაცი ტროტუარს მიუყვება. ვიღაც მანდილოსანმა ისეთი მოვლილი, მოდურად გაკრეჭილი პუდელი გამოატარა, რომ პაპარაცს ყბა მოეღრიცა. თავის ვიზუალს დახედა - ორი ზომით დიდ ჩინურ კედებს, მუხლებგამობურცულ სპორტულ რეიტუზს და დაჭმუჭნულ პიჯაკს. უხილავი ფოტოაპარატი მოიმარჯვა და პუდელს სურათი გადაუღო - ჩხაკ-ჩხუკ! მერე, სელფით თავისი გარეგნობაც დააფიქსირა - ჩხაკ-ჩხუკ! გზას განაგრძობს, უახლოვდება სკვერს. სკვერში დედას ბავშვი გამოუყვანია, რომელიც ტირის, დედას ემუქრება. იქვე, გრძელ მერხზე შუახნის მამაკაცები სხედან და პოლიტიკაზე კამათობენ. პაპარაცმა ბავშვის ყურადღება მიიქცია - მოიმარჯვა თითები და მომღიმარმა უხილავი ფოტოაპარატით სურათი გადაუღო - ჩხაკ-ჩხუკ! ბავშმა ტირილი შეწყვიტა, გამხიარულდა. პაპარაცი იქვე ახლოს, მერხზე ჩამოჯდა - თან ბავშვს მიმიკით თამაში გაუბა და თან, მოკამათეებს მიუგდო ყური.
პირველი მამაკაცი თევზი თავიდან ლპება - პრეზიდენტი გვყავს დამპალი!
მეორე მამაკაცი: ყველა უბედურებას ვიღაცას ვაწერთ, არადა, ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით გვემართება, რადგან სულსწრაფი და ამპარტავანი ხალხი ვართ!
მესამე მამაკაცი: (სომეხი) მე სომეხი კაცი ვარ და ეს ქვეყანა თქვენზე მეტად მიყვარს - პრეზიდენტი არ უნდა გავაგდოთ! ეგ კაცი უკვე გამაძღარია, ახალი მშიერი მოვა და სანამ გაძღება, ყველას გადაგვჭამს!
პირველი მამაკაცი: პატიოსან კაცს ავირჩევთ!
მესამე მამაკაცი (სომეხი): ვერ აირჩევთ! ქართველებისთვის არჩევნები ლატარიაა - პრეზიდენტს ირჩევთ და მერე ფიქრობთ, არჩეული კაცი ქვეყნისთვის ვარგისია, თუ არა!
მეორე მამაკაცი: ერევანში ხო სულ მოსე გიზით პრეზიდენტად...
პაპარაცმა ამოიოხრა, წამოდგა და გზა განაგრძო. გზაზე მომიტინგეებით სავსე, დროშებგადმოფენილმა ავტომობილმა გაბმული სიგნალით ჩაიქროლა; მოსახვევში სისწრაფისგან ლამის გადატრიალდა. (ხმა ისმის ავტომობილის, ბორბლების წუილი და რუპორის ხმა - „ძირს მთავრობა!” „ყველანი მიტინგზე გადით!”)
მეთორმეტე სურათი
მიტინგი... პაპარაცი ხალხს შეერია.
ტრიბუნასთან გამომსვლელი ორატორი (არ ჩანს, ან ჩანს... ): სოციალური კვლევის მონაცემთა თანახმად, საპენსიო ზღვარის მინიმუმი არსებულის სამმაგი ოდენობა უნდა იყოს!
ვიღაც ხნიერმა ქალმა პაპარაცს სახელოში მოქაჩა.
ხნიერი ქალი: შვილო, ვინ არის ეს ორატორი?
პაპარაცი: არ ვიცი დედი, ქართველია...
ხნიერი ქალი: ეგ უნდა გახდეს ჩვენი პრეზიდენტი - პენსიის გასამეგების პირობა დადო! წინა გამომსვლელი მხოლოდ გაორმაგებას დაგვპირდა.
იქვე დგას ვიღაც თეთრკეპიანი მამაკაცი - სოფლიდან ჩამოსულს ჰგავს. პაპარაცი მას გამოელაპარაკა.
პაპარაცი: მიტინგზე ბევრმა მოვიყარეთ თავი...
მოულოდნელობისაგან თეთრ კეპიანი როგორღაც თავაზიანად შეკრთა.
თეთრკეპიანი: უფრო მეტნი შევგროვდებოდით, მაგრამ რაიონიდან ჩამომსვლელებს გზა გადაგვიკეტეს!
ორატორი ტრიბუნასთან გამძვინვარდა.
ორატორი: ვადამდელ არჩევნებს არ დაველოდებით! დღესვე დავამხობთ ხელისუფლებას! არ ვაპატიებთ ქვეყნის დაქცევასა და გაპარტახებას!
პაპარაცი: ქვეყნის დაქცევაში არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ჩვენ ყველას ჩვენი წილი დანაშაული მიგვიძღვის!
თეთრ კეპიანი: ქვეყნის დაქცევაში მე რა დანაშაული მიმიძღვის?!
პაპარაცი: ყველა უბედურების მიზეზს სხვას ვაწერთ, არა და, ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით გვემართება, რადგან სულსწრაფი და ამპარტავანი ხალხი ვართ!
თეთრ კეპიანი ერთი ნაბიჯით განზე გადგა.
ორატორი: ძირს პრეზიდენტი! ძირს მთავრობა!
პაპარაცი (ხმას უწევს): სცდება ეს ორატორი!
თეთრ კეპიანი: ვისზე ამბობ მაგას, იცი ეგ ვინ არის?! გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციის გენშტაბის სპიკერია!
პაპარაცი: ერთმა სომეხმა კაცმა აი რა თქვა: პრეზიდენტი სჯობს ძველი დარჩეს, რადგან ის გამაძღარია და, თუ მის ნაცვლად ახალი მოვა, მშიერი იქნება და, სანამ გაძღება, ყველას გადაგვჭამსო! იმ სომეხმა ისიც თქვა, რომ არჩევნები ქართველებისთვის ლატარია - პრეზიდენტს ვირჩევთ და მერე ვფიქრობთ, არჩეული კაცი ქვეყნისთვის ვარგისია, თუ არა!
ახმახი: იქ გამოკეტილ „ვირთხებსაც” შენსავით თავი ქართველებად მოაქვთ!!! (თითი მთავრობის სასახლისკენ გაიშვირა)
იქვე მდგომი მანდილოსანი (ზიზღით): თავი დაანებეთ მაგას - პროვოკატორია!
სხვა მანდილოსანი: ცდილობს წყობიდან გამოგვიყვანოს!
პაპარაცმა თავი დახარა... რამდენიმე წამი გახევებული დგას და იქაურობაზე გაცლა რომ დააპირა, ვიღაცამ უკნიდან წიხლი ჰკრა. დარტყმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პაპარაცი წაიქცა. ზანტად წამოდგა, თითქოს არაფერი მომხდარაო, იქაურობას დამუნჯებული გაეცალა.
მეცამეტე სურათი
საავადმყოფოში დაბრუნებული პაპარაცი მუყაოს ყუთის წინ დგას, ირგვლივ ვერავის ამჩნევს და უეცრად, ყუთი პაპარაც-ცენტრად გარდაისახა - აღშფოთებულ ადამიანთა გარემოცვაშია.
რაჟდენი: ბატონო პაპარაცი, არა მარტო ჩვენ, მსოფლიო აღაშფოთა მიტინგზე განხორციელებულმა ვანდალურმა აქტმა!
პაპარაცი: როგორ, წიხლის კვრის კადრი მსოფლიოს მისწვდა?
რაჟდენი: მისწვდა?! მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება თქვენდამი სოლიდარობის ნიშნად მზადაა ერთ მძლავრ პოლიტიკურ პარტიად გაერთიანდეს, თუკი ასეთ პარტიას თქვენ ჩაუდგებით სათავეში - ქვეყნად უგუნურების თარეშს წერტილი უნდა დაესვას!
პაპარაცი: პოლიტიკურ პარტიას ქმნიან?
რაჟდენი: პარტია თქვენ უნდა შექმნათ! ხოლო ჩვენ, ბატონო ჩემო, თქვენს ერთგულ თანამებრძოლებად გვიგულეთ!
პაპარაცი: არა, პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნი!
უცებ, ხალხში ხმა გაისმა - გაატარეთ, გაატარეთო! და პაპარაცისკენ გზა გამოიკვლია მკერდში ჩვილ-ჩახუტებულმა, არცთუ მთლად ახალგაზრდა ქალმა - დამლაგებლის ხალათი აცვია, ერთი ხელით ჩვილს იხუტებს, ხოლო მეორეთი, იატაკის საწმენდ გრძელ ჯოხს შუბივით იქნევს.
დამლაგებელი ქალი: ბატონო პაპარაცი, მზად ვარ ბრძოლისთვის! ჩამწერეთ პარტიის რიგებში!
პაპარაცი არ არის საჭირო... მე ტელევიზიით განცხადებას გავაკეთებ ამის შესახებ!
პაპარაცი კაბინეტიდან განცხადებას აკეთებს:
მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის! ჩვენ არ შევქმნით პარტიას, პირიქით, პოლიტიკას რადიკალურად გავემიჯნებით! მერწმუნეთ, რაც ნაკლები პოლიტიკოსი ეყოლება ქვეყანას, მით უფრო დალაგდება ცხოვრება! ძნელია, მაგრამ უნდა დავრჩეთ იმის იმედად, რომ არსებობს ჩვენზე აღმატებული ძალა, რომელიც ჩვენი ჩარევის გარეშე იხსნის ქვეყანას!
რეკავს ტელეფონი.
ფოლადისებური ხმა ტელეფონიდან: ალო, პაპარაცი ხართ?! პრეზიდენტის კანცელარიიდან გიკავშირდებით - მის აღმატებულებას თქვენთან შეხვედრა სურს! ადგილზე დარჩით, ჩვენ გამოვდივართ!
პაპარაც-ცენტრს პრეზიდენტის ესკორტი მიადგა... შემოაგორეს ტრიბუნა, რომელზეც პრეზიდენტი დგას და უკვე, სიტყვით გამოდის:
პრეზიდენტი: ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო, მართალია, ბატონ პაპარაცთან ჩემი სტუმრობა ჩემი ინიციატივით მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ყოველი თქვენგანის მისდამი სიყვარულსაც იტევს!
მქუხარე ტაში. პრეზიდენტმა პაპარაცს მამობრივი სიყვარულით გადახედა, გაუღიმა და სიტყვა განაგრძო.
ხალხო, თქვენ ამირჩიეთ პრეზიდენტად და ახლა, ცდილობთ ჩემს ვადამდელ გადაყენებას! უნდა გააცნობიეროთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნისთვის თავისებური ლატარიაა - ლა-ტა-რი-ა! დიახ, მე პრეზიდენტობა ლატარიაში მერგო! და ახლა, ჩემს მდგომარეობაში წარმოიდგინეთ თქვენი თავი: ლატარიაში მოიგეთ ბინა, რომელშიც ცხოვრების საშუალებას არ გაძლევენ, უფრო მეტიც - გართმევენ მას!
პრეზიდენტი მრავლისმეტყველად დადუმდა, თავის გადაქნევით ხალხი დატუქსა და სიტყვა განაგრძო:
ბატონებო, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა მაცადოთ! პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭირეთ! ერთადერთი ჩვენი თანამემამულე, ვინც პოლიტიკას შეგნებულად გაემიჯნა - პაპარაცია! მიბაძეთ მას! გადავწყვიტე, ის ღირსების ორდენით დავაჯილდოვო!
პაპარაცი დაიბნეულია და თან, შეშინებულიც, ერთი ნაბიჯით უახლოვდება და მეორეთი, უკან იწევს.
პრეზიდენტი: რა დაგემართა, შეუძლოდა ხარ?
პაპარაცი: არა, თქვენო ბრწყინვალებავ, უბრალოდ... ორდენი მკერდზე ქინძისთავით ხომ უნდა დამაბნიოთ... ჰოდა, მე ბავშვობიდან მეშინია ჩხვლეტის!
პრეზიდენტი: პაპარაცი, რას მეუბნები, დაფიქრდი - ქვეყნის ხალხი მყავს დაჯილდოებული და მკერდი არავისთვის გამიხვრეტია, რაღა მაინცდამაინც შენ დაგასახიჩრებ?!
წელში სამხედროსავით გამართული პაპარაცი წინ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მეორეთი, მოკუნტული ისევ უკან იხევს.
პრეზიდენტი: არ დაგაჯილდოვო?!
პაპარაცი: უნდა დამაჯილდოვოთ, ბატონო პრეზიდენტო - გავუძლებ! (გაიჭიმა)
პრეზიდენტი ორდენს ხელს წაატანს, მაგრამ პაპარაცი შიშისგან ისევ იკუნტება.
პრეზიდენტი (მკაცრათ): პაპარაცი!!!
პაპარაცი: დიახ, ბატონო პრეზიდენტო! (გაიჭიმა) შეგიძლიათ დამაჯილდოვოთ - ჩემი სიმხდალე აღარ განმეორდება!
პრეზიდენტი ისევ მოემზადა დასაჯილდოებლად... მართალია, პაპარაცი აღარ მოკუნტულა, მაგრამ დაჯილდოების ცერემონია სხვა ხრიკით შეაფერხა:
პაპარაცი: იმ უბედურმა, თუ იმდენ ჩხვლეტას გაუძლო, მე, ქართველმა, როგორ ვერ უნდა გავუძლო ერთს! ბოლოს და ბოლოს, ის კომუნისტი იყო, მე - ქართველი პატრიოტი ვარ! გავუძლებ! ასეა საჭირო!
პრეზიდენტი: ვისზე მეუბნები, ბევრ ჩხვლეტას გაუძლოო?
პაპარაცი: ლეონიდ ბრეჟნევზე!
პრეზიდენტი: რა დროს ბრეჟნევია... ამდენი ხალხი შემოგვცქერის - რა ვქნა, ჯიბეში ხომ არ ჩაგიდებ ორდენს, თუ იქნებ „სკოჩით” მიგაკრა გულზე?!
პაპარაცი: სკოჩით! (თვალები გაუბრწყინდა) ანუ, თვითწებვადი ლენტით - ეს იდეაა!
პრეზიდენტი: რა არის იდეა - ორდენის თვითწებვადი ლენტით მიკვრა?! რომც შეიძლებოდეს ასეთი რამ, საიდან მოვიტანო აქ თვითწებვადი ლენტი?!
პაპარაცი: თვითწებვად ლენტს ჩვენ ვიშოვით!
პრეზიდენტი: გადამრევს ეს ხალხი...
მოთმინებადაკარგული საზოგადოება ერთმანეთში ჩურჩულით ცდილობდა გაერკვია, თუ რა ხდებოდა ტრიბუნასთან. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და პრეზიდენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზიდენტი: მომიტანეთ „სკოჩი”! არ მგონია „სკოჩის” ქართული შესატყვისი სიტყვა „თვითწებვადი ლენტი” იყოს, რაღაც სპეციფიკური სახელი ექნება...
რაჟდენმა „თვითწებვადი ლენტი” მოარბენინა და პრეზიდენტს გადასცა. ხოლო ამ უკანასკნელმა, იმის შიშით კიდევ რაღაც ხელის შემშლელი მიზეზი გამოჩნდებაო, პაპარაცი აჩქარებული წესით დააჯილდოვა - მკერდზე ორდენი თვითწებვადი ლენტით მიაკრა! მქუხარე ტაში. ექსკორტი დაიძრა - ქვეყნის პირველი პირი ტრიბუნიანად გააგორეს სცენიდან.
რაჟდენი: ეე, ჩვენი „სკოჩი” წაიღო...
პაპარაცი: არაუშავს! ჩვენი თვითწებვადი ლენტი პრეზიდენტის ხელშია - ქვეყანას მოახმარს!
მეთოთხმეტე სურათი
საავადმყოფო. რეალური სცენა. პაპარაცს პაციენტი მიუახლოვდა, მეტსახელად სიძე, ის, ვინც ამასწინათ წამოიძახა - გავძეხი, ახლა ცოლი უნდა შევირთოო!
სიძე: ძმობილო, შენი ურიკა ერთი კაი საქმისთვის მჭირდება!
პაპარაცი: რაში გჭირდება ჩემი ურიკა?
სიძე: არ გამცემ, გეტყვი: ქალთა განყოფილებამდე გვირაბის გათხრას ვაპირებ - იქ ერთი კარგი, წითელლოყება გოგო მყავს შერჩეული... მაგრამ ექიმები ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არიან! მიწა თუ იპოვეს, მიხვდებიან გვირაბის ამბავს, ურიკით საავადმყოფოს გარეთ გადავყრი.
პაპარაცი: კი მაგრამ, გასასვლელში ვახტიორი გოგია რომ გკითხავს, ეგ მიწა საიდან მოგაქვსო, რას ეტყვი? მაგ კაცს ვერაფერს გამოაპარებ!
სიძე: გოგია, არ გამხსენებია... აღარ მინდა ურიკა - მიწას ორმოშო ჩავყრი!
პაპარაცი: ორმოს სად ნახავ?
სიძე: ამოვთხრი! ბარი მჭირდება... მიშოვი?
პაპარაცი: შევეცდები... გიშოვი!
სიძე: ჩემ ქორწილში თამადა იქნები!
პაპარაცმა შეამჩნია, რომ მას ექიმი ივანიჩი ელოდებოდა, როგორც კი სიძე წავიდა, ის მიუახლოვდა.
ივანიჩი: შენთან საქმე მაქვს და ეს საუბარი ჩვენს შორის უნდა დარჩეს! გუშინ, საავადმყოფოში ალექსმა დარეკა... ესპანეთში მივლინებით ყოფილა წასული. იმ კაცზე გეუბნები, ვინც საავადმყოფოს ტელევიზორი შესწირა! როდის ბრუნდება საქართველოში?
პაპარაცი: ალექსი აქაა... წეღან „პაპარაც-ცენტრში” ქვეყნის პრეზიდენტი რომ მეწვია, ისიც იქ იყო. (თითით მუყაოს ყუთზე ანიშნა)
ივანიჩი: მენდე, ალექსის მიმართ ცუდი არაფერი მაქვს ჩაფიქრებული; ჩემი თხოვნაა - ჩამოსვლისთანავე, სანამ რაიმეს მოიმოქმედებს, მე შემხვდეს!
ივანიჩს თვალზე ცრემლი მოადგა, აშკარად გულწრფელი იყო. პაპარაციც გამოიცვალა...
პაპარაცი: წასვლის წინ, ალექსმა თავისი სახლის გასაღები შემომაძლია, რომ იქ საცხოვრებლად გადავსულიყავი.
ივანიჩი (გაოცებული): სამუდამოდ?!
პაპარაცი: სამუდამოდ არა, დროებით, მის ჩამოსვლამდე. მერე, რაღაც სხვა საცხოვრებელი ფართის გამოძებნის იმედი ჰქონდა. მე უარი ვუთხარი.
ივანიჩი: რატომ?
პაპარაცი: ჩემი სახლი საავადმყოფოა... (ხანმოკლე პაუზის შემდეგ) როდის ჩამოვა არ უთქვამს, მაგრამ ზუსტად ვიცი: ჩამოსვლისთანავე მომძებნის... და გადავცემ შენს თხოვნას.
ივანიჩი: მადლობელი ვარ!
ივანიჩი წავიდა. სანამ პაპარაცი მას ელაპარაკებოდა, შეამჩნია, რომ შორიდან ხეს ამოფარებული ვიღაც პაციენტი უთვალთვალებდათ; არაფერი შეიმჩნია და დაელოდა, თუ რას მოიმოქმედებდა სამალავში მყოფი - ის მალულად ივანიჩს გაჰყვა. ხოლო პაპარაცი ამ უკანასკნელს აედევნა კვალდაკვალ, რადგან იცნო - ბუდულაი; ავისმომასწავებლად აღგზნებული იყო. ივანიჩი თვალს მიეფარა.
პაპარაცი: გამარჯობა ბუდულაი!
ბუდულაიმ სალამზე არ უპასუხა.
პაპარაცი: მე შენ არ გაგცემ! იქნებ, რამეში დაგეხმარო კიდეც!
ბუდულაი: ვერ დამეხმარები!
პაპარაცი: ვიცი, ტელევიზორის გამო ხარ ასე.
ბუდულაი: შური მე მარტომ უნდა ვიძიო, რადგან ღმერთკაცმა მე დამნიშნა ტელევიზორის მცველად! მთავარმა ექიმმა ტელევიზორი მიიტაცა, ამიტომ ის სიკვდილს იმსახურებს! მზარეულს დიდი დანა უკვე მოვპარე!
პაპარაცი: ივანიჩს რატომ უთვალთვალებ, თუ მთავარი ექიმის მოკვლა გინდა?
ბუდულაი: მთავარი ექიმის დაჭერა ძნელია... მოადგილეს მოვუკლავ!
პაპარაცი: ცოტა დააცადე, მთავარი ექიმი დააბრუნებს ტელევიზორს!
ბუდულაი: დიდი ხანი ვაცადე... ღმერთკაცი არ გამოჩნდა, რომ თავად იძიოს შური - მე მელოდება: ჩემი ხელიდან ელოდება შურისძიებას, რადგან ტელევიზორის მცველად მე დამნიშნა! პირი შევირცხვინე... ტელევიზორი ვერ დავიცავი... ღმერთკაცი ჩემზე განაწყენებულია!
პაპარაცი: ის განა იმიტომ არ გამოჩნდა, რომ შენზე განაწყენებულია, უბრალოდ, ეხლა სტუმრად სხვა ქვეყანაში იმყოფება; მალე ჩამოვა და მთავარ ექიმს აიძულებს ტელევიზორი დააბრუნოს!
ბუდულაი: შენ საიდან იცი?
პაპარაცი: ეგ კაცი ჩემი მეგობარია!
ბუდულაი: შენი მეგობარია?!
პაპარაცი: ჰო, ჩემი მეგობარია!
ბუდულაი: მე გამიგია თქვენი მეგობრობის შესახებ, მაგრამ არ მჯეროდა... თუ ღმერთკაცი შენი მეგობარია, ესეიგი, შენც ღმერთკაცი ხარ!
პაპარაცი: არა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ღმერთი ცაში ცხოვრობს, კაცი - მიწაზე. ვინც შენ ღმერთკაცი გგონია, სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანია - ალექსი ჰქვია. მაგრამ ის იმდენად კარგი ადამიანია, რომ მასში ღმერთის ანარეკლი მოჩანს. დამიჯერე, ის მალე ჩამოვა და ტელევიზორს თავის ადგილზე დააბრუნებს! არავის მოკვლა არ არის საჭირო, რადგან, თუ მის მაგივრად ვინმე შურს იძიებს, ეს მას ეწყინება, რადგან იფიქრებს, რომ მისი იმედი დავკარგეთ!
ბუდულაიმ თავი დახარა... რაღაც ხანს დაჰყო ასე. მერე, ამოილუღლუღა:
ბუდულაი: შენი ყველას სჯერა... არ შემიძლია არ დაგიჯერო!
პაპარაცი: დანა თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ - მომეცი და ისე შევიტან სამზარეულოში, ვერავინ მიხვდება, რომ ის მოპარული იყო.
ბუდულაი პაპარაცს დანას უწვდის და ტირილს იწყებს.
ბუდულაი: იცი, იმ დღეს რა მიქნეს? საწოლზე მიმაბეს... ტრაწი მქონდა... მთელი დღე დაბმული დამტოვეს... ჩავიჯვი... მაფურთხებდნენ... ნიკო ექიმი მოვიდა, გამათავისუფლა... აბანოში წამიყვანა...
პაპარაცი: ნიკოს ჩვენ ვუყვარვართ, ოღონდ, ის ექიმი არ არის, სანიტარია.
ბუდულაი: არა, ის ექიმია!!!
სასადილოში შესულ პაპარაცს სიძე უახლოვდება.
სიძე: ძმობილო, რა ქენი, მიშოვე ბარი?
პაპარაცი: ბარიი-ი... (წაიღიღინა)
სიძე: ჰო, ბარი! მგონი, დაგავიწყდა, რომ დამპირდი, გიშოვნიო - ქალთა განყოფილებამდე გვირაბი მაქვს გასათხრელი!
პაპარაცი: არ დამვიწყებია, მაგრამ დიდი ხანი არაა გასული, რაც დამავალე - დრო მჭირდება! ბარების მეტი რა ყრია ირგვლივ, მაგრამ ყველა გრძელტარიანია, შენ დეფიციტური მოკლეტარიანი ბარი გჭირდება - ძნელად საშოვარი ნივთია!
სიძე: ტარს რა მნიშვნელობა აქვს?!
პაპარაცი: როგორ თუ არ აქვს - ვიწრო გვირაბი უნდა გათხარო; სივიწროვეში გრძელტარიანს ვერ მოიხმარ!
სიძე: ვინ გითხრა, რომ ვიწრო გვირაბის გათხრას ვაპირებ - უკანა გზაზე საცოლესთან ერთად უნდა გამოვეტიო!
პაპარაცი: კაცო, შენ გვირაბი ქალის მოსატაცებლად გჭირდება თუ მაყრიონის გასატარებლად?! გვირაბი მყარი რომ იყოს, ერთი კაცის გასატევი უნდა გაჭრა - შენ წინ გამოფოფხდი და საცოლე, უკან გამოიყოლე!
სიძე: მართალი ხარ! ოღონდ, ჯენტლმენობა მმართებს - წინ ქალს გამოვუშვებ და მე, უკან გამოვყვები; თანაც, გზაში, დუნდულზე ვუჩქმეტ...
პაპარაცს გაეცინა.
სიძე: რა გაცინებს?! (იწყინა)
პაპარაცი: იმიტომ ვიცინი, რომ მიხარია - წინ ქორწილი გველის!
სიძე: კარგი, იცინე... ოღონდ, ბარი მიშოვე!
პაპარაცი: გიშოვი - სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩემი მეგობარია; ბაზაში თუ ვერ მოიძია, ერთ ეგზემპლიარს უცხოეთიდან გამოიწერს!
სიძე ღიღინით წავიდა - „ოხ, ტურფავ, ტურფავ...” რამოდენიმე ნაბიჯში მოუბრუნდა და პაპარაცს ჰკითხა.
სიძე: რომელია სწორი: ოხ, ტურფავ, თუ - ახ, ტურფავ?
პაპარაცი: სწორია: ახ, ტურფავ!
სიძე (გზა განაგრძო): ახ, ტურფავ, ტურფავ...
მეთხუთმეტე სურათი
პაპარაცმა სიძეს ღიმილით თვალი გააყოლა და გამონაგონი თავის ფანტაზიაში განავრცო - მუყაოს ყუთი მყისიერად პაპარაც-ცენტრად გარდაისახა. პრესკომფერენცია მიმდინარეობს. პაპარაცს კითხვას უცხოელი ჟურნალისტი უსვავს:
უცხოელი ჟურნალისტი: Mიცჰაელ Lიბსონ (BBჩ)...
პაპარაცმა ჟურნალისტი შეაჩერა.
პაპარაცი: მისტერ ლიბსონ, სამწუხაროდ, მე არ ვფლობ ინგლისურ ენას. სცადეთ, ქართული ისწავლოთ; ამ ენის ცოდნა გამოგადგებათ... წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება „უცხოელად” დარჩებით!
Mიცჰაელ Lიბსონ-ი მადლოუბთ!
რაჟდენი: ოჰო, ბატონ ლიბსონს ერთი ქართული სიტყვა სცოდნია...
პაპარაცი: ერთი ქართული სიტყვის ცოდნა სერიოზული განაცხადია! კიდევ ერთიც თუ შეისწავლა, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობას გამჰოკრას ხელი.
შემდეგი ჟურნალისტი: გაზეთი - „დემა & გოგია”; კითხვა: ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ხელისუფლება უნდა მოგვევლინოს თუ საზოგადოება, რომელიც აიძულებს ხელისფლებას დემოკრატიულად მართოს ქვეყანა?
პაპარაცი: ქათამმა თქვა: მე რომ არა, კვერცხი არ იქნებოდაო! კვერცხმა უპასუხა: შენ ჩემს გარეშე ქვეყანას ვერ მოევლინებოდიო! რა ვქნათ ახლა ჩვენ - ველოდოთ, სანამ ეს ორნი ერთმანეთში მორიგდებიან?! თუ ვასწავლოთ - მათ ფრინველისა და კვერცხის ერთდროული დაბადების თეორია?! სად აქვს ქათამსა და კვერცხს იმის ტვინი, რომ მოცემულ თეორიას ჩასწვდნენ?! ამიტომ პასუხი მარტივია: ჰამლეტი!
რაჟდენი: ომლეტი... (ჩურჩულით შეუსწორა)
პაპარაცი: ჰო, ომლეტი, რა თქმა უნდა, ომლეტი! სანამ ქათამი და კვერცხი ერთმანეთში კინკლაობენ, გამოჩნდება მშიერი კაცი და - ერთისგან ძვალს დატოვებს, მეორისგან ნაჭუჭს!
სხვა ჟურნალისტი: მოგესალმებით, გაზეთი - „პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა”. აი, უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც რუსეთი საქართველოს მწარედ გადაეკიდა! ყველაფერს აქვს თავისი დასასრული - თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა?
პაპარაცი: რუსეთი დამარცხდება!
იგივე ჟურნალისტი: ანუ ფიქრობთ, რომ პატარა საქართველოს შესწევს უნარი დიდი რუსეთის დამარცხებისა?
პაპარაცი: არა, მე ეს არ მითქვამს. საქართველოს გამარჯვებას მოუტანს ის, რომ რუსეთი გოლს საკუთარ კარში თავად გაიტანს!
იგივე ჟურნალისტი: საქართველო თავის კარში გოლს არ მიიღებს?
პაპარაცი: საქართველოს სადღა აქვს კარი?!
შემდეგი ჟურნალისტი: მარლენ მჟავია (სოციალური კვლევის ინსტიტუტი) - დედაქალაქში იხსნება თქვენი სახელობის ლიტერატურული კაფე. ეს სამართლიანია, რადგან საზოგადოებრივი მოღვაწეობა თქვენ ჟურნალისტის რანგში დაიწყეთ; და ჟურნალისტობიდან ლიტერატორობამდე მანძილი ვის გაუყვია! თუმცა ურიგო არ იქნებოდა საზოგადოების წინაშე მწერლის ამპლუაშიც წარმდგარიყავით. ბოლოს და ბოლოს, თქვენი რანგის ქართველი თუნდ ერთი ლექსის ავტორი როგორ არ უნდა იყოთ!
დარბაზში ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ატყდა - პაპარაცი მწერალი არ არის?!, ლექსებს არ წერს?!, არასდროს დაუწერია?! პაპარაცმა უხერხულად იგრძნო თავი...
პაპარაცი: მეგობრებო, რაც შეეხება ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობას - ორ სრიქონიანი ლექსი შემითხზავს საბავშვო ბაღში, ჯგუფელ გოგონას მივუძღვენი!
მქუხარე ტაში.
პაპარაცი (სიტყვის გაგრძელება): მაგრამ რაც შეეხება - ლიტერატურულ კაფეს გახსნას, ამ მხრივ უნდა გული დაგწყვიტოთ! საკითხი არავინ შემითანხმა, არ ვიცი, ვინ დგას ამ ბურუსით მოცული „ობიექტის” მიღმა. კაფე, თუნდ ლიტერატურული იყოს, სულ მალე ის ტრადიციულ სახინკლედ გადაიქცევა - ლოთობა, ჩხუბი... ეს მე არ მინდა!
მქუხარე ტაში
პაპარაცი (სიტყვის გაგრძელება): თუ ჩემი სახელობის „კვების ობიექტის” გახსნა სურთ, სპირტიანი სასმელი უნდა ამოიღონ მოხმარებიდან! გარდა ამისა, მენიუდან ამოშალონ - ხინკალი, ქაბაბი, ხაჭაპური და ყველა ის „მაცდური კერძი”, რომელიც ადამიანს ალკოჰოლის მიღების ჟინს აღუძრავს!
დარბაზში მჯდომი ვიღაც მსუქანი მამაკაცი: რაღა დარჩა?!
პაპარაცი: რა დარჩა და - ლიმონათი, გაზიანი წყალი! დიახ, ნებას ვაძლევ გახსნან ჩემი სახელობის გაზიანი წყლის სარეალიზაციო პუნქტი და არავითარი - კაფე! მორჩა და გათავდა! პრესკონფერენციას დასრულებულად ვაცხადებ!
მქუხარე ტაში. პაპარაცს მიუახლოვდა სოფლის მეურნეობის მინისტი.
მინისტრი: ბატონო პაპარაცი, მე სოფლის მეურნეობის მინისტრი ვარ, გახსოვართ ალბათ... თუ შეიძლება, ავტოგრაფი მომეცით!
პაპარაცი: სიამოვნებით... ბატონო მინისტრო, მეც მაქვს თქვენთან პატარა საქმე: სიძე და მისი წითელლოყება სატრფო უერთმანეთოდ ბერდებიან... ბედნიერებისათვის სულ რაღაც მოკლე ტარიანი ბარი სჭირდებათ, რომ საუკუნოდ გაერთიანდნენ!
მინისტრი: ჩემი თავი მათ შემოევლოთ! ბარი ბაზაში თუ ვერ მოვიძიე, ერთ ეგზემპლიარს უცხოეთიდან გამოვწერ! და ტარზე, მოოქროვილი ასოებით მისალოც სიტყვასაც მივუწერ!
მინისტრის შემდეგ, პაპარაცთან მიდის ცნობილი ტელეწამყვანი - ინკა გ. (35 წლის). .
ინკა გ: პაპარაცი, საყვარელო, შენზე სიუჟეტს ვამზადებ; გთხოვ, ჩემს საავტორო გადაცემაში მეწვიე!
პაპარაცი: სიამოვნებით, ძვირფასო ინკა, მოვალ!
პორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
ისევ წარმოსახვითი სამყარო. თავის საავტორო გადაცემაში ინკას სტუმრად პაპარაცი ჰყავს.
ინკა გ: პაპარაცი, პოპულარობის ზენიტში ხარ! არადა, ცოტა ხნის წინ შენი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით. როგორ მოახერხე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვარსკვლავად ქცევა? პაპარაცი: არ მიცნობდით, რადგან უცხოეთში ვმოღვაწეობდი - პარიზი, ვენა, ლონდონი... ინკა გ: როგორ მოღვაწეობდი უცხოეთში, როცა არცერთი უცხო ენა არ იცი - ტყუილში გამოგიჭირე!
პაპარაცი: თარჯიმანის მეშვეობით ვაგვარებდი საქმეს...
ინკა გ: თარჯიმნის მეშვეობით? (ჩაიცინებს) მე რესპოდენტთან მუშაობის განსხვავებული მეთოდი მაქვს - მატყუარას ჯვარედინ დაკითხვას ვუწყობ!
ინკა სტუდიაში დეკორაციას აცვლევინებს - შემოაქვთ ოთხი მაგიდა. ზედ დამაგრებული მძლავრი ნათურები შუაში მოქცეულ, ხმელ სკამზე გადამჯდარ პაპარაცისკენ მიმართეს. ინკა ოთხად იყოფა, მაგიდებთან ადგილს იკავებს და პაპარაცის ჯვარედინ დაკითხვას იწყებს:
ინკა გ. № 1 სად დაიბადე?!
პაპარაცი: ქ. თბილისში!
ინკა გ. № 3 მამაშენი ესწრებოდა შენს დაბადებას?!
პაპარაცი: მამაჩემი? არ მახსოვს... დედაჩემი უეჭველად იქ იყო!
ინკა გ. № 4 ოდესმე გახდები პოლიტიკოსი?!
პაპარაცი: არასოდეს!
ინკა გ. № 2 გიყვარს კამათი?!
პაპარაცი: კამათი არ მიყვარს!
ინკა გ: № 3 რატომ არ გიყვარს, მასში ხომ ჭეშმარიტება იბადება?!
პაპარაცი: კამათში ჭეშმარიტება არ იბადება! კამათში იბადება სიძულვილი, შუღლი!
ინკა გ. № 1 გაგაჩნია თუ არა საიდუმლო?!
პაპარაცი: ჩემი საიდუმლო ჩემი ცხოვრებაა!
ინკა გ. № 4 გტკივა რაიმე?!
პაპარაცი: ენა მტკივა!
ინკა გ. № 2 ენა რატომ გტკივა?!
პაპარაცი: ერთ ადამიანზე ცუდი ვილაპარაკე და იმიტომ!
ინკა გ. № 1 ოდესმე გახდები პოლიტიკოსი?!
პაპარაცი: არასოდეს! ამ კითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი...
ინკა (ოთხივე ერთხმად): თუ საჭირო იქნა, ამ კითხვას კიდევ ბევრჯერ დაგისვამთ!!!
ინკა გ. № 3 რა შეგიძლია უთხრა საზოგადოებას?!
პაპარაცი: დამნაშავე ვარ!
ინკა გ. № 2 რა სახის დანაშაული მიგიძღვის?!
პაპარაცი: ადამიანი მოვკალი! (მუხლებში თავი ჩარგო და როცა გაიმართა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე)
ინკა გ: № 4 რა ვითარებაში მოკალი?!
პაპარაცი: მან ჩემი გულქვაობისა და ამპარტავნების გამო თავი მოიკლა!
ინკა გ. № 1 სიცოცხლე გიყვარს?
პაპარაცი: სიცოცხლისგან დავიღალე...
ინკა გ. № 3 გსურს უკეთესი ცხოვრება გქონდეს?
პაპარაცი: უკეთეს ცხოვრებას არ ვიმსახურებ!
ინკა გ. № 4 ვინ გინდა იყო?
პაპარაცი: მინდა ვიყო ბავშვი!
ინკა გ. № 1 ასაკის მატებასთან ერთად რა ემართება ბავშვს?!
პაპარაცი: სიბრძნეს ფლანგავს...
ინკა გ. № 2 ოდესმე გახდები პოლიტიკოსი?!
პაპარაცი: ამ კითხვას... მაპატიეთ... პოლიტიკოსი არასდროს გავხდები!
ინკა გ. № 4 რა არის შენი საბოლოო სიტყვა?!
პაპარაცი: გამოვსწორდები!
გაოთხებული ინკა ისევ ერთ პიროვნებად იკვრება და სტუდიას თავდაპირველ იერს უბრუნებს - პაპარაცი ხმელი სკამიდან ისევ კომფორტულ, გორგოლაჭებიან სავარძელზე გადასვეს.
ინკა გ: ვფიქრობ, საჭიროა იცოდე, რომ კითხვა პოლიტიკაში შენს ჩაბმასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით დაგისვი - ერთგული ხალხის შემოკრება სურს!
პაპარაცი: წყალწაღებული ხავსს ეჭიდება...
პორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
მეთექვსმეტე სურათი
მიცვალებულთან, რომელსაც ზეწარი აქვს გადაფარებული, სანიტარი ნიკო დგას.
პაპარაცი: ნიკო, ვინ გარდაიცვალა?!
სანიტარი ნიკო: ჩუსტიკა... წუხელ, პირიდან სისხლის ღებინება დაეწყო და რამდენიმე წუთში მოკვდა კიდეც. როგორც ჩანს, კუჭის წყლული გაუსკდა.
პაპარაცი მიუახლოვდა საკაცეზე დასვენებულ გვამს და სახეზე ზეწარი გადახსნა.
პაპარაცი: ასეთი მშვიდი სახე ჩუსტიკას სიცოცხლეში არ ჰქონდა... (შუბლზე მოეფერა) ნიკო, არ შეგიმჩნევია, რომ ზოგიერთ ადამიანს სიკვდილი უხდება?
სანიტარი ნიკო: ჰო, ამაზე მეც მიფიქრია... ჩუსტიკას შემთხვევაში ეს ასეა. უკანასკნელ წუთამდე, სანამ გონებას დაკარგავდა, შენს ნაჩუქარ ჩუსტებს გულში იხუტებდა და თან ისეთნაირად, რომ ამოღებული სისხლით არ დაესვარა. გარდაცვლილს ჩუსტებს რომ ვაცმევდი, გავოცდი - მართლაც მოახერხა ჩუსტების დაცვა, აი, შეხედე...
ზეწარი ბოლომდე გადახსნა, რომ ჩუსტები გამოეჩინა.
სანიტატი ნიკო (გაოგნებული): ეე, ვიღაცამ ჩუსტები გახადა!
პაპარაცი: ვინ?!
სანიტარი ნიკო: არ ვიცი, მაგრამ დავადგენ, ვინაა ის ნაბიჭვარი, ვინც მიცვალებულს ჩუსტები მოპარა! ბიჭო, საკუთარი ხელით ჩავაცვი...
მეჩვიდმეტე სურათი
რეალური სამყარო. მუყაოს ყუთთან მდგომ პაპარაცს პაციენტი სიძე მიუახლოვდა.
პაპარაცი: სოფლის მეურნეობის მინისტრს გადავეცი შენი თხოვნა - მოკლეტარიანი ბარი გიშოვოს!
სიძე: ბარი აღარ მჭირდება! დავიწუნე წითელლოყება ქალი... სხვა საქმეზე მოვედი!
სიძე მუყაოს ყუთს საჩვენებელ თითს აბჯენს.
სიძე: ეს რა არის?
პაპარაცი: შენი აზრით რა უნდა იყოს?
სიძე: ამბობენ, ტელევიზიააო...
პაპარაცი: მართალი უთქვამთ, სხვა დანარჩენთან ერთად, ტელევიზიაც არის!
დოინჯშემოყრილი სიძე ყუთს გარშემო შემოუვლის.
სიძე: ძმობილო, პირდაპირ გკითხავ: შიგნით სექსი არის?
პაპარაცი არპასუხობს.
სიძე: ძმობილო, ნუთუ დაყრუვდი?! ჩემი სიტყვები არ გესმის, არადა, მკაფიო ქართულით გელაპარაკები - იქ სექსი არ არის?!
პაპარაცი: ძმობილო, და ძმობილზე უსაყვარლესო, მართალია ქართულად მელაპარაკები, მაგრამ საუბარში უცხოურ სიტყვებს ხმარობ და ამიტომ, ცოტა არ იყოს, აზრის გამოტანა მიჭირს!
სიძე: რომელია აქ უცხოური სიტყვა - სექსი?
პაპარაცი: სწორედ ეგ!
სიძე: ძმობილო, რას ბრძანებ - „სექსი” თუ უცხოა ქართველებისთვის, როგორ გავმრავლდით ამდენი?!
პაპარაცი: რასაც შენ „სექსს” უწოდებ, ის უცხოელებმა სულ ახლახანს ჩანერგეს ჩვენს ცნობიერებაში! გამრავლებაო, რომ გაიძახი, გაიხსენე: წინათ საიდან მოვდიოდით ბავშვები - ზოგი წეროს მოვყავდით და ზოგიც, კომბოსტოში გვიპოვეს!
სიძე ჩაფიქრდა...
სიძე: მართალი ხარ - ჩვენს ბავშვობაში სექსი არ იყო! სექსი ამერიკელებმა მოგვახვიეს თავს!
პაპარაცი: ევროპელებმაც!
სიძე: ჰო, ევროპელებმაც... (თვალები გაუბრწყინდა) ძმობილო, შენ კომბოსტოში გიპოვეს, თუ წერომ მოგიყვანა?
პაპარაცი: სიმართლე გითხრა, არ მახსოვს...
სიძე: არც მე მახსოვს, მაგრამ ვგრძნობ, წეროს მოყვანილი ვარ - ფრენა მინდება ხოლმე...
სიძე მიდის, მაგრამ მალევე უკან ბრუნდება, მუყაოს ყუთს თითს დააბჯენს.
სიძე: ბევრ რამეში ამერიკელებს და ევროპელებს უნდა მივბაძოთ! მე გეუბნები შენ: ამას სექსი სჭირდება!
სიძე მიდის.
მეთვრამეტე სურათი
მუყაოს ყუთში შემძვრალ პაპარაცისთვის იქაურობა წამში პაპარაც-ცენტრად გადაიქცა - კაბინეტშია, ტელევიზორს უყურებს; რომელიღაც ტელეარხის ჟურნალისტს სტუდიაში კრიტიკოსი ჰყავს მიწვეული; თემა პაპარაცის კრიტიკას ეხება.
წამყვანი: ანუ, პაპარაცი უკან, ბნელ წარსულში გვაბრუნებს?
კრიტიკოსი: „სილამაზე იხსნისო მსოფლიოს...” - მე-19 საუკუნეში ასე მიაჩნდათ, მაგრამ იმ თაობამ XX საუკუნეში ისე გადმოაბიჯა, რომ ხსნას ვერ ეღირსა! მხოლოდ მათმა შვილებმა გააცნობიერეს, რომ სილამაზე პირობითი მცნებაა და მისი შესატყვისი მართებული სიტყვა ეროტიკაა - ეროტიულობა! თუმცაღა, არც ამ უკანასკნელმა მოიტანა ხსნა! ეროტიკა სრულყოფილების მხოლოდ წინა საფეხურია. ხოლო ფინალი, არც მეტი, არც ნაკლები სექსია(!), რასაც ხსნა მოაქვს - აქტიური, აღვირახსნილი სექსი!
გადაცემის წამყვანი: რევოლუციური მოსაზრებაა...
კრიტიკოსი: პაპარაცის იდეოლოგია დღეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მოსათაფლადაც აღარ გამოდგება! ჩავიხედოთ თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში, რითი ცხოვრობს, რითი ერთობა? ამისთვის საკმარისია მათი სათამაშოების სამყაროს გავეცნოთ: სისხლისმღვრელი მანქანები - ტრანსფორმერი, ტერმინატორი, ჰალკი... - ეს ბიჭუნების გემოვნებაა. გოგონების წარმოსახვითი სამყარო კიდევ უფრო მწირია, რადგან სექსუალურმა ბარბმა მონოპოლია მოიპოვა! ის აღარაა წარსულის მიამიტი თოჯინა - ბარბი ჩამოყალიბებულ სექს-არსებად იქცა, ვინც ქალწულება დროს გაატანა!
წამყვანი: მართლაც, ბავშვების წარმოსახვაში უმწიკვლო ფიფქიას პერსონაჟი ამოიშალა, დღეს მათ ცნობიერებაში აქტუალური - სექსუალური ბარბია!
კრიტიკოსი: თანამედროვე ცხოვრება უპირობოდ უნდა იყოს გაჟღენთილი სექსით, ისტერიით! მეტს ვიტყვი, თანამედროვე ცხოვრება გარკვეულ წილად უნდა ყარდეს კიდეც! წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრება აღმოჩნდება პრიმიტიულ-ილუზიური!
განრისხებული პაპარაცი ტელევიზორს გამორთავს, კაბინეტში ბოლთის ცემას იწყებს. უცებ, ერთ ადგილას ჩერდება და საკუთარ ჩრდილს, რომელიც კედელზე ილანდებოდა, პირქუში სახით მიაძახებს:
პაპარაცი: ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზაციამ უკუათვლა დაიწყო!
ბოლთისცემას და ყვირილს განაგრძობს.
პაპარაცი: ნუთუ, ყველა ერთიანად გადაირია?! ან იქნებ, მართალნი არიან - მე დროს ჩამოვრჩი... რითი შეიძლება საზოგადოებას მოვაწონო თავი - ჩემს საავტორო ტელეგადაცემაში ვინმე გავაუპატიურო, მოვკლა?! ასეთი კადრის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კაცი გავხდები! მაგრამ...
პაუზა, ერთ ალაგას შედგა; ისევ საკუთარ ჩრდილს გაუბა ყვირილი.
პაპარაცი: ყოველივე ამის გარეშეც შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემში არნახული სისასტიკეა ჩაბუდებული! დამფრთხალი ადამიანი რაში მჭირდება... ადამიანის პროტოტიპს დავბდღვნი - თოჯინა ბარბს! რატომ თოჯინა ბარბს?! თუ ეს ვინმეს აინტერესებს, კრიტიკოსს ჰკითხოს! ჰა... ჰა... ჰა... (ფანტომასივით ჩაიცინებს)
მეცხრამეტე სურათი
რეალური სამყარო. ყუთიდან გამოძვრა და პირველივე შემხვედრ პაციენტს დაუღრიალა.
პაპარაცი: თოჯინა ბარბის საყიდლად მივემართები!
პაციენტი: გიჟი ხარ, ოხერი...
მეოცე სურათი
სასადილოში დაბრუნებული პაპარაცი მუყაოს ყუთში შეძვრა, რომელიც იმავწამს პაპარაც-ცენტრად გარდაისახა, კერძოდ - პაპარაც-სტუდიად. რაღა თქმა უნდა, შავ კოსტუმშია გამოწყობილი - ტელეკამერების წინ ბარბს გაშიშვლება უწყო, რაც ტანსაცმლის შემოხევაში გადაიზარდა; თან ამოწმებს თუ რამდენად ადვილად მოაწყვეტს ფეხს, ხელს, თავს... მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი რამ ხდება - პაპარაცის შარვალს ერთი ადგილი გამოებურცა... სასწრაფოდ შეწყვითა პროცესი. ეთერში რეკლამა ჩართო. მაგრამ რეკლამის ამოწურვის შემდეგ, როცა ბარბის წამების პროცესი განაგრძო, იგივე მოხდა. კიდევ ერთხელ გაუშვა რეკლამა და კიდევ ერთხელ განმეორდა „არასასიამოვნო ფაქტი”. პაპარაცმა ტელეგადაცემა შეწყვიტა. ყუთიდან რეალურ სამყაროში გამოძვრა და ბარბი სასადილო დარბაზის ყველაზე შორეულ კუთხეში მოისროლა, თვითონ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, რომელიც ქუჩაზე გადის და მოძრავ ავტომობილებს დაუწყო თვალიერება (ავტომობილების ხმა ისმის). აფორიაქებულია, წვალობს, ვერა და ვერ წყნარდება... მიდის, იღებს ბარბს და ფანჯრიდან ქუჩაში ისვრის - ისმის ავტომობილის უმწვავესი მუხრუჭის და დაჯახების ხმა!
პაპარაცი: ბარბი მოკვდა!
ოცდამეერთე სურათი
რეალური სცენა. საავადმყოფოს ეზოში პაპარაცი თავის ურიკაში ჩაწოლილა და ნებივრობს. უახლოვდება ივანიჩი. პაპარაცი წამოიმართება და მას ფურცელს უწვდის.
პაპარაცი: ალექსი ჩამოვიდა! აი, მისი ტელეფონის ნომერი - შეგხვდება!
ალექსისა და ივანიჩის შეხვედრა. ისინი მერხზე პირისპირ სხედან
ივანიჩი: ბატონო ალექს, მადლობა, რომ შეხვედრის პატივი დამდეთ! მე ახლა ისეთ დეპრესიულ მდგომარეობაში ვარ, მცირეოდენი მხნეობა რომ მქონდეს, ცხოვრებას თვითმკვლელობით დავასრულებდი!
ივანიჩი: დამცავი კარადა, რომელშიც ტელევიზორი უნდა ჩაიდგას, უკვე მზად არის. საავადმყოფოში გადატანაა საჭირო; ღირებულების თანხაც კი გადახდილია. მაგრამ ის თქვენ უნდა შემოიტანოთ საავადმყოფოში.
ალექსი: მე რატომ უნდა შემოვიტანო?! ფული ვინ გადაიხადა?!
ივანიჩი: ფული მე გადავიხადე, მაგრამ საავადმყოფომ, ანუ მთავარმა ექიმმა, არ უნდა შეიტყოს ამის შესახებ!
ალექსი: ვერ გავიგე... დავიჯერო, თქვენ ორნი სხვადასხვა გუნდის მოთამაშეები ხართ?!
ივანიჩი: მე მოთამაშე არ ვარ...
ალექსი: შენ მონაწილე ხარ იმ სიბინძურის, რომელიც საავადმყოფოში ხდება!
ივანიჩი: ეს ასეა...
ალექსი ზიზღით შესცქერის ივანიჩს, მაგრამ ცრემლი, რომელიც ამ კაცს თვალზე ადგება, გაურკვევლობაში აგდებს.
ივანიჩი: მე ლაჩარი ვარ, კაცი, რომელიც ცოლსა და სიდედრს ფეხსაცმელს ვუწმენდ! სოფლელი ქალაქს დავხარბდი - ჩასიძების მიზნით ასაკით ჩემზე უფროსი შევირთე ცოლად; არ მყვარებია... ჯერ დედამისის ლაქიად ვიქეცი, შემდეგ, მისი! როგორც თავიდან მიმიღეს მეორეხარისხოვან ადამიანად, ბოლომდე ასეთად დავრჩი. არადა, ოჯახში ფულის შემტანი მხოლოდ მე ვარ.
ივანიჩს თხრობას ბავშვების ყიჟინი აწყვეტინებს; დაჭირობანას თამაშობენ.
ივანიჩი: შვილი არ გამიჩინა, ერთი მოჰყვა პირველი ქმრისგან, გოგო - პატარას ვუყვარდი, მაგრამ მერე იმანაც... (პაუზა) ლაზღანდარობით ვიცავ თავს; სამსახურშიც ხომ მნახეთ, უფროსის ლაქია ვარ. მეგობარი ვერ შემიძენია იმის შიშით, რომ მის წინაშე ჩემი სათაკილო მდგომარეობა გამომზეურდება. რა ვქნა, სად წავიდე, ჩემნაირები ცხოვრებას ვეღარ იწყებენ თავიდან. ახლა სამსახურიც თუ დავკარგე, არ ვიცი რა მეშველება. სიცოცხლე მტანჯავს, მაგრამ მასზე უარის სათქმელად არ მყოფნის მხნეობა!
დუმილი ჩამოწვა.
ალექსი: მხნეობა ყველა ადამიანს აქვს, შეეცადე გაქექო შენი სული და მას გადააწყდები. ოღონდ, ის სუიციდის განსახორციელებლად კი არ უნდა გამოიყენო, საკუთარი პიროვნების მოწესრიგებას უნდა მოახმარო! შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, დათმობაზე წავალ...
ალექსმა მას მხარზე ხელი ჩამოადო და პირველად მიმართა სახელით.
ალექსი: ივანიჩ, წამო ახლა მე და შენ ერთი მაგრად დავთვრეთ!
ივანიჩი: მადლობა! ნება მომეცით, მე დაგპატიჟოთ!
ალექსი: არა, მე დაგასწარი!
ოცდამეორე სურათი
პაციენტებს ზარ-ზეიმი აქვთ - ტელევიზორს ელოდებიან. იქვე მყოფ მედპერსონალის შორის სახეგაბრწყინებული ივანიჩი აქტიურობს. პაციენტბის დახმარებით ალექსს შეაქვს ტელევიზორის დამცავი კარადა. ივანიჩი ალექსს თავდაკვრით ესალმება, ოღონდ ამას, სხვებისგან მალულად აკეთებს. კარადას ადგილი მიუჩინეს და ხელოსანი, მის იატაკზე დაკვრას იწყებს.
ვიღაც პაციენტი: ეე, შიგ ტელევიზორი არ დევს!
ივანიჩი: ჯერ კარადას მივუჩენთ ადგილს და ტელევიზორს შიგ მერე ჩავდგამთ!
ალექსი დარბაზის კუთხეში ბუდულაის ამჩნევს. მიუახლოვდა.
ალექსი: გამარჯობა! ალბათ, მიცანი...
ბუდულაი: მე შენ გიცნობ - ღმერთკაცი ხარ! ტელევიზორის დაცვა დამავალე! მაგრამ მე ვერ დავიცავი...
ალექსი: მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ! ეგენი მეც წამართმევდნენ ტელევიზორს! (ხელმკლავით კარადასთან მიიყვანა) შენი ნებართვით, „ტელევიზორის მცველად” დღეიდან ეს კარადა დავნიშნოთ!
ვიღაც პაციენტი: ბუდულაი კარადის მცველი იყოს!
სიცილი გაისმა, მაგრამ ბუდულაის სახეზე დაეტყო, რომ ის „კარადის მცველობას” არ ითაკილებდა, პირიქით, თუ დაავალებდნენ, სიხარულით დათანხმდებოდა და, სანამ ალექსი ამ მოსაზრებას მკაფიოდ მიემხრობოდა, ივანიჩს გახედა - ამით საავადმყოფოს განაწესი ხომ არ დაირღვევაო.
ივანიჩი: რატომაც არა, იყოს ბუდულაი კარადის მცველი!
ბუდულაიმ კმაყოფილი სახით კარადას გარშემო შემოუარა... ამასობაში ხელოსანი საქმეს მორჩა, წამოდგა და თავისი ნახელავის შესაქებად, იქვე მდგომ პაციენტს უთხრა:
ხელოსანი: აბა მიდი, თუ მაგარი ხარ წააქციე!
პაციენტი: რატომ უნდა წავაქციო?! (განზე გადგა)
ხელოსანი: ისე, გითხარი...
ვიღაც პაციენტი: ტელევიზორი სადაა?!
მეორე პაციენტი: როდის მოიტანენ?!
მესამე პაციენტი: „ბოივიკი” ჩავრთოთ!
მეოთხე პაციენტი: სიყვარულზე ჯობია!
მეხუთე პაციენტი (სიძე): სექსაც აჩვენებს?
ტელევიზორი დარბაზში სანიტრებმა შეიტანეს, მაგრამ პაციენტებმა ტელევიზორთან სათანადო სიხარულით შეგებება ვერ შეძლეს, რადგან მას წინ საავადმყოფოს მთავარი ექიმი შეუძღვა, პიროვნება, რომლის მიმართ ისინი შიშსა და სიძულვილს განიცდიდნენ; სახე მოეღრიცათ. თანაც, ექიმი უგუნებოდ იყო, თვალებს ხვლიკივით აცეცებდა. ალექსს, როგორც სრულიად უცხოს, ან უფრო, არარაობას, ისე ჩაუარა წინ და იქვე, მისგან ზურგშექვევით დადგა; ალექსი აენთო... „ფრთხილად, ფრთხილად”... - ტელევიზორის კარადაში შედგმისა და ჩართვის პროცესს ხელოსანი ხელმძღვანელობდა. ალექსმა მხარზე გადაკიდული ჩანთიდან მცირე ზომის ვიდეოკამერა ამოაცურა, რომელიც იმ დღეს ფოტოკამერის ნაცვლად გამოიყოლა; კარადაში შედგმულ ტელევიზორს იმ კუთხიდან შემოუარა, რომ მის ფონზე მთავარი ექიმის სილუეტი (ანუ მისი ქცევა) დაეფიქსირებინა და გადაღება დაიწყო. მთავარმა ექიმმა, როგორც კი ეს შენიშნა, გვერდში მდგომ ექიმს რაღაც ჩასჩურჩულა, ხოლო ის ალექსს მიუახლოვდა.
ექიმი: ბატონო, თუ შეიძლება გადაღება შეწყვიტეთ; მსგავს ქმედებას ნებართვის მიღება სჭირდება!
ალექსმა კამერის გამორთვის ინსცენირება გაითამაშა, ძირს დაუშვა და გადაღება მალულად განაგრძო. მთავარმა ექიმმა ალექსს პირველად შეავლო თვალი და ირონიულად ჩაიღიმა. ალექსს ძარღვებში სისხლი აუდუღდა, მაგრამ ეს დუღილი ივანიჩის საბრალო გამოხედვამ როგორღაც გაანელა; ამ უკანასკნელს მათი ურთიერმტრული განწყობის არც ერთი ნიუანსი არ გამოჰპარვია.
ხელოსანი: მზადაა!
ტელევიზორის ჩამრთველ ღილაკს თითი დააჭირა, მაგრამ ტელევიზორი არ ჩაირთო... განმეორებით დააწვა, მესამედ, მეოთხედ, მაგრამ ამაოდ, ცდამ შედეგი არ გამოიღო.
ხელოსანი: ნუთუ, ძაბვა არ მოდის... (გადაამოწმა) მოდის! მგონი, ტელევიზორი არ მუშაობს... ჰო, დაზიანებულია!
სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.
მთავარი ექიმი (დამცინავად): ესეც თქვენი ტელევიზორი...
ალექსი მთავარ ექიმზე გაიწევს.
ალექსი: რა უქენი ტელევიზორს?!
მთავარი ექიმი (ხელოვნური სიმშვიდით): მე მომმართავთ?
ალექსი: შენ, აბა ვის?!
მთავარი ექიმი: თქვენ ხმას უწევთ, ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის! ასევე უნდა მიგითითოთ, რომ როცა თქვენობით მოგმართავენ, ვალდებული ხართ თქვენც იმავე ფორმით უპასუხოთ!
ალექსმა ქმედებაზე კონტროლი დაკარგა; მთავარ ექიმს ყელში უნდა სწვდომოდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმისთანავე წინ ივანიჩი გადაუდგა, მისმა სიტყვამ შებორკა და იმავდროს, გონს მოიყვანა, რომელიც ამ უკანასკნელს მთელი დარბაზის გასაგონად აღმოხდა:
ივანიჩი: მე ავამუშავებ ტელევიზორს! რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ავამუშავბ! ხვალ დილით მოვიყვან ხელოსანს!
პაციენტი: ჯიგარი ხარ ივანიჩ!
დანარჩენი პაციენტებიც აყვნენ - ჯიგარი ხარ, ჯიგარი!
მთავარი ექიმი (გაკვირვებული და თან, გამოკვეთილი ირონიით): ხვალ დილით?
ივანიჩი თავდაპირველად შედრკა, მაგრამ მერე მხნეობა მოიკრიბა.
ივანიჩი: დიახ, ხვალ დილით!
მთავარი ექიმი: მაშ, დილით, არა?!
თანხმობის ნიშნად ივანიჩმა თავი დააქნია. მთავარი ექიმის სახეზე აღბეჭდილი ირონია თანდათან მრისხანებაში გადაიზარდა; დაიღრიალა.
მთავარი ექიმი: ხვალ საავადმყოფოს კარი გარეშე პირთათვის, მათ შორის შენი ხელოსნისთვის, დახურულია, რადგან უცხოეთიდან დელეგაციას ველით და მთელი დღე მოსამზადებლად გვჭირდება!
ივანიჩი: კარგით, ზეგ იყოს!
მთავარი ექიმი: ზეგ დელეგაციას ვმასპინძლობთ, სულელო!
მთავარმა ექიმმა იგრძნო, რომ ივანიჩს ვეღარ გასტეხდა, თანაც შეამჩნია, ალექსი კამერით გადაღებას აგრძელებდა და გაცეცხლებულმა იქაურობა დატოვა.
ივანიჩი: მე ავამუშავებ ტელევიზორს! რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ავამუშავებ! ეს მე ყველაზე მეტად მჭირდება!
ჰორიზონტზე მზე ჩადის და მზე ამოდის...
ოცდამესამე სურათი
მთავარი ექიმის კაბინეტი. თათბირზე მთავარმა ექიმმა მითითებების გაცემა დაასრულა. შიდა ტელეფონი რეკავს.
მთავარი ექიმი: ჰო, რა ხდება? (გამომეტყველება ერთბაშად ეცვლება) - რაა?! პაციენტები აჯანყდნენ?!
პაუზა.
მთავარი ექიმი: რას ამბობ, დანებით შეიარაღებულებმა ბარიკადი აღმართეს?! მზარეული ცოცხალია თუ მკვდარი, არ იცი?!
დაბნეულობისგან ყურმილი ძირს ჩამოუცურდა და რამდენიმე წამს გახევებულმა დაჰყო.
მთავარი ექიმი: ჰო, მოვდივარ...
ოცდამეოთხე სურათი
სასადილო. ვითარება სასადილო დარბაზში არ აღმოჩნდა უკიდურესად კრიტიკული - „ბარიკადი” წარმოადგენდა ხუთიოდე წაქცეულ, ერთმანეთის გასწვრივ ჩალაგებულ მაგიდას, რომლის მიღმაც მდგომ პაციენტებს ცოცხალი ჯაჭვი შეეკრათ; რაც შეეხება მათ საბრძოლო აღჭურვილობას, დანა მრთლაც ეჭირა ერთ პაციენტს - ბუდულაის, და კიდევ რამდენიმეს, ხელკეტმოღერებულ სანიტართაგან თავდასაცავად, დამტვრეული სკამის ფრაგმენტები ეპყრათ ხელთ. ყველანი იქ იდგნენ, ვისაც კი „მუყაოს ყუთთან” მცირეოდენი შეხება ჰქონია - მხატვარი გაიოზი, მეცნიერა, იასონი, სიძე, კომანდო და სხვები. ამბოხთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა გარემოებამ არ გაამართლა მთავარი ექიმის მოლოდინი: „ბარიკადში” ვიღაც სანიტარი ისე თავისუფლად გადაადგილდებოდა, თითქოს ერთ-ერთი პაციენტთაგანი იყო.
მთავარი ექიმი: ვინაა ის სანატარი, იქ როგორ შეაღწია?!
ექიმი (იქვე მდგომი): ეგ ახალი სანიტარია - ნიკო; მაგას პაციენტები თავისიანად თვლიან...
მთავარი ექიმი: ჩვენ ვისიანად გვთვლიან?!
ექიმმა პასუხად მხრები აიჩეჩა. მთავარი ექიმი მიუახლოვდა „ბარიკადს” და ნიკო გამოიხმო; ხმაურში ძლივს გააგონა; თანაც, მის დანახვაზე ნიკომ აშკარად წაუყრუა.
მთავარი ექიმი: რა ხდება?!
სანიტარი ნიკო: „მუყაოს ყუთს” არ თმობენ პაციენტები!
მთავარი ექიმი: რას ჰქვია არ თმობენ, მაგათ ვინ ჰკითხავთ?! მაგ „ქაღალდის გროვის” გარდა აქედან კიდევ ბევრი რამაა გასატანი და გადასაყრელი!
სანიტარი ნიკო: „ყუთის” გადაგდება არ შეიძლება!
მთავარი ექიმი: ვითომდა რატომ, რას მალავენ შიგნით?!
სანიტარი ნიკო: რა უნდა დამალონ?!
მთავარი ექიმი: რა ვიცი, ალბათ რაღაცას მალავენ!
სანიტარი ნიკო: „სიხარულს” მალავენ, რომელიც შენ გინდა წაართვა!
მთავარი ექიმი: წესიერად მელაპარაკე, მე ექიმი ვარ!
სანიტარი ნიკო: მე ვიცი, შენ ვინც ხარ...
მთავარი ექიმი: მარტო ცნობა არაა საკმარისი, ჩემს მითითებებს დაემორჩილე!
სანიტარი ნიკო: მომწყდი თავიდან!
მთავარი ექიმი: ამას როგორ მიბედავ?!
ნიკომ ხელი ჩაიქნია და ბარიკადში დაბრუნება სცადა; მთავარი ექიმი წინ გადაუდგა.
მთავარი ექიმი: მზარეული რა მდგომარეობაშია?!
სანიტარი ნიკო: თავს მშვენივრად გრძნობს, სამზარეულოში შეიკეტა - არ შემაწუხოთო!
მთავარი ექიმი: აბუჩად მიგდებ?!
სანიტარი ნიკო: სიამოვნებით ცხვირპირსაც ამოგინაყავდი, იმიტომ, რომ ქურდი ხარ - მიცვალებულ პაციენტს ჩუსტები გახადე! ვერ უარყოფ, მე გამოვიკვლიე ეს და მოწმეც მყავს!
მთავარი ექიმი დაიბნა, თუმცა ყვირილი განაგრძო.
მთავარი ექიმი: როგორ მიბედავ?! დღეიდან შენი ფეხი აღარ იქნება საავადმყოფოში!
სანიტარი ნიკო: ქურდი ხარ!
მთავარი ექიმი: მე შენ გიჩივლებ!
სანიტარი ნიკო: წადი შენი დედაც...
ნიკომ სანიტრის ხალათი გაიხადა და სახეში მიახალა მთავარ ექიმს. გასასვლელისკენ გაემართა. წინ აქოშინებული ივანიჩი შეეჩეხა.
ივანიჩი: ნიკო, პაპარაცი სადაა, ვერ მიპოვია?!
სანიტარი ნიკო: საავადმყოფოში არაა. სამუშაოდ იქნება გასული.
ივანიჩი: დღეს პაციენტები საავადმყოფოდან გარეთ არ გაგვიშვია!
სანიტარი ნიკო: პაპარაცი პაციენტია?!
ივანიჩი: არა, ის პაციენტი არ არის...
სანიტარი ნიკო: ვახტიორ გოგიას ჰკითხე, ეცოდინება მისი ამბავი.
ივანიჩი ძუნძულით გაემართა ალაყაფის კარისკენ. ამინდი წუთიერად უარესდებოდა, ჭექა-ქუხილი გაისმა; ერთი ისეთი დაიგრუხუნა, აფეთქებას ჰგავდა; ივანიჩმა ირგვლივ მიმოიხედა, მეხი სად ჩამოვარდაო.
ივანიჩი: გოგია, ვიცი, პაპარაცი შენ გააპარე, მითხარი რომელი მიმართულებით წავიდა?!
გოგია: მე... არა...
ივანიჩი: დროზე მითხარი, ხო ხედავ სასადილოში რა ხდება!!!
გოგია: განთიადის ქუჩის ბოლოში დასრულებული ობიექტიდან დაუსრულებელ ობიექტზე მორჩენილ ქვიშას ვეზიდებიო...
ივანიჩი საავადმყოფოში პაპარაცთან ერთად ბრუნდება. დარბაზში შესულ პაპარაცს პაციენტები ყიჟინით შეხვდნენ, „ბარიკადი” გაუხსნეს; ბუდულაიმ მას საქმის არსი აუხსნა:
ბუდულაი: ამბოხს მე ვმეთაურობ, მაგრამ, რადგან შენ შემოგვიერთდი, მეთაურობა გადაიბარე!
პაპარაცთან მაშინვე ერთი გამხდარი, თვალებამღვრეული პაციენტი მიიჭრა.
პაციენტი: მეთაურო, ექიმებმა კითხვა არ იციან; აი, რა აწერია: „ობიექტს იცავს დაცვის პო-ლი-ცი-ა!” ციხეში ჩასვამენ მაგ უპატრონოებს! (მუყაოს ყუთზე მარკერით დატანებულ წარწერას თითი გადაატარა.
მხატვარი გაიოზი: სიცოცხლის მიწურულს, როგორც იქნა, გავმხიარულდი... მე ბრძოლით დავიცავ პაპარაც-ცენტრს! (ხელი „მუყაოს ყუთს” დაადო)
მდუმარე პაპარაცი ბუდულაის ხელში მოელვარე დანას დასჩერებოდა.
პაპარაცი: ეს დიდი დანა, თუ არ ვცდები, ერთხელ ჩვენ დავაბრუნეთ სამზარეულოში, მათხოვე... (ისე გამოართვა, კაცი იფიქრებდა, მალევე უკან მისცემსო)
ბუდულაი: სამზარეულოში სხვა დანებიცაა, მაგრამ მზარეულმა კარი შიგნიდან ჩაკეტა, მიბრძანე და შევამტვრევ კარს!
ვიღაც პაციენტი: მზარეული მოვკლათ! საჭმელს არ გვაჭმევს!
პაპარაცი: რომელმა აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდება-ო... ამიტომ ბასრი ნივთები ჩვენ არ გვჭირდება, დავუბრუნოთ ის მზარეულს!
ჩაკეტილი კარის ქვედა ჭრილიდან დანა სამზარეულოში შეაცურა.
პაპარაცი: ჩვენ შეგვიძლია „მუყაოს ყუთიც” დავთმოთ, რადგან მის ნაცვლად აღვმართავთ დიდ, ნათელ, ავი თვალისთვის უხილავ სახლს, სადაც ყველანი ერთად ბედნიერნი ვიქნებით!
გვერდით მდგომი პაციენტი: დიდ, ნათელ სახლს?
პაპარაცი: ჰო, დიდს და ნათელს!
იგივე პაციენტი: როგორს?
სხვა პაციენტი (პირველს): ვერ გაიგე, რომ გითხრა - დიდს და ნათელსო!
გზა დაუთმეს, ექიმებმა და ხელკეტმოღერებულმა სანიტრებმაც კი დაიწიეს უკან; დარბაზის კარებში წინ ბუდულაი გაატარა, თვითონ წამით შეყოვნდა, ზურგს უკნიდან გამოიხედა, იქიდან ბარიკადის ორივე მხარე ხელის გულივით ჩანდა, მოიმარჯვა თავისი უხილავი ფოტოაპარატი და - „ჩხაკ-ჩხუკ”, კადრი დააფიქსირა.
პაპარაცი: მადლობთ, სურათი გადაღებულია. შეგიძლიათ დაიშალოთ...
კარებში გავიდა. მალე, უკან ერთი პაციენტი მიჰყვა, შემდეგ - მეორე, მესამე, მეოთხე და რამდენიმე წუთში, დარბაზი პაციენტებისგან დაიცალა; ის უკანასკნელი პაციენტიც, რომელსაც ფიზიკური გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, ექიმი ივანიჩის დახმარებით დანარჩენებს მიჰყვა, ეზოში გაივდნენ, სადაც გაავებული ცა სადაცაა ჩამოიქცეოდა. „ცის სახლის” აღმართვის ჟინით შეპყრობილებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ივანიჩიც მათ შორის ჩადგა. ქარმა იმძლავრა, გრიგალში გადაიზარდა და ქარბორბალა წარმოშვა; თუმცა, ქარბორბალა არ აღმოჩნდა ისეთი სიმძლავრის, რომ ადამიანისთვის რაიმე ევნო, ის უფრო სიმბოლური დატვირთვის სანახაობა იყო - ხმელი ფოთლებისა და მიწის მტვრის ღრუბელი პაციენტთა თავზე შეკრა და სპირალური ბრუნვითა და შხუილით ცაში გატყორცნა, თითქოს მიწა და ცა ერთმანეთს შეაერთაო. ამ შთამბეჭდავმა მოვლენამ პაციენტებს მხნეობა შემატა და „ცის სახლის” აღმართვის ჟინი და იმედი გაუძლიერა. თანაც, უჩვეულო სანახაობათა ციკლი ამ უკანასკნელი მოვლენით როდი ამოიწურა: ქარბორბალას დაცხრომის შემდეგ, გრიგალმა იკლო, ჯერ ქარში გადაიზარდა, შემდეგ, სრულიად ჩადგა; მძიმე, საავდრე შავი ღრუბელი ისე შეთხელდა, რომ მიწას ერთი წვიმის წვეთი არ დასცემია - ირგვლივ ინათა.
ყველამ ცისკენ აღაპყრო მზერა - საავადმყოფოს თავზე ღრუბელი წრიული ფორმით კიდეებისკენ გადაყრილიყო და ლაჟვარდოვან ცაზე უჩვეულო, მოციმციმე მნათობი კიაფობდა, მზის ზომის, მაგრამ არა მასსავით თვალისმომჭრელი. ამ უჩვეულო მნათობს მალე კიდევ ორი ანალოგიური მნათობი შეემატა და ეათმანეთს შორის სრიალი იწყეს. ასე გაგრძელდა დიდხანს, სანამ ღრუბლის უკანასკნელი ნაგლეჯი არ გაიწოვა ციდან.
მთავარი ექიმი ფანჯრიდან დამფრთხალი შესცქეროდა ცაზე გამოსახულ სასწაულს - „ცის სახლს”, და ვერ მიმხვდარიყო თუ ის რას ნიშნავდა, რადგან ეს სასწაული მას არ ეკუთვნოდა.