ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2023


დიდება გმირებს!

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

2023

..................................................................................................................................................

ფეისბუკში გაკეთებული კომენტარები:

,,საოცარია. ლექსი კი არა ჩვენი ისტორიაა ლამაზად გადმოცემული. ჩემი აზრით. ეს სასკოლო პროგრამაში უნდა შევიდეს. წარმატებები ავტორს“.

დინარა ქარდავა

.............................................................................................................................

,,ეს ლექსი კი არა, საქართველოს ისტორიაა...
თვალწინ გაიარა საქართველოს ნაწამებმა წლებმა....
დიდება და სამუდამო ხსოვნა სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს..... სასკოლო პროგრამაში შესატანი ლექსია“.

ლია კანთიძე

................................................................................................................................

,,საქართველოს ისტორიაა ლექსად თქმული“.

ლეილა კამკამიძე

............................................................................................................................

,,უფალმა დაგლოცოთ დიდებული და შესანიშნავი ლექსია სულს რომ აატირებს. ეს ხომ ჩვენი ჭირგადახდილ საქართველოს ისტორიაა. დიდება გმირებს მარადიული ხსოვნით“.

ნელიკო ჯახველაძე

...............................................................................................................................................

,,დიდება გმირებს! მადლობა თქვენ ამ ლამაზი სტრიქონებისთვის“.

ლეილა ხელხელაური

...............................................................................................................................

,,საოცარი ლექსია, მადლობა თქვენ და დიდება გმირებს, სამარადისო ნათელი მათ ხსოვნას“.

ლია ბახტაძე

......................................................................................................................................................

,,გაიხარეთ, დიდებულია. მარადიული ხსოვნა მათ უკვდავ სულებს... ამინ!“

მანანა კაპანაძე

...........................................................................................................................

,,იდეალური ლექსია, ნამდვილად სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და მსოფლიომ უნდა წაიკითხოს, ჩვენმა გმირმა წინაპრებმა გაირბინეს თვალწინ. უფალმა დაგლოცოთ ბატონო ოთარ!!!“...

ნანა დათუნაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები