ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2023


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი II )


- მაშინ ქალაქში ჩასვლისთანავე დამათვალიერებინეთ თქვენი სამოთხე. - ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა დამიანე მოხუცს და თან მიხვდა რომ შესაძლოა იქ მისთვის საჭირო ინფორმაციებიც მოეძია. მოხუცი ერთხანს მშვიდად უყურებდა, თუმცა აშკარა იყო რომ კითხვები მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ, რომლებიც პასუხების მოლოდინში შინაგანად გამალებით ღრღნიდნენ. ბოლოს, როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა და პირდაპირ კითხა დამიანეს.
- თქვენნაირ ახალგაზრდას რა უნდა ლიტონში?
- კოსმოსური ცენტრი. - საეჭვოდ მიმოიხედა ირგვლივ და ჩუმად გადასჩურჩულა მოხუცს. - ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ კოსმოსში ვიმოგზაურებდი და ამას აუცილებლად გავაკეთებ. მრავალი წელია ინფორმაციებს ვაგროვებ მიტოვებული ცენტრის შესახებ, რომელიც სწორედ ლიტონში მდებარეობს და ამიტომ უნდა მოვხვდე იქ.
- გეთანხმებით, რომ იქ კოსმოსური ცენტრი ნამდვილად არის. - განაგრძო მოხუცმა. - მაგრამ არ მგონია იცოდეთ, რომ უკვე 30 წელია იქ ცოცხალ არსებას ფეხი არ დაუდგამს. არც ის გეცოდინებათ, რომ საჰაერო ხომალდი, რომელიც ასეთი მისტიურია თქვენთვის რადიაციულ ზონაში იმყოფება.
- რადიაციულ ზონაში?
- დიახ, ჩემი მეგობარო. კოსმოსური ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში ატომური ელექტრო სადგური მდებარეობდა, რომელმაც ბირთვული კატასტროფა განიცადა და ლიტონის უმეტესი ნაწილი რადიაციულ კერებად აქცია, სადაც დღემდე საკმაოდ მაღალი რადიაციული დონეა და ადამიანები იქ აღარ ცხოვრობენ. მაშინდელმა ხელისუფალმა ცხადია საგულდაგულოდ დამალა ეს კატასტროფა, მაგრამ ხალხი უჭკუო ნამდვილად არ გახლავთ, განსაკუთრებით პრიპიატში (ჩერნობილი) მომხდარი ტრაგედიის შემდგომ და ნებაყოფლობით დატოვეს იქაურობა. არც ერთ ტელევიზიას და გაზეთს არ გაუჟღერებია ინფორმაცია ლიტონში დატრიალებულ კატასტროფაზე, თუმცა დღეს უმეტესმა ნაწილმა მაინც იცის თუ რა მოხდა რეალურად იქ. ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, ხოლო მაღალჩინოსანთა მიერ  დაქირავებული აგენტები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მათ ვინც თუნდაც ერთ სიტყვას გააჟღერებდა ლიტონზე. ვინც ლიტონის ტრაგედიას გადაურჩა და ქალაქიდან გააღწია ყველანი მტრებად და მოღალატეებად შერაცხეს და სასწრაფო წესით დახოცეს. ახლაც კი არ იცის მსოფლიომ თუ რა მოხდა ქალაქ ლიტონში 1988 წლის 17 მაისს. სწორედ ამიტომ არის, რომ ყოველწლიურად ხალხი აღარ სტუმრობს ლიტონს და მეტიც... მოქალაქეები ტოვებენ იქაურობას. სამწუხაროდ ლიტონი ღვთისგანმივიწყებული ტერიტორია ხდება, რომელსაც დღემდე მკვდრების საუფლოდ მოიხსენიებენ, თქვენ კი კოსმოსური ცენტრის შენობაში გსურთ შეღწევა და ხომალდის შეკეთება? მე ვფიქრობ ეს სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ დაივიწყეთ თქვენი ახირებული იდეები და შეგიძლიათ ჩემთან დარჩეთ...
- ბიბლიოთეკაში? -  დამიანეს იმედგაცრუება დაეტყო ხმაში.
- დიახ, ყველაზე შორს თქვენი კოსმოსური ცენტრიდან. „რასაც აქ ვხედავ მხოლოდ ქერქია. რაც მთავარია, უხილავია“ ეგზიუპერი. დაუტოვე უხილავი მისტიურობა კოსმოსურ ცენტრს.
მოხუცის რჩევები ნამდვილად არ გამხდარა დამიანესთვის ბარიერი, თუმცა მიხვდა რომ დასაწყისშივე საქმე იმაზე რთულად აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა, ამიტომ ახლა მასთან დარჩენა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მანამ, სანამ რამეს მოიმოქმედებდა, ხოლო მგზავრობის გაგრძელების შემდგომ მოხუცს არც არაფერი აღარ უთქვამს მისთვის. კრინტიც კი არ დაუძრავს. შესაძლოა მცირე გამოლაპარაკებაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო საქმე ერთ თავქარიან ახალგაზრდასთან ჰქონდა, რომელმაც ისიც კი არ იცოდა რეალურად თუ რა სურდა ცხოვრებისგან და მითუმეტეს კოსმოსურ ცენტრში შეპარვას დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს მოახერხებდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჭკუას უხმო და შეეცადა მასთან აღარ ესაუბრა ამ თემაზე, რადგან კარგად იცოდა ახალგაზრდების დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის ამბავი და მიხვდა, რომ ლიტონის ისტორიებით კი არ შეაშინებდა დამიანეს, არამედ პირიქით უფრო გაუღრმავებდა ინტერესებს თუ რა მოხდა წლების წინ იმ მისტიურ ადგილებში, რაც დამატებით პრობლემებსაც მოუტანდა მასაც და დამიანესაც. ერთადერთი კითხვა რაც რჩებოდა ეს იყო მიზეზი თუ რატომ იყო ასეთი თავდაჯერებული ეს ახალგაზრდა იმაში, რომ ასე მარტივად ჩავიდოდა მისთვის სრულიად უცხო ქალაქში, სადაც ასევე ძალიან მარტივად შეძლებდა შეპარვას აკრძალულ ტერიტორიაზე და იქ წამოიწყებდა ისეთ სამუშაოებს, რომელიც ცხადია არც არავის თვალს არ გამოეპარებოდა?! ეს ყველაფერი იმდენად გიჟურად ჟღერდა, რომ მოხუცი უმალვე მიხვდა, დამიანესნაირი ახირებული ადამიანი კარგს არაფერს მოუტანდა ქალაქს და ამიტომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა ჩაეკლა ეს ამბიცია მასში და აუღელვებლად გაებრუნებინა უკან. არც ახლანდელი ხელისუფლება არ მისცემდა არავის იმის ნებას, რომ წლობით გასაიდუმლოებული ამბები ერთი ხელის მოსმით გამჟღავნებულიყო და ისედაც სულდაღაფული ქვეყანა მთლად დაქცეულიყო წამებში. ამასობაში მოხუცი იმდენად დიდ საგონებელში ჩავარდნილიყო, რომ ვერც კი შეემჩნია თუ როგორ მიადგნენ მისთვის ნაცნობ სადგურს. ქალაქი ლიტონი ჩვეულებრივზე მეტად პირქუში ამინდით დახვედროდა მგზავრებს.

                                                                                                          თავი I

    ლიტონის ეროვნული ბიბლიოთეკა იმაზე უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა, ვიდრე დამიანეს წარმოედგინა. შენობამ თავის დროზე საადგილმამულო ბანკის ტერიტორიაზე დაიდო ბინა და მას შემდეგ შეუფერხებლად იღებდა მკითხველთა უზღვავ ნაკადს, თუმცა არა ერთი ომებისა და სამოქალაქო დაპირისპირებების ფონზე ბიბლიოთეკა უდანაშაულო ადამიანების თავშესაფრადაც ხშირად ქცეულა. მეფისნაცვლის მოხელეებისთვის ეს მოღალატეობრივ ქმედებებად ითვლებოდა და ამიტომ მაშინდელი დირექტორი და ლიტონის გამოჩენილი მოღვაწე, სამაგალითოდ დაუსჯიათ ბიბლიოთეკის ეზოში მის თანამშრომლებთან ერთად და ამით კიდევ ერთხელ მოჰფინეს ნათელი იმას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოწყებული ნებისმიერი ქმედება ან იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მათსავე პოლიტიკას აუცილებლად დაისჯებოდა კანონის მთელი სიმკაცრით. მწვავე რეპრესიებსა და ბლოკადას ვერც ეს ქალაქი გადაურჩა, თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი მაინც უკეთესობისკენ შეცვლილა და ლიტონიც ცივილიზაციის აღმასვლაში მოქცეულიყო. ქვეყანა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა და აქ ინდუსტრიული განვითარება ფაქტობრივად ოქროს ხანებს გადიოდა. ჩვენს მოხუც ნათანაელს ცხადია ეს ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვდა და მას შემდეგ რაც დამიანეს საკუთარი საძინებელი დაუთმო და სული მოითქვა, შემოღამებულს ჭიქა ჩაიზეც დაპატიჟა და შეეცადა უფრო მეტი რამ ეამბნა მისთვის. დამიანე მალევე გაშინაურდა, ნივთები საძინებელში გადაანაწილა და სხვენიდან პირდაპირ დარბაზისკენ გაეშურა. ნათანაელს ბიბლიოთეკის შუაგულ დარბაზში სანთლები აენთო და ძველ, ოდნავ მორყეულ მაგიდაზე პატარა სუფრაც გაეშალა, რაც უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ისედაც გრაციოზულ ადგილს. როგორც ჩანს მოხუცი უკვე კარგა ხანია ბიბლიოთეკის სხვენში ცხოვრობდა, ხოლო ბიბლიოთეკას ამჯამად დიდად არც არავინ სტუმრობდა თუ ვიმსჯელებთ დამტვერილი წიგნებითა და კედლების კუთხეებში,  ჭარბად გაჩენილი აბლაბუდებით. სივრცე კი იმდენად მასშტაბური იყო, რომ რაც უნდა ფრთხილად გაგევლო დარბაზში აქაურ აკუსტიკასა და ექოს მაინც ვერსად გაექცეოდი. დამიანე იმდენად შეიტყუა ბიბლიოთეკის დიდებულებამ, რომ ნათანაელიც დავიწყებოდა და მისთვის განკუთვნილი ფინჯანი ჩაიც, რომელიც მთლად გაციებულიყო ამასობაში. დარბაზის ხის იატაკი თითქოს ყოველ მის ნაბიჯს სიძველის დამაჯერებელი ჭრიალით პასუხობდა, ხოლო წიგნების გამჯდარი სუნი, რომელიც ყველა ოთახში იგრძნობოდა გაცილებით დავბრუდამხვევს ხდიდა იქაურობას. ახლა კი დამიანე მთელი სიცხადით ხედავდა თუ რა მაგიას მოეჯადოებინა წლების წინ ნათანაელი, რომელიც ასე ძლიერად იყო შეყვარებული ლიტერატურაზე, ხოლო მის სამყოფელს თურმე ერთადერთ სამოთხედაც კი მიიჩნევდა დედამიწაზე. შენობის არქიტექტურა და დიზაინი იტალიელებს დაუპროექტებიათ თავის დროზე, რაც ახლანდელი ქალაქის ურბანულ განვითარებას თამამად სცემდა პასუხს და ბევრად უფრო დახვეწილ გემოვნებასაც უსვამდა ხაზს, ვიდრე თანამედროვე აბსურდის ნაგებობები ევლინებოდა ირგვლივ. დამიანე მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც ერთ-ერთი დაკეტილი საცავის კარებს მიადგა. მისი გაღების რამდენიმე ამაო მცდელობის შემდგომ კი ბედს შეეგუა და მოხუცისკენ გაბრუნდა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მშვიდად უცქერდა აღფრთოვანებულ ახალგაზრდას და ცდილობდა მისი ეს სიმყუდროვე არ დაერღვია. თურმე არც თბილი ჩაი ყოფილა ურიგო, თავისთვის გაიფიქრა დამიანემ და მოხუცს გადახედა, რომელიც კმაყოფილი სახით მისჩერებოდა და აშკარად არაფრის თქმას არ ჩქარობდა ჯერჯერობით. ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ყველაფერს და ბოლოს მზერა ჰომეროსის წიგნზე შეაჩერა, რომელიც ნათანაელს საგულდაგულოდ გაემზადებინა საკითხავად. ჰომეროსის „ილიადასა“ და მაშინდელი ეპოსის შესახებ, დამიანესაც ბევრი რამ სმენოდა და ამ გაფიქრებაზე დამიანეს მოულოდნელად წამოუდგენელი იდეა ეწვია. იმდენად წარმოუდგენელი, რომ სიხარულისგან კინაღამ ევრიკა შეჰყვირა, მაგრამ უმალვე გონს მოეგო და გაჩუმება ამჯობინა, რადგან თუ კი რაიმე თემა შეეხებოდა კოსმოსურ ცენტრს ნათანაელი უსათუოდ შეეწინააღმდეგებოდა მის ჩანაფიქრს. დამიანე მიხვდა, რომ კოსმოსურ ცენტში შესაღწევად “ტროას ცხენის“ მსგავსი ჭკვიანური გეგმა დასჭირდებოდა, როგორიც „ილიადშია“ იყო მოთხრობილი.


                                                                                                ( გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები