ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2023


ქაღალდის ადამიანები

                                                                                                                პროლოგი


    დეკემბრის სუსხიან დილას დასავლეთის ექსპრესზე ჩასხდომა სრულდებოდა, რა დროსაც უკანასკნელი მგზავრი ელვის სისწრაფით შეიჭრა მატარებელში და თავისი ბარგის გადამკიდე საერთოდ დავიწყებოდა ბილეთის გადაცემა გამცილებლისთვის. ვაგონს თვალი სწრაფად მოავლო და პირველივე თავისუფალ ადგილას მშვიდად მოკალათდა, თუმცა შინაგანად მაინც წუხდა ვაი თუ სხვისი ადგილი დაეკავებინა, რაზეც აუცილებლად მოსთხოვდნენ რომ დაეტოვა, მაგრამ შეეცადა მღელვარება ოსტატურად დაემალა და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. გამცილებელი აშკარად არ ჩქარობდა ან იცოდა რომ განრიგს არაფრით არ ჩამორჩებოდნენ და ამიტომ სათითაოდ ყველა ბილეთი საგულდაგულოდ გადაამოწმა, ხოლო მგზავრებს დასხდომისკენ მოუწოდა. დასასრულს სხვა ვაგონებისკენ გადაინაცვლა და მატარებლის დაძვრამდე გაურკვეველი მიზეზით კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ბაქანს. დამიანემ მხოლოდ ახლა შენიშნა მოხუცი  მამაკაცი, რომელიც მის გვერდით მშვიდად იჯდა და თავშესაქცევად წიგნს კითხულობდა, ხოლო მის ფეხებთან, კუთხეში მდგარი ჩემოდნიდან დამატებით კიდევ ოცამდე წიგნი იწონებდა თავს. მოხუცი უბრალოდ გამოიყურებოდა, სქელი ჭაღარა თმა უკან ლამაზად გადაევარცხნა, ხოლო ხაკისფერი პიჯაკის უბეში სათვალე სასხვათაშორისოდ ჰქონდა შენახული, მაგრამ ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ მას ეს სათვალე საერთოდ არაფერში სჭირდებოდა. საინტერესო ფრაზებს ფანქრით მკაფიოდ ნიშნავდა და აუღელვებლად განაგრძობდა მომდევნო ეპიზოდების კითხვას. ერთხანს დამიანესაც კი გადმოხედა, თუმცა როგორც ჩანს მასში საინტერესო ვერაფერი შენიშნა და უწინდებურად კითხვას მიუბრუნდა. დამიანეს ცოტათი ეხამუშა მოხუცის უსიამოვნო მზერა, თუმცა რას გააწყობდა?! ბედს უნდა შეგუებოდა, რომ ახლა მასთან გამოლაპარაკება ვერაფრით ვერ მოხერხდებოდა და მხოლოდ მისი წარმოსახვის ანაბრად უნდა გაეგრძელებინა მგზავრობა თუ რა პროფესიის შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი. ლიტერატორი? ფილოლოგი? ენათმეცნიერი თუ ვინ? გონება ათასგვარი კითხვებით დაეტვირთა, თუმცა საინტერესო ახლა ის არის თუ რატომ დაინტერესდა დამიანე ასე ხარბად თავისი თანამგზავრით. ალბათ იმიტომ, რომ ცოტა უცნაურად ენიშნა ბარგის უქონლობა, მითუმეტეს როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში მიემგზავრები გაურკვეველი დროით, თუმცა ეს მაინც არ ამართლებდა დამიანეს საქციელს მთელი ერთი საათის განმავლობაში თვალმოუშორებლივ, რომ უყურებდა უცნობ ადამიანს და ამიტომ ჯიბიდან თავისი შელახული უბის წიგნაკი და საწერ კალამი ამოიღო და პირველივე გვერდზე მცირე ჩანახატების წერას შეუდგა. გარკვეული პაუზის შემდგომ კი ფურცლებზე სიტყვებიც გაჩდნენ. ერთ ფრაზას მეორე ფრაზა მოსდევდა, წინადადებებს ახალი ეპიზოდი, ხოლო ეპიზოდს შემდეგი ამბზაცი და ამასობაში სრული ტექსტიც გამოიკვეთა საიდანაც შეიძლებოდა გარკვეული შთაბეჭდილებების შექმნა. სინამდვილეში ის არც ჟურნალისტი გახლდათ, არც რედაქტორი, არც ავტორი  და არც არავინ, უბრალოდ რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდი ცხოვრებაში ეს მოგზაურობა და წერა იყო. ყოველ შემთხვევაში მისი ნაცნობები ეუბენებოდნენ რომ საკმაოდ კარგად ეხერხებოდა წერა და სამომავლოდ შეიძლებოდა ამბების მოყოლა მის პროფესიად ქცეულიყო, რაზეც დამიანე სამადლოდ გაიღიმებდა ხოლმე და მყისვე სადმე გაუჩინარებაზე აეკვიატებოდა აზრი, რადგან ერთადერთი რაც მართლა აინტერესებდა ეს კოსმოსი იყო. მორიდებულობა ყველაზე ხელშემშლელი ფაქტორი გახლდათ მის რუტინულ ყოვედღიურობაში, მაგრამ იმის ნებისყოფაც კი არ გააჩნდა, რომ თავისივე სისუსტეებს არხეინად გამკლავებოდა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩუმად დარჩენას ამჯობინებდა. რამდენიმე გვერდის შემდგომ დაღლილი თვალები დაასვენა და თავი მძიმედ მიაყრდნო საზურგეს. დასავლეთის ექსპრესი ხმაურიანად მიუყვებოდა გზას და მცირე ხანში მგზავრებსაც დაეტყოთ დაღლილობა. ნახევარ საათიან ინტერვალში თანმიმდევრობით ჩასძინებოდა ყველას და ერთადერთი ვინც ფხიზლად დარჩა მოხუცი იყო, რომლის არსებობაც მთლად გადავიწყებოდა, დამიანეს. ის კი ისევ თავაუღებლივ ბოლო გვერდებს დასჩერებოდა და თავის კანტურით ეტყობოდა, რომ ძილის შემოტევებს მთელი არსებით უძალიანდებოდა ოღონდ კი გაეგო ისტორიის სანუკვარი ფინალი. მატარებელი ბაქანთან მძიმედ შეჩერდა და ვაგონიც უფრო განათდა. ლიტონში დაახლოებით გამთენიისას იქნებოდა, ამიტომ დრო იხელთა და ბაქანზე დაეშვა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. გარეთ გასულმა მაშინვე იგრძნო ზამთრის მთელი სიმძაფრე, მაგრამ არა აუტანელი. კაცი რომ ორიოდე წუთს გაუძლებს აი ეგეთი სიცივე იყო. მხოლოდ მაშინ გაახსენდა დამიანეს თუ რატომ იყო იქ, სადაც იყო. მალე 16 დეკემბერი გათენდებოდა და მის დაბადების დღეს სურდა საერთოდ სხვა ქალაქში შევხვედროდა. როგორც მშვილდოსანი  იმპულსური გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდი ხოლმე ყოველთვის, მაგრამ რაღაცის წინასწარ დაგეგმვას სპონტანური გადაწყვეტილებები ერჩივნა. ვფიქრობ ოცნებები გაცილებით დიდი რამ არის, ვიდრე გეგმები. თუ არ ოცნებობ მაშასადამე არც ცოცხლობ. დარჩენილი მგზავრები, რომლებიც სავარაუდოდ ლიტონისკენ მიემგზავრებოდნენ ბაქანზე ჩამოვიდნენ და მოუსვენრად დაიარებოდნენ აქეთ-იქით. ზოგმა უახლოეს ჯიხურში გაზეთი შეიძინა, ზოგი კი ნერვიულად ურტყამდა ღრმა ნაფაზებს და ვაგონში დარჩენილ ბავშვებს გასამხიარულებლად ხელსაც კი უქნევდა. ამათგან შუახნის ქალბატონი დაუსრულებლად ბრაზობდა იმაზე თუ როგორ არ ერგო ბიზნეს კლასის ბილეთი და რა საშინელი სუნი იდგა ვაგონებში, თითქოს აქამდე არ შეეძლო დროზე ადრე შეეძინა ბილეთები და გონივრულად არიდებოდა შემაწუხებელ გარემოს, მაგრამ მისნაირი ადამიანები ხომ გაწაფულები იყვნენ უბრალო ხალხის დამუნათებითა და ამით ირიბად დიდ სიამოვნებასაც კი ღებულობდნენ ხოლმე, ამიტომ უაზრო ჩხუბის შემდგომ, როდესაც შენიშნა რომ მის უკმაყოფილებას ყურს აღარავინ უგდებდა და ყველანი შემოეცალნენ, უსიამოვნოდ ამოიხრიალა და ისევ ვაგონში დაბრუნება ამჯობინა. მატარებელმა ნელი ხმაურით განაგრძო სვლა ლიტონისკენ, რომელიც ყველაზე მისტიურ ქალაქად ითვლებოდა და იქ ჩასვლის მსურველებიც ყოველ წლიურად შესამჩნევად ნაკლები ხდებოდა. გარდა დამიანესი, რომელიც გარკვეული მიზნით მიემართებოდა იქ, რათა თავის ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია და ასტრონავტთა გუნდი შეეკრიბა კოსმოსში სამოგზაუროდ. კოსმონავტობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა ერთ საღამოს როდესაც ნაჩუქარ ტელესკოპში პირველად დაინახა კომეტა, გაყინული აირი, რომელსაც მზის გრავიტაცია ამოძრავებდა მიხვდა, რომ გაცილებით მეტი სურდა ვიდრე უბრალოდ დაკვირვებაა. მაშინ პირველად რაც მოიმოქმედა ის იყო, რომ საკუთარ თავს ავია ბილეთი გამოუწერა კოსმოსური ცენტრის მიმართულებით და სასწრაფოდ შეუდგა ბარგის ჩალაგებას. ბავშვური ცნობისმოყვარეობით სურდა გაერკვია თუ რა ხდებოდა დროისა და სივრცის მისტიურ გზაგასაყარზე, რისთვისაც უსათუოდ დასჭირდებოდა კოსმოსური ხომალდი და ასტრონავტთა გუნდი. მშობლები ამას ბავშვურ ახირებად ჩაუთვლიდნენ, ხოლო მის დას არასდროს მოსწონდა მისი იდეები და მუდმივად ცდილობდა აღენიშნა თუ რა უაზრო და ასაკთან შეუსაბამო ფიქრები აწუხებდა, მაგრამ დამიანე დანებებას არ აპირებდა. ახლაც კი ზუსტად ახსოვს თუ როგორ მოიპარა თავისი დის ოთახიდან უბის წიგნაკი და შიგნით სახლიდან გაქცევის სამოქმედო გეგმა ჩამოწერა. მართალია მაშინდელმა მცდელობამ არ გაამართლა, თუმცა მრავალი წლის შემდეგ ის მაინც არ წყვეტდა ფიქრს ოცნებებზე და ფიქრობდა, რომ სწორედ ქალაქი ლიტონი დაეხმარებოდა თავისი მიზნების სრულყოფაში. ამასობაში კი მატარებელი ისევ გაჩერდე, თუმცა ამჯერად ტექნიკური გაუმართაობის გამო, რამაც უმალვე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მგზავრებში, ხოლო ყველასთვის ნაცნობი ქალბატონი მაშინვე წამოენთო და სასწრაფოდ მემანქანისკენ გაიქცა თითქოს თავისი ქოთქოთით რაიმეს გააწყობდა იქ, მაგრამ მასთან კამათის თავი ნამდვილად აღარავის აღარ შემორჩენოდა და ამიტომ ყურადღება არც მიუქცევიათ.
- გრაფომანი...
- უკაცრავად?
- ბევრი წერის მოყვარულ ადამიანს ნიშნავს. ბოდიშს გიხდით, უბრალოდ შევნიშე რომ დიდი გულმოდგინებით წერდით და ამიტომაც არ მინდოდა თქვენთვის ხელი შემეშალა, თან იმაზე ამაღელვებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანს სათქმელი აქვს თან იმდენად, რომ დიდებულ სიტყვებს ფურცლებიც კი ვერ იტევენ.
- თქვენ?
- მაპატიეთ, რა უხერხულად გამომივიდა. მე ნათანაელი გახლავართ. ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი და ამჟამად ბიბლიოთეკარი ლიტონის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. -გამოემცნაურა მოხუცი.
- მე დამიანე ვარ.
- ძალიან სასიამოვნოა დანიელ...
- დამიანე...
- რა თქმა უნდა, დამიანე. ამ ბოლო დროს ძალიან გონება გაფანტული გავხდი, ყველაფერი მარტივად მავიწყდება. კი ამბობენ წიგნის კითხვა გონებისთვის ძალიან კარგიაო, მაგრამ როგორც ჩანს ჩემნაირი ბერიკაცისთვის ამაო გარჯაა. - უჩვეულოდ ჩაფიქრდა. თავის წიგნებს თვალი გადაავლო და ისევ დამიანეს მიუბრუნდა. - ლიტერატურა გიყვართ?
- როგორ გითხრათ... დრო არ მყოფნის რომ...
- რას ბრძანებთ ახალგაზრდავ?- თვალებში ცეცხლი აენთო. - მთლად ბავშვი ვიყავი, როდესაც მეზობლის სახლში შევიპარე ფერადი,ბრჭყვიალა წიგნის წასაკითხად, რომელიც მაცდურად მიმზერდა აივნიდან. მახსოვს ღობეზე რის ვაი-ვაგლახით გადავძვერი და დრო, რომ არ დამეკარგა იქვე შევუდექი კითხვას. საოცარი ნახატებით იყო გაფორმებული და თავად ეგზიუპერი ხომ ნამდვილი გენიოსი გახლავთ...
- „პატარა პრინცი“?
- რა საკვირველია „პატარა პრინცი“. - დამეთანხმა - მას შემდეგ, როდესაც წიგნს ხელში ვიღებ სასიამოვნო ჟრუანტელი თბილად დამივლის ხოლმე მთლიან ტანში თან როცა მის სუნს ვგრძნობ ხომ საერთოდ. წიგნი უდიდესი გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში და არ მესმის, როგორ შეიძლება დრო არ გეყოთ საკითხავად? მაშ რა უნდა აკეთოთ დარჩენილი ცხოვრება? მომისმინეთ ყურადღებით ახალგაზრდავ. თუ ახლა სამყარო უფსკრულისკენ მიექანება ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ადამიანები აღარ კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. ალაგ-ალაგ ერთ ორ ფრაზას დაიზუთხავენ ხოლმე „ არაფრად ღირს ის სიყვარული, რომლის გაზომვა შეიძლება“ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს არის შექსპირი. არა და თავად შექსპირის სიდიადე ვერ დაიტია კაცობრიობამ და ისიც კი არ ვიცით თუ როგორ გამოიყურებოდა იგი, არამც თუ მისი რეალური საფლავის მდებარეობა ვიცოდეთ. ლიტერატურა შემეცნებაა, ის დაგეხმარება კითხვაზე თუ ვინ ხარ შენ. ახლა ზოგმა ისიც კი არ იცის რომ საკუთარი თავის შეცნობას მთელი ცხოვრება სჭირდება და ასე გზააბნეულად დაიარებიან ქალაქიდან ქალაქში. იცი რატომ? სული წუხს. მოუსვენრად არის მათი შინაგანი სამყარო, რადგან საარსებოდ, საკვებად ლიტერატურა სჭირდება სულს. უარი ლიტერატურას ეს ნიშნავს... არა ჰუმანიზმს, არა სიყვარულს, არა მეგობრობას, არა რწმენას, არა პატივისცემას, არას, არას და არას. ლიტერატურა კი რა არის დამიანე? - გაეღიმა - ლიტერატურა არის - დიახ! ჩემო პატარა მეგობარო. ხანდახან დაუჯერეთ მოხუც ბერიკაცს, რომელსაც შეუძლია სულ უხელფასოდ იმუშაოს, რადგან  ბიბლიოთეკა ეს არის ერთადერთი სამოთხე დედამიწაზე.
- მაშინ ქალაქში ჩასვლისას დამათვალიერებინეთ თქვენი სამოთხე. - ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა დამიანე, მოხუცს და თან შესაძლოა იქ მისთვის საჭირო ინფორმაციებისთვისაც გამოეკრა ხელი.



                                                                                                            (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები