ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2023


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი VII )

- საკმარისია! - ფეხზე წამოდგა ათანასე, რომლის ხმაშიც აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა. ყოველთვის მკაცრი სახითა და სქელ წარბებში ჩამალული შავი თვალების მიღმა, ვერასდროს გაიგებდი თუ რას განიცდიდა სინამდვილეში. წამოდგომისას იფიქრებდი რომ თავით ჭერს გაეკრაო, დიდი აღნაგობითა და ჯან-ღონით გამორჩეული მაგისტრი, თუმცა მრავალ უბედურებებსა და ჭირვარამ გამოვლილი კაცი არც თუ ის მხნედ გამოიყურებოდა. -  სანამ დროა, დამიანემ სასწრაფოდ უნდა დატოვოს ლიტონი. -განაგრძო მან. - „ცოცხალი მიცვალებული“ დესპანების გაქრობის ამბავს ასე არ დატოვებს, ამიტომ მისი სიჩუმე გვერჩივნოს ახალ არეულობას. გზააბნეული სულების ამბავს მეც განვიცდი, თუმცა ახლა უმჯობესია იმაზე ვიფიქროთ თუ როგორ ავაცილოთ ქვეყანას ახალი განსაცდელი. თუ ყველაფერთან ერთად „ლიტონის საბჭოს“ ამბავიც გამოაშკარავდა ლიტონი შიდა არეულობაში ჩაერთვება, რასაც გარდაუვალი მსხვერპლი მოჰყვება.
    ნათანაელმა, ათანასეს პასუხი მშვიდად მიიღო, საბჭოს ერთიანი თანხმობის შემდგომ კი იქაურობა უხასიათოდ დატოვა. თითქოს ერთი სული ჰქონდა სწრაფად გაცლოდა უსიამოვნო სიტუაციას. გასვლისას მეუფე წამოეწია მას, რომელმაც რაღაც გადაულაპარაკა მოხუცს, ბოლოს კი მხარზე ხელი მშვიდად მოხვია და შინისაკენ მიმავალი გზა დაულოცა.



                                                                                                                თავი II


      ზამთრის ერთ სუსხიან დილას, დამიანე კვლავ განაგრძობდა უცნობი ქალის წერილების კითხვას და ცდილობდა კიდევ უფრო მეტი, რამ გაეგო მასზე. პარალელურად კადრებად ახსენდებოდა სახელოსნოში ნანახი ფიგურები, ნახატები და ცდილობდა თავისით მიმხვდარიყო თუ სად არის, ანა?! მისი ჩანაწერები ბევრს არაფერს ამბობდნენ, ამიტომ ერთ წერილს, მეორე მოსდევდა, მას კი მესამე და ასე დაუსრულებლად სანამ რაიმე საინტერესოს არ აღმოაჩენდა. წინა დღით ფოსტალიონის მიერ დაბრუნებული წერილებიც ხელთ იგდო და ახლა ქაღალდების მთელ დასტაში, რომელიც მისი ოთახის იატაკზე იყო მიმობნეული მხოლოდ ერთ კითხვაზე ეძებდა პასუხს, თუმცა უშედეგოდ. გოგონა მხოლოდ და მხოლოდ მის თავგადასავლებზე საუბრობდა, ისტორიები კი ძირითადად ლიტონში მომხდარ ამბებს ეხებოდა სადაც უამრავ ნაცნობს ახსენებდა. ყვებოდა თუ რამდენად ლამაზი და მისტიური ქალაქი იყო იგი და როგორ აღარ უნდოდა უკან დაბრუნება. ერთგან გაზეთების გამყიდველი ქალბატონიც ახსენა, ასევე უცნობი მამაკაცი, რომელიც მისი აზრით შეშლილი იყო, თუმცა მასთან საუბარი ძალიან მოსწონდა. მეუფეც, ვისთან ერთადაც უამრავ მოხუცს ეხმარებოდა და მათთვის სანოვაგესაც კი ამზადებდნენ. აშკარა იყო რომ ქალაქი მისთვის შთაგონება გახდა და იმ ადამიანად აქცია ვინც ყოველთვის სურდა ყოფილიყო. განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც თავს გადახდა. როგორც მისი მონათხრობებით ირკვევა, ბავშვობის ტრამვებისა და უამრავი განსაცდელების ფონზე, გოგონა მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებს წლობით ებრძოდა. არც კოშმარულ ღამეებზე გამორჩენია სიტყვა. სახლის პატარა ოთახში ის გამალებით ებრძოდა შინაგან დემონებსა და ფიქრებს, რომლებმაც მთელი მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. იფიქრებდი, რომ სამყარო ჭკუიდან შეიშალაო და ირგვლივ ყველას მისი მოკვლა სურდა, თუმცა მიზეზებზე სიტყვა არსად დასცდენია. ამით თავის განცდები თითქოს ერთ წერილში მოაქცია, სადაც კვლავ დამიანეს მიმართავდა.
 

    „ ძვირფასო დამიანე არც ვიცი საიდან დავიწყო. უკვე მერამდენე თვეა საშინელი დეპრესიით ვიტანჯები და ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ერთ დიდ ცარიელ ოთახს გავს. არაფერი მახარებს და არაფერი არ მინდა. თუ ოდესმე ვინმე მკითხავს როგორი იყო გასული წელი ჩემთვის, უსათუოდ ვუპასუხებ, რომ ჩემს ოთახს არ გასცდენია ჩემი სხეული. მე არ ვცხოვრობ, მე უბრალოდ ვარსებობ და ვცდილობ ადამიანად ყოფნა შევძლო. ვცდილობ ადამიანად დავრჩე, თუმცა ეს დარჩენაც აუტანელია, ადამიანად ყოფნაა აუტანელი. გამოსავალი სადღაც დავკარგე. სიკვდილი არ მინდა, მაგრამ არც ასეთ სიცოცხლეს აქვს აზრი. ყველა აღმაფრენა, ბედნიერების განცდა და ემოციები უბრალოდ გაქრნენ და თითქოს სულის ნანგრევებში დადუმდნენ, ჩაიმარხნენ. ნუთუ ეს იყო ჩემი ცხოვრების ფინალური ათვლა? არ ვიცი, რადგან უბრალოდ ცუდად ვარ და არ მაქვს ამაზე პასუხები. ღმერთიც დუმს და მეც ამაოდ ვიყურები ზევით, რომ თითქოს ცა გაიხსნებოდეს და მის არამიწიერ ხმას გავიგონებდე. შვილო სულ ცოტაც დაითმინეო მაგრამ არა. არსაიდან არანაირი სიგნალი. სამყარო ასე უპასუხოდ დამცქერის და მგონი მზად არის ხელი გამიშვას, ისე თითქოსდა არც ვყოფილიყავი, არც მიცხოვრია. მე მაპატიეთ, რომ ადამიანად ყოფნა მინდოდა. რატომ უნდა მიწევდეს საკუთარ თავთან ბრძოლა, როდესაც ჩემი სამყარო ასეთი ფერადი იყო? რა მივიღე საამისოდ? ცარიელი ოთახი, სადაც ჩემი სულის ნანგრევებთან ერთად მარტოდ მარტო დავრჩი და ჩემთვის ამაოდ ვჩურჩულებ... დამეხმარეთ! ადამიანად ყოფნაში დამეხმარეთ. არ მინდა წასვლა.“
   

    ანას უკანასკნელმა ნაამბობმა, დამიანე ძალზედ დაამწუხრა და ვერ მიმხვდარიყო თუ როგორ შეიძლებოდა ერთი შეხედვით ასეთი ლაღი ადამიანი, ერთბაშად ამდენ სევდას იტევდეს, თუმცა ცხოვრება ხომ გამარჯვებები და დამარცხებებია. სწორედ ამაშია არსებობის მჩქეფარე იდეაც. ერთადერთი რაც ახლა ყველაზე მეტად სურდა ის იყო, რომ ძლიერად ჩახუტებოდა მას, თუმცა ამისთვის ჯერ მისი პოვნა იყო საჭირო, ამიტომ წერილები გვერდით გადადო და შემდეგი კონვერტი გახსნა.
   

    „ძვირფასო დამიანე...საკუთარი სახელოსნო მაქვს, წარმოგიდგენია? არა, ნამდვილად გაგიჭირდება ამის წარმოდგენა თუ რა სასწაულ ადგილას მოვხვდი. წინაზე, რომ მოგიყევი ხომ გახსოვს, ბიბლიოთეკარი გავიცანი თქო? ნათანაელი ქვია და არაჩვეულებრივი მოხუცია, რომელმაც ეზოში თავის ძველი სარდაფი დამითმო და ახლა შემიძლია ყველაფერი ის ვაკეთო რაც ასე ძალიან მსურდა. მე და ნათანაელმა ყველანაირი ხარახურა გამოვყარეთ, საგულდაგულოდ დავასუფთავეთ და ახლა ჩემს გემოზე მოვაწყე იქაურობა. პირველ რიგში მინდა ტილოები შევიძინო, საღებავები და გონებაში წლობით ნაგროვები იდეები ნახატებად ვაქციო. იცი... აღმოვაჩინე, რომ ქაღალდებისგან ადამიანების ფიგურები გამომყავს და ახლა ნამდვილად ვქმნი ქაღალდის ადამიანებს, თუმცა ცხადია ეს არაა საკმირისი იმისთვის, რაც მსურს. დასაწყისისთვის, თავშესაქცევად აქ ვიქნები, რომ ხელოვნების ძალით ბოლომდე გავნთავისუფლდე შინაგანი დემონებისგან, ხოლო როგორც კი ვიგრძნობ რომ უკეთ ვარ აუცილებლად გავაგრძელებ „ქაღალდის ადამიანების“ ძიებას. ვერ დაიჯერებ და წარმოუდგენელ ძალას ვგრძნობ, რომ თუ ნამდვილად ვიპოვი კარგ, კეთილ და უბრალო ადამიანებს, ამით საკუთარ თავსაც დავუმტკიცებ რომ სამყარო არ არის სასტიკი ადამიანების სამყოფელი და თან მის შეცვლასაც შევძლებ უკეთესობისკენ. სიმართლე გითხრა ჯერ არანაირი გეგმა არ მაქვს თუ როგორ მოვახერხებ ამას, თუმცა მთავარია რომ ვცადო. თუ ერთი ადამიანი მაინც ფიქრობს რომ შეგვიძლია უკეთეს რეალობაში ცხოვრება, ესეიგი ამ იდეას აქვს არსებობის უფლება. დამიანე... იცი ყველაზე მეტად რისი მწამს? იმის, რომ ერთ დღესაც სახელოსნოს კარებს შემოაღებ და მეტყვი... გამარჯობა, ანა მე დამიანე ვარ. ვერც კი წარმოიდგენ თუ რამდენად მჯერა შენი არსებობა და რამდენად დარწმუნებული ვარ, რომ შენ არ ხარ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი. მონათესავე სულების იმდენად მწამს, რომ ახლა გაცილებით უფრო ახლოს ვგრძნობ შენს სიახლოვეს ვიდრე ადრე. თითქოს უკვე აქ ხარ და შეშლივით მეძებ, რომ ერთი სული გაქვს როდის აღმოჩნდები ჩემს პირისპირ. ჩემი ნახატებისა და ფიგურების გარემოცვაში. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო. გვიანია და მოხუცს არ უყვარს, როცა პირველ სართულზე ვხმაურობ ხოლმე.....


  - პირველი სართული... - დამიანეს წერილი ბოლომდე არც კი წაუკითხავს. კარებს შეშლილივით ეცა და ხის კიბეებზე ხმაურიანად დაეშვა. თითქოს გონება ერთიანად გაუნათდა და ახლა ზუსტად იცოდა თუ სად იყო ანა. რეალურად კი ის შორს არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ დამიანე ვერ მიხვდა, რომ ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, როდესაც მოხუცთან ერთად ჩაის მიირთმევდა და თვალიერებაში გართული აქეთ-იქით დასეირნობდა, ის დაკეტილი კარი რომელიც დარბაზის ბოლოში ნახა, სწორედ ანას ოთახის კარი იყო, თუმცა ნათანაელს როგორ შეჰბედავდა, რამის კითხვას, იმდენად შეშინებული იყო მისით. უცაბედად ისიც გაახსენდა თუ როგორ ეუბნებოდა ნათანაელი მეუფეს, რომ ანას ახლა რთული პერიოდი ჰქონდა და ალბათ ამით აიხსნებოდა მისი გაუჩინარების ამბავიც. შესაძლოა მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ ოთახში იყო და იქ ებრძოდა თავის მარტოობას. სწორედ ამიტომ ვერ ნახა დამაინემ ის. დარბაზში ჩასვლისთანავე კი საიმისო ჭკუა ეყო, რომ ჯერ ირგვლივ მიმოეხედა იყო თუ არა იქ, ნათანაელი, ხოლო როგორც კი დარწმუნდა რომ მოხუცი მის სიახლოვეს არ ტრიალებდა სასწრაფოდ გაეშურა ოთახისკენ. კარი ისევ დაკეტილი დახვდა. ბევრიც კი ეწვალა მის გაღებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აღელვებული ერთხანს ჩუმად მისჩერებოდა დაკეტილ ოთახს, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე მეტისმეტი იყო რასაც ახლა აკეთებდა. ჯერ სახელოსნოში შეიპარა, მერე იქიდან წერილები წამოიღო და ჩუმად კითხულობდა, ქალაქში დესპანების რისხვას გადარჩენილი კოსმოსურ ცენტრში აღმოჩნდა, სადაც მილდადის განწყრომაც დაიმსახურა, ახლა კი დაკეტილი ოთახის კარის შემტვრაზეც კი არ დაიხევდა უკან, თუმცა ჩამოსვლიდან ორი კვირის კვალობაზე ნამდვილად ზედმეტი მოსვლოდა და ამას თავადაც კარგად ხვდებოდა. ნელ-ნელა უკან დაიხია და ფანჯარასთან მშვიდად ჩამოჯდა, რომელიც მთელ ორანჟერეას ფართოდ გადაჰყურებდა. აქოშინებულმა და დაღლილმა სული ძლივს მოითქვა. შუბლზე ჩამოყრილი თმები ხელით გადაისწორა და მხოლოდ ახლაღა გადახედა ულამაზეს ეზოს. სუსხიანი ამინდის მიუხედავად ნაშუადღევს მზეც გამოჩენილყო და ირგვლივაც საკმაოდ დათბა. დამიანესთვის ალბათ სულერთია თუ როგორი ამინდი იყო გარეთ, მაგრამ იმდენად შეიყოლია ორანჟერიის დიდუბულებამ, რომ ფეხზე წამოდგა რათა უკეთ შეეხედა მისთვის. მართლა რა გასაოცარი შესახედია ის ყველაფერი რაც ბიბლიოთეკის ეზოს ასე თავმომწონედ ამშვენებდა. ამ ადგილის სიდიადეს ვერც ზამთარი ერეოდა და ვერც ვერაფერი. ნანახით მოხიბლულმა ვერც კი გააცნობიერა თუ როგორ ადევნებდა თვალს, ყვავილებს შორის მაქმანებიანი კაბით მოსეირნე ქალს. ალბათ ეგონა, რომ გამოჩენილი მხატვრის გამორჩეულ ნახატს უყურებდა და მასთან მიკარება სასტიკად ეკრძალებოდა, თუმცა დამიანე შეცდა. მოგვიანებით ემოციებისგან დაბნეული გონს მოეგო და კიდევ უფრო გადაიხარა, რათა უკეთ გაერჩია სახე, მაგრამ როგორც ყოველთვის მოთმინებამ აქაც უმტყუნა. გასასვლელამდე მისული ის-ის იყო უნდა მიახლოვებოდა, რომ კარებთან მძიმედ შედგა. არც იცოდა რა უნდა მოემოქმედებინა, რა უნდა ეთქვა ადამიანისთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა. ვისზე ფიქრებმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და ათასგვარი თავსატეხი გაუჩინა. უფრო გასაგები იქნებოდა თუ ვიტყოდი რომ ისინი ერთმანეთს ეძებდნენ. იმ წამს გული იმდენად უცემდა, რომ მთელი მისი გამბედაობა უკვალოდ გამქრალიყო და ისიც კი არ იცოდა ეთქვა თუ არა ანასთვის, რომ მას დამიანე ერქვა. ერთბაშად ყველაფრის გაფუჭება არ სურდა, ამიტომ საიდუმლოდ დატოვება და უწყინარი გამომცნაურება არჩია. ძალა მოიკრიბა, გასასვლელადაც გაემზადა, რა დროსაც უკნიდან საშინელი ნგრევის ხმა მოისმა და ცარიელ დარბაზში პირველად აღელვებული, ნათანაელიც გამოჩნდა. დამიანე და ის ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ, თუმცა მას არაფრის კითხვა არ დასცალდა იმდენად ცხადი გახდა ყველაფერი. წამის შუალედში, ნათანაელის უკან ოცამდე დესპანმა მოიყარა თავი, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ დამიანეს შეპყრობა. როგორც ჩანს „ცოცხალ მიცვალებულს“ მისი ნახვა სურდა.


                                                                                                            (გაგრძელება იქნება)

   

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები