 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2023 |
დიდება გმირებს!
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................................
მე ეს თვალები სადღაც მინახავს
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება ერთხელ ნახული, ნეტავ ასეთი რა ხარ, ვინა ხარ, მაოცებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მინდა მწედ ჰყავდე ამ საქართველოს და უერთგულო კუბოს კარამდის, ერს წარმოადგენ, ვიდრე ჯანმრთელობ, ერს - თვით ,,ვეფხვის და მოყმის ბალადის“.
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება უკვე ნახული, სხვა გოგონებზე ბევრად წინა ხარ, მანცვიფრებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მუდამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები, მინდა კოცნებით კალთა აგივსო... წმინდა ქართულ გზას თუკი მიჰყვები, ჩვენში დარჩები სამარადისოდ!
ოთარ რურუა
2023
..................................................................................................................................................................................................................................................
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატიონთა სამფლობელოსი.
დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები, თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი, თითქოს ყველა დღე არის ზმანების, სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით
როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი, ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში და მიხარია რომ ვარ ქართველი.
ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული, იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით, შეინარჩუნეს ენა ქართული ფერეიდნელი ქართველებივით.
მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი, ცხადად ვიხილო ყველა ზმანება, ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი, იარები მაქვს სულში ბზარებად.
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.
თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები, დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს, გულით მიქებენ ლამაზმანები დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.
დედამ ფიალა ღვინით ამივსო, მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული, ჩემი ფესვები სამარადისოდ ამ მიწაშია დამარჯნებული.
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................
ჩვენ
ნათია სებისკვერაძეს
მინდა დავლიოთ ღვინო ყვარული, დავლოცოთ მათი შთამომავლობა, - ვინც რომ გვასწავლა ჩვენ სიყვარული, ყველას გულწრფელად ვუთხრათ მადლობა.
მინდა დავკოცნოთ ჩვენივე მიწა, მოგველის ტაო ხუთჯვრიან დროშით, პეშვებით შევსვამთ ფსოუს და რიწას, ეს დროც დადგება ამ სამყაროში.
ისევ ვიჯერე გული სიმღერით, მწამს: აგვიხდება ყველა ოცნება, ,,ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება“.
ეს გაუმარჯოს კაზმულ სიტყვის მადლს, მკითხველებისთვის ისევ დავშვრები, ჩვენ პოეზია ისე გვიზიდავს, როგორც სამყაროს ბავშვთა - ბავშვები.
ოთარ რურუა
2023
......................................................................................................................................
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს
გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცაზე ირისე, მე სიყვარულზე ვესაუბრები ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს, რამ დამავიწყოს ლამაზი ანა! ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს, გვტკივა ხახული, ოშკი და ბანა!
მსურს თბილი კერა უფრო გავათბო, სხვა საქართველო არსად მეგულვის, მიწის სურნელმა ისე დამათრო, ვით ეშხმა ჩემი შეყვარებულის.
კარგი რამ არის ახალგაზრდობა, მწვავს სიყვარულის უშრეტი ცეცხლი, თუმც მოვიტოვე უკან ბავშვობა, გულს კვლავ მიხარებს ჭიკჭიკი მერცხლის.
გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცაზე ირისე, მე წრფელ გრძნობაზე ვესაუბრები ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს, ვერც დავივიწყებ იმ ლამაზ ანას! ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს, ქართველ დედების ვისმენდით ნანას!
ეჰ, ბედისწერა! ერთურთს დავშორდით, თუმც ჩემი ბაგე კვლავ იკოცნება! სველ ტანსაცმელებს მზეზე ვაშრობდით და ვიღვრებოდით ქარში კოცნებად!
ისევ მივყვები ძნელად სავალ გზებს, მაგრამ ღია მაქვს გულის კარები... ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე, მეც მიზიდავენ ლამაზმანები.
ოთარ რურუა
2023
ირისე - ცისარტყელა
................................................................................................................................................
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე, შორენაა თუ ვარდისახარი?! მივჩერებივარ, ვით არსაკიძე, ვგრძნობ: მიქარწყლდება დარდი - სახადი!
ვხედავ იმ ქალის შეხსნილ საკინძეს, მას სავსე მკერდი მიუგავს მთვარეს... და ისე ვაქებ, ვით არსაკიძეს, ანდა შორენას შვლის ნუკრის თვალებს.
ჰეი, მწყურია მდედრის ალერსი, როგორც მთის წყალი დაჭრილ ირმის ჯოგს... სიყვარულისთვის მინდა ავლესო ხმალი... მის ღალატს სიკვდილი მიჯობს...
გავჩენილიყავ ნეტავ ძველ დროში, მე ამ ქვეყანას მთლიანს ვნახავდი! მინდა ვიცხოვრო საქართველოში და მოვიხადო ჩემი სახადი!
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................................
სატრფიალო
ბევრი გოგონა დავკოცნე, ბევრმაც დამკოცნა ჟინითა, ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე ჩერქეზის ისარივითა.
ისევ ამოდის ჩვენი მზე ამ ქვეყნის ცაზე დილითა, როცა თვალებში მე გიმზერ, შენ მორცხვობ ყვავილივითა.
შენია ჩემი სამყარო, მეც ვიწვი სანთელივითა, მოვკვდები, მსურს: დამაყარო გულმკერდზე მიწა... ღვინითა
მითხარი შესანდობარი, მახსენე ენით ტკბილითა... და არ მოიკლა გთხოვ: თავი აკაკის გამზრდელივითა.
ბევრი გოგონა დავკოცნე, ბევრმაც დამკოცნა ჟინითა, ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე ჩერქეზის ისარივითა.
ვიდრე ჩვენი მზეც ამოდის სამშობლოს ცაზე დილითა, ყვავილს გადარებ სამოთხის, მორცხვობ იმ ყვავილივითა.
ცის ვარსკვლავივით კაშკაშებ, ხარობ მოყვასის ლხინითა, სუნთქვას გვიჩერებ ვაჟკაცებს, გვჭირდები ჰაერივითა.
საამო სამზერ მაგ სახეს ნუ შეიღებავ ინითა, როს ვესტუმრები საწნახელს, დაგლოცავ თეთრი ღვინითა.
მე ცუდს არაფერს არა გთხოვ, დამატკბე ბადაგივითა, ,,შენთანამც ყოფნით გამაძღო, შენთანამც წოლა-ძილითა“.
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................................
იოანე მარუშისძე
ჩვენი ერის ისტორიის დიად გმირთა სიაში ბევრზე ბევრი ქართველია, მაგრამ ვიდრე ვჯანმრთელობ, მე ყველაზე დიდ ქართველად ქვეყნის ისტორიაში იოანე მარუშისძე მიმაჩნია, ქართველო.
მისი დამსახურებაა დავით კურაპალატმა ბაგრატ ბაგრატიონი რომ ტახტზე დასვა, მეფობდა... და რომ არა იოანე მარუშისძე, ალალად, ერთიანი საქართველო არა, არ იქნებოდა.
ოთარ რურუა
2023
.......................................................................................................................................
პაატა
ისევ ვწერ ლექსებს, როგორც ბარათებს, გული წერილებს ქარს არ გაატანს, ვიდრე ჩემთვისაც გამოანათებს მზე... შესანდობარს ვეტყვი პაატას.
გული ბარათებს ქარს არ გაატანს, ხარ ქანდაკება გამოკვეთილი, თავმოკვეთილი მტკივა პაატა, ვით არსაკიძე მკლავმოკვეთილი.
ყველა ზვარაკად შეწირულ გმირის ხსოვნა ქართველ კაცს მინთია კვარად, მსურს: მოვიხადო მამულიშვილის ვალი და ერში ვიცოცხლო მარად.
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................................
თუ არ მოხვალ სამოყვროდ
მენატრება ის წლები, - ერთმანეთს რომ ვავსებდით... დილას კოცნით ვიწყებდით, ღვინით სავსე თასებით
ერთად ყოფნას ვლოცავდით, უსათუოდ კარგები... და ვტკბებოდით მოცარტის, რ. ლაღიძის ჰანგებით.
ახლა შენზე ფიქრებით გულს ვიჯერებ სევდიანს, ბეჩავს ისე მჭირდები, ვით მარიტა - გედიას.
ახლა ალბათ სხვასთან ხარ, სხვასთან იყოფ სარეცელს, კვლავ მსურს შენი დანახვა, ლამის არის დავეცე.
თუმც ჯერ კიდევ ფეხზე ვარ, მსურს ამ სევდას უშველო... ჩემს ბაღნარში ენძელაც აღარ ჰყვავის უშენოდ.
ისევ მინდა მოხვიდე ჩემთან შენი სურვილით, მო... მწყურიხარ კოლხიდელს, მაშ, დამიცხრე წყურვილი.
თუ არ მოხვალ სამოყვროდ, გული არ შეგიცოდებს... ჩემს მკლავებში სხვა გოგო აღმოჩნდება, იცოდე!
ოთარ რურუა
2023
......................................................................................................................................
სიზმრად მაინც გნახავდი
მწყაზარი ხარ... კალმით ან მხატვრის ფუნჯით ნახატი, ცხადად რომც არ მენახე, სიზმრად მაინც გნახავდი.
მინდა შენთვის ვიმღერო ჩემი ლექსი - ქალთამზე... ყელი კვლავ მოიღერო და გემთხვიო კალთაზე...
თორემ მიჰქრის დროება, კელაპტარი მიქრება, მიწევს განმარტოება განცდებთან და ფიქრებთან.
მაინც ვიწვი ამქვეყნად სანთელივით რწმენისა, ეს მიწა მაქვს საკვეხნად, მიწა - ფარსმან ქველისა.
ამ მიწის ხარ... კალმით ან მხატვრის ფუნჯით ნახატი, გწამდეს: არ გემუქრება შენ ერთს ჩემგან ღალატი.
ვიდრე ვცოცხლობთ, მსურს ჩვენი მოვიხადოთ სახადი, ცხადად რომც არ მენახე, სიზმრად მაინც გნახავდი.
ოთარ რურუა
2023
.......................................................................................................................................
ჩემო გვანცა დედოფალო...
ჩემო გვანცა დედოფალო კვლავ ამოდის შენთვის მზე, მე კი ისიც მეყოფა, რომ ერთხელ გნახე მეჯლისზე.
თუმცა არა! ჩემთვის შენი მარტო ნახვა არ კმარა, გავაჭენოთ თეთრი ცხენი, შევსვათ წყალი ანკარა.
თუმც არ მქვია შენი ქმარი, მაინც მინდა გაკოცო... ავაჟღერო შენთვის ქნარი, ერთხელ მეც გაგაოცო.
სიზმრად გხედავ, თეთრი ღვინით ვლოცავ ყველა ბედიანს, ახდენილი სიზმარივით გულს აოცებ სევდიანს.
მაშ, კეთილი ინებე და ამისრულე სურვილი, მემართება ლამის ბნედა, მაღრჩობს კოცნის წყურვილი.
ჩვენით ხარობს აქ ჯეჯილიც, თუ გსურს, კიდეც ვიმღეროთ, მსურს ჩემს თვალწინ მაგ ჯეირნის ყელი რომ მოიღერო.
თუ გაქვს რწმენა, ბედიც გწყალობს, სულ გესმოდეს რწმენის ხმა... ჩემო გვანცა დედოფალო - ბაღვაშების გენის ხარ!
ოთარ რურუა
2023
.......................................................................................................................................
ქალავ, მოდი! მაჩუქე შენი თეთრი მანდილი
ქალავ, მოდი! მაჩუქე შენი თეთრი მანდილი, - ვაჟთა შორის რომ აგდებ ხევსურული ცეკვისას... შენს თეთრ მანდილს დავკოცნი, - როცა მომენატრები, ტაძრად შენთვის ვილოცებ დედო-ზარის რეკვისას.
ისევ ისე მწყურიხარ, ვით მწყუროდი წლების წინ, მეც ვცეკვავდი ქართულებს, კვლავ მწადია ცეკვა მე... თავს არ ზოგავ, სულ შრომობ ჩვენი წარმატებისთვის, სულ სხვა არის როდესაც ქართველები ცეკვავენ.
მახსენდება ბავშვობა - ფოთში გატარებული, სკოლა, პორტში მდებარე ქართულ ცეკვის სტუდია... ხელოვნებისათვის გვაქვს თავი გადადებული, პოეტების გუნდიც ხომ ხელოვანთა გუნდია.
ქალავ, მოდი! მაჩუქე შენი თეთრი მანდილი, - ვაჟთა შორის რომ აგდებ ხევსურული ცეკვისას... შენს თეთრ მანდილს დავკოცნი, - როცა მომენატრები, ტაძრად შენთვის ვილოცებ დედო-ზარის რეკვისას.
ოთარ რურუა
2023
...................................................................................................................................................
ქრისტეს ხატის წინ ლოცულობს ბავშვი
ქრისტეს ხატის წინ ლოცულობს ბავშვი, ანგელოზის აქვს სახე... თვალები, მსურს: ამ პატარა გოგოსთვის დავშვრე და დავულოცო ნატერფალები.
ქრისტეს ხატის წინ ლოცულობს ბავშვი, იესო არის მისი უფალი, მინდა სწყალობდეს ავდარშიც, დარშიც, იყოს ლაღი და თავისუფალი.
ოთარ რურუა
2023
........................................................................................................................................
ჩვენია...
ისევ მეწვია მუზა და შემომეწერა დარდიანს, გორგასალს ვუქებ მუზარადს, გმირობას - ცოტნე დადიანს.
ვლოცავ ბასიანს სოსლანის - თამარის თანამეცხედრის, სხვის მიწაში წევს მგოსანი - რუსთველი - შვილი მესხეთის.
თუმც არამხოლოდ მესხეთის, ის მთელი ქვეყნის შვილია, რეკენ ზარები დღეს მცხეთის, ამ მიწის გამოზრდილია
არსაკიძეც და შორენაც, მეფე გიორგიც, გირშელიც, განვიცდი მათ განშორებას, მხოლოდ სიმღერა მიშველის.
მსურს: არჩილ კერესელიძის ვიმღერო „სვეტიცხოველი“, მაოცებს ფერი ჩემი ცის, წყალობას ღვთისგან მოველი.
შეგვერგოს სადილ - სამხარი, ის მიყვარს, - რაც დაგვრჩენია, ჩვენია ვარდისახარიც, თარაშ ემხვარიც ჩვენია.
მე სიხარულის ცრემლებით მოვრწყე ჩემივე მინდორი, ვწერ სიამაყის შეგრძნებით, მეამაყება დიდგორი.
გავჩნდი... შუბლზე მცხეს მირონი, დამათვრეს საპოვნელათი, ბედიაც მაქვს და ილორიც, მაგრამ სულ სხვაა გელათი.
ვარ ისტორიის მქებელი, მომფერებელი ვაზისა, ამ ლექსში გამცოცხლებელი ქუჯის და ფარნავაზისა.
ვიხსენებ გამსახურდიას, კოსტავაც არ მავიწყდება, ორთავე ნამსახურია, არასდროს დამავიწყდება.
ასეა... ვამბობ სიმართლეს, ტყუილის თქმაც არ მჩვევია, ჩვენია ქვეყნის სინათლეც, ეს საქართველოც ჩვენია.
ოთარ რურუა
2023
...................................................................................................................................
სანამ ქვეყნად ცოცხლები ვართ...
სანამ ქვეყნად ცოცხლები ვართ, სანამ გვიდგას პირში სული, მოვუაროთ ერთმანეთს და დავაფასოთ სიყვარული.
გავუფრთხილდეთ იმათ გულებს, რომ იწვევენ ჩვენში ნდობას... მამულისთვის შეწირულებს ისევ ვეტყვი შესანდობარს.
მინდა ღამე გავათენოთ, რუსთაველზეც გვიმღერია, კიდევ დიდხანს აჯანმრთელოს ღმერთმა ჩვენი ივერია.
გვიქებს ერი კალმებს, ფუნჯებს, მისთვის მთებიც უნდა შევძრათ... ვუპატრონოთ სამ საუნჯეს, ილიამ რომ გვიანდერძა.
თუმც აღარ გვყავს არც ზვიადი, არც მერაბი, არც დავითი, მათ საკადრის შვილებს დავზრდით და ერთგულებს კვლავ დავითვლით.
სანამ ქვეყნად ცოცხლები ვართ, სანამ გვიდგას პირში სული, გულები გვაქვს საქართველოს სიყვარულით დაზაფრული.
ოთარ რურუა
2023
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი ლექსებია, სურვილიც კარგია
მათ საკადრის შვილებს დავზრდით და ერთგულებს კვლავ დავითვლით. და- როდის მოვა დათვლის დრო?!
კარგი ლექსებია, სურვილიც კარგია
მათ საკადრის შვილებს დავზრდით და ერთგულებს კვლავ დავითვლით. და- როდის მოვა დათვლის დრო?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|