ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: იუმორისტული
12 სექტემბერი, 2023


აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი

#პროზა
ნინო დარბაისელი

აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი

პიარ-ტექნოლოგიათა არსენალში ხალხის, მეტადრე კი ინტერნეტ მკითხველთა ტვინის მასობრივი გამორეცხვისთვის უამრავი ხერხი და საშუალება არსებობს, ბევრი მათგანი პიარ-პროექტის ასაგებად კომბინაციაში გამოიყენება.
წინამდებარე კერძო ცდა ორიენტირებულია კომბინაციური მეთოდების გამოყენებისკენ.

პროექტის პირობითი სათაურია:
,,როგორ ჩამოვიცილოთ კონკურენტი არჩევნებში ანუ აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი’

პროექტის მიზანი და ამოცანა:
არჩევნების დროს კონკურენტის ჩამოცილება. ამის მისაღწევად საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება მიხოს საქმიანობისა და მისი პიროვნებისადმი, მისი შავი პიარი, გაუვნებელყოფა, როგორც პოლიტიკური კონკურენტისა.
(თავიდანვე უნდა გაირკვეს და შეთანხმდეს მხარეთა შორის, რა დროით და საზოგადოების რა ფენას უნდა დაეფაროს პიარ-ბადე და როგორ, ასევე, რა ინტენსიობით).

ფასი და დაანგარიშება:

პროექტის შესრულებაზე გასაწევი სავარაუდო ხარჯების წინასწარი კალკულაცია, ანუ დაანგარიშება წარედგინება შემკვეთ მხარეს, რომელიც შემდგომში მოიხსენიება კლიენტად.
ცხადია, დაგეგმილ ხარჯებს გაუთვალისწინებელი ნამატი აუცილებლად ექნება და კონტრაქტშივე ჩაიდება პირობა, რომ საბოლოო ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდება პროექტის დამთავრებიდან 24 კალენდარულ დღეში, მონიტორინგის შემდგომ, შემსრულებლის მიერ რეალური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან.

პროექტის ეს დრაფტი, კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, დამუშავდება და წარმოდგენილი იქნება მხარეთა მიერ ხელმოსაწერად ერთი სამუშაო კვირის ვადაში.

მოსალოდნელი შედეგი: პროექტი დათქმულ ვადაში წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება, თუ მის ბოლო ეტაპზე მიხო დარბის ქვედა საცვლის ამარა ან უმისოდ და ცდილობს, ყველა გამვლელი სათითაოდ დააჯეროს, რომ არათუ ფაფუკი, არამედ არანაირი კუდი და საერთოდ, არაფერიც არ აბია.
მინიტორინგი- ყოველი ეტაპის ბოლოს.
საბოლოო მონიტორინგი - პროექტის დასრულების შემდეგ, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებამდე.
წინამდებარე პროექტის დრაფტი პირობითად გათვლილია ორ კვირაზე.
მოწონების შემთხვევაში ვადები დადგინდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ჩაიდება კონტრაქტში.

სამუშაოს დასახსრვა სამონიტორინგე ეტაპებად (მოკლე მონახაზები)

პირველი ეტაპი:
ხანგრძლიობა - ერთი კვირა: სილამაზის სალონებში, ბაზრობებზე, სხვა ხალხმრავალ ადგილებში, მეტროში, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში გასულია მუშა-ჯგუფი, მისი წევრები ერთმანეთს ელაპარაკებიან მიხოზე, ხმადაბლა, მორიდებით, სტილში, არ გამთქვა, შენი ჭირიმე და ასეთი რამე ითქვა.
კვირის ბოლოს ქვეყნდება წერილი ყვითელ პრესაში, ფოტოშოფით დამზადებული ფერადი სურათი- ყდაზეა, მიხოს ლამის მთელს სახეზე ციყვის კუდი ეფარება და მხოლოდ ცალი, დაჭყეტილი თვალი მოუჩანს. წერილის სათაური - გარეკანზე მსხვილად ,, მართლა აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი“.
სათაური მეორდება შედარებით მომცრო შრიფტით შიგნითაც, ქვემოთ წვრილად წერია- „იბეჭდება განხილვის წესით’, კიდევ უფრო წვრილად’’ რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორთა კერძო მოსაზრებებს’. ასევე, სხვა ჟურნალში იბეჭდება წერილი, ‘’კუდი - რუდიმენტი თუ მშვენება?’, წერილში ცნობილი მეცნიერი პოპულარულ ენაზე მსჯელობს და დასკვნა ასეთია:
ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხოლო დემოკრატიის პირობებში ყოველმა ადამიანმა თავისუფლად, თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, კუდიანობა თუ უკუდობა.

მეორე ეტაპი:

მუშა-ჯგუფის წევრები განაგრძობენ ინფორმაციის ცოცხალ გავრცელებას, მიდის ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული წერილის გარჩევა სტილში: ეს ყვითელი პრესა რასაც დაწერს , განა ყველაფერი მართალია. მიხოზე ასე და ასე რომ ამბობენ, მომკალით და არ მჯერა!
მზადდება და გადაიცემა სატელევიზიო ინტერვიუები მეზობლებთან, პასუხები კითხვაზე: - ამ ბოლო დროს რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ ბატონი მიხეილისთვის. საჭირო და საკმარისია ერთი შინაბერა, ერთი ახლო მეზობელი და ერთიც - ახლომდებარე სურსათის ან პურის მაღაზიის მუშაკი
ინტერვიუ კლასელებთან, პასუხი კითხვაზე: - რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ მოწაფეობისას მიშიკოსგან’.
სავარაუდო პასუხები:
1. ერთხელ ბიჭები საცურაოდ გავიპარეთ და არ წამოვიდა, პატარა ეჭვივით მაშინვე გაგვიჩნდა, მაგრამ ხმამაღლა არ გვითქვამს.
2. იცით, კლასელ გოგოებს ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდა, ერთხელ კინოში, პირვბელსაათიან სეანსზე, გვერდით მიუჯდა ჩვენი კლასელი გოგო და ის ორი სკამით იქით გადაჯდა
3. ერთხელ დიღმის ალეიაში ნაძვიდან ციყვი ჩამოვარდა , დავიჭირეთ და ხელი გაუშვითო, ისევ ხეზე ასვა. ის ციყვი მერე აღარ გვინახავს.

მესამე ეტაპი:

1. ტელევიზიაში გადაცემაა, სადაც სახედაფარული, აღელვებული ქალი, სექსმუშაკი ყვება, როგორ შეურაცხყოფილია, როგორც პროფესიონალი; რა დაემართა, როდესაც სხვა რამეს ელოდა და ციყვის კუდი შერჩა ხელში.

მეოთხე ეტაპი:

ჟურნალისტი გოგონა ოპერატორს აღებინებს მოხოს სახლ-კარს მსხვილი პლანით, (შეიძლება დრონ-კამერის გამოყენებაც).
სოფელ დიღმის ეზოში მხიარულად დაღრუტუნებენ გვერდტალახიანი დედო ღორი და მისი თერთმეტი გოჭი, მეთორმეტე - ჩრდილშია შემძვრალი , მეცამერტე გოჭთან ერთად.
კუთხეში ყრია სამწვადე წალამი, გალებით -ჩამოკიდებულია ნიორი, ხახვი, ჯაგნებით ყურძენი, კუთხეში ალაგია ყვითელი გოგრები, ყველაფერს ეტყობა ბარაქა და ეს მაშინ, როცა ნახევარი საქართველო შიმშილობს.( ამეების გადაღება შეიძლება სხვაგანაც და მონტაჟით ჩასმა).
შეკითხვა მაროს: ქალბატონო მარო, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ბატონ მიხოს ფაფუკი კუდი აბია, თუმცა არსებობს ამისი საპირისპიროც, რომ არ აბია, რა შეგიძლიათ, უთხრათ ჩვენს მაყურებლებს ამასთან დაკავშირებით.
მარო: - აბა, მე რა უნდა უთხრა, მაგ საქმისა მე არა გამეგება, რა! მე ვიცი, თონე გაახურე, პური ჩააკარი, ისე კი, რახან ეგრე ძალიან გაინტერესებთ, ამ ბოლო დროს რაღაც სულ ფაფუკად მეხახუნება, ჩვენი სოფლის ბოლოს, მოხვეულში რო ქვრივი ქეთოა, ისიც ეგრე ამბობს და და რავი, იქნება და, კუდიცაა.

მეხუთე ეტაპი და საბოლოო მონიტორინგი:

მიხო ჩახდილი დარბის დიღომში, პროსპექტზე, მაიაკოვსკის ძეგლის მიდამოებში, მირბის გადასახტომად დიღმის ხიდისკენ, მტკვარზე რომაა გადებული და ყვირის:
- ხალხოო, მორჩა ! აღარ ვიყრი კენჭს დეპუტატობაზე, არავისი კონკურენტი აღარა ვარ! მივქარე და ვთქვი. აბა, კარგად დამაკვირდით,
კუდი მააქვს?
ხიდთან 24 საათიან რეჟიმში მომლოდინე სასწრაფოს ბრიგადა ადგილზეა, ორმეტრიან, წვერებგაბანჯგვლულ მძღოლს, რომელიც ამავე დროს საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს იყენებს სამუშაოზე და ამის გამო სახელფასო
დანამატი ეძლევა, უკვე გრძელმკლავებიანი ხალათი მოუმარჯვებია.
გამვლელებს მობილური ტელეფონები ჩაურთავთ და გაქანებულნი იწერენ. ხუთ წუთში ვიდეომასალა ფეისბუქზეა ატვირთული, იქიდან, ჩვეულებისამებრ, სასწრაფოდ იტაცებენ ახალი ამბების სააგენტოები. იხსნება თემა ფორუმ ჯი-ზე, სათაურით:
‘ეგზიბიციონიზმი, დემოკრატია თუ მოკითხვა ფსიქიატრიულიდან’.
მომხდარის მიზეზის ძიებაში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ, მიდის ტროლ-ბოტების ერთი, ‘’დაიკუზე-გადამატარე“.
ერთმანეთს მიმართავენ ინვექტივებით, ოღონდ მოდერაციამ რომ არ გამოიჭიროს და ბანი რომ არ დაადოს, მიმოქცევაშია ‘ევფემისტური’ გამონათქვამები ,,დუდუ- დეიდა’ „ამისდედამოვხან’, ‘’ ყველასშევეცილე“, ‘დხნაური’’ ხლეობა - სლეობა’ ,, ბოძიჩილივიქო’ და ა.შ.
მიზანი მიღწეულია.
ფარდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები