ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2023


გაიარეს

ვკრეფ ყვავილების ნაიარევს,
კედლებს დანგრეულ აგურების.
წუხელ ნერვებმა გაიარეს
ჰიდროელექტროსადგურები.

ჩემი სიცოცხლე აგერ იდოს,
რთულია გრძნობის გახშირება.
მინდა დამწვა და გაგერიდო,
გავყვე ტკივილებს ნახშირებად!

დუმილი გახდა - საყვარელი,
მიყვარს ხორციდან რიყვა სულის.
მინდა გავატანო ნაგავსაყრელს
ეს სატალახე სიყვარული.

ნორმალურობენ დღეს გიჟები,
მიწას ცამ ცოდვა მიაჭრელა.
მატლი პეპლობს და მე ვირჯები;
ბრმად მომუშავე ჭიანჭველა.

ვკრეფ ყვავილების ნაიარევს,
კედლებს დანგრეულ აგურების.
წუხელ ნერვებმა გაიარეს
ჰიდროელექტროსადგურები.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები