ფეხის ხმაზე, დამიანე მიხვდა რომ ნათანაელიც დაბრუნებულიყო და ამიტომ წერილები საწოლ ქვეშ გადამალა და კიბეებზე სწრაფად დაეშვა. მოხუცმა პალტო იქვე გადაკიდა და დამიანეს მეუფეს მოსვლა ამცნო. დაბნეული ახალგაზრდა მოძღვარს სათანადოდ მიესალმა და მასთან გამომცნაურების შემდგომ ჭიქა ჩაიზე დაპატიჟა. - ჩემი არ ყოფნის დროს ვინმე ხომ არ მოსულა? - არავინ შემიმჩნევია - უპასუხა დამიანემ. - უცნაურია... - ნათანაელ, ანა საერთოდ აღარ ესწრება ლოცვებს, არც აღსარება ჩაუბარებია და მთლად დაიკარგა. ვატყობ ორანჟერეების მოწყობამ დიდი დრო წაართვა გოგოს და შენ ხომ იცი რომ... - ვიცი მეუფეო - მიუგო მოხუცმა - მაგრამ ახლა რთული პერიოდი აქვს და ვცდილობ არ შევაწუხო. - როგორც ვხვდები ლიტონში პირველად ხართ?! - დამიანესკენ გადაიტანა ყურადღება.- რით დაგაინტერესათ ჩვენმა ქალაქმა? - არ ვიცი რა გიპასუხოთ. - დამიანეს გონებაში ისევ ანა ტრიალებდა, რამაც მოსვენების საშუალება დაუკარგა. - მოხარული ვიქნები თუ ერთ დღესაც მესტუმრებით ტაძარში.- ალერსიანად პირჯვარი გადასახა და ფეხზე წამოდგა. - მე და ნათანაელს სასაუბრო გვაქვს, ასე რომ როცა მოახერხებთ ჩემთან გელოდებით. - თავაზიანად გამოემშვიდობა და მოხუცთან ერთად ორანჟერეების მხარეს გადაინაცვლა. დამიანე კი დარბაზში მარტო დარჩა თავის ფიქრებთან ერთად და ცდილობდა ამოეხსნა თუ ვის წერდა ანა წერილებს ან ვინ იყო საერთოდ ანა. საგულისხმოა, რომ ნათანაელთან უკვე დიდი ხანია ცხოვრობდა და ქალაქიც ძალიან კარგად იცნობდა მას, მით უფრო მეუფეც, რომელთანაც გარკვეული საიდუმლოებებიც კი აკავშირებდა. კითხვისას ფიქრობდა, რომ ანა სწორედ მას მიმართავდა წერილებში თუმცა ასეთი დამთხვევები შეუძლებელია და ამიტომ იქნებ ვინმე დამიანე მართლაც არსებობდა მის ცხოვრებაში, რომელსაც ყოველდღიურად თითო წერილს წერდა, მაგრამ რაც ყველაზე საკვირველია ან არ გზავნიდა ამ წერილებს ან ფოსტალიონს უკან მოჰქონდა მასთან. შესაძლოა გოგონა ნათანაელის დისშვილი, ბიძაშვილი ან სულაც შვილი ყოფილიყო თუმცა მაშინ სად არის ახლა ის?! დამიანე უკვე მერამდენე დღეა ბიბლიოთეკის კედლებში დაეხეტებოდა, მაგრამ უზარმაზარ სივრცეში მხოლოდ ის და მოხუცი სახლობდნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში სტუმრადაც კი არავინ მოსულა მათთან, მით უფრო ოჯახის წევრები. აგრეთვე გაუგებარი იყო თუ რას ნიშნავდა წერილში ნახსენები „ქაღალდის ადამიანები“ რომელთა ფიგურებსაც სახელოსნოშივე გადააწყდა დამიანე. აუტანელი ფიქრები იმდენად შეუჩნდა გონებაში, რომ ჭკუიდან გადასვლას ცოტაღა აკლდა. ამ დიდ გამოცანაში მთლად გადავიწყდებოდა თუ რისთვის იყო ჩამოსული ლიტონში. დღეები ისე გადიოდა რომ დამიანეს ერთხელაც არ გახსენებია არც კოსმოსური ცენტრი, არც ხომალდი და მათ შორის არც ასტრონავტთა გუნდი, რომლებთან ერთადაც დაუვიწყარ მოგზაურობაში უნდა გამგზავრებულიყო. ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავდა,რომ კიდევ ერთხელ მალულად შესულიყო სახელოსნოში და დარჩენილი წერილებიც წამოეღო, რათა ბევრად მეტი რამ გაეგო ანას შესახებ, თუმცა მოხუცი იშვიათად გადიოდა ბიბლიოთეკიდან, რაც შედარებით ართულებდა საქმეს. ამჟამად დამიანე სხვას ვერაფერს გააწყობდა და ამიტომ შესაფერის დროს უნდა დალოდებოდა სახელოსნოში შესაღწევად, რაც არც თუ ის მარტივი იყო.
***
სად ქრებიან ოქროსფერი ფოთლები? ან კი ბრუნდებიან ისინი ხელახალი შეყვითლებისას? შემოდგომისფერ ქალაქში, სადაც სიყვარულ ვერ განცდილ ადამიანები ხარბად ეტანებოდნენ ალკოჰოლსა და სევდას, პოეზიისგან დაცლილი ნიავიც სასხვათაშორისოდ წამოუბერავდა ხოლმე მაგრამ ისიც ხანდახან და ისიც მკაფიოდ. ლიტონის ვიწრო ქუჩებში თავისთვის მიმავალი დამიანე კი გუმანით გრძნობდა აუტანელ სიცარიელეს ადამიანთა სულებში, რომელთაც რაღაც აკლდათ, რაც აღარ იყო ისე, როგორც უწინ. ამასობაში ხმაურიან ბარებსა და ბოჰემურ ცხოვრებას მიძალებულნი თავშესაქცევად კარგად ერთობოდნენ, თუმცა მთავარი სათქმელი ყველას ზედ ეწერა, რომ მოჩვენებითი ბედნიერებით ისინი უბრალოთ მათთვის ყველაზე ძვირფასს გაურბოდნენ. მოსაღამოებულს, შუა ხანს კარგად გადაცილებული, შებერებული მამაკაცი ხელახლა შეუვსებდა ხოლმე კლიენტებს ლუდის კათხებს და უმალვე ფულის წასაგლეჯად გადმოეყუდებოდა დახლზე, რომელიც სტუმართა სიმრავლეს არასდროს უჩიოდა და არც არასდროს აკლებდა მათ სმა-ჭამას. საქმე ერთია, თუმცა არაფერია იმაზე დიდი უბედურება მშვიდად უყურებდე გაუბედურებული ადამიანების თრობას და შველის მაგიერ მათი მწუხარებით საზრდოობდე. ირგვლივ გადავსებულ მაგიდებთან ერთმანეთის მონაცვლეობით მიმოდიოდნენ სტუმრები, ხოლო ბარის ყველაზე მიყრუებულ ადგილას დამიანემ ერთი თავისუფალი ადგილი გამონახა და სახელდახელოდ მოკალათდა, მაგრამ ხალხის თვალიერებით გართულმა გვიანღა შენიშნა მისკენ მომართული დაჟინებული მზერა, რა დროსაც ორი მამაკაცი თვალ მოუცილებლივ აკვირდებოდა ქალაქის ახალ სტუმარს და აშკარად არა სასიამოვნო მიზნები ამოძრავებდათ. ერთხანს შეეცადა კიდეც მათთვის ყურადღება არ მიექცია, თუმცა იმდენად შემაწუხებელი გახდა ეს ყველაფერი, რომ თავის შეკვეთას აღარც დალოდებია და იქ დარჩენას სასწრაფოდ გაცლა ამჯობინა. თბილი, გაღეღილი ქურთუკი მჭიდროდ შეიკრა და აუღელვებლად განაგძო გზა ქალაქის ცივ და გაუვალ ქუჩებში. სიმართლე ითქვას აქაური გარემო და არქიტექტურა გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებდა გამომდინარე თავისი გადატანილი ომებითა და ისტორიებით, რომლის კვალიც ძველ შენობებს დღემდე დაღად აჩნდა, თუმცა ყველაფერს მაინც თავისებური ხიბლი ჰქონდა, როგორც ისტორიის ცოცხალ არტეფაქტებს. ლამპიონების შუქზე მიმავალი დამიანე თავიდან ვერ იგდებდა ანას წერილებს და თან მასთან შეხვედრის ამაღელვებელ კადრებს წარმოიდგენდა ხოლმე, რაც იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სულმოუთმენლად ელოდა ამ წამს. შიგადაშიგ კოსმოსზე ფიქრებიც კი წამოუვლიდნენ ხოლმე ზედაპირულად, თუმცა ბოლოდროინდელი მდგომარეობის გამო რთული გასარკვევი აღმოჩნდა თუ რისთვის იყო რეალურად ჩამოსული ლიტონში ან რა უნდა გამხდარიყო მისი თავგადასავლების პირველი ნაბიჯი?! პირდაპირ ნათანაელთან მისვლა კითხვით თუ ვინ არის ანა უხერხულობას შექმნიდა მაგრამ აშკარა იყო, რომ ისიც და მეუფეც კარგა ხანია იცნობდნენ და წამებში შეიძლებოდა დამიანეს თავისი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. ვერ ვიტყოდი რომ მთლად გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, უბრალოდ მაშინ იმის აღიარებაც მოუწევდა, რომ კაცმა რომელმაც შეიფარა და საჭმელ-სასმელი არ მოაკლო, მან მადლობის მაგიერ სახელოსნოც გაუტეხა და იქიდან უცნობი ადამიანის წერილებიც მოიპარა, ხოლო თუკი ნათანაელის უცნაური და ხანდახან ხისტი ხასიათით ვიმსჯელებთ მაშინ ის დამიანეს არასდროს აპატიებდა ამ გაუგონარ თავხედობას და საცხოვრებლის დაკარგვასთან ერთად, ანას გაცნობის შანსსაც გაუშვებდა ხელიდან. თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ ცხადი იყო, რომ ერთმა წერილმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და ახლა გაცილებით დიდი საზრუნავი გაუჩნდა ვიდრე ასტრონავტთა გუნდი და კოსმოსია. ყველაფერთან ერთად მოულოდნელად დამიანეს უცნაური შეგრძნებაც დაეუფლა და უკან გახედვისას ნაცნობი სახეები მალევე ამოიცნო. ბარიდან წამოსული მიხვდა, რომ ის ორი უცნობი მამაკაცი უკვე დიდი ხანია ფეხდაფეხ მიყვებოდნენ მას, რაც კიდევ უფრო არ ესიამოვნა, თუმცა ვერც ის გაერკვია თუ რა უნდოდათ მისგან. დამიანე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ამიტომ ჭკუას უხმო და შესაფერის დროს დაელოდა ხელიდან დასასხლტომად. მცირე ხნიანი პაუზის შემდგომ კი ნაბიჯებსაც უმატა, რაც მდევრებმა გაქცევად ჩაუთვალეს და გაცილებით სწრაფად აედევნენ. დასაწყისითვის დამაჯერებლად მისეირნობდა, რომ ვერაფერს მიმხვდარიყვნენ, თუმცა მოულოდნელად წამოსულმა შიშის ტალღებმა მთელს ტანზე ცივად დაუარეს და თითქოს აზრის მოკრებაც კი გასჭირვებოდა. ღრმად ამოისუნთქა და უკან მშვიდად დალანდვისას შეატყო, რომ მდევრებს იარაღიც ჰქონდათ, რაც მისთვის საკმარისი მიზეზი გახდა გასაქცევად და დამიანემაც სწრაფად გადაჭრა გზა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს გადასვლისთანავე დაღმართზე დაეშვა, სადაც უამრავი ჩიხები ეგულებოდა. კვალის ასაბნევად ჯერ მარჯვნივ წავიდა, მერე მარცხნივ, მერე ისევ მარჯვნივ, შემხვედრი კიბეებით ქვევით დაუყვა არკიანი ეზოსკენ, რასაც კვლავ პარალელურ ქუჩაზე გაჰყავდა და ასე გაუჩერებლივ ისევ მარჯვნივ და ისევ შემდეგი ქუჩით აურია ყველაფერი. მანქანების გამაყრუებელი სიგნალების ფონზე დამიანე ცოტათი დაწინაურდა, თუმცა მდევრები არც თუ ისე დიდი დისტანციით ჩამორჩებოდნენ ამიტომ ერთადერთ გამოსავლად ისევ გაქცევა რჩებოდა. გული გამალებით უცემდა, გახშირებული სუნთქვისას კი თითქოს სადაცაა თვალთ დაუბნელდებოდა, მაგრამ, არა. დამიანე მთელი ძალ-ღონით წინ შემხვედრ ბარიერებსაც კი არ უშინდებოდა და მასზე აძრომის შემდგომ მეორე მხარესაც მოექცა. მდევრებმა ცეცხლი გაუხსნეს, ჭიშკარი სწრაფად შეაღეს და დამიზნებით დაუწყეს სროლა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა და ფილაქნებზე მოწყვეტით დაეცა. ტყვიების ხმაურს გაცილებით ახლოს გრძნონდა, წინ კი მხოლოდ ძველი მიტოვებული შენობაღა რჩებოდა, სადაც კიბეებით ქვედა სართულზე დაშვებისას მძიმე კარები გაჭირვებით გააღო და შენობაში შევიდა. ჰაერში მყარად გამჯდარი ნესტისა და შმორის სუნმა წამით თაბრუც დაახვია, თუმცა სანახევროდ განათებულ დარეფანში მაინც შეუპოვრად განაგრძობდა გზას. მოულოდნელად აუტანელი სიჩუმის ფონზე ნაბიჯების ხმამ ისევ იმატა და ისიც მიხვდა, რომ ისინი უკვე მალე თავზე წამოადგებოდნენ. ამ წყეული შენობიდან გასასვლელიც, რომ არსაც ჩანდა, რაღა უნდა ექნა?! საბოლოოდ კიდევ ერთი სართულით ქვევით ჩასვლისას უახლოეს ოთახში შეიპარა და მასიური რკინის მაგიდის ქვეშ გადაწყვიტა დამალვოდა წამოწეულ მდევრებს. ნუთუ ასეთ უაზრო სიკვიდილს არგუნებდა ღმერთი მას?! მსგავსი სისულელე არც ერთ წიგნში არ წაუკითხავს დამიანეს, თუმცა გამრუდებული რეალობა გაცილებით შემწყნარებელია რეალურ სამყაროსთან შედარებით. რაც იქნება, იქნებაო... თითქოს ამით ბედს შეგუებოდა. ალბათ ასე გადაწყვიტა იმ ეპიზოდის მწერალმა, რომელსაც დამიანეს პერსონაჟი ახირებული კაცის სადემონსტრაციოდ შეუქმნია, რომ მერე თავმომწონედ მოეყოლა წიგნის წარდგინებაზე საზოგადოებისთვის, თუ რა ემართებათ სინამდვილეში ისეთ უჭკუოებს, როგორიც ის იყო. წამით იმაზეც დაღონდა, რომ ანას გაცნობას ვერასდროს მოახერხებდა თუმცა გონს მაშინვე მოეგო, როდესაც ოდნავ ღია კარებში ნაცნობი სილუეტები შენიშნა. „პატარა ნაბიჭვარი“ - კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა ცილინდრიანმა მდევარმა და ზიზღნარევად შუბლზე იარაღი მიაბჯინა მეორეს. „თუ ვერ ვიპოვით, გპირდები შენ გაგისტუმრებ საიქიოში“. ამ სიტყვების თქმაზე აქეთ-იქით გაიშალნენ და უფრო მეტად დაუწყეს ძებნა. „იქნებ გავიდა?“ ... “ამ შენობას ერთადერთი შემოსვლელი აქვს, ამიტომ...“- სიტყვა მაშინვე გადაავიწყდა, როდესაც ღია კარები შენიშნა. იარაღი სწრაფად მომართა და ნელნელა დაიძრა მისკენ. დამიანე კი პირიქით, პირდაპირ კარებისკენ გადმოინაცვლა რომ უკეთ დაენახა ყველაფერი, თუმცა სულ ორიოდე ნაბიჯიღა აშორებდა ზღურბლს, როდესაც იარაღმაც იგრიალა. სისხლის სქელმა მასამ კარის შიგნით შეასხა.
( გაგრძელება იქნება )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სისხლის გამათხელებლები უნდა დაელია საცოდავს :)) რა სისხლის სქელმა მასამ კარის შიგნით შეასხა :):))) რა გაგრძელება იქნება?:))))არ გვინდა მეტი ტრაგიზმი :))) სისხლის გამათხელებლები უნდა დაელია საცოდავს :)) რა სისხლის სქელმა მასამ კარის შიგნით შეასხა :):))) რა გაგრძელება იქნება?:))))არ გვინდა მეტი ტრაგიზმი :)))
4. შემეცოდა დამიანე შემეცოდა დამიანე
3. ვითვალისწინებ რჩევებს. გაგრძელებასაც, რამდენიმე დღეში დავდებ. მადლობა, მუხა. ვითვალისწინებ რჩევებს. გაგრძელებასაც, რამდენიმე დღეში დავდებ. მადლობა, მუხა.
2. ვითვალისწინებ რჩევებს. გაგრძელებასაც, რამდენიმე დღეში დავდებ. მადლობა, მუხა. ვითვალისწინებ რჩევებს. გაგრძელებასაც, რამდენიმე დღეში დავდებ. მადლობა, მუხა.
1. დინამიური თხრობა გაქვს, მიუხედავად მძაფრი შინაარსია, ამბობენ ქალი ეშმაკზე ადრე დაიბადო და აჰა, დამიანე ისე გაიტაცა ანაზე ფიქრმა, ისე დააბნია, რომ კოსმოსზე ოცნებაც გაუქარწლა. ვინ არიან მამაკაცები?!, ვინ დაჭრა დამიანე, ისევ საინტერესო ადგილას შეწყვიტე წერა, ინტერესით ველოდები გაგრძელებას. თხოვნა- ნაწილებად დაყოფა კარგია, თუმცა ნაწილებში , თუ აბზაცებსაც გამოიყენებ უკეთესი იქნება. დინამიური თხრობა გაქვს, მიუხედავად მძაფრი შინაარსია, ამბობენ ქალი ეშმაკზე ადრე დაიბადო და აჰა, დამიანე ისე გაიტაცა ანაზე ფიქრმა, ისე დააბნია, რომ კოსმოსზე ოცნებაც გაუქარწლა. ვინ არიან მამაკაცები?!, ვინ დაჭრა დამიანე, ისევ საინტერესო ადგილას შეწყვიტე წერა, ინტერესით ველოდები გაგრძელებას. თხოვნა- ნაწილებად დაყოფა კარგია, თუმცა ნაწილებში , თუ აბზაცებსაც გამოიყენებ უკეთესი იქნება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|