იქ, სადაც ცხოვრების წესივით ერთფეროვნად მიედინება უსასრულო ევფრატი, ზის ნაპირთან ახალგაზრდა, და ფიქრობს. მისი ფიქრები ევფრატის უსასრულობასაც სცდება, სამყაროს უსასრულობასაც, და სადღაც შორს, მომავლისკენ მიფრინავს. მომავალი კი განსხვავდება ქალაქ ურისგან, სადაც ქვის სახლები და კარვები ერთმანეთს გვანან, სადაც ერთმანეთს გვანან კაცების სამოსები, და ქალების კაბებიც ერთნაირია. ქვას დააკვირდა ახალგაზრდა. მის ფეხებთან დაგდებულ დიდ ქვას. გაიფიქრა, თუ ვინმემ ხელი არ შეაშველა, გავლენ წლები და საუკუნეები, ხოლო ეს ქვა აქ იქნება გაურყევლად. ხელი მოკიდა და ევფრატში მოისროლა. მოსცილდა ქვა მზერას, მაგრამ გონებამ იცოდა, რომ რაღაც სიახლისკენ შეტოპა და ეს ხელის წაშველება იყო სწორედ სიახლეების საწყისი. აბრამი ერქვა ამ ახალგაზრდას, ურში ცხოვრობდა, სემის შთამომავლის, თერახის შვილი იყო, და მამის ხელობის სწავლას, ევფრატის ნაპირთან ფიქრი ერჩივნა. მამის ხელობა კი, კერპების თლა იყო. ამ საქმის გამო, დაფასებული იყო ურში მეფე ნემრუთისა და ქურუმების მიერ, თუმცა მთელ ამ სისტემასა და მმართველობას, მაინც შიშით ეჭირათ თვალი თერახის სახლისკენ, რადგან იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, მისი შვილი, აბრამი გამოიჩენდა თავს, როგორც განსხვავებული ადამიანი, და ეს თავის გამოჩენა იყო მხოლოდ სიფრთხილის ობიექტი. მართლებიც იყვნენ, ევფრატის პირას მჯდომი აბრამი სულ სიახლეს ეძებდა სამყაროს მიმართ, ეძებდა, ეძებდა და გარდაუვალი იყო რომ ადრე თუ გვიან ამოიფრქვეოდა მისი უშრეტი ემოცია. _ ქვა ადგილიდან იძვრის,_ ეუბნებოდა საკუთარ თავს იგი _ ხე ფოთლებს აშრიალებს, ეს ყოველივე სამყაროს ხმებია, სამყარო კი, ვინმე იმაზე დიდის ქმნილებაა, ვიდრე ადამიანი. ვინ არის ის? რა ქვია მას? მე ვიტყვი რომ იგი არის ღმერთი, რომელმაც უბრძანა ნოეს კიდობნის აგება. მაგრამ უბრძანა კი? იქნებ თხოვა, იქნებ ურჩია, ასწავლა იქნებ... არ უბრძანებდა, არავითარ შემთხვევაში არ უბრძანებდა. სემის ღმერთია ნამდვილი ღმერთი, და არა ის კერპები, მეფე ნემრუთი რომ ეთაყვანება, დრო გავა და ჩვენ გავიზრდებით, გავიზრდებით როგორც წყალში ქვიშა და ჩვენი დათვლა ისევე შეუძლებელი იქნება როგორც ცაში ვარსკვლავების, ნემრუთიც გაქრება, კერპებიც, და თუ ეს სამყარო, უბრალოდ ევფრატის პირას დაგდებული ქვა არის, მე ვიქნები ის, ვინც დაძრავს ამ ქვას და უცხო სიახლეებისკენ გააქანებს. ასეთი იყო აბრამი, მისი ფიქრები სამყაროს ცვლილებებს წარმოსახავდა ხოლმე, თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისი, როცა სხვაგან გარბოდა გონება და ეს სხვაგან იქ იყო, სადაც სარრაი ეგულებოდა. უყვარდა აბრამს სარრაი, შებინდება დაწყებულ უდაბნოზე ლამაზი სარრაი. ცა რომ სიბნელემდე წითელია და მომცრო ქარი ქვიშის სკულპტურებს რომ ათამაშებს ბინდის შეფაკლული ქვიშით. ციურ მანათობლებზე ლამაზი სარრაი, ღამით რომ პოეტურ სტრიქონებივით ჩამწკრივდებიან და უცდიან როდის აღიქვამენ ნამდვილი თვალები ოდესმე ასოებად ან პიქტოგრამებად. _ აბრამ _ ხმა მოესმა უეცრად მას. უკან მოიხედა, თერახი იყო, საგანგებოდ მორთულ-გამოწყობილი. _ რა მოხდა მამა? _ ჰკითხა აბრამმა მაშინვე, როგორც კი ეახლა. _ ნუთუ არ გახსოვს რომ დღესასწაულია, მთელი ური აღნიშნავს დღეს, შენ არ წამოხვალ აბრამ? _ არა მამა, მირჩევნია აქ ვიყო და ფიქრი გავაგრძელო. _ უპასუხა მან. _ სარრაიც იქ იქნება აბრამ. _ სცადა თერახმა გადარწმუნება, რადგან იცოდა, სარრაი იყო ერთადერთი, რასაც შეეძლო დაეთრგუნა აბრამში მეამბოხეს სული. _ ვიცი მამა. _ მიუგო მან. _ მაგრამ მირჩევნია დავრჩე, და დავრჩები კიდეც თუ არ მიწყენ. _ როგორც გენებოს ისე მოიქეცი აბრამ, _ თქვა თერახმა და ზურგი აქცია. მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო წვეულებაზე არ უნდოდა წასვლა, სახლისკენ მაინც წამოყვა აბრამი მამას, წამოყვა სახლშივე დარჩა. ვინ იცის, იქნებ ერთადერთი იყო მთელს ურში, დღესასწაულს ვინც გამოაკლდა, იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მარტივად გაიშიფრა დამნაშავის ვინაობა იმ დანაშაულში, დღესასწაულის დროს რაც მოხდა. ვიღაცამ კერპები დალეწა. _ აბრამი იქნებოდა _ თქვა ერთმა ქურუმმა, _ თვალში საცემი იყო, რომ მხოლოდ ის არ იყო მოსული წვეულებაზე, იგი არავის უნახავს არც თერახთან, და არც სარრაის გვერდით. _ რას იტყვი? _ ჰკითხა მოსამართლემ, როცა სასახლეში მეფისა და რწმენის ღალატის ბრალდებით წარადგინეს იგი. _ მე რა უნდა ვთქვა, _ უპასუხა აბრამმა. _ ნუთუ არსებობს ვინმე, ვინც იტყვის, დავინახე აბრამი როცა ხელეჩოთი ლეწდა კერპებსო? _ არავის დაუნახიხარ, თუმცა სხვას არ შეეძლო ამ დანაშაულის ჩადენა, რადგან ყველა, შენს გარდა, მთელი ქალაქი სადღესასწაულო წვეულებაზე იყო და კარგ დროსაც ატარებდა. _ რა აუცილებელია რომელიმე თქვენგანს დავენახე? _ გაიკვირვა აბრამმა. _ თან როგორც ვიცი, ყველაზე დიდ კერპს, ხელეჩო უჭირავს ხელში. იქნებ მან აიღო ხელი სხვა, პატარა კერპებზე, ჰკითხეთ მას, ჰკითხეთ ვიყავი თუ არა მე, აბრამი ის, ვინც მათ ლეწდა. _ ყველამ კარგად ვიცით, რომ კერპებს ლაპარაკი და მოძრაობა არ შეუძლიათ, ასე გინდა დაიძვრინო თავი აბრამ? _ თქვენ ამბობთ, რომ ეთაყვანებით ამ ქვებს, რომელსაც ლაპარაკი და მოძრაობაც კი არ შეუძლიათ, თუცა იმაზე არ ფიქრობთ თუ რას მიიღებთ მათგან. მე გეტყვით რომ არც არაფერს, ისინი ისეთივე უარსებოები არიან, როგორიც ის ქვები, რომლებიდანაც გამოითალნენ. თქვენ კი მათ ეთაყვანებით და არა ნამდვილ ღმერთს, სწორედ ამიტომ მეცოდებით ყველა, თითოეული თქვენგანი. _ რას ამბობ _ იკითხა მოსამართლემ, რომელმაც აღიარებად მიიღო აბრამისგან ეს სიტყვები _ შენ ხომ არ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ შუამავალი ჩვენსა და უხილავ ღმერთს შორის? _ დიახ, ასეა _ უპასუხა აბრამმა. ამ პასუხმა, თვით ნემრუთიც კი წყობილებიდან გამოიყვანა, ტახტიდან ადგა, ზიზღით გადახედა თერახსა და სასახლეში შეკრებილ სხვა სტუმრებსა თუ დიდებულებს. _ საკმარისია _ თქვა მან და ამჯერად მოსამართლეს მიმართა_ ბრძანე, დაანთონ ცეცხლი, რომელიც ცას მისწვდება, მთელ ქალაქს გააგებინეთ რომ დღეს ცეცხლი დაწვავს აბრამს, უთხარით რომ მეფის ბრძანებაა, ყველამ უყუროს თუ როგორ დაიფერფლება იგი. _ შეჩერდით _ წამოიყვირა სარრაიმ უეცრად, თითქოს და ვინმესთვის მნიშვნელობა ჰქონოდა მის სიტყვებს. წინ გამოვიდა შეშლილი და შეშინებული სახით, და პირდაპირ ნემრუთს გაუსწორა მზერა. _ კერპი, რომელიც ადამიანის რისხვისაგან თავს ვერ დაიცავს, როგორ ვცნო ღმერთად? მე ვამბობ, რომ ამ კაცის ღერთის მწამს, და ისიც მჯერა, რომ აბრამი შუამავალია ჩვენსა და ღმერთს შორის. და თუ ის უნდა დაიწვას, მეც მასთან ერთად დამწვით, რადგამ მეც მასავით მოვიქცევი, ავიღებ ხელეჩოს და მტვრად ვაქცევ ნემრუთის კერპს, რომელიც ჩემს სახლში დევს უძრავად რაც თავი მახსოვს. მეტის თქმა არ დასცალდა სარრაის, ქალებმა ხელებით დაიჭირეს და მოარიდეს სასამართლოს. _ რა ვუყოთ? _ გადაუჩურჩულა მოსამართლემ ნემრუთს. _ როცა აბრამს დავწვავთ, შევკრათ სარრაიც და აბრამის ფერფლი ვაჭამოთ, ეს იყოს მისი სასჯელი. მოსამართლე წინ გამოიწია, თვალი აარიდა თერახის მზერას, რომელსაც ყვლა სიტყვა ყელში ეყინებოდა და მთელ სახეს უკანკალებდა ყელში დაგროვილი ესოდენ დიდი ყინულის ლოდი. _ მთელი ქალაქი ვალდებულია, აბრამის დაწვას დაესწროს. განაჩენი დღესვე ასრულდება, აანთეთ ცეცხლი. ურის ცას სწვდებოდა ცეცხლი. აბრამი კი, თითქოს ხალხის ის ნაწილი ყოფილიყო, სანახაობისთვის ვინც მოსულა, ისე იღიმებოდა და უცდიდა განაჩენს, ან უფრო იმას, რაც ამ განაჩენის აღსრულებას შეუშლიდა ხელს. მან არ იცოდა რა მოხდებოდა, მხოლოდ ის იცოდა რომ სწამდა უფლის და საკუთარი მისიის, რომელიც აქ და ახლა, ვერ და არ უნდა დამთავრებულიყო, და მაშინ როცა, ხალხი რომელიც ლოდებს ეთაყვანება, დასცინოდა აბრამს და ეუბნებოდა, სად არის ახლა შენი ღმერთი, რატომ არ გიხსნის განსაცდელისგანო, ნემრუთი ისევ წამოდგა ტახტიდან და თქვა: _ როდესაც კაცი კვდება, ქრება მისი ხსენება, მაგრამ სიკვდილზე არანაკლებია, როცა კაცს და მთელს მის მოდგმას მოკვეთ ქვეყნიდან. ცხადია აბრამი სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ მისი მამა, თერახი, და ძმისშვილი ლოტი, ვერ იქნებიან სიკვდილით დასჯის მსხვერპლები ჩვენი მხრიდან, სწორედ ამიტომ, მთელი ოჯახი მოკვეთილია ურიდან, წავიდნენ და იხეტიალონ სადაც გზა აჩვენებთ სავალს, ძარცვონ და აძაგონ გზად დამხვდურებმა და შემხვედრებმა, იწვალოს სარჩო საბადებელისთვის, და ასე განვლიოს უბადრუკი სიცოცხლის დღეები. თქვენ კი, ხალხო, ვისაც ცრემლები გდიოდათ აბრამზე, თქვენი ნებაა თუ გაყვებით მას იმ გზებზე, რომელზეც მისი მეგზური, ოჯახთან ერთად ჩემი წყევლაც იქნება. თვალები გაუბრწყინდა თერახს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რას დამართებდა მისი ოფლით მოპოვებულ აწმყოს მიგრაცია, მაინც აბედნიერებდა ის ფაქტი, რომ აბრამი იცოცხლებდა და მადლობის ნიშნად, პირდებოდა მათუსალას, ნოესა და სემის ღმერთს, რომ აღარასოდეს აიღებდა ხელეჩოს ხელში, კერპების გამოსათლელად.
* * * მცირე მხლებლებით, ხარანში გაემგზავრნენ თერახი, აბრამი და ლოტი. ცხადია ამ მხლებლებთა შორის იყო სარრაიც, რომელიც მალე აბრამის ცოლიც გახდა და შეიძლება ითქვას, ეს იმ მისიაზე მეტადაც აბედნიერებდა, რა მისიაზეც აბრამი ელაპარაკებოდა ხოლმე ღამით კარავში, თუ კარვის გარეთ, ვარსკვლავების ქვეშ მჯდომი. ერთმანეთის ცქერა აბედნიერებდა ოჯახს, მაგრამ ურის ფონზე, ხარანში ცხოვრება, წარმოსადგენზე ბევრად უფრო რთული შეიქნა. თერახი, ალბათ თავს იტყუებდა, რომ ოდესმე დაიბრუნებდა იმ სახელსა და დიდებას, რაც ურში ჰქონდა, თუმცა ეს ყოველივე შეუძლებელი იყო ამ მიწაზე. ან შეიძლება აღარც ჰქონდა ძალა თერახს, რომ ისევ ეხეტიალა, თუმცა ამ სიდუხჭირეს კარგად გრძნობდა და ხედავდა ლოტი, რომელიც ერთ ცხელ ღამეს, კარავში ესტუმრა აბრამს და უთხრა: _ ქანაანის შესახებ თუ გსმენია აბრამ? _ ვიცი ქანაანზე, _ უპასუხა მან. _ სავაჭრო გზებით სავსე და მდიდარი ქალაქია. _ სწორედ ვაჭრებმა მითხრეს, რომ ვინც ქანაანში ცხოვრობს, უბრალო ფინიკის კრეფითაც შეუძლია იმაზე მეტი იშოვნოს, ვიდრე ხარანში მსხვილფეხა საქონლის პატრონმა. _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლოტი ქანაანზე საუბრისას. _ ხომ არ მივენდოთ ბედს აბრამ და ხომ არ წავიდეთ ჩვენც ამ ქალაქისკენ? თორემ ხომ ხედავ, აქ მალე ისე გამოვილევით, რომ საჭმელიც კი ძნელად საშოვნელი გაგვიხდება. _ კარგი აზრია _ უთხრა აბრამმა _ მაგრამ არ მგონია რომ თერახს ისევ ჰქონდეს აყრისა და ხეტიალის სურვილი ლოტ. _ ვიცი, ვიცი, _ მიუგო ლოტმა _ მისი დატოვება არ მინდა, მაგრამ ხომ ხედავ, დღითი დღე გაუსაძლისი ხდება ჩვენი არსებობა. ამიტომ დავუტოვოთ რაც რამე გაგვაჩნია, ჩვენ კი წავიდეთ, ბედი ვცადოთ, ვინ იცის, იქნებ მალე ქარავნებითაც კი ჩამოვაკითხოთ და უკეთესი ცხოვრებისკენ ისიც წავიყვანოთ. ჭკუაში ჩაუჯდა აბრამს ეს სიტყვები. არ დააყოვნა, ადგა და პირდაპირ მიაშურა თერახის კარვისკენ, ეახლა, მოუყვა განზრახვა, გზა იკურთხა მამისაგან და კარავში დაბრუნებულმა, ცოლს სთხოვა აყრაში დახმარება. _ საით, ან რისთვის მივდივართ? _ იკითხა სარრაიმ. _ ქანაანში _ უთხრა აბრამმა, _ უკეთესი ცხოვრების საპოვნელად. ეწყინა ქალს, ეწყინა რადგან ქმარი არც კი დაეკითხა, ისე მიიღო გადაწყვეტილება. როდესაც ურიდან გამოყვა, მთელი გზა ენატრებოდა ური და ევფრატის ნაპირები, რომელიც მთელ ბავშვობასთან ასოცირდებოდა სარრაისთვის. მაგრამ ეს თავისი არჩევანი იყო. ახლა კი, ბრაზობდა, რადგან ბავშვობიდანვე ქმრის მორჩილად გაზრდილი, ისედაც დათანხმდებოდა აბრამს, სადაც არ უნდა წაეყვანა, უბრალოდ ფიქრობდა რომ არაფერი მოხდებოდა იმით, თუ დროულად ჩააყენებდა აბრამი საქმის ყურში, თუმცა არ მოხდა ასე, ამიტომაც ქალის მთელ შნაგან სამყაროს, ემოციურად ანადგურებდა ის ფაქტი, რომ უბრალოდ და თავდახრილი მიდიოდა უკეთესი ცხოვრებისკენ, ზოგჯერ ამძაფრებდა ამ ემოციას, ზოგჯერ აქრობდა და მიდიოდა თავდახრილი, პირუტყვების გვერდით, უშობელივით თავდახრილი, თვალებწყლიანი და მსგავსი რეალობის აღქმით უკიდეგანოდ შეურაცხყოფილი. * * * რაც შეეხება იმას, რაც ქანაანში ელოდათ, სულაც არ გავდა იმ დუხჭირ ყოფას, ხარანში რაც დატოვეს. ფინიკის კრეფას თან ერთვოდა სარჩოს მოხვეჭა, და ამ მხიარულ ოფლის ღვრაში გადიოდა დღეები, წლები, რასაც მოჰქონდა ახალი ფიქრი და სიბრძნე, რომელსაც გონებაში იტოვებდა აბრამი. თუმცა ყოველ წუთსა და წამს გრძნობდა აბრამი, რომ ეს ყოველივე, სულაც არ იყო ის, რაც საკუთარი თავისთვის ემეტებოდა. მისი ფიქრები უფრო დიდი იყო ვიდრე ფინიკის ბაღები, უფრო მიღმიური, ვიდრე ქანაანის ცა, მაგრამ ცხოვრება, ორონტესივით ნელა და დუნედ მიედინებოდა, უმნიშნელოდ და უარსებოდ, სწორედ ამიტომ ერთ ღამესაც, როცა ძილმა დაღლილობას ვერ მოერია, მიუხედავად იმისა რომ დილის ოფლის ღვრა ხელს უწყობდა ძილს აბრამის არსში იმ ღამითაც დამკვიდრებაში, მან გადაწყვიტა ჩანაფიქრი გაენდო ცოლისათვის, და ასეც მოხდა. ეძინა სარრაის, მხარზე ხელი დაადო აბრამმა და გააღვიძა. _ ხომ მოგისმენია ჩვენი წინაპრების ამბავი სარრაი. _ წამოიწყო საუბარი. _ მომისმენია აბრამ. _ მიუგო ცოლმა და აღარ სცადა ძილის გაგრძელება, რადგან ხვდებოდა რომ აბრამი საუბრის ეშხზე მოსულიყო. _ ხვდები რომ ამ ამბის გაგრძელება ჩვენ ვართ? _ ცხადია ჩვენ ვართ. _ ვფიქრობ ჩვენს ხელში არის მომავალი, რასაც გამჩენი უქადის სამყაროს. _ ეგეც ცხადია, თუმცა შენს ფიქრებს მაინც ვერ ჩავწვდი. _ წლები გავლენ სარრაი, ბევრი წლები, და ჩვენი მოდგმა გაიზრდება ისე როგორც ზღვაში ქვიშა, და ჩვენი მოდგმის დათვლა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორაც ზღვაში ქვიშის, ხოლო რაც უფრო გავიზრდებით, მით უფრო დავკარგავთ შიშს და სიყვარულს გამჩენის მიმართ. _ რატომ გგონია რომ ასე იქნება აბრამ? _ როგორ თუ რატომ? წარმოიდგინე, როგორ უნდა გვეარსება, ფინიკის ბაღში მუშაობის გასამრჯელო რომ არ მოეცათ ჩვენთვის. _ ალბათ შიმშილი მოგვიღებდა ბოლოს. _ ნამდვილად ასე იქნებოდა, თუმცა დაგითვლია რამდენი ვმუშაობთ ბაღში? _ არა, არ დამითვლია. _ ოცნი ვიქნებით, მეტნი არა, ახლა კი წარმოიდგინე რომ ორმოცნი ვიყოთ, ხომ მოგვიწევს ჩვენი გასამრჯელოს სხვა ოცისთვის გაყოფა? _ ალბათ მოგიწევთ. _ ახლა დაფიქრდი რომ ასნი ვიყოთ, ან უფრო მეტი. _ ამ შემთხვევაში არავისთვის იქნებოდა გასამრჯელო საკმარისი. _ სწორედ ამიტომ, ახლო–მახლო, ვიღაც სხვამაც უნდა გააშენოს ფინიკის ბაღი. _ და რა მოხდება ახალ ბაღში? _ ის მოხდება რომ ჩვენი ბაღის ასი კაციდან ნახევარი იმ ბაღში წავა. _ და რა იქნება ამის მერე? _ ამის მერე ის იქნება რომ მესამე ბაღსაც ააშენებს ვინმე. _ და ვინღა იმუშავებს მესამე ბაღში? _ იმ ნახევრის ნახევარი, რომელიც პირველ ბაღში დარჩა. _ და რა იქნება ამის მერე? _ გამოჩნდებიან ისევ ადამიანები, რომლებსაც ფინიკის ბაღებში მოუნდება მუშაობა. სწორედ ამიტომ უნდა გაშენდეს სულ ახალი და ახალი ბაღები, ზოგან დიდი, ზოგან პატარა, ზოგან უფრო ლამაზი, ზოგანაც უშნო, ზოგი ბაღი უკეთეს ნიადაგზე გაშენდება, ზოგიც უარესზე, უარეს ნიადაგებიანი ბაღები მოიფიქრებენ რაიმე უცხოს, რომ მისი ნაკლი დაფაროს, და ასე იქნება ბევრი ბაღი, განსხვავებული ერთმანეთისგან და მუშებიც, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ექნებათ საქმე, და ბაღის პატრონებიც, რომლებსაც სხვა და სხვა წარმოდგენები ექნებათ ბაღის ნაყოფებსა თუ ვიზუალზე. ზოგს აზიდული ხეები ენდომება, ზოგს მომცრო ბუჩქები... _ გასაგებია, თუმცა ვერ ვხვდები, რა კავშირშია ფინიკის ბაღი სამყაროს შეცვლასთან? _ წარმოიდგინე, რომ სამყარო ფინიკის ბაღია სარრაი, ბაღის მეპატრონე _ ღმერთი, ხოლო ჩვენ, მუშები, ჩვეულებრივი მოკვდავები, რომლებიც, უკვე გითხარი, ისე გავმრავლდებით როგორც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავი. და როდესაც ეს მოხდება, ვინ დაგვატევს ერთ და პატარა ბაღში? ეგეც რომ არა, სამყაროს მომავალი არ ექნება თუ ყველა ერთმანეთს დავემსგავსეთ და ყველამ ერთი და იგივე ვაკეთეთ. _ კი მაგრამ, თუ ბაღის პატრონი ღმერთი არის, სხვა ბაღის პატრონს რა გააჩენს? ღმერთი ხომ მხოლოდ ერთია აბრამ? _ ახლა რომ ვფიქრობ, ცუდად მოვიქეცი ურში სარრაი. მათ რა თქმა უნდა ცრუ და არ არსებული ღმერთების სწამდათ, მაგრამ მათი ეს რწმენა ქმნიდა განსხვავებას ურის ცხოვრების რიტმსა და ხარანის თუ ქანაანის ცხოვრების რიტმს შორის. ღმერთი ერთი და ნამდვილია, ცხადია, თყმცა თუ ზღვაში ქვიშასავით გაზრდილმა სიცოცხლემ მხოლოდ ერთი ღმერთი იწამა, არა მგონია მომავალი ჰქონდეს სამყაროს. სწორედ ამიტომ, უნდა შექმნან ადამიანებმა ღმერთები, და ამ ღმერთების განსხვავებული ხასიათები და კანონები განაპირობებენ მომავლის მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას. _ მე მსმენია, რომ ეგვიპტეში სხვა ღმერთების სწამთ, თან არაერთის. ყველა საქმეს თავისი ღმერთი ჰყავს იქ თურმე. _ ეგ მეც მსმენია, და ვოცნებობ ოდესმე მაგ კულტურის შეცნობას, რადგან ეგვიპტეში, ადამიანმა შექმნა ღმერთი, ურის მსგავსად, და არა პირიქით, მე ბევრს ვფიქრობ ამ ყველაფერზე სარრაი, ძალიან ბევრს და იქნებ ოდესმე ეგვიპტეშიც ვიმოგზაუროთ. _ გამიგია რომ ეგვიპტეში ლამაზ ქალებს იტაცებენ და მათ ქმრებს კლავენ. _ მეც გამიგია, მაგრამ იმ დროისთვის, როცა მოგზაურობას გადავწყვეტთ, მოვიფიქრებ რაიმე ისეთს, რაც შენ მოტაცებისაგან, ხოლო მე სიკვდილისაგან მიხსნის. _ ნუთუ ეგვიპტური ღმერთები მართლა ადამიანებმა შექმნეს? _ აბა სხვა ვინ? მათი ღმერთები მითები და ლეგენდებია მხოლოდ, დიდი ხნის წინ მოგონილნი, თუმცა ხომ ხედავ, მათი სჯერათ ეგვიპტეში, სჯერათ, სწამთ და ეთაყვანებიან. _ შენ შეძლებდი აბრამ, ღმერთის შექმნას? ისეთი ღმერთის რომელიც მაშინაც კი იარსებებდა ხალხის გულში, როცა, როგორც შენ ამბობ, ისე გავმრავლდებით როგორც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავი? და აქ გაჩუმდა აბრამი, მის გონებაში რაღაც ისეთი გაჩნდა, რამაც საკუთარ მომავალთან ერთად, სამყაროს მომავალიც წარმოსახა, ღიმილი მოგვარა ამ ფიქრებმა, ღიმილი და გეგმა, რომლის თანახმადაც ერთ დღეზე მეტს აღარ დაჰყოფდა ფინიკის ბაღში. ცას აზიდული პალმები, ჩრდილით ფარავენ ოქროსფერ ქვიშას, ხშირი შრიალით სიოს გვრიან გადაღლილ მუშებს, და მაშინ, როცა ყველა მუშა ჩრდილში მიწოლილიყო და ისვენებდა, მაღალ პალმაზე აძვრა აბრამი და ხალხს შესძახა: _ დღეს ბოლო დღეა, როცა თქვენთან ერთად ფინიკს ვკრეფ ძმებო. _ რატომ აბრამ? _ უფლის ხმა გავიგე ძმებო. უფლის ხმა არის ქარიცა და პალმის შრიალიც, მდინარის ხმაც და ღამის სიჩუმეც უფლის ხმაა. მე კი ამ ხმებმა სხვა გზა და მისია დამაკისრეს, რაც აუცილებლად უნდა აღვასრულო. _ უფრო მეტი გვიამბე მაგ ხმაზე აბრამ. _ გსმენიათ ამბავი ნოესა და მის კიდობანზე? _ ცხადია, გსმენია. _ დრო მოვა და ისევ განრისხდება ჩვენით უფალი, რადგან დახედეთ თქვენს თავებს და თქვენს საცხოვრებელს, ერთ დროს გვშიოდა და გვწყუროდა, ახლა საკუთარი ოფლით ვშოულობთ სარჩოს, მერე დაღლილები შინ მივდივართ და იმაზე მეტს ვჭამთ ვიდრე გვყოფნის, იმაზე მეტს ვსვამთ ვიდრე გვწყურია, იმაზე მეტს ვიცინით ვიდრე გვეცინება და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ სადღაც, მიწებზე, რომლებიც დავტოვეთ, ისევ არიან ისინი, ვისაც გადაარჩენდა ის, რაც ჩვენთვის ზედმეტია, არა, ეს ფიქრი დავივიწყეთ, და ამ ყველაფერთან ერთად, მითხარით რომელიმე თქვენგანმა, როდის აღუვლინეთ მადლობა გამჩენს ამ ყველაფრისთვის? არც არასოდეს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს რომ თქვენ გაკნინებთ, რადგან მეც თქვენნაირი ვარ, სწორედ ამიტომ, როცა დავფიქრდი, რომ გაიზრდება ჩვენი მოდგმა ისე, როგორაც ზღვაში ქვიშა, და გაიზრდება მოდგმასთან ერთად ჩვენი ცოდვებიც, გადავწყვიტე რომ მესმინა უფლისთვის, დამეტოვებინა ფინიკის ბაღები, და წავსულიყავი შორს, ბევრ მიწაზე, და ყველგან ამეგო სახლი და შესაწირი გამჩენისათვის, რათა მივაგოთ მადლობა ჩვენი არსებობისთვის, რათა გაგვიჯდეს ჩვენც და ჩვენს მოდგმასაც არსში მისი შიში, რათა გავიღოთ გამჩენისთვის ზედმეტი მაინც და პირუტყვებად არ გვაქციოს იმ გასამრჯელომ, რომელიც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე არსებობისთვის გვესაჭიროება. _ მეც შენთან ერთად წამოვალ აბრამ _ თქვა ერთმა მუშამ _ ქვისა და ხის ხელობაში ბადალი არ მყავს. _ ქვისა და ხისა არაფერი გამეგება, მაგრამ მეც თან წამიყვანე აბრამ. ხომ იცი, ჩემი მხრებისთვის სიმძიმე არ არსებობს _ თქვა სხვა მუშამაც. _ მე კი ერთს გეტყვით _ თქვა კიდე სხვამაც, _ ხვალ თითოეული ჩვენგანი გასამრჯელოს ავიღებთ, პირადად მე, შუაზე გავყოფ ამ გასამჯელოს, ნახევარს შინ წავიღებ, შვილებთან და ცოლთან, ნახევარს კი შენ მოგცემ აბრამ, აღასრულე ეგ საღვთო საქმე, და ჩვენი წვლილიც ერიოს მასში. _ მეც ეგრე ვიზამ, ერთ ნახევარს შინ წავიღებ, მეორეს კი აბრამს ვაძლევ, აღასრულოს უფლის ნება. _ მე კი ოჯახი არა მყავს, არც დედა მყავს და არც ცოლი და შვილი, ჰოდა მთელი ჩემი გასამჯელო წაიღე აბრამ, რადგან ღვთის კაცი ხარ და ვიცი როდესაც დამჭირდება, გაიხსენებს გამჩენელი ამ ჩემს ქმედებას. _დიდება მის მადლსა და ძალას, დიდება მოძღვარ აბრამს, დიდება უფლის ნებას და სურვილს. ისმენდა და ხედავდა აბრამი მუშების სიხარულს და ეს ყველაფერი ბეედნიერებას გვრიდა, რადგან ფაქტი იყო, იმთავითვე გაამართლა მისმა გეგმამ, სამყაროს მომავლის კონტროლისათვის რომ დასახა ფიქრებითა თუ მსჯელობებით. ჯერ არ აგებულ სამსხვერპლოსა და სალოცავსაც კი შესწირეს ადამიანებმა ის, რაც მათთვის საჭირო იყო, და რაც იყო ყველაზე მთავარი, მას უწოდეს მოძღვარი, რომელსაც მათთვის უფლის გზა უნდა ენახებინა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დავდებ მაშინ გაგრძელებას :) დავდებ მაშინ გაგრძელებას :)
1. ბატონო პაპუნა წავიკითხე ორჯერ, კომენტარის მაგივრად , დუმილი.! ბატონო პაპუნა წავიკითხე ორჯერ, კომენტარის მაგივრად , დუმილი.!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|