ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2023


ლინია

  ლინია ჩვენს სოფელში ისეთ დროს გამოჩნდა, ქალებს კი არა,  მამაკაცებსაც რომ შავი ლენტები გაეკრათ შუბლზე, ფერადი საცვლებიც კი აღარ იყო ქვეყანაში და მხოლოდ  აქა-იქ  ჩვილებს თუ ჩააცმევდნენ, უფროსი და -ძმის გამონაცვალ, გადახუნებულ,  გვარიანად გაწყალებულ  ბაც ცისფერ ან ვარდისფერ ბოდეებს.
  ტუჩის კონტურებს კარგა გვარიანად აცდენილი ჟოლოსფერი ტუჩსაცხი ესვა. ხვეული თმა დედაჩვენებივით კეფაზე კი არ დაეგრაგნა, მხრებზე ეყარა და მზესუმზირის ყვავილისფერად უელავდა.  თვალისმომჭრელად მბზინავი ტანსაცმელი.  იისფრად შეფერილი თვალები. წითელი ფერუმარილი... მთელი თავისი ნატურით, ისეთი შეუსაბამო იყო ჩვენს რეალობასთან, ისეთი უცხო და გამორჩეული, ყველა დაგვაფრთხო.
  და ღიმილი. ეს უღვთო ღიმილი რაღა იყო, ვერავის გაგვეგო, ჩვენ,  ვისაც  სიცილი დაგვიწყებოდა, ვისაც აღარ გვახსოვდა, როდის და რაზე ვიცინოდოთ და ჩვენი სულ უმნიშვნელო სიხარულებისაც კი, თუ ასეთი სადმე კიდევ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაღაცნაირად გვერცხვინებოდა. თითქოს  კარგად ყოფნის უფლება სამუდამოდ დაგვეკარგა.  ის ჩვენ არ გვგავდა და ამიტომ თუ იყო,  გიჟი ლინია რომ  შევარქვით.
  სკოლაში დამლაგებლად მოეწყო.  ოთახი  სოფლის ბოლოში, „ვენეციის უბანში“ მოძებნა.  ამ ორღობეში დღემუდამ წყალი დიოდა.  წითელი მიწა იყო და მტრისას, იქ რომ ტალახი იცოდა. გიჟი ლინია კიდევ ყოველ ცისმარე დღეს ჩაიცვამდა ქუსლიან ფეხსაცმელს, წაისვამდა  ჟოლოსფერ ტუჩსაცხს, გადაიკიდებდა ჩანთას,  გამოეწყობოდა ცისარტყელისფერ ტანსაცმელში და კაკუნით გაუყვებოდა  შარას.  გზა გრძელი იყო. იმ გზაზე საკუთარ ჭიშკრებთან ჩასაფრებული მგლოვიარე სოფელი უთვალთვალებდა.  კაცი ვერ იტყვის, უღიმილოდ ენახა ლინიას სახე. რა უხაროდა იმ შეჩვენებულს, რა მზეს შეჰხაროდა ასეთს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებითო,  გვერდს არავის ჩაუვლიდა, რომ არ მოეკითხა.  ხომ გითხარით, ცუდი დრო იდგა-მეთქი და მასთან ლაპარაკის არც სურვილი და არც ნერვები არავის შემორჩენოდა. არა და ლინიას თითქოს უდაბნო გადმოვლილი ყოფილიყო, ისე სწყუროდა სიტყვის გაგონება. ადამიანები სჭირდებოდა, უყვარდა ყველა. გეგონებოდა მის გულს სხვა არც რა გრძნობა სცოდნოდა.  არც რა განეცადა.
    ჩვენ კიდევ გართობა გვინდოდა. და ვინ თქვა ბავშვები კეთილი ანგელოზები არიანო,  ჩამოვუდგებოდით გვერდით და დავიწყებდით: რა ლამაზი ხარ, ლინია.  გოგო, სად იყიდე ეს კაბა. როგორ გიხდება ეს რუმიანა. სიხარულით აღარ იყო.  ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ  მასხრად ვიგდებდით. გვიყურებდა და შემოგვხაროდა.  თავისი  აღმა-დაღმა მავალი კბილებით შემოგვცინოდა და გვენდობოდა.  უეჭვოდ გვენდობოდა. ჩვენ კი არ დავინდეთ.  გოგო, შეხედე როგორ გიყურებს გიორგი. უყვარხარ, გოგო. ცოლად უნდა მოვიყვანოო  ლინია, გიორგიმ გვითხრა.
  გიორგი ჩვენი სოფლის მთავარი უსაქმური იყო. ცოლი არა, შვილი არა, სამსახური არა. მშობლების პენსიაზე იჯდა, როგორც იმ დროინდელი ბიჭების უმეტესობა. ჰოდა, ჩვენ გვასწრებდა სკოლაში მოსვლას, ჩამოეყუდებოდა ნაძვებთან და სანამ ბოლო ბავშვს არ გააცილებდა, ფეხს არ დაძრავდა. 
  გულში ჩაუვარდა ლინიას.  დღე ერთი იყო და ათჯერ შემოუგვიდა გარშემო, იმ ეზოში ერთ ფოთოლსა და ბალახის ღერს არ დასტოვდა. დადიოდა, დაკაკუნობდა, ახლა კიდევ უფრო ფართოდ იღიმოდა, თვალებით ვარსკვლვები დაჰქონდა თითქოს.  ლინია, გოგო, უნდა მოვიტაცოო გიორგიმ, ვახელებდით ყოველდღე და ლინიაც ელოდა. ელოდა როდის მოიტაცებდა  თავისი გიორგი.  ელოდა, სანამ იმ დაწყევლილ ღამეს გიორგის ზედმეტი დოზა არ მოუვიდა.
  არ იქნა და არ დაიჯერა ლინიამ. მოვა ჩემი გიორგი და გავყვები ცოლადო, ახლა რამდენიღა ვახვეწინოო. როდისო გოგო, როდის გეხვეწებოდაო, ვეკითხებოდით. უჰ, სულაც ეგრე არააო, ჩამოიღვენთაო დარდით ბიჭი,  წუხელაც წერილი გამოგიზაგვნაო.  ახლა მეც რაღა ვქნა, განა კი უღვთო ვარ, ვტანჯოო ადამიანი. სჯეროდა ლინიას. სჯეროდა და უყვარდა დიდი და უპირობო სიყვარულით.
  გიორგი აღარ დაბრუნებულა. ჩვენც სკოლა დავასრულეთ. საკუთარი გზის საძებნელად წავედი  თუ საკუთარ გზას გავექეცით, არ ვიცი.  ერთი კი იყო, წლები ჩადგა ჩემსა და ბავშვობას შორის. გაბუნდოვდნენ ადამიანები და დამშორდნენ ადგილები. უხილავი ფარდის იქით დარჩა ლინიაც და შესაძლოა აღარასდროს გამხსენებოდა, დღეს ჩემს ქუჩაზე რომ არ ჩამოევლო.
  შავი კაბა ეცვა,  თმა ერთიანად გასთეთრებოდა, კეფაზე დაეგრაგნა თავისი დაუდევრად აშლილი კულულები.  კიდევ უფრო გამხდარი  ჩანდა. სადღა იყო მისი  ტუჩსაცხი და წითელი ფერუმარილი, სადღა იყო მისი ქუსლიანი ფეხსაცმელი. მიდიოდა მხრებში მოხრილი, ჩქარი ნაბიჯით, იმ ქალის, ოდესღაც რომ ზაფხულივით შემოიჭრა ჩვენი სოფლის ზამთრის მოღუშულ საღამოს, აღარაფერი შერჩენოდა სახელის გარდა. ისევ  გიჟი ლინია იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანებს მისი ტილოდან  ყველა ფერი წაგვეშალა, ყველაფერი. ახლა  ისიც შავ-თეთრი იყო,  თავი ჩაეღუნა და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. მაგრად მოემუწა ტუჩები, გამარჯობა-მეთქი ლინია,  მივესალმე. არ გაუგია ან გამოლაპარაკების სურვილი არ ჰქონდა. გვერდით ისე ჩამიარა, არც შემოუხედავს. თვალს მიეფარა, მაგრამ ჩემი ფიქრი მაინც მისწვდა. ვერ იქნა და ვერ გაქრა ჩემი ხსოვნიდან იმ ძველი ლინიას აჩრდილი. მიდიოდა მხრებში მოხრილი და უფერული ლინია გზაზე, ჩემი ფიქრი კი უკან მისდევდა და ეკითხებოდა: რა ჩავიდინეთ, ლინია, ასეთი, რა გიყავით ასეთი, გოგო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები