ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
21 ოქტომბერი, 2023


რატომ უყვართ ღორებს ტლაპო

ჩემო ცუგრუმელებო, ალბათ ყველამ იცით, რომ ღორებს ძალიან უყვართ ტლაპოში წოლა და სულაც არ ადარდებთ ის, რომ ტალახიანები დადიან.
ადრე, ძალიან დიდი ხნის წინ კი, ეს ასე არ იყო.  პირიქით, თეთრი ღორის ჯაგარი  ქათქათებდა, შავის - ბზინავდა. დედა ღორი გოჭებს პატარაობიდანვე აჩვევდა თავის მოვლას. ბეწვების დასუფთავება-დავარცხნას, დილა-საღამოს დინგის მობანასა და კბილების გახეხვას, ჩლიქების დაბანას დაწოლის წინ.
ერთხელ პატივცემული ღრუჩუსა და ქალბატონი ღრუტუს ოჯახში თორმეტი გოჭი გაჩნდა. თავიდან მათ ღრუტუ უვლიდა და რა თქმა უნდა ღრუჩუც ეხმარებოდა. შემდეგ გოჭებს ასწავლეს ყოველივე და ისინი თვითონვე უვლიდნენ თავს. თერთმეტი გოჭუნა ძალიან კოხტად და სუფთად დადიოდა . ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ დედიკოს ნათქვამს, ნაბოლარა ღოჭა კი, უზარმაცესი იყო. საშინლად ეზარებოდა დაბანა, დავარცხნა. კბილების გახეხვაზე კი ელეთ-მელეთი მოსდიოდა, ამიტომ დედა სულ უბრაზდებოდა ხოლმე.
ზაფხულში ხომ  მუდამ ცხელა, მაგრამ იმ ზაფხულს განსაკუთრებით დაცხა. მზემ მიწა იმდენად გამოაშრო, უბრალო სიარულის დროსაც კი მტვრის კორიანტელი დგებოდა. ღრუჩუ, ღრუტუ და მათი თორმეტივე გოჭი საშოვარზე იყვნენ გამოსულები. ტყეში ჩამოყრილ ფოთლებში იქექებოდნენ, დინგებით მიწას თხრიდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება კოხტად ეკეთებინათ ყოველივე, რომ არ დასვრილიყვნენ, რადგან დასაბანი წყლის შოვნა ძალიან ჭირდა. მხოლოდ ნაბოლარა ღოჭას სულაც არ ედარდებოდა დასვრა.  მუხის ძირში სქლად დაყრილ ფოთლებს ნამი შერჩენოდათ და ჯერ იქ გაგორდა, მერე მიწიანი დინგით მოიფხანა ზურგი. მერე სადღაც გუბე აღმოაჩინა, რომელიც ჯერ კიდე ვერ ამოეშრო თაკარა მზეს და შიგ არ შეჭყაპუნდა?  ცოტა სიგრილე  რომ იგრძნო, სიამით აღრუჩუნდა და შიგ გაწვა.
- დედიკო, დედიკო, ღოჭა დაისვარა - აჭყვიტინდნენ დანარჩენი გოჭები.
- დედა მოვა და გაგიწყრება - უყვიროდნენ ონავარ ღოჭას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, მან ყურიც კი არ გააპარტყუნა, პირიქით, უფრო ღრმად ჩაწვა შიგ და სიამოვნებისაგან აკრუსუნდა.
- არ გცხელათ? ნახეთ როგორ გავგრილდი - გამოსძახა და-ძმებს.
- ფუ, როგორ დაისვარე - აჭყიტინდა ერთი და.
- როგორ დაიბან, წყალიც ჭირს - უთხრა  ძამიკომ.
- დედა გაგიბრაზდება - დაუძახა მესამემ.
- ისე კარგად ვარ... ჯობია, თქვენც მომბაძოთ, ოფლად რომ იღვრებით.
შურით უყურებდნენ გოჭები გუბეში გაგორებულ ძმას. ის კი არხეინად გორაობდა შიგ სიამოვნებისგან ღრუჩუნებდა.
მეთერთმეტე გომა ცდუნებას ვერ გაუძლო, გუბეს მიუახლოვდა და შიგ ერთი ფეხი ჩაყო. წყლის სიგრილე ისე ესიამოვნა, ბევრი არ უფიქრია, მეორეც ჩადგა,, მერე მესამეც და უცებ ისიც ღოჭას გვერდით გაგორდა. დანარჩენი გოჭები შეშფოთებულები უყურებდნენ ხან ლაფში გაწოლილ ძმებს, ხან ბილიკს, საიდანაც დედ-მამა უნდა გამოჩენილიყვნენ. ღოჭა და ღოღო კი სიამოვნებით ხან ჭყვიტინებდნენ, ხან ღრუჩუნებდნენ.
- ამოდით ახლავე - აჭყვიტინდა უფროსი დაიკო, მაგრამ მათ წარბიც არ შეუხრიათ. გაგულისებული ღიღი შებრუნდა და მშობლების მოსაძებნად გაემართა. დანარჩენი 8 გოჭი მას მიჰყვა, მეათე კი ძმების ნებივრობით მოხიბლული მათთან გუბეში ჩახტა.
მიუხედავად ღიღის მოყვანილი მშობლების გაწყრომის, დაყვავების, თხოვნისა, ისინი ტლაპოდან არ ამოსულან. გვიან, როცა გული იჯერეს გაგრილებით, ასე მოთხვრილები დაბრუნდნენ სახლში დასაძინებლადაც გვერდი-გვერდ წამოგორდნენ, არც დინგი მოუბანიათ, არც კბილები გაუხეხიათ და მით უფრო არც ჩლიქებზე უფიქრიათ.
მეორე დღეს მშობლების პროტესტის მიუხედავად მეოთხე ძმაც შეუერთდა ტლაპოში მონებივრეთ. მალე ეს ამბავი მთელს საღორეთს მოედო და ბევრმა მიმბაძველობით სინჯა ტლაპოსა და ლაფში გორაობა. ზარმაცებს ძალზედ მოეწონათ ეს იდეა და ასე ნელა-ნელა მთელმა საღორეთმა აიტაცა ღოჭას საქციელი.
აი, ასე შეაყვარა ზარმაცმა ღოჭამ ღორებს ლაფი და ტლაპო, დააწყებინა უსუფთაოდ სიარული. ალბათ ღოჭაზეა ნათქვამი „ერთმა დასვრილმა ღორმა, ასი ღორი დასვარაო“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები